საქართველოს სამხედრო ისტორია
ზვიად  სულხანიშვილი
ზვიად  სულხანიშვილი

22.10.1990 - 06.06.2013

პირველი კლასის რიგითი

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შემდეგ მთავრდება პირველი კლასის რიგითის, 22 წლის ზვიად სულხანიშვილის სიცოცხლე და იწყება კიდევ ერთი გმირის ისტორია, რომელიც დამსახურებულ ადგილს დაიკავებს საქართველოს მომავლისთვის თავგანწირული გმირების გვერდით. ზვიად სულხანიშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში დაიბადა. სამხედრო სამსახურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ახლობლები და ოჯახის წევრები თავიდანვე გამოარჩევდნენ. პირველად სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლაზე მოსულმა სამედიცინო ექსპერტიზის უარმა ახალგაზრდა ბიჭი იმდენად გაანაწყენა, რომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ჯარისკაცი გამხდარიყო. მას შემდეგ რამდენიმე სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამი თვის წინ სურვილი მაინც აისრულა – სამხედრო მოსამსახურე გახდა.

სულხანიშვილების ოჯახმა ავღანეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ გმირის ოჯახი სულ შიშის ქვეშ იყო, მაინც იმედი ჰქონდათ, რომ დაღუპულ ქართველ მეომართა შორის მათი შვილი არ იქნებოდა. თუმცა... მძიმე მოლოდინის მიუხედავად, მათთვის შოკისმომგვრელი იყო ეზოს კართან სამხედრო ჩინოსნების გამოჩენა, რომლებმაც მშობლებსა და ძმებს ზვიადის გმირული გარდაცვალება შეატყობინეს.

სულხან სულხანიშვილი, ავღანეთში დაღუპული ქართველი გმირის მამა: „ზვიადი ამ ტრაგედიიდან სამი თვით ადრე წავიდა ავღანეთში. თავიდან პირველი ნაბიჯი იყო, როცა გერმანიაში წაიყვანეს. ჩემი შვილი, ალბათ, გმირად დაიბადა! თავიდან სავალდებულო სამსახურში წასვლაზე უარი უთხრეს, ფეხის ტერფი გაქვს ბრტყელიო, ამან იმდენად გაანაწყენა, რომ რამდენიმე სამედიცინო შემოწმება გაიარა. იმდენად მოწადინებული იყო, არ გაჩერდა და „კომანდოში“ წავიდა, სადაც საქართველოს ემსახურა ბოლომდე! იქ გაიარა წვრთნები და მერე ჩამოვიდა საქართველოში და 25 მარტს გაუშვეს ავღანეთში. რომ მიდიოდა, თითქოს გული რაღაცას მეუბნებოდა, მეთანაღრებოდა, მაგრამ თვითონ ძალიან მხნედ იყო. არ ვიცი, თუ ვიცოცხლებ, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. მახსოვს, იმ დღეს რომ გავაცილეთ სახლიდან, გული მეთანაღრებოდა, მაგრამ თვითონ ძალიან მხნედ დამაწყნარა, მალე ჩამოვალ, ნუ გეშინიაო!

იმ საღამოს სამსახურიდან სახლში რომ დავბრუნდი, ტელევიზორი ჩავრთე, გადმოსცეს, ავღანეთში ქართულ ბაზაზე შეჯახება მოხდა და თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდებაო, თავზარი დამეცა... გულში გავიელვე, ოღონდ ეგ არა-მეთქი და ამ დროს ეზოში ხმაური შემომესმა. გავედი და იქაურობა ხალხით, სამხედრო მოსამსახურეებითა და სამედიცინო პერსონალით იყო სავსე! მივხვდი, რომ ჩემი უბედურება დაიწყო! ორი ბიჭი მყავს კიდევ და მაგათზე ფიქრი მაჩერებს, თორემ ამდენი ხანი ვერ ვიქნებოდი ცოცხალი. 22 წლის ვაჟკაცი გამომისალმეს წუთისოფელს“.

მცხეთის რაიონის, სოფელ ძეგვში, სულხანიშვილების მეზობლები დღესაც თვალცრემლიანი იხსენებენ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭს, რომელმაც სამშობლოს კეთილდღეობას, ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა - საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

ლილი სულხანიშვილი, მეზობელი: „ავღანეთში წასვლის შიში ნებისმიერ ჯარისკაცს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცურად დაგვემშვიდობა. ჯარში იმისთვის წავიდა, რომ გმირული სული ჰქონოდა და დღეს სწორედ გმირად დაგვიბრუნდა ყველას!“

სულხან სულხანიშვილს მთელი სოფელი გლოვობს. მისი სახელი სოფელ ძეგვში უკვდავყოფილია... ის გმირია, რომლის საამაყო სახელიც სოფელში დიდსა თუ პატარას არასოდეს დაავიწყდება. დღეს ის გმირია, რომელიც საქართველოსთვის თავდადებული გმირების გვერდით საპატიო ადგილს იკავებს.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები