საქართველოს სამხედრო ისტორია
ჯიმშერ ტოროშელიძე

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1972-2008

 

დანაღმულ ტერიტორიაზე გამნაღმველთა ჯგუფი მიწაში ჩამარხულ ბომბს ეძებს... აფეთქების ხმა. 10 ჯარისკაცი მეთაურთან ერთად ჰაერში ავარდა.

განწირული ყვირილი – ცოცხლები ხართ?! დაჭრილი ბიჭები ერთმანეთს ეძებენ. ყველა გადარჩა. ხმას მხოლოდ ათმეთაური არ იღებს...

ჯიმშერ ტოროშელიძე 35 წლის იყო.

დაიბადა სოფელ ნულში, მდინარე ფრონეს ხეობაში. ჯიმი დედმამიშვილებში უფროსი იყო. მის შემდეგ ტოროშელიძეებს ქალ-ვაჟი გაუჩნდათ. ძალიან მხიარული ბავშვი ყოფილა. ლაღად იზრდებოდა. ბავშვობიდან დიდი ინტერესი გამოუჩენია ხალხური საკრავებისადმი. პარალელურად მექანიკა-მანქანათმშენებლობით დაინტერესებულა. მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ, კერამიკაზე მუშაობას დაუფლებია. მის გაკეთებულ თიხის ჭურჭელს დღეს ოჯახის წევრები დიდი რუდუნებით ეპყრობიან.

„ერთმანეთი 1993 წელს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ძარწემში გავიცანით. იმავე წელს ვიქორწინეთ. ჯიმშერი 20 წლის იყო, მე – 18-ის. თვითნასწავლი მუსიკოსი გახლდათ. ჩემი დედამთილი სოფელ კეხვიდან არის, ბევრი ნათესავი ჰყავდა და ჯიმი ხშირად ამოდიოდა სოფელში.

მე ნიჭიერთა ათწლედი მქონდა დამთავრებული, ხალხურ მუსიკალურ საკრავებზეც ვუკრავდი... კონცერტებზე ხშირად გვიწევდა ერთად გამოსვლა. ძალიან კონტაქტური პიროვნება იყო... ასე გავიცანით ერთმანეთი. ხელოვნებამ დაგვაახლოვა, რომ იტყვიან. მეორედ მეგობართან სადღესასწაულო სუფრაზე შევხვდით. ბოლო პერიოდში ისე დაემთხვა, რომ ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ჩემთანაც მოდიოდა... გაცნობიდან რამდენიმე თვეში, მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. როგორც ქართულ ტრადიციულ ოჯახს შეეფერება, ჯერ დავინიშნეთ და რამდენიმე თვეში ქორწილი გვქონდა. ძალიან ბედნიერი წლები გავატარეთ... უბედნიერესი ქალი ვიყავი. ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ“.

წლისთავზე ვაჟი შეეძინათ, გიორგი დაარქვეს. პირველს მეორე მოჰყვა, მესამეს დაბადებას მამა ვერ მოესწრო... რატი მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. გოგოს მოლოდინში სამი ვაჟი გაუჩნდათ. უფროსი 16 წლის არის.

ჯიმშერს სავალდებულოს მოხდა არ შეხებია, მამობამ იხსნა. ჯარში, საკუთარი სურვილით, 2007 წელს წავიდა.

ნათელა გოგოიძე, ჯიმშერის მეუღლე: „სულ იმას მეუბნებოდა, საფლავში ნუ ჩამიყვან ისე, რომ გოგო არ მაჩუქოო... მე ბიჭები მეამაყებოდა და ვპირდებოდი, გოგოს აუცილებლად გავაჩენ-მეთქი... პირველი შვილი რომ შეგვეძინა, ამბობდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცაში დავფრინავო. გვარის გამგრძელებელი მეყოლა და ახლა რაღა მომკლავსო. ძალიან ბედნიერი იყო...

ერთად ვგეგმავდით შვილების მომავალს. უნდოდა, ყველასთვის კარგი განათლება მიეცა, გზაზე დაეყენებინა...

მე საბავშვო ბაღში, მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი. სანამ ჯარში კონტრაქტით წავიდოდა, მანამდე დედამთილ-მამამთილთან ვცხოვრობდით. საკმაოდ დიდი ოჯახი გვქონდა და ცალკე გასვლა გადავწყვიტეთ...

კარგად ვიყავით. სტაბილური შემოსავალი გვქონდა. შვილებს მომავალს ვუქმნიდით. არაფერს არ ვაკლებდით. ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ დაგვცალდა... ჯარში წელიწადი და 10 თვე იმსახურა, აგვისტოში ორი წელი უსრულდებოდა“.

ჯიმშერ ტოროშელიძე გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა. გამნაღმველი იყო და კონფლიქტის ზონაში მივლინებით წასვლა ხშირად უწევდა. ათმეთაურ ტოროშელიძეს მომავალი გამნაღმველები პრაქტიკაზე ხშირად დაჰყავდა.

20 ივლისსაც მივლინებაში ერთი თვით კოდორის ხეობაში გაგზავნეს. გორში 20 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო...

როცა ომი დაიწყო და რუსებმა სოფელ ნულს შეუტიეს, ჯიმი ამ დროს, 10 ჯარისკაცთან ერთად, იქ იმყოფებოდა. პირველი დარტყმა სოფელ ნულს მიაყენეს.

ნათელა გოგოიძე, ჯიმშერის მეუღლე: „ბოლოს 5 აგვისტოს ველაპარაკე. ისევ კოდორის ხეობაში ვარო. სასწრაფოდ დატოვე სოფელი და ბავშვები გორში წაიყვანეო. გორში, ჩემს დასთან ჩამოვედით და დაიმედებული იყო. ნურაფრის გეშინიათო...

თავის თავზე არაფერს ამბობდა, მთელი სულითა და გულით თქვენთან ვარო, ტელეფონში გვეფერებოდა... გორზეც რომ მიიტანეს იერიში და ქალაქს ბომბავდნენ, თბილისში გამოვიქეცით...

7 აგვისტოს დილით დამირეკეს, ჯიმი დაიღუპაო... ზემო აფხაზეთიდან უკვე გადმოსვენებული ჰყავდათ. მისი ცხედარი გორის ჰოსპიტალში, მორგში იყო დასვენებული. იმავე საღამოს გადმოვასვენეთ.

ძალიან მიჭირს მის გარეშე... ოჯახის მძიმე ტვირთი მე დამაწვა. ყველაფრით სავსე ორი სახლი დავტოვეთ... ახლა ცხოვრებას თავიდან, შიშველი ხელებით ვიწყებ... სამი ობლის დედა ვარ და სამომავლოდ რამე ხომ უნდა შევუქმნა... ძლიერი ქალი ვარ და ყველანაირად ვეცდები, ცხოვრება მოვუწყო ჩემს შვილებს. მართალია, მეუღლე ცოცხალი აღარ მყავს, მაგრამ ჩემს შვილებს უმამობას არ ვაგრძნობინებ.

ჩვენთვის დიდი იმედი იყო ჯიმი...

ბიჭები ხშირად იხსენებენ მამას, მათაც ძალიან უჭირთ მამის გარეშე ყოფნა. როცა სჭირდებათ, ახლა აღარ ჰყავთ... ვერიდები მათთან ამ თემაზე ლაპარაკს... ძალიან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან. ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა, მარხულობდა. კოდორის ხეობაში, მამათა მონასტერში, მამებთან ურთიერთობდა და შვილებსაც შთააგონებდა სარწმუნოების სიყვარულს...

უფროსი ბიჭები მამის გზას მიჰყვებიან. როცა კონტრაქტს მოაწერა ხელი, ჩვენც გორში გადმოგვიყვანა საცხოვრებლად. უნდოდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავით. ერთს შეატყო, რომ სპორტისკენ ჰქონდა მიდრეკილება, ჭიდაობაზე შეიყვანა, მეორე კი ცეკვაზე დადის. ჯიმისთან ყოველთვის ახლოს იყო სპორტი, მუსიკა, ცეკვა და უხაროდა, რომ შვილებსაც ეს ნიჭი აღმოაჩნდათ. ბედნიერი იყო... მართალია, მამა მათ წარმატებებს ვერ შეესწრება, მაგრამ ვიცი, რომ ზემოდან გვიყურებს და ყველაფერს ხედავს... ძალიან გვაკლია და გვენატრება. დიდი ვაჟკაცი დაკარგა საქართველომ ჯიმშერის სახით“.

გიორგი 16 წლის არის, შმაგი – 14-ის, რატი – 11 თვის. სამშვილიანი დედა ამჟამად გორში, კარალეთის დასახლებაში ცხოვრობს. სოფელ ნულში ტოროშელიძეების ახალნაყიდი სახლი რუსულმა კასეტურმა ბომბებმა ერთიანად გაასწორა მიწასთან. მეორე სახლისგან კი, რომელიც სოფელ ძარწემში ჰქონდათ, დღეს მარტო დამწვარი კედლებიღაა დარჩენილი.

9 აგვისტოს, როცა რუსული სისხლით შეღებილი ტყვია საქართველოზე წვიმასავით მოდიოდა, ჯიმშერ ტოროშელიძის განსასვენებელს ოთხი თვის ორსული მეუღლე, ცოლისდა, სიდედრი და ოჯახის სამი ახლობელი მიასვენებდა. გმირი ტოროშელიძე, ახალდაბაში, ნაუცბადევად გაჭრილ საფლავს მიაბარეს.

„ჩემი მეუღლის კუბოს ოთხი თვის ორსული, ჩემი მხრებით მივასვენებდი... დამხმარეც კი არავინ გვყავდა...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები