საქართველოს სამხედრო ისტორია
სახალხო გვარდიის ორკესტრი

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ქუთაისში დასახლდა პიანისტი, ორგანისტი და პედაგოგი ფელიქს მიზანდარი, რომელმაც ქალაქში საფუძველი ჩაუყარა მუსიკალურ განათლებას და იყო ივანე და ზაქარია ფალიაშვილების მუსიკის პირველი მასწავლებელი. ფელიქსის ვაჟი, ვალერიანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის სამხედრო ორკესტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახდა.

ვალერიან მიზანდარი 1894 წლის 21 აპრილს, ქუთაისში დაიბადა. 2 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდგომ, მის ოჯახს ბიძა, პირველი ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი, ალოიზ მიზანდარი პატრონობდა. 1910 წელს, მიზანდარი თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში და სამუსიკო სასწავლებელში ჩაირიცხა. მას ჰარმონიას ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდა.

1917 წელს, სასწავლებლების წარმატებით დამთავრების შემდეგ, ვალერიან მიზანდარი კადეტთა კორპუსის პირველი ცხენოსანი პოლკის კაპელმაისტერი და მეორე პოლკის მუსიკალური ინსტრუქტორი გახდა. აქ მან 65 მუსიკოსი შეკრიბა და დიდი სამხედრო სასულე ორკესტრი შექმნა, რომლის მსგავსიც თბილისში მანამდე არ არსებობდა. 1918 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ამ ორკესტრს, სახალხო გვარდიის ორკესტრი ეწოდა.


მარჯვნივ, ვალერიან მიზანდარი


მიზანდარი ორკესტრს ყოველთვის ჩოხა-ახალუხში შემოსილი დირიჟორობდა. მუსიკოსები, ძირითადი ღონისძიებებისთვის, შავ ჩოხებსა და ყავისფერ ფაფახებში იყვნენ გამოწყობილი. მათი უნიფორმები და საკვები სახალხო გვარდიისგან უფასოდ იყო უზრუნველყოფილი. ორკესტრი კონცერტებს კლუბებში, თეატრებში და ღია სივრცეებში სისტემატურად მართავდა. ეწყობოდა გასტროლები ბორჯომში. მუსიკოსებმა მალევე მოიპოვეს დიდი საზოგადოებრივი აღიარება.

„ჩემო ვალერიან, ასეთი დახვეწილი და მაღალი გემოვნებით დამუშავებული, იშვიათი ჟღერადობის ორკესტრისთვის მე ჯერ არ მომისმენია“. - ასე მიმართა საჯაროდ, ერთ-ერთი აღლუმის შემდგომ, ზაქარია ფალიაშვილმა დირიჟორს.

ვალერიან მიზანდარის თანამედროვის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ჩელისტის, გიორგი თაქთაქიშვილის შეფასებით: „დაუცხრომელი ენერგია, სიყვარული და თაოსნობა გამოიჩინა მან სამხედრო ორკესტრის ჩამოყალიბების საქმეში და სულ მალე ამ ორკესტრმა, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა, საოცარი პოპულარობაც მოიპოვა. მისი განსაკუთრებული მეცადინეობის წყალობით, ორკესტრმა საოცარ ჟღერადობას მიაღწია – რბილს, ინტონაციურად ძალიან სუფთას და მრავალფეროვანს. მე პირადად გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ იშვიათად შევხვედრივარ ასეთ სამხედრო-სასულე ორკესტრს; იგი გამოირჩეოდა შესრულების ხარისხითაც და მდიდარი რეპერტუარითაც. მიზანდარი მართლაც რომ ნამდვილი ოსტატი იყო თავისი საქმისა. ეს ორკესტრი გამოდიოდა აგრეთვე ყველა ოპერაში, სადაც კი ბანდა (ორკესტრი სცენაზე) სჭირდებოდათ“.

ვალერიან მიზანდარის და სახალხო გვარდიის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს მოიცავს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის და დირიჟორის, ვასილ გეჯაძის მოგონებები: „მას ჰქონდა მუსიკალური ნაწარმოების ათვისების არაჩვეულებრივი უნარი, მეხსიერება – განსაცვიფრებელი. საკმარისი იყო, ერთხელ ჩაეკითხა პარტიტურა და ნაწარმოებს უკვე ზეპირად დირიჟორობდა“.

მისივე სიტყვებით: „ვ.  მიზანდარი ორკესტრის თითოეული წევრისათვის არა მარტო მასწავლებელი, არამედ ახლობელი მეგობარიც იყო. მახსოვს, ერთხელ ვალიკომ დამავალა თავისი სამხედრო ერთი თვის ულუფა მიმეტანა ორკესტრის წევრის ა. ვასილევის ოჯახში. ა. ვასილევი იყო მაღალკვალიფიციური კლარნეტისტი. მისი ოჯახი 8 სულისაგან შედგებოდა და გაჭირვებით ცხოვრობდა. არასდროს არ დამავიწყდება ის სიხარული, რაც იმ ოჯახმა განიცადა, როცა ვალიკოს ნაფეშქაშარი მივუტანე, ვასილევის თვალცრემლიანმა მეუღლემ მთხოვა ვალიკოსთვის სიტყვასიტყვით გადამეცა, რომ იგი არის არამარტო დიდი მუსიკოსი, არამედ შესანიშნავი ადამიანი“.

 


სახალხო გვარდიის ორკესტრი

 

ვალერიან მიზანდარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის მუსიკალურ ცხოვრებაში. მიქელაძემ, როგორც დირიჟორმა, პირველი ნაბიჯები მიზანდარის ხელმძღვანელობით, სწორედ სახალხო გვარდიის ორკესტრში გადადგა. თავდაპირველად, ის მიზანდარის თანდასწრებით უძღვებოდა ორკესტრს, ხოლო შემდგომ, როდესაც ხელმძღვანელი მის მუსიკალურ შესაძლებლობებში დარწმუნდა, მიქელაძეს დამოუკიდებელი დირიჟორობის საშუალებაც მიეცა. ვალერიან მიზანდარის ხელმღვანელობით, სახალხო გვარდიის ორკესტრში, ასევე, არაერთი წარმატებული მუსიკოსი აღიზარდა, მათ შორის, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სასულე ორკესტრის ინსპექტორი ჟ. ტარიანი და ბერლინის სამხედრო გარნიზონის ორკესტრის ინსპექტორი ნ. ამირანაშვილი.

ვასილ გეჯაძის მოგონებით: „ორკესტრის რეპერტუარი ჩვეულებრივი სასულე ორკესტრის მარშებით და პოპურებით კი არ იყო შეზღუდული, არამედ, ჩვენ ვასრულებდით დიდი ფორმის ნაწარმოებებს: სიმფონიებს, საფორტეპიანო და ინსტრუმენტულ კონცერტებს. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ნაწარმოებები განკუთვნილი იყო სიმფონიური ორკესტრისათვის, მაგრამ ვალერიანის დაუღალავი შრომის წყალობით გადატანილ იქნა მის მიერ სასულე ორკესტრისათვის. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვალერიანი უსაზღვრო პატრიოტი იყო თავისი სამშობლოსი. ამაში იქიდანაც ვრწმუნდებით, რომ ვალერიანი დიდ ყურადღებას აქცევდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. მან სასულე ორკესტრისათვის გადაიტანა მელ. ბალანჩივაძის ოპერა „დარეჯან ცბიერის” უვერტიურა, კ. ფოცხვერაშვილის „მგზავრული” და „მხედრული”.


სახალხო გვარდიის ორკესტრის სამხრე

1920 წლის 27 ივნისს, თბილისის ოპერის თეატრში, სახალხო გვარდიისთვის მარშების შესარჩევი კონკურსი გაიმართა, სადაც ვალერიან მიზანდართან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ კონკურსის ორგანიზატორი და სახალხო გვარდიის მთავარი სამუსიკო ინსტრუქტორი, კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი და სახალხო გვარდიის სამუსიკო ინსტრუქტორი ვლადისლავ გონსიორსკი. კონკურსზე წარმოდგენილი იქნა არაერთი ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც სამხედრო ორკესტრის რეპერტუარში დამკვიდრდა. ვალერიან მიზანდარს განზრახული ჰქონდა სამხედრო ორკესტრისთვის ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებისაგან შემდგარი საკონცერტო პროგრამის შექმნა და მისი საერთაშორისო პოპულარიზაცია, მაგრამ ამ მიზნის ასრულება, მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ დასცალდა. 1921 წელს, მას მხედველობა დაუქვეითდა, ხოლო მომდევნო წელს, ორკესტრის ხელმძღვანელი სრულად დაბრმავდა.

უსინათლობის მიუხედავად, ვალერიან მიზანდარი დირიჟორობას 3 წლის განმავლობაში, ზეპირად, უპარტიტუროდ განაგრძობდა. ვასილ გეჯაძის მოგონებით: „საკმარისი იყო, მხოლოდ მიმეყვანა სადირიჟორო პულტთან და იგი საოცრად იცვლებოდა. მსმენელი ვერ ამჩნევდა, რომ დირიჟორი უსინათლო იყო. ორკესტრი დირიჟორის ხელის მოძრაობას ზედმიწევნით ზუსტად გრძნობდა და ჩვენ, შემსრულებლებს, ასეთი მგრძნობიარე შემოქმედის ტრაგიკული ხვედრის გამო, თვალები ცრემლით გვევსებოდა. ბრმა დირიჟორის გამოსვლებმა სენსაცია მოახდინა. მთელ საქართველოში ყველას პირზე ეს ამბავი ეკერა. ოპერის თეატრის სალაროსთან კვლავ გაჩნდა გრძელი რიგები. ბრმა დირიჟორის დანახვა ყველას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული“.

მხედველობის დაკარგვით, ვალერიან მიზანდარის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა და 1925 წელს, დირიჟორი იძულებული გახდა მიეტოვებინა ოპერის თეატრი, სადაც ის ევგენი მიქელაძემ შეცვალა. ავადმყოფობის პერიოდში, მიქელაძე ხშირად სტუმრობდა თავის მასწავლებელს, რომელიც მას ყოველთვის განსაკუთრებული ხალისით ესაუბრებოდა.

ვალერიან მიზანდარი 1926 წელს, უცოლშვილოდ, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, ყოფილ პანთეონში.

2018 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების საუკუნოვანი იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით,  პირველი რესპუბლიკის სახალხო გვარდიის სამხედრო მარშების აღდგენა განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში, მიზანდარების საგვარეულოს წარმომადგენელმა, კომპოზიტორმა ლევან მიზანდარმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახალხო გვარდიის მარშების ნოტების არქივი გადასცა. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ აღდგენილი მიზანდარი-გონსიორსკის მარში „მერანი“, ორკესტრის რეპერტუარში დამკვიდრდა და მრავალი წლის შემდეგ, პირველად, 2018 წლის 26 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აჟღერდა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები