საქართველოს სამხედრო ისტორია
მიხეილ დვალიშვილი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1986 – 2008

 

შინდისში, მტრის ალყაში მოქცეული გაშმაგებული ებრძოდა მომხვდურს. თორმეტნი ყოფილან, საათნახევარი შეაკავეს მტერი, მაგრამ ბოლოს მათზე იერიში რუსულმა ავიაციამ მიიტანა. ყველა დაიღუპა, მათ შორის მიხეილ დვალიშვილიც... დღეს ყველა გმირია.

„მზეში დაიწვა ფიქრი და დარდი,

ვერ დაგიკოცნე ნათელი კალთა,

ვერ შემოვაღე დედი ჭიშკარი“.

 

მიხეილ დვალიშვილმა წინათგრძნობა ლექსად აქცია – ეს სიტყვები მან 2008 წელს, ომამდე დაწერა. 6 აგვისტოს კი ბოლო ლექსი დატოვა:

„ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება,

შინმოუსვლელი ძმები გახსოვდეთ!

დაუბრუნდება ბუდეს მერცხალი

ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით“.

 

თეონა დვალიშვილი, და: „2008 წლის 6 აგვისტოს გავაცილეთ. მამამ გააცილა ვანიდან მეგობრებთან ერთად. მამა იხსენებს ხოლმე, მაშინ განსაკუთრებულად დამემშვიდობაო. მიუხედავად იმისა, რომ თბილი ადამიანი იყო, მაინც განსაკუთრებით გადაუკოცნია მამა, ხელები მაღლა აუწევია და ასე უთქვამს: `აბა კარგად მამი, ყველა მომიკითხე...“ მის მერე წავიდა და წავიდა... მამა ახლა ამბობს, ალბათ, გრძნობდა რაღაცასო. გრძნობდა, მის მშობლიურ მხარეში უკანასკნელად, რომ იყო. უკანასკნელად ეხვეოდა მისთვის საყვარელ მამას.

როცა დარეკავდა, გვეუბნებოდა, „მე კარგად ვარ. ახლა ოსიაურში ვართ და ბრძანებას ველოდებითო“, ამ დროს კი თურმე ცხელ ხაზზე იყო. 11 აგვისტოს დილის 9 საათზე უკვე სამშვიდობოს გამოვდივართო. უკანასკნელად, მახსოვს, იმავე დღეს სამის ნახევარზე ვესაუბრეთ. დედა ამ ყველაფერს საშინლად განიცდიდა. მამას ეუბნებოდა: შვილი მომიყვანეო. მამამ დედას მისცა ტელეფონი, ესაუბრეო. უცებ აფეთქების ხმა გავიგონეთ ტელეფონში, დედას ცრემლები წასკდა, მიშიკომ კი ასე უთხრა: ,,რა იყო დედა, კი არ მოვმკვდარვარ, რა გატირებსო“. ამის მერე გაითიშა, ვეღარც ვუკავშირდებოდით. ეს იყო მისი უკანასკნელი საუბარი დედასთან... სწორედ მაშინ, როცა უკანასკნელად ესაუბრა დედას, შინდისში ყოფილან. გამოსვლის ბრძანება მიუღიათ, მაგრამ მტრის ალყაში მოქცეულა 12 ჯარისკაცი. მხოლოდ 12 ბიჭი უწევდა მტერს წინააღმდეგობას და ტყვიას ტყვიაზე ახვედრებდა. იცით, რა ლეგენდები დადის ამ ბიჭებზე? საათ ნახევარი ეწინააღმდეგებოდნენ მტერს. კიდევ გაუწევდნენ წინააღმდეგობას... მაგრამ საავიაციო ძალა იქნა გამოყენებული და სწორედ ამის მსხვერპლნი გახდნენ. მათგან ერთი გადარჩენილა, მაგრამ, რომ დაუნახავს განგმირული თანამებრძოლები, იმასაც თავი აუფეთქებია. იმ დღესვე შესულა პატრიარქი შინდისში და ბიჭები გამოუყვანია. მიშიკომ ის მიიღო, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად სურდა. ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ ერთი განაწყენებული ადამიანი არ დაუტოვებია. ჩემი ძმის გმირობა დაფასდა.

17 აგვისტოს დავასაფლავეთ ჩვენი სოფლის სასაფლაოზე. ქრისტიანულად ავუგეთ წესი. ჩემი ძმისგან სახსოვრად ტელეფონი დამრჩა. ასე მგონია, მისი სუნი აქვს. ეს ტელეფონი დიდი განძია ჩემთვის. დღეს იმით ვართ ბედნიერები, რომ ჩვენი მიშიკოს საფლავი ვიცით.“

მიხეილ დვალიშვილის სახელი იმ ქუჩას ეწოდა, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ განახორციელა.

მიხეილ დვალიშვილი 1986 წლის 7 ივნისს ვანის რაიონ სოფელ მუქედში დაიბადა. 2003 წელს ქ. ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი დაამთავრა, შემდეგ წელს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. იქიდან კი სამხედრო სავალდებულო სასწავლებელში გაიწვიეს. 2007 წელს საკონტრაქტოს მოაწერა ხელი და სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულში ჩაირიცხა. შეყვარებული ჰყოლია, საოცრად უყვარდათ ერთმანეთი ნინის და მიშიკოს, იხსენებენ ოჯახის წევრები. მათ ნინისთან ახლაც აქვთ ურთიერთობა.

თეონა დვალიშვილი, და: „ოცნებად ჰქონდა სამხედრო ფორმის ჩაცმა. ძალიან მოსწონდა. მამა აფხაზეთის ომის მონაწილე იყო და მასაც სურდა, სამხედრო პირი გამხდარიყო. ხშირად ვიხსენებთ მის ნათქვამს: ,,ნეტავ როდის გავიზრდები, რომ ფორმა ჩავიცვაო“. სულ ასე ამბობდა, სამხედრო აკადემიაში უნდა ჩავაბარო, იურიდიულზე მშობლების ხათრით ვარო, `მამა, ჩემგან პოლიციელი არ დადგებაო, მე სამხედრო პირი უნდა გავხდეო“. იურისტობა არ უნდოდა, ვერც მოესწრო მის დამთავრებას და დიპლომის აღებას. მისი დიპლომი სექტემბერში გამოგვიგზავნეს. რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა, რა შეგრძნება იყო ეს... აიხდინა კიდეც თავისი სურვილი. მე ვეუბნებოდი, მეც მინდა ჯარში, წამიყვანე-მეთქი. `არაო მითხრა, ჯარი კაცის საქმეა. შენ რაც გევალება ის გააკეთეო“. ჯარს ვაჟკაცურ საქმეს ეძახდა. მისი სულისკვეთება მის ამ ლექსშიც ჩანს:

„ჩემო საქართველო!

შენთვის ვილოცებ, და

შენთვის ვიარსებებ.

მრავალჯერ დატანჯულო,

მრავალჯერ ჭირნახულო,

მრავალჯერ სისხლდაღვრილო -

ჩემო საქართველო!“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები