საქართველოს სამხედრო ისტორია
ბორის ცუგოშვილი

12.05.1984 - 06.06.2013

კაპრალი

შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.

2008 წლის ომი გამოიარა, დაჭრილი იყო და მეგობრებს ეხმარებოდა, მებრძოლები ამბობენ, რომ ის უშიშარი და თავდადებული ადამიანი იყო, რომ მისი იმედი ჰქონდათ. ომმა მაინც სხვანაირი მეგობრობა იცის. ომმა ისიც იცის, რას ნიშნავს ყოველდღე სიკვდილს უყურებდე თვალებში, მაგრამ, როგორც თავად ამბობდა, სამშობლოს სიყვარული და იმის შეგნება, რომ საკუთარ მიწას საკუთარ ოჯახს და შვილებს ეხმარები უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ, ამ შიშს გაძლევინებს.

ბორის ცუგოშვილის შესახებ კიდევ ბევრი დაიწერება. ბავშვობიდან მამაცი იყო, საქართველო სხვანაირად უყვარდა, თითქოს არაფრით გამორჩეული არ იყო, მაგრამ ეს არის სამშობლოს განცდაც. ნებისმიერს შეუძლია მისთვის თავის გაწირვა და ამისთვის, ამ გმირობისთვის, სიყვარულის დამტკიცებისთვის არ გჭირდება იყო განსაკუთრებული. უბრალოდ, უნდა გრძნობდე და ეს გრძნობა ბორისს ბავშვობიდან ჰქონდა.

„მისი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ახლა 11 თვისაა, მამით იამაყებს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეხსომება, ეცოდინება მაინც, რომ გმირი ადამიანის შვილია“- ასე იწყებს საუბარს კაპრალ ბორის ცუგოშვილის მამა, რომელსაც გორის რაიონის სოფელ ორთაშენში შვილი ავღანეთიდან ჩამოუსვენეს. მისი გარდაცვალების ამბავი ოჯახმა ტელევიზიიდან შეიტყო. ტარიელ ცუგოშვილის თქმით, ავღანეთში მისი შვილი ორი თვის წინ წავიდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბორის ცუგოშვილი სამშობლოსთვის მოწოდებული პიროვნება იყო.

ტარიელ ცუგოშვილი(კაპრალ ბორის ცუგოშვილის მამა) : - მეუღლე და 11 თვის ვაჟი დარჩა. მანამდე გერმანიაში იყო წასული. სამხედრო სამსახური, ეს თავისი პროფესია იყო. 2008 წლის აგვისტოს ომშიც კონტრაქტით იყო. სატანკო ბატალიონში მსახურობდა. ომის დროს დაიჭრა კიდეც. როცა აფეთქება მოხდა ორი თანამებრძოლი მკლავებში მოუკვდა. მიუხედავად ამისა, მაინც უშიშარი იყო და ამბობდა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირული ჯარისკაცი იყო.

ვიქტორ ცუგოშვილი (ბორის ცუგოშვილის ძმა):

- 2005 წელს, 18 აპრილს, ბორისი სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. სკოლაში 9 წელი დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა პოლიტექნიკურ კოლეჯში გააგრძელა, ელექტროვაგონშემკეთებელი იყო პროფესიით. კოლეჯის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურის გზა აირჩია. წელიწად-ნახევარი იყო ჯარში, შემდეგ კი პირველ კონტრაქტზე მოაწერა ხელი. ეს მისთვის მეორე კონტრაქტი იყო, ავღანეთამდე ბორისი გერმანიაში გადიოდა სამხედრო კურსებს. ის ისეთი მონდომებული ადამიანი იყო, რომ რასაც მიზნად დაისახავდა, ყველაფერს აკეთებდა. ავღანეთში გადაწყვეტილებაც ისე მიიღო, რომ არავისთვის რჩევა არ უკითხავს. მე ვიცოდი, რომ მიდიოდა, ერთხელ მოვიდა და მითხრა, უნდა წავიდეო. მისი გადაწყვეტილება საბოლოო იყო და ჩვენ ამას ვერ შევაცვლევინებდით. მამაჩემი იყო სასტიკი წინააღმდეგი. მამაჩემმა პირველი განცხადება დაუხია კიდეც, მაგრამ ბორისმა მეორედ შეიტანა და წავიდა. არასოდეს ჰქონია შიში, რომ რამე დაემართებოდა. აქეთ გვამხნევებდა არ ინერვიულოთო. დღეს ოჯახს მის გარეშე ძალიან უჭირს. ერთი წლის ბიჭი დარჩა ობლად. მეც ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. მის გარდა არც არავინ მყავდა, ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და ყოველთვის, მხარში მედგა.

ირაკლი ცუგოშვილი (კაპრალ ბორის ცუგოშვილის ბიძაშვილი): - ბორისმა ნათესაობასაც და საახლობლოსაც თავი ვაჟკაცობით და ადამიანობით დაგვამახსოვრა. იმდენად უშიშარი იყო, რომ სამშობლოსთვის თავს არ ზოგავდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ვიგრძენით ეს მისი სულისკვეთება. ჩვენ მამაცი და სამშობლოსთვის თავგანწირული ჯარისკაცი დავკარგეთ. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის. მადლობის სიგელებთან ერთად სხვა უამრავი ჯილდო აქვს მიღებული.

ნინო კურტანიძე (ბორის ცუგოშვილის მეუღლე): - ერთმანეთი 2010 წლის მარტში გავიცანით. ამ დროს ბორისი პირველი კონტრაქტით იყო ჯარში. ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა ძალიან კარგად აეწყო, შემდეგ ხელიც მთხოვა და ცოლად გავყევი. 2011 წლის 10 აგვისტოს ვიქორწინეთ.

ავღანეთში პირველად იყო, თუმცა არ ეშინოდა. ზოგადად, ისეთი პიროვნება იყო, რომ არასოდეს არაფრის შიში არ ჰქონია. როცა მითხრა, ავღანეთში უნდა წავიდეო, ვთხოვე, იქნებ გადაეფიქრებინა, მაგრამ უარი მივიღე მისგან. გადაწყვიტა და წავიდა. იქიდან მამშვიდებდა, ცოცხალი დაგიბრუნდები, არ შეგეშინდესო...

სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ბავშვი ვაჩვენე, „სკაიპით“ ვილაპარაკეთ დიდხანს, თუმცა იქაურობაზე არაფერს ამბობდა, ძალიან კარგად ვარო, იმასაც ამბობდა, რომ ისე კარგად ვარ, აქეთ თქვენი დარდი მაქვსო. ძალიან კმაყოფილი იყო, არაფერი არის საშიშიო.

ერთი შვილი გვყავს - საბა. 3 აგვისტოს ერთი წლის გახდა. რვა თვის იყო საბა, მამა რომ ავღანეთში წავიდა. სიტყვებით ვერ აგიწერთ, ისეთი თბილი მამა იყო. ბავშვი, რომ აიყვანა ხელში, მაშინ თქვა, რომ ბედნიერი ვარო, ამაზე ბედნიერი როგორ უნდა ვიყოო და ამბობდა, ჩემი შვილი ძმასავით უნდა გავზარდოო, გვერდში მეგობარივით უნდა მყავდესო. უნდოდა, რომ საბას კარგად ესწავლა, სპორტსმენი ყოფილიყო, ძალიან კარგი მამა იყო. სატელეფონო საუბარი თითქმის ყოველდღე მქონდა მასთან, ძალიან იშვიათად ყოფილა, რომ არ მოეწერა. წინა დღესაც ვურეკავდი, მაგრამ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. არ შემშინებია, იმიტომ რომ ხშირად არ ჰქონდა ტელეფონს მიღება. სულმოუთქმელად ველოდებოდით მე და საბა... ავღანეთიდან სექტემბერში უნდა დაბრუნებულიყო.

სანამ ავღანეთში წავიდოდა, მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობდით. როდესაც ბორისი წავიდა, მეც დედაჩემთან გადავედი ცოტა ხნით და იქ ვიყავი. ჩემს თავს დამტყდარი უბედურების შესახებ სწორედ იქ გავიგე. სოფელში მომაკითხეს, თავდაცვის სამინისტროს ხალხი იყო. სამხედროები რომ დავინახე, მაშინვე ყველაფერს მივხვდი. მივხვდი, რომ ქმარი აღარ მყავდა და ჩემი საბაც უმამოდ, ობლად დამრჩა...

ბორის ცუგოშვილს მხოლოდ მის სოფელში იცნობდნენ, მხოლოდ მისმა მეგობრებმა იცოდნენ, როგორი მამაცი იყო, მაგრამ ახლა მისი გამბედაობის ამბავი ყველამ გაიგო, ახლა ის გმირია, საქართველოს გმირი და მისი შვილი ყოველთვის იამაყებს. მის შვილს ეცოდინება, რომ მამა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა, თავი გასწირა იმისთვის, რომ მის შვილს და მის თაობას ძლიერ ქვეყანაში ეცხოვრა.

ქართველი გმირი ბორის ცუგოშვილი სოფელ ორთაშენში, მამაპაპისეულ სასაფლაოზე, გმირული პატივით დაკრძალეს.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები