საქართველოს სამხედრო ისტორია
ხმალი და ხანჯალი

ანტიკური ხანიდან მოყოლებული, სატევრები და მახვილები შეიარაღების უმთავრეს ელემენტს წარმოადგენდა. საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად არის აღმოჩენილი, როგორც ბრინჯაოს, ასევე რკინის სატევრები. აღნიშნული ტიპის იარაღი შუა საუკუნეებში აქტიურად გამოიყენებოდა და თითქმის XX ს-მდე, გარკვეული სახეცვლილებით, შეიარაღების განუყოფელ ნაწილად დარჩა.

ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით, განვითარებული შუა საუკუნეების საქართველოში, სწორი - „შვეტი“ ხმლები ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ხოლო XIII ს-დან შეიარაღებაში მოხრილი ხმალი შემოდის. ამის დასამტკიცებლად, ჯავახიშვილს ლაშა-გიორგის ორი ფრესკული გამოსახულების მაგალითი მოჰყავს. ერთგან (ბეთანიაში) ლაშა-გიორგი გამოსახულია სწორი ხმლით, ხოლო მეორეგან (ბერთუბანში, უკვე როგორც მეფე) - მოხრილი ხმლით.

 

ნიშანდობლივია, რომ შუა საუკუნეების ქართული შეიარაღებიდან ჩვენ ნივთიერი მასალა თითქმის არ გაგვაჩნია. მოგვეპოვება მხოლოდ ორი ხმალი, XI-XII საუკუნეებით დათარიღებული, ერთი ხევსურეთიდან, ხოლო მეორე - ვანში აღმოჩენილი. არტეფაქტების სიმწირის მიუხედავად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში იარაღი დიდი რაოდენობით იწარმოებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი დასაჯერებელი ხდება ის დიდი საბრძოლო გამარჯვებები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საომარ ასპარეზზე მოიპოვეს.

საქართველო საუკეთესო ფოლადის წარმოებით ყოველთვის განთქმული იყო. ჩვენს ქვეყანაში ინდური (ვუნცა), სპარსული (ტაბანი, ყარატაბანი, ხორასნული), სირიული (დამასკური) და საკუთრივ ქართული ფოლადისაგან შექმნილი ცივი იარაღები მზადდებოდა. ცივი იარაღების მრავალფეროვნება ტერმინოლოგიაშიც აისახა, მაგალითად: „დავითფერული“, „ჭოლაური“ / „ლეკური“ „დედალი ფრანგული“, „მამალი ფრანგული“, „მისრული“, „გველისპირული“, „ჭარული“, „მგლის დამღიანი“, „დაშნა“, „გორდა“, „კალდიმი“. ცნობილი იყო „თბილისური ხმალი“, ირანული ტიპის ქართული ხმალი, „კაბიანი ხმალი“ და სხვ.

ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ხმლის რამოდენიმე სახეობას განვიხილავთ. ხმლის ეს სახეობები დიდხანს გამოიყენებოდა ყოფაში, დღესდღეობით კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ხმლის აღნიშნულ ტიპებს, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა პრაქტიკული მოსაზრებებისა თუ მოდური გატაცებების გამო, უცხო ქვეყნებში შექმნილი ხმლების ცალკეული დეტალები დაემატა, ისინი ადგილობრივი წარმოების ხასიათს იმდენად კარგად გადმოსცემენ, რომ ჩვენ მათ დაუბრკოლებლად მივაკუთვნებთ ქართული ხმლების კატეგორიას. ჩვენ, ასევე, წარმოგიდგენთ როგორც ცნობილი ქართველი მეიარაღეების მიერ შექმნილ, ისე საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელ ხანჯლების ნიმუშებს.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები