საქართველოს სამხედრო ისტორია
გენო ადამია

გენო ადამია 1936 წლის 8 მარტს სენაკში დაიბადა. სენაკის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა მინსკის სატრაქტორო ქარხანაში დაიწყო. დაუსწრებლად სწავლობდა მინსკის ავტოსატრანსპორტო ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში, სოხუმჰესში, გაგრის საგზაო-სამშენებლო ტრესტში, სოხუმის ქიმიურ ქარხანასა და სოხუმის გემშემკეთებელ ქარხანაში. 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გენო ადამიამ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ფორმირებასა და მის რიგებში მებრძოლების მოზიდვაში. იყო ამავე ბრიგადის მეთაურის მოადგილე. 1992 წლის სექტემბრის ბოლოს დაინიშნა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბებული მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად. 1993 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. აფხაზეთის ომში მასთან ერთად მისი ორი შვილი - გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები