საქართველოს სამხედრო ისტორია
ზურაბ აბრამიშვილი

კაპრალი

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1987 – 2008

 

ის გმირია – დაიღუპა მამულისთვის. ზურა ვარიანელია... იაკობის სოფლიდან. ზურა ამაყობდა, რომ ღმერთკაცის სოფლიდან იყო.

ბავშვობაში ჰქონდა ტირის თოფი და ჩიტებზე სანადიროდ დადიოდა, ერთთავად ლიახვზე იყო საბანაოდ, მერე დავაჟკაცდა და როცა ლიახვის ხეობას მტერი შეესია, უკვე სამშობლოს ჯარისკაცი, თავის ტყვიამფრქვევით ნადირობდა მტერზე...

ბრძოლით გაიარა ცხრა სოფელი ცხინვალამდე. მტრისგან 14 წლის წინათ წართმეული ცხინვალის დაბრუნებით გამარჯვებაც დაიგემოვნა. ბოლოს ხეთაგუროვში იყო ჩასაფრებული, თანამებრძოლებთან ერთად, როცა ტყვია-წამალი შემოელიათ. ზურა ტყვია-წამლის მოსატანად გავარდა

იქვე ახლოს, ზემოთ, ნაძვებთან და ის-ის იყო, უნდა წამოეღო, რომ პირველი საავიაციო დაბომბვა დაიწყო...

21 წლის ჭაბუკს, ზურაბ აბრამაშვილს რუსული ბომბის ნამსხვრევმა წაართვა სიცოცხლე... და აზიარა უკვდავებას...

ჯარისკაცის მამას, გიორგი აბრამაშვილს შორს არ მოუწია ომში წასული შვილის ძებნა. ცხინვალიდან უკანდახევის შემდეგ, 42-ე ბატალიონი (სადაც ზურა მსახურობდა) მის სოფელში, ვარიანში, მეტიც, სწორედ მის ბაღში განლაგდა. 10 აგვისტოს დილით შევიდა თავის ბაღში, ბიჭებთან მივიდა, რომელი ბატალიონიდან ხართო. მისი ვაჟის ბატალიონი რომ აღმოჩნდა, იკითხა, ზურას თუ იცნობთ აბრამაშვილს, სად არისო. ვინ ბრძანდებითო, კითხვა შეუბრუნეს ბიჭებმა. დამალა, რომ მამა იყო. მეზობელი ვარო. „ზურა დაიღუპა“, - უთხრა ზურას თანამებრძოლმა. კიდევ რაღაცას უხსნიდა, მამას აღარაფერი ესმოდა, ჯარისკაცი, ალბათ, უყვებოდა, რა ვითარებაში დაიღუპა ზურა, მაგრამ მამას არ ესმოდა. ელდანაცემი, რომ არ წაქცეულიყო, იქვე თავის ქოხთან მდგარ მანქანას მიეყრდნო და აღმოხდა: „ვაიმე, შვილო“...

მაშინღა იცნო ომგამოვლილმა ჯარისკაცმა ძმობილის მამა...

განადგურებულ მამას შვილის თანამებრძოლები მისცვივდნენ დასამშვიდებლად, აიმედებდნენ, იქნებ ცოცხალიაო... მამამ უკვე იცოდა მწარე სიმართლე...

„წყნარი, დინჯი, უკონფლიქტო ბიჭი იყო, ყველა უყვარდა, უთანხმოება არავისთან ჰქონია...“ – მძიმედ, სვენებ-სვენებით იწყებს გმირ ვაჟზე თხრობას მამა... ისევ მრავლისმთქმელი, სევდით ნაფერი პაუზა...

თხრობას გმირის ერთადერთი ძმა აგრძელებს: „ზურასგან არაფერი ზედმეტი არ გაგვიგია, პირიქით, ყველა კმაყოფილი იყო, ყველა მასთან მეგობრობდა და ყველას უყვარდა. ერთთავად მეგობრებთან იყო. ცელქი და ხიფათის მაძიებელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ თუ რამეს აკეთებდა, რაღაც მაინც უნდა სტკენოდა, ან ხელი, ან ფეხი... ერთხელ დედამ ქვაბით წყალი აადუღა, კიბეზე ჩამოდგა, ზურა პატარა იყო, 9 თუ 10 წლის, წყლის გადადგმა მოინდომა, არ იცოდა, ცხელი რომ იყო, მოკიდა ქვაბს ხელი და მთელ ტანზე გადაისხა, დაიფუფქა...“

მამა: „ამ შემთხვევის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, კიბიდან ჩამოვარდა და ლავიწის ძვალი გაიტეხა. ეს ძვალი ზუსტად იმავე ადგილას მეორედაც გაიტეხა, როცა ჭიდაობაზე შევიყვანეთ. 13 წლის იყო. იძულებული გახდა, ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა. რთული ბავშვი არ იყო. ხალისით გაატარა ბავშვობა. მეტ-ნაკლებად სწავლობდა, ისე, რომ არც მასწავლებლები იყვნენ უკმაყოფილო და არც ჩვენ. არ იყო მომთხოვნი, პრეტენზიული, რაც ჰქონდა, იმას სჯერდებოდა. არ მახსოვს, ეთქვას, ეს მიყიდეთ, ის მიყიდეთ... ის კი არა, რამე ახალს რომ ვყიდულობდით, ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს, და მის მეგობარს არ ჰქონდა, იმას ჩუქნიდა და თვითონ ისევ ძველებს იცვამდა. ჯარშიც ასე იყო, ვუყიდდით რამე ახალს, გავატანდით, მოვიდოდა და ისევ ძველები ეცვა, ბიჭებს ჩუქნიდა...“

ძმა: „ერთთავად მდინარეზე იყო და თუ მოძებნა გვინდოდა, ვიცოდით, სადაც უნდა გვეძებნა – ლიახვზე. თევზაობაც უყვარდა, თევზაობაზე მეტად – ჩიტებზე ნადირობა. სულ ტირის თოფით დადიოდა. ნადირობა უყვარდა, თორემ ჭამაზე დიდად არ იკლავდა თავს. სოფელში მუშაობა არ ეზარებოდა, პირიქით, უყვარდა, ჯარიდან ბევრჯერ დაღლილი მოსულა, მაგრამ მაინც მხარში ამოგვდგომია, საქმე გაგვიკეთებია...“

მამა: „მარტო ერთი თქმა უნდოდა: ზურა, დღეს ეს უნდა გავაკეთოთ, მეორედ თქმა საჭირო აღარ იყო...“

ძმა: „ყოველთვის ამაყობდა, რომ ვარიანიდან იყო, იაკობ გოგებაშვილის მშობლიური სოფლიდან, ამისთანა ღმერთკაცი გვყავდა, მთელ საქართველოს დედა ენა გვასწავლაო. სულ იმას ამბობდა, რომ ვარიანის გარდა, ვერსად ვერ იცხოვრებდა. მართლაც, ერთი ღამეც კი უჭირდა სხვაგან დარჩენა...“

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური რომ მოიხადა, კონტრაქტით დარჩენა გადაწყვიტა. დედაც უშლიდა, მამაც, ძმაც, მაინც დარჩა.

მამა: „რომ ვუშლიდი, მითხრა, ყველანი ვრჩებით კონტრაქტით და მე გამონაკლისი არ ვიქნებიო. სადაც ჩემი მეგობრები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო. რაღა უნდა მეთქვა?“

ჯარში დარჩენას აპირებდა, ძმას ეუბნებოდა თურმე, ეს ოთხი წელი რომ გავა და კონტრაქტს ვადა გაუვა, კიდევ უნდა დავრჩეო.

ის სამშობლოს უვადო ჯარისკაცად დარჩა. მალე ომი დაიწყო.

ომის დაწყებამდე სამი დღით გამოუშვიათ შინ, თან თავისი ძმაკაცი ჯარისკაცები მიუყვანია სახლში. უქეიფიათ. ძმამ 2 აგვისტოს ჩააცილა გორამდე.

დედას დღემდე ხინჯად აქვს გულზე ზურას ბოლო სიტყვები. დედა-შვილი რაღაცაზე შეკამათებულან. ზურას რაღაც სიტყვა სწყენია. სწყენია, მაგრამ მარტო ის უთქვამს, წავალ და აღარ მოვალო...

ოჯახს მას მერე არ ულაპარაკია ზურასთან, რაც ქვეყანაში სიტუაცია აირია, ტელეფონი სულ გამორთული ჰქონდა.

ძმა: „ვაზიანიდან რომ გამოვიდა ჯარი და აქეთ დაიძრა, მაშინ ჩაურთავს ცოტა ხნით ტელეფონი და ჩემთან დაურეკავს. მაინცდამაინც მაშინ მქონდა ტელეფონი გამორთული. მერე ჩემს ძმაკაცთან დარეკა, მანდეთ მოვდივართო. დანარეკი რომ ვნახე, ვრეკავდი, ვრეკავდი, მაგრამ სულ გამორთული ჰქონდა...“

ბრძოლით გაიარა 9 სოფელი. იბრძოლა ცხინვალში. ბოლოს ხეთაგუროვში იყვნენ ჩასაფრებული.

ძმა: „თანამებრძოლებისგან ვიცი, ჩასაფრებაში ვიყავით, დაბლა გაშლილები, ერთად 9 ბიჭი ვიყავით, ტყვია-წამალი შემოგველია, ვერავინ ვერ მივდიოდით, დაზაფრულები ვიყავით, გავიგეთ, რომ ავიაცია მოდიოდა. ჩვენი ტყვია-წამალი ზემოთ, ნაძვებთან იყო, ზურამ გვითხრა: ბიჭებო, რისი გეშინიათო, და გავარდა ტყვია-წამალზე, თან ორი ბიჭი გაიყოლა... როგორც მიყვებიან, მარტო მაშინ კი არა, ყველგან პირველი გარბოდა, სადაც საჭირო იყო. ასმეთაურმაც მითხრა, ისეთ რაღაცებს აკეთებდა, პირღია მტოვებდაო. უშიშარი იყო, ყველგან პირველი გარბოდა, ძახილით: „წავედით, წავედითო“... ნაძვებთან ტყვია-წამალზე რომ ავიდა, განგაში ატეხილა, ჰაერი მოვიდა, დაწექით, დაწექითო. დაწოლილან და რაღაც გასკდა. ტყვია-წამლის წამოღება ვეღარ მოასწრეს, სამივე ბიჭი დაიღუპა, ქვემოთ დარჩენილი ექვსი ბიჭიდან ორი დაიჭრა, გადარჩნენ. ვისაც ტყვია-წამალი ებარა, ის ბიჭი ვნახე შემდეგ, გურჯაანელი ბიჭია. ის მომიყვა, ტყვია-წამალი რომ უნდა წამოეღო, მაშინ დაიწყო დაბომბვა და ზურა საძილე არტერიაში დაიჭრა. ვცდილობდი, მეშველა, მაგრამ მეც დავიჭერი და მერე აღარაფერი მახსოვსო. მერე ტყვედაც ჰყავდათ ის ბიჭი...“

მამა: „9 აგვისტოს გორის ჰოსპიტალში ჩავედი, დაჭრილებში ვეძებდი ჩემს შვილს, ვერც მკვდრებში ვნახე, ვერც ცოცხლებში. ვარიანში რომ ავედი, ვნახე, რომ ცხინვალიდან უკან დახეული ჯარი ჩემს ბაღში იდგა. გავსებული იყო ბაღი ჯარისკაცებით. მეორე დილით, გათენდა თუ არა, ბაღში ჩავედი, ვკითხე: ბიჭებო, რომელი ბრიგადიდან ხართ-მეთქი. მეოთხე ბრიგადიდან, 42-ე ბატალიონიდანო. ზურა აბრამაშვილს არ იცნობთ-მეთქი? თქვენ ვინ ხართო. ვიფიქრე, რომ ვუთხრა, მამა ვარ, სიმართლე არ დამიმალონ-მეთქი და ჩემი შვილი მეზობლად გამოვაცხადე. დაიღუპაო... უცებ გავითიშე. ახალციხელი ბიჭი იყო, ზურას ძმაკაცი, უცებ ვერ მიცნო, იმან მითხრა. მელაპარაკებოდა ის ბიჭი, მაგრამ არ მესმოდა, რას მელაპარაკებოდა. იქვე მანქანა იდგა, ავეყუდე და ვაიმე, შვილო-მეთქი. ეს რომ გაიგეს, ბიჭები მომცვივდნენ: დაიცა, ძია, იქნება ტყუილიაო, რაღა ტყუილი უნდა ყოფილიყო, მისი ბატალიონის ბიჭებმა მითხრეს... საღამოს ოთხი ბიჭი მოვიდა ჩვენთან სახლში, ბიჭებმა პირდაპირ გვითხრეს, ძალიან გვეძნელებოდა აქ მოსვლა, მაგრამ დასამალი რაღაა, ზურა 8 აგვისტოს, დილით, დაიღუპა, როცა ტყვია-წამალზე ავიდაო...“

ოჯახმა გაიგო, რომ ზურა დაიღუპა.

ძმა: „ბევრი რაღაც გვითხრეს...

26 აგვისტოს გადმოსვენებულ 42 ბიჭს შორის იყო, მუხათგვერდში იყო დაკრძალული.

ზაქარო აბრამაშვილი: „დეენემით“ გაირკვა, რომ ზურას ცხედარი იყო #7, დაკრძალული იყო მუხათგვერდში...“

მამა: „სამშობლოს მოსიყვარულე ბიჭი იყო და სამშობლოსთვის დაიღუპა...“

მამამ არ იცის, იყო თუ არა შეყვარებული მისი ვაჟი. ძმამ იცის, რომ ერთი გოგო მოსწონდა...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები