საქართველოს სამხედრო ისტორია
ვასილ განჯელაშვილი
ვასილ განჯელაშვილი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1986 – 2008

 

9 აგვისტო... რუსულმა ავიაციამ გორის სამხედრო ბაზას კასეტური ბომბებით შეუტია... ავიაიერიშმა 40-მდე ქართველ ჯარისკაცს წამებში მოუსწრაფა სიცოცხლე... გარდაცვლილთა შორის იყო 22 წლის ვასიკო განჯელაშვილი, სვენეთელი ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღეში (24 აგვისტოს) დაქორწინებას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა.

განჯელაშვილების ოჯახი ვაჟის დაბადებას დიდხანს ელოდა... ორი ქალიშვილის შემდეგ მშობლებს ნატვრა აუსრულდათ და ბიჭი შეეძინათ. პაპის სახელი დაარქვეს – ვასიკო. ნანატრ ბიჭს ოჯახი ლაღად ზრდიდა...

ლელა განჯელაშვილი, ვასიკოს და: „24 წლის გახდებოდა 12 თებერვალს... ორი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან. სამი დედმამიშვილი ვიყავით, ვასო ნანატრი მემკვიდრე იყო. გათამამებული გვყავდა, მაქსიმალურად ხელი ეწყობოდა, რასაც მოისურვებდა. უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. ძალიან მორიდებული და ჭკვიანი იყო. არასდორს არავის აწუხებდა. მამისგან განსაკუთრებულად იყო გათამამებული. საჭეს პირველი კლასიდან დაეუფლა. პედლებს რომ ვერ სწვდებოდა, მამას კალთაში ეჯდა და ისე ატარებდა. ხუთი-ექვსი წლიდან დამოუკიდებლად მართავდა. უკვე მოზრდილი ავტომობილს მამის უკითხავად რომ წაიყვანდა, მამაჩემი ჩვენ გვეჩხუბებოდა, რატომ გაატანეთო. სახლში რომ მოვიდოდა, ერთ სიტყვას არ ეტყოდა, არ აჩვენებდა, რომ გაბრაზებული იყო. მამას სიგიჟემდე უყვარდა...“

„მთელი წელი იჯდა და ქალივით ხმამაღლა ტიროდა, ყოველთვის ამბობდა, ვისაც ვუყურებ, ყველას სახეში ვასიკოს ვხედავო. დიაბეტი ჰქონდა და გორის ჰოსპიტალში გვეწვინა. 9 აგვისტოს, წლისთავზე რამდენიმე საათით სახლში ამოვიყვანეთ, ვერაფერი ვერ გაიგო, სახლში რა ხდებოდა. 15 სექტემბერს მამაც ინფარქტით დაიღუპა...“

და ახლაც ცრემლიანი იხსენებს ვასიკოს ხასიათს... ამბობს, რომ ძალიან ჯიუტი იყო, მაგრამ უზრდელი არასდროს ყოფილა. უპრეტენზიო იყოო. ჩუმი, წყნარი, ხალისიანი, – ასე აფასებენ მას მეგობრებიც. ყოველთვის რაღაცას ჩხირკედელაობდაო.

სკოლის დამთავრების შემდეგ არ დაიშალა, ჯარში უნდა წავიდეო, დედას ნანატრი ბიჭი სამხედროს მკაცრი ცხოვრებისთვის არ ემეტებოდა. ერთი ჰყავდა და იმიტომ... ისიც იცოდა, თუ საქართველოს საფრთხე დაემუქრებოდა, დაუფიქრებლად დადგებოდა სამშობლოს სადარაჯოზე. დედის შიში გამართლდა. ჯიუტი იყო. რასაც იტყოდა, გაჰქონდა კიდეც თავისი. ძალიან ეამაყებოდა ჯარისკაცობა. თავს იწონებდა ახალი ფორმით. სამსახურში არასდროს აგვიანებდა და სიფრიფანა ბიჭი ვაჟკაცურად იტანდა სამხედრო ცხოვრებას. 2003 წელს მოხალისედ წავიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად სამთავრობო დაცვაში. 2005 წლის თებერვლიდან მუშაობდა გორის დაცვის დეპარტამენტში. სამხედრო რეჟიმს შეჩვეულმა მტკიცედ გადაწყვიტა, ჯარისკაცი გამხდარიყო და კონტრაქტს მოაწერა ხელი. გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში სპეციალური მომზადება გაიარა და შტაბის ოცეულში ჩაირიცხა...

ლელა განჯელაშვილი: „ჩვიდმეტი წლის იყო, ჯარში რომ წავიდა და იტყოდა ხოლმე, ხუთი წელი მიხდება სტაჟი, რაც ფორმა მაცვიაო. მისი მომავალი სამხედრო ცხოვრებას უკავშირდებოდა. ამბობდა, ერაყშიც უნდა წავიდეო... ყოველთვის დილის რვის ნახევარზე დგებოდა“.

ექვს აგვისტოსაც უთენია, ექვს საათზე დაურეკეს და გამოიძახეს. დედას უთხრა, ყაზარმული გამოცხადდა და გავრბივარო. დას დღემდე სანანებლად აქვს, რომ იმ დილით ადრიანად არ ადგა და ძმა არ გააცილა.

ლელა განჯელაშვილი: „24 აგვისტოს უნდა ექორწინა, დიდ გეგმებს აწყობდა. შავ-თეთრად შებრიზგული სახლი არ მოსწონდა, ვარდისფრად უნდა შევღებოო. შრომისმოყვარე იყო, ოჯახის შესაქმნელად ემზადებოდა... მეორე სართულს როგორც მინდა, ისე მოვიწყობ და ჩემს ცოლ-შვილთან ერთად ვიცხოვრებო. ბავშვებზე გიჟდებოდა. ბიძაშვილს შვილი რომ შეეძინა, უთქვამს, ნეტა ჩემს შვილს ხელში როდის დავიჭერო...“

უკვე ორი წელია, განჯელაშვილების სახლში ყველა სადღესასწაულო დღე ვასოს საფლავზე გასვლით იწყება... რამდენიმე დღეში მეგობრის ბავშვი უნდა მოენათლა, არ დასცალდა. ის ბავშვი ვასოს დამ, ლელამ მონათლა.

მომავალი საცოლე პირველად მეგობრის ქორწილში ნახა. ჯერ ტელეფონით ეკონტაქტებოდა, მერე გორში, სასწავლებელში აკითხავდა და ერთ დღესაც სიყვარულში გამოუტყდა...

ლელა განჯელაშვილი: „იმ გოგოსთან ახლაც გვაქვს ურთიერთობა. ბევრი ცოლი არ იქნება ისეთი მწუხარე, როგორც დღეს ის გოგოა. გასვენება, ორმოცი, დაბადების დღე, წლისთავი, მიცვალებულის დღეები... ის ყოველთვის ჩვენთან არის. ატენელი გოგოა, ერთხელ მოიტაცა და მერე უკან დააბრუნეს. უკვე დაგეგმილი ჰქონდა, რომ 24 აგვისტოს ბორჯომში უნდა წაეყვანა და მარიამობისთვის, 28-ში სახლში უნდა მოსულიყვნენ... ბოლოს 5 აგვისტოს ნახა. მათი სიყვარული ერთ წელს გაგრძელდა... ერთ საღამოს სახლში ნედლი თხილი მოკრიფა, ატენში მივდივარ, შეყვარებულს დავპირდი და უნდა ავუტანოო... ბოლოს მისთვის 8 აგვისტოს დაურეკავს...“

9 აგვისტოს, დილის 11-ის სამ წუთზე უკანასკნელად ელაპარაკა დას. ტელეფონზე ანგარიში შემივსეთო, – უთქვამს. შვიდ წუთში მისი ტელეფონი გაითიშა...

ლელა განჯელაშვილი: „ჩემმა დამ დამირეკა, გორის ნაწილი დაბომბეს და ვეღარ ვრეკავთ ვასიკოსთანო. ვუთხარი, ნუ გეშინიათ, ამ წუთში ველაპარაკე და ცოცხალია-მეთქი. მასთან ერთად 39 ბიჭი იყო, ყველანი ერთმანეთის ძმაკაცები, ბავშვის ნათლიები და მეჯვარეები იყვნენ. მათთან დავიწყეთ დარეკვა, მაგრამ ყველას ტელეფონი გათიშული იყო...

გორის ნაწილი დაებომბათ. ბიძაჩემი რომ მივიდა ნაწილში, თავიდან დაუმალეს, ცოცხალიაო, მაგრამ მიხვდნენ, რომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა... ერთ საათში მიცვალებული მოიყვანეს სახლში. საფეთქელში ჰქონდა ჭრილობა...

ჩემი მეუღლე ცხინვალის რაიონიდან, თამარაშენიდან არის, ჩემი დედამთილ-მამამთილი იქ იყვნენ, რვაში საღამოს გამოვიდნენ სოფლიდან. იმათ ურეკავდა, კითხულობდა, ხომ კარგად ხართო, თავის თავზე არც ფიქრობდა, გვამშვიდებდა, გორში საშიში არაფერიაო. ჩვენი ბიძაშვილი „სპეცნაზშია“, მასაც ყოველ წუთს ურეკავდა და ეუბნებოდა, ცოტაც გაუძელით, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბოლოს, ტელეფონის ხაზები რომ აირია, მარტო ჩემთან ახერხებდა დარეკვას: ლაშა საით არის, გურამი საით არისო, ყველას კითხულობდა, აინტერესებდა, როგორ ვიყავით“.

ლელა განჯელაშვილი: „ბოლო პერიოდში რაღაცნაირად იყო ატეხილი. ივლისის ბოლო რიცხვები, 27-28 იყო, სახლში ნასვამი მოვიდა და დედას უთხრა, გუშინ შეყვარებული გამოვცადე და დავრწმუნდი, ძალიან ვყვარებივარო. ჯარიდან დაურეკავს, ტანკების ხმა ისმოდა და უთქვამს, ცხინვალში მივყავართ, ომი დაიწყო და ვეღარ მნახავო. მანამდე სახლში შეყვარებულზე არაფერს ამბობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში გულღია გახდა და გვიკვირდა კიდეც...“

12 აგვისტოს, როცა რუსული ავიაცია გორს კასეტური ბომბებით უტევდა, ვასო უკანასკნელ გზაზე სულ რამდენიმე კაცმა გააცილა და მშობლიურ მიწას მიაბარა. ვასიკო განჯელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის N288 ბრძანებულებით დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები