საქართველოს სამხედრო ისტორია
ლევან მანძულაშვილი
ლევან მანძულაშვილი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1983 - 2008

 

იშვიათად სვამდა, მშვიდობის სადღეგრძელოს კი – არასდროს. ამბობდა, სანამ საქართველო დაკარგულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ დაიბრუნებს, არც დავლევო.

და სწორედ დაკარგული ცხინვალის დაბრუნების მცდელობას შეეწირა.

ხუთ საათზე მეტხანს იყო მათ რიგებში, ვინც ქვემო ნიქოზ-ზემო ხვითის გზაზე გამაგრდა და სამშობლოს დედაქალაქისკენ დაძრულ მტრის ჯარს აკავებდა. და დაეცა... სნაიპერის ტყვიით.

ლევან მანძულაშვილი 25 წლის დაიღუპა, უშვილძიროდ გადაეგო, მაგრამ გმირის სახელი დარჩა, ისეთი გმირის, როგორებიც თავად მას აღაფრთოვანებდნენ, როცა საქართველოს ისტორიას ეცნობოდა. მან ზეპირად იცოდა, როდის და რომელ ომში დაკარგა მისმა სამშობლომ თითოეული გოჯი მიწა...

დაიბადა გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში,1983 წლის 26 მაისს.

სწავლობდა ამავე სოფლის სკოლაში. როგორც ძმა იხსენებს, სწავლობდა კარგად. იმარჯვებდა მოსწავლეთა ოლიმპიადებზე, ტურებში. მეათეკლასელი იყო, გეოგრაფიის რაიონულ ტურში რომ გაიმარჯვა, შემდეგ ზონალურ ტურშიც გაუმარჯვია, რესპუბლიკურ ტურში კი მასწავლებელმა ვეღარ წამოიყვანა – ბავშვი გაუხდა ცუდად...

უყვარდა წიგნები. როგორც ძმა იხსენებს, ზეპირად იცოდა ყველაფერი - ყველა სახის იარაღზე, იცოდა წიგნებიდან. იარაღთან შეხება კი ჯარამდე არ ჰქონია. ჯარში მას „კროსვორდას“ ეძახდნენ – განათლებულობისა და ნაკითხობის გამო. თავისი ბატალიონისთვის არაერთხელ მოუტანია გამარჯვება ინტელექტუალური შეჯიბრებებიდან. ჯარამდე და ჯარის შემდეგ კი სოფელში გამართულ საზრიანთა შეჯიბრებებში იმარჯვებდა.

„სოფელში დისკოთეკის შემდეგ იმართებოდა შეჯიბრებები – „რა? სად? როდის?“ მსგავსი. რომელ მაგიდასთანაც ის იყო, სულ ის მაგიდა იმარჯვებდა. ხშირად, გადამწყვეტი კითხვების დროს, ღამით მოსულან, გაუღვიძებიათ, წაუყვანიათ და მაგას გაუცია პასუხი და გაუმარჯვიათ“, – იხსენებს ძმა.

სკოლა დაამთავრა, მაგრამ სწავლა ვეღარ გააგრძელა.

„ძალიან გვიჭირდა, არანაირი საშუალება არ გვქონდა. რომ დაამთავრა, არც ეროვნული გამოცდები არ იყო ჯერ, თორემ თავისით კიდევ გაიტანდა რამეს, მაშინ ყველაფერი ფულით იყო. კაპიკიანის გასაქანი არ გვქონდა. მოწყობის კი არა, იმის ფულიც არ გვქონდა, რომ რეპეტიტორთან მაინც მოგვემზადებინა. რა უნდა ექნა მარტო სკოლის ცოდნით, თან სოფლის სკოლის...“ – გულმოკლული მიამბობს ძმა.

ლევანი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. წელიწადნახევარი იმსახურა შინაგან ჯარში. დაბრუნდა სოფელში.

„პატიოსნად იმსახურა. კაცის ჩაგვრა მაგას არ უყვარდა და ყოველთვის იმაზე ფიქრობდა, ვის როგორ დახმარებოდა და ვისთვის რა პატივი ეცა. მაღალი ბიჭი არ იყო. არ სვამდა, სიგარეტი ცხოვრებაში არ მოუწევია, სულ ვარჯიშობდა“...

ჯარმოვლილი სოფელში დაბრუნდა. მერე ისევ ჯარისკენ გაუწია გულმა.

მაგრამ პირველად კარანტინი ვერ გადალახა – დაიწუნეს მეხუთე ხარისხის ბრტყელტერფიანობის გამო. მაინც არ მოეშვა. მეორედაც წავიდა. მეორე ბრიგადაში ჩაირიცხა, მაგრამ შემდეგ სხვა ბატალიონში გადაიყვანეს.

„არტილერიის ბატალიონი მაშინ იქმნებოდა, იქ გადაიყვანეს, მაგრამ თავიდან პირობები არ იყო, თებერვალი იდგა, გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. გამოუშვეს. მკურნალობდა. ერთ დღეს კი სახლიდან გაგვეპარა – წყალზე წავიდა, კანისტრა გაისროლა, ახტა ავტობუსში და ნაწილში წამოვიდა, 22-ე ბატალიონში, მეორე ბრიგადაში, სადაც თავიდან ჩაირიცხა. არადა ჯერაც მკურნალობდა, წამლებს სვამდა ისევ. ბიჭები მიყვებოდნენ, კროსი ჰქონდა სარბენი, ბოლოს ლამის წაიქცა, მაგრამ მაინც გავიდა ბოლომდე და ჩააბარაო. არ ამხელდა ნაწილში და წამლებს ჩუმად სვამდა კარგახანს. მერე ვარჯიშით მოძლიერდა ძალიან.

დარჩა საკონტრაქტო ჯარში. რამდენიმე თვე კრწანისის პოლიგონზე გადიოდნენ წვრთნებს. რამდენჯერმე მეც ვნახე, როგორ მიბობღავდნენ ტალახში. შემდეგ სენაკში გადავიდა მათი ბატალიონი. ქუთაისის მეორე ბრიგადაა, მაგრამ დისლოკაციის ადგილი სენაკში იყო. შემდეგ 7 თვე ერაყში იყო, ბაღდადში ჰუსეინის ცოლის სასახლესთან იდგნენ ჩვენი ბიჭები. არც იქ მიუღია რამე შენიშვნა, პირიქით, სულ მადლობებს იმსახურებდა

ბაღდადიდან დაბრუნებული, ჩვეულებრივ, სენაკში მსახურობდა. გზაში მთელი დღე ეკარგებოდა და შინ იშვიათად ჩამოდიოდა. ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის – „ფაგოტის“ გათვლის მეთაური იყო. ამერიკული დანადგარია, ტანკებს ანადგურებს, ეგ ადგენდა კოორდინატებს, სად უნდა ესროლათ...“

ომში 7 აგვისტოს წავიდა. კარალეთის გზაზე იყო, ძმას რომ დაურეკა: კარალეთის გზაზე ვართ, ომში მივდივართო. მათი ბატალიონი ნული-ავნევის მიმართულებით წავიდა.

„ბიჭები მიყვებოდნენ, სიცილ-ხარხარით მივდიოდით, ერთმანეთს ვამხნევებდითო... ერთ-ერთ სურათში ჩემი ძმა ჩანს, ოფიცერთან დგას და რუკას დასცქერის. ალბათ, გეგმავდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ჩემი ძმა, როგორც გორელი, რაღაცას უხსნიდა. ჩემმა ძმამ გორიც კარგად იცოდა და რუკაც. ამაზონი იცოდა და გორის რუკა არ ეცოდინებოდა?!. მერე ვურეკავდი და უკვე გამორთული ჰქონდა ტელეფონი, ბატარეას უფრთხილდებოდა, რომ არ დამჯდარიყო. მერე ღამის ორ საათზე დამირეკა: ხეთაგუროვში შევედით, გავწმინდეთო. ნულში იბრძოდნენ, ავნევში, ხეთაგუროვში...

ბოლოს 11 აგვისტოს ველაპარაკე. ამ დროს უკვე ქვემო ნიქოზი-ზემო ხვითის გზაზე იყვნენ განლაგებულნი. 10 აგვისტოს გადმოიყვანეს აქ და ღამით დაიკავეს პოზიციები. 22-ე ბატალიონს უნდა შეეჩერებინა რუსული ტანკები და ჯარი. ქვემო ნიქოზიდან ჩამოდის გზა ზემო ხვითისკენ, იქ იყვნენ განლაგებულები. მას ევალებოდა „ფაგოტის“ სროლა, რომლითაც უნდა გაენადგურებინა რუსული ტანკები. 11 აგვისტოს დილის 11 საათისთვის ველაპარაკე, მომატყუა, კანტიკუნტი სროლააო. მერე ბიჭებმა მითხრეს, რომ სროლები იყო, მაგრამ იმ დროს ჯერ მხოლოდ ავტომატიდან ესროდნენ. 12 საათისთვის დაწყებულა რუსების შემოტევა, მოდიოდნენ აუარებელი ტანკით, „ბეტეერით“, აუარებელი ქვეითი ჯარისკაცით. ადგილობრივები მიყვებოდნენ, პირდაპირ მათთან მოუწიათ შეჯახებაო. დარჩნენ ბიჭები, იბრძოლეს...

რუსების შემოტევა 12 საათისთვის დაიწყო და ჩემი ძმა სადღაც ხუთი საათისთვის დაიღუპა...

მე ვნახე ის პოზიცია, რომელიც მას ეკავა. ხესთან იყო, პირდაპირ უყურებდა ნიქოზიდან ჩამომავალ გზას. იმ ადგილას მტრის ჯავშანტექნიკა ყოფილა მწყობრიდან გამოსული. ჩემი ძმის „ფაგოტიდან“ 20 მეტრში ტანკი იყო აფეთქებული, „ბაშნია“ ჰქონდა მომძვრალი, რუსები იყვნენ ჩახოცილი. მიყვებოდნენ, იმ აფეთქებული ტანკიდან სროლის ტრაექტორიას რომ გავყევით, პირდაპირ შენი ძმის „ფაგოტთან“ მივედითო. „ფაგოტიდან“ 2 მეტრში კი ჩემი ძმა იყო მკვდარი.

ზოგმა თქვა „პულიმიოტის“ ჯერი მიუშვესო, მაგრამ ერთი ტყვიით იყო მკვდარი. სნაიპერმა მოკლა. ადგილობრივები მომიყვნენ, ჯავშანჟილეტის გვერდით იყო გავლილი, ცოტა იქით რომ მოხვედროდა, ჯავშანჟილეტი შეაკავებდაო. ადგილობრივებმა მითხრეს, მხრის დაბლა ჰქონდა მოხვედრილიო. ხელი ჰქონდა, ალბათ, აწეული, ავტომატს რომ ისროდა. ბოლოს „ფაგოტთან“ ვეღარ მიდიოდა, იქვე ამბარი იყო, იმას ეფარებოდა და ავტომატით ისროდა. ის ამბარიც ვნახე, სულ დაცხრილული იყო. 19 დღის მერე გადმოასვენეს. ექსპერტმა მითხრა, უკან აქვს თავში გამავალი ჭრილობაო. ალბათ, მოძრავი ტყვია იყო...“

ლევან მანძულაშვილი მეორე დღეს იპოვეს ხვითელებმა და სოფელში, სამების ეკლესიის სასაფლაოზე მიაბარეს მიწას, ჯვარიც დაადგეს და გვარ-სახელიც მიაწერეს. ლევანს ფორმაზე ეწერა – „22-ე ბატალიონი. ლევან მანძულაშვილი“. სამშობლოსთვის დაღუპული გმირი დაღუპვიდან 19 დღის შემდეგ გადმოასვენეს საპატრიარქოს ძალისხმევით.

„მამა გედეონმა ჩამოასვენა გორში. სოფელში დავკრძალეთ. მედალი მისცეს მხედრული მამაცობისთვის.

მორწმუნე ბიჭი იყო. წირვას არ აცდენდა, მარხვას ინახავდა. მეორე ბრიგადის მოძღვარმა მითხრა, ჩემი სულიერი ძმა იყო, ბრძოლაშიც ერთად ვიყავითო, ჩვენ რომ გამოვედით, ისევ იბრძოდაო. მოძღვარმა 50 კაცი გამოიყვანა იმ კოშმარიდან ცოცხალი. ბიჭები მიყვებიან, რომ ბოლოს მთელი ხვითი სავსე იყო რუსებით, ყველა სახლსა და ბაღში იდგნენ, ალყაში ვიყავით და სანამ შეგვეძლო, ვიბრძოდითო... ყველაფერი ქართული უყვარდა, სიმღერებიც... ფოლკლორი უყვარდა ძალიან, ყველაზე მეტად – „თუ ასე ტურფა იყავი“, ჰამლეტ გონაშვილის ნამღერი...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები