საქართველოს სამხედრო ისტორია
რამაზ ერაშვილი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1983 – 2008

 

თინა ერაშვილს აგვისტოს ომმა შვილიც წაართვა და მოხუცი დედაც...

თინას დედა სოფელ კარბში, საკუთარ სახლში იმსხვერპლა რუსულმა ბომბმა.

25 წლის რამაზ ერაშვილი 9 აგვისტოს გორის ჯავშან-სატანკო ნაწილის დაბომბვას შეეწირა.

23 აგვისტოს 26 წლის გახდებოდა.

1983 წელს გორში, ერაშვილების ოჯახში გვარის გამგრძელებელი დაიბადა. რამაზი დაარქვეს.

„ბავშვობიდან ამბობდა, ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო... ძალიან ჭკვიანი და დამჯერი ბავშვი იყო. თვალებში შემოგვცქეროდა. სულ უნდოდა, რომ რაღაცით ვესიამოვნებინეთ. არ ავიწყდებოდა არც ერთი დღესასწაული, ყოველთვის ყვავილებით გვილოცავდა ყველას... მისი მორთმეული ყვავილები ახლა მის სურათებთან მიდევს... ძალიან კარგი ადამიანი იყო და ალბათ, ღმერთმაც იმიტომ წაიყვანა თავისთან...“

სკოლაში განსაკუთრებული სწავლით არ გამოირჩეოდა, თუმცა თავისი ზრდილობიანობითა და ყოფაქცევით ყველას დაამახსოვრა თავი. მერვე კლასიდან სწავლა კოლეჯში გააგრძელა, მისი დამთავრების შემდეგ კი აფხაზეთის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

მეზობელ სოფელში, მეგობართან ასულს, ერთი გოგო მოეწონა. მაშინ 17 წლის იყო, თეონა – 16-ის. მათი სიყვარული ისე მალე განვითარდა, რომ გაცნობიდან რამდენიმე თვეში იქორწინეს.

„ორი წლით ჩემზე უფროსი იყო... მე გორის რაიონის სოფელი სრიდან ვარ. იქ გავიცანი. ბევრი მეგობარი ჰყავდა და ხშირად მოდიოდა.

სიყვარული გაცნობიდან ერთ თვეში ამიხსნა. მეგობრები ვქეიფობდით და იქ მოვიდა, ამხანაგებთან ერთად. ცალკე გამიყვანა და მითხრა, მიყვარხარო. მკითხა: პასუხს როდის მეტყვიო. მე გავჩუმდი და თავი ჩავღუნე... ჯერ არ ვაპირებდი გათხოვებას, მაგრამ ბოლოს მომიტაცა. ძმაკაცის ნათესავთან, ერთ-ერთ სოფელში წამიყვანა. თავიდან ვფიქრობდი, არ დავრჩები-მეთქი, მაგრამ მერე აღარ წამოვედი და დავრჩი. მიყვარდა... შეყვარებულები სულ ორი თვე ვიყავით...

ერთად ექვსი წელი ვიცხოვრეთ...

რომ დავქორწინდით, რამაზი ცხინვალის უნივერსიტეტში, იურიდიულზე სწავლობდა“.

რამაზი ჯარში არ გაუწვევიათ, წლისთავზე ბიჭი შეეძინა და მამობამ იხსნა. ბავშვობის ახირება, ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო, არ დავიწყებია და კონტრაქტს მოაწერა ხელი. დედა უარზე დადგა. მაინც წავიდა.

თეონა მშვიდობაძე, რამაზის მეუღლე: „ბავშვი შეგვეძინა და სავალდებულოს მოხდა არ შეხებია. ძალიან უნდოდა ჯარში. ამბობდა, ჯერ კაპრალი ვიქნები და მერე სხვა წოდებასაც მივიღებო. უნდოდა, ოფიცერი გამხდარიყო. საოფიცრე კურსების გავლას აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო... როცა თქვა, კონტრაქტზე უნდა წავიდეო, მშობლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ეშინოდათ. სიტყვის კაცი იყო და რასაც იტყოდა, ვეღარავინ გადაათქმევინებდა. თავისი პროფესიით არ უმუშავია...

რომ დაიღუპა, მეორე შვილი ერთი თვის იყო. სულ ორჯერ დაიძინა ლუკამ მამის ხელში, მეტჯერ არც სჭერია...“

თინა ერაშვილი, რამაზის დედა: „როცა პირველი შვილი შეეძინა, ამბობდა, უბედნიერესი კაცი ვარო...

ბოლო დროს მის სახეზე ღიმილი აღარ მინახავს, გულჩათხრობილი გახდა... თითქოს მოსწრებაზე იყო, უნდოდა, ყველაფერი მოესწრო. ძალიან თბილი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თბილი გახდა...“

ბოლოს სახლში 6 აგვისტოს მივიდა, ახლობლის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო, ცოლთან ერთად, მაგრამ ყაზარმული გამოცხადდა და გამოიძახეს. სასწრაფოდ ჩაიცვა სამხედრო ფორმა და წავიდა...

თეონა მშვიდობაძე, რამაზის მეუღლე: „ყველას განსაკუთრებულად გამოგვემშვიდობა... ტელეფონით ველაპარაკებოდი. მეუბნებოდა, ნუ გეშინია, გორში ვარ, ცხინვალში ხომ არ ვარო... არაფრის შიში არ ჰქონია. მეც დამშვიდებული ვიყავი, გორში რა უნდა მოხდეს-მეთქი, მაგრამ...

7-ში გორი დავტოვე და ბავშვებთან ერთად კასპში წავედი. 9-ში 10 საათზე ველაპარაკე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარო...

ნაწილი 11-ის 15 წუთზე დაიბომბა... ტელევიზორში ვნახეთ... რომ ვურეკავდით, უკვე გათიშული იყო მისი ტელეფონი. ბოლომდე მეგონა, რომ ცოცხალი იყო და დაჭრილებში ვნახავდით...

თინა ერაშვილი, რამაზის დედა: „იმ ღამეს, ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა. ვეუბნებოდი, რატომ ხარჯავ ამდენ სალაპარაკოს, ცოტა ხანში ჩვენ დაგირეკავთ-მეთქი. არა, დედა, კიდევ ცოტა ხანს გელაპარაკებიო...

უკანასკნელად რამაზს 8 აგვისტოს ველაპარაკე... დილით რომ გავიღვიძე, ძალიან ცუდად გავხდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც უბედურება იყო ჩემს თავს. მეუღლე დილითვე ავიდა ნაწილში, მაგრამ... ყველაფერი უკვე მიწასთან იყო გასწორებული... იმ დღესვე ვიპოვეთ“.

სახე დასახიჩრებული ჰქონდა. მკლავზე ამოსვირინგებული ჯვრით იცნო მამამ... შვილის ცხედარი არ მანახვეს, ცუდად გახდებიო, – იხსენებს თვალცრემლიანი დედა.

თინა ერაშვილი, რამაზის დედა: „ერთ დღეს დავკარგე შვილიცა და დედაც... ორივე ერთ დღეს მომიკვდნენ... იმ დღეს დაიბომბა ჩემი სოფელი კარბი. სახლს ჭურვი დაეცა და... ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ შვილიშვილის სიკვდილი არ გაუგია... მიცვალებული დედა ვერ დავიტირე, სახლში შვილს ვტიროდი“.

10 აგვისტოს, როცა რუსული ავიაცია გორს კასეტური ბომბებით უტევდა, რამაზი ნაუცბადევად გაჭრილ საფლავს მიაბარეს. უკანასკნელ გზაზე სულ რამდენიმე კაცმა გააცილა. ორი შვილი, ორი გვარის გამგრძელებელი დარჩა. პაპის მოსახელე, შვიდი წლის გურამი და წლინახევრის ლუკა. გოგო ძალიან უნდოდა...

თეონა მშვიდობაძე, რამაზის მეუღლე: „ლუკა სურათებს რომ ათვალიერებს, მამას იძახის... უფროსი ხშირად იხსენებს, მანქანით რომ მაკატავებდაო. ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო, ამბობს. ძალიან მიჭირს მის გარეშე ყოფნა.

ახლა ისევ მის სახლში, დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ უნდა გადავიდე... იქაურობას რომ ვუყურებ, ძალიან უარყოფითი განწყობა მეუფლება. ყველაფერი მის თავს მახსენებს... როცა საყვარელი ადამიანი გტოვებს და მარადიულობაში გადადის, როცა ის, ვინც გიყვარს, იმ სახლში აღარ არის და აღარც არასოდეს იქნება, ძალიან ძნელია. სიზმარში ხშირად ვნახულობ, სულ იმას მეუბნება, ნუ ნერვიულობთ, ნუ ტირით, ძალიან კარგად ვარ, ძალიან მალე მოვალო...

რაც რამაზი აღარ არის, თითქმის ყველაფერი გაუფერულდა. სახლიდან რომ გამოვდივარ, ვფიქრობ, დღეს ცოცხალი ვარ და ხვალ რა იქნება, არავინ იცის-მეთქი. ცხოვრება გრძელდება, ორი ვაჟკაცი მყავს და მათ ვჭირდები. ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ჩემი მეუღლის გზას ვაგრძელებ – მეხუთე ბრიგადაში ვმუშაობ, კაპრალი ვარ“.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები