უფროსი ლეიტენანტი
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1982 – 2008
9 აგვისტოს ის ორჯერ შევიდა ცხინვალში – დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად. მესამედაც შევიდა თანამებრძოლებთან ერთად – ცხინვალის სამხრეთით, ნიქოზის მხარეს, ე.წ. შანხაის ტერიტორიაზე, მტერს მშენებარე სახლში ასეული ჰყავდა ალყაში.
შევიდნენ. ალყა გაარღვიეს. დერეფანი გაუკეთეს ბიჭებს, გამოვიდა ბოლო ბიჭი და იმ ბოლომ დაინახა, როგორ დაეცა ილია ბაბუციძე. სნაიპერმა არტერია დაუზიანა.
„ღმერთო, მიშველეც“ ვეღარ თქვა, ხმა ვერ ამოიღო და ჯვარი მიიტანა პირთან... არადა შტაბის წევრი იყო და არანაირად არ ევალებოდა ბრძოლის ველზე გაჭრა. მაგრამ მას საკუთარი თავი და სინდისი ავალებდა, ასე მოქცევას.
26 წლის დაიღუპა და ამ 26 წლიდან 18 წელი გასამხედროებული იყო მის ცხოვრებაში.
დაიბადა სამაჩაბლოში, სოფელ ქვემო აჩაბეთში. სკოლაში შეყვანამდე იქ იზრდებოდა, მერე თბილისში გადმოვიდნენ, მამა 31-ე ქარხანაში მუშაობდა. პატარა ილო სკოლაში თბილისში შეიყვანეს მშობლებმა, მაგრამ მამამ მალევე მიატოვა 31-ე ქარხანა და უკან, სამაჩაბლოში, დაბრუნდა – მამა-პაპის საფლავების დასაცავად.
ბავშვები თბილისში იყვნენ, მშობლები – სამაჩაბლოში. ილო, თავის უფროს დასთან ერთად, მასზე 4 წლით პატარა ძმაზეც ზრუნავდა – მეორე მამასავით ედგა. ზაფხულობით სამაჩაბლოში ჩადიოდნენ და გაუთავებელი სროლების, არეულობის მოწმე ხდებოდნენ. სოფელი მორიგეობდა, შტაბები ჰქონდათ, ვისაც რა იარაღი მოეპოვებოდა, იმით იცავდა საკუთარ სახლ-კარს. პატარა ილო ამ ყველაფრის მომსწრე იყო.
დედა: „ზაფხულობით რომ ჩავიყვანდით, მაინცდამაინც მაშინ ირეოდა სიტუაცია, ატყდებოდა სროლები, ბავშვები განცდებში იყვნენ, ხან ვახერხებდით გამოყვანას, ხან – ვერა. უყურებდა, როგორ იცავდნენ საკუთარ მხარეს მამამისი, თანასოფლელები, ეს ჩაჰყვა გულში, მხარის სიყვარული, ვაჟკაცობა. ცხოვრებამ გამოიყვანა ასეთი ვაჟკაცი“.
მერე, 14 წლისა კადეტთა კორპუსში შევიდა, დეიდაშვილს მიჰბაძა – ათი წლით უფროსს. და დაიწყო ნამდვილი სამხედრო ცხოვრება. შინ მხოლოდ შაბათ-კვირას იყო. კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ხმელნიცკში, უკრაინის სასაზღვრო აკადემიაში სწავლობდა 4 წელი და ახლა მხოლოდ ზაფხულობითღა ჩამოდიოდა შინ, ერთი თვით.
მერე სამშობლოში დაბრუნდა. გირევში გაანაწილეს. იქ მოუხდა პირველად რუსებთან შეჯახება – რუსეთიდან 4 მესაზღვრე გადმოვიდა, ქართველი მესაზღვრეების ლიკვიდაციის მიზნით. შეტაკება მოხდა – ორმა ქართველმა მესაზღვრემ სამ რუს მესაზღვრეს ერთი მკვდარი მესაზღვრე გაატანა უკან. მერე იყო ომალო და იქ გატარებული ზამთრის სეზონები. მსახურობდა ლაგოდეხშიც. შემდეგ თავდაცვაში გადავიდა. მეხუთე ბრიგადაში მსახურობდა, ბათუმში, ბატალიონის კავშირგაბმულობის უფროსად. არადა გული აქეთ, თბილისისკენ მოუწევდა, ოჯახიც აქეთ ჰყავდა და შეყვარებულიც.
გადმოსვლა უნდოდა, მაგრამ არ უშვებდნენ. მერე პირობა მისცა, სისტემასაც ავაწყობ, შემცვლელსაც დავტოვებ და გამიშვითო. შეასრულა ეს პირობა და გამოუშვეს. მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა, 42-ე ბატალიონში. მერე იყო ომი...
დედა: „არეულობა რომ დაიწყო, მე და ჩემი გოგო აჩაბეთში ვიყავით. ისეთი სროლები იყო, შეუჩერებელი, რომ ორივე ვცახცახებდით, ხმას ვერ ვიმორჩილებდით, არაფრით არ ჩერდებოდა სროლები, მეზობლებმაც ჩვენს სახლს შემოაფარეს თავი. მეორე დღეს ჩვენი მეზობელი წამოვიდა „მარშრუტკით“ და ეს ბავშვები გამოვატანეთ, ჩემი გოგოც გამოვაყოლე. ილოს სურათები მოჰქონდა, არ გამოვატანე, რად გინდა, აქ არ დავბრუნდებით-მეთქი?.. იმ სურათებზე მწყდება გული... სამი საათისთვის გამოაცხადეს, ცხინვალში ჩვენი ბიჭები არიან, ორივე მხარე დაიკავესო. დავმშვიდდით, მერე ისევ პანიკა ატყდა.
რა მექნა, არ ვიცოდი, ამასობაში ილიამ დამირეკა, თამუნა გამოგზავნეო? კი-მეთქი. შენაო? არ ვიცი, შვილო, ასე ამბობენ, სოფელი უნდა დაიბომბოს-მეთქი. არ ვიცი, მე ეგ ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ, რადგანაც ამბობენ, შენც წამოდი, სადაც ხალხი, იქაც შენო. ამ დროს თურმე ომშია თვითონ... და მე მგონია, გორიდან მირეკავს... წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვდიოდი, ხან სახლს გავყურებდი, ხან – საქონელს. დატოვება მიჭირდა. მერე საქონელს თივა დავუყარე, წყალი დავუდგი, სარეცხი ავკრიფე, სახლი დავკეტე, პასპორტიც არ ამიღია, ერთადერთი ტელეფონი მეჭირა ხელში, რომ კავშირი მქონოდა ბავშვებთან. იმ ტელეფონით, სახლის ფლოსტებით გამოვიქეცი, იმ განწყობით, რომ 2-3 დღეში უკან მივბრუნდებოდი. რის ვაი-ვაგლახით გამოვაღწიე გორის ტრასამდე. საღამოს 8-ის ნახევარზე, გორის ტრასაზე ვიდექი, ილომ რომ დამირეკა და ველაპარაკე. მანდ არ გაჩერდე, ტაქსს გაჰყევი და თბილისში მამა მოგხედავსო. კარგი, შვილო-მეთქი. რაღაც მძიმედ ისმოდა... დიდ ომში იყო, წინ მიდიოდნენ... დიდუბეში ჩემი უმცროსი ბიჭი, გურამი დამხვდა, შენი დარდი აღარა გვაქვს, ილიას დარდი გვაქვსო. რატომ-მეთქი? იქითაა ნიქოზისკენო... იმის მერე კავშირი აღარ გვქონია ილიასთან.
ორივე ტელეფონი გათიშული ჰქონდა. არც ისინი აღარ გვპასუხობდნენ, ვისი ტელეფონებითაც გვიკავშირდებოდა... ასეთი იყო ჩემი ილოს ამბავი. მე მითხრა: დე, თავს უშველე, წადიო, და თურმე იქ არ დამიტოვებია ჩემი ბიჭი. გამოვაღწიეთ, დამრჩა ყველაფერი იქ, ის სურათები მენანება ილოსი... საკლავს ვუზრდიდით საქორწილოდ, სექტემბერში ღვთისმშობლობაზე უნდა მოგვეყვანა, რესტორანი არ მიყვარსო, სოფელში უნდა გადავიხადოო. სიყვარული ჰქონდა იმ მხარისა, ბოლო წუთებამდე შემართებით იყო ამ სიყვარულით“.
ილია ბაბუციძე 9 აგვისტოსვე გადმოასვენეს გორში.
„ნინომ მითხრა, მოგიყვანთ შენს ილიასო. მომიყვანეს. როგორც მძინარე, ისეთი იყო ორმეტრიანი ვაჟკაცი... ასე აეწყო ჩემი ილოს ცხოვრება.
ძალიან მადლობელი ვარ ბიჭების, რომ იქ არ დამიტოვეს და გამომიყვანეს შვილი... მეცხრე კლასიდან ჯარისკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა, თავისი შრომითა და ცოდნით იკვალავდა გზას, უკრაინაში რომ სწავლობდა, თვითონ უვლიდა თავს, დაბადების დღეზე თუ გავუგზავნიდით 20-30 დოლარს, ეგ იყო, მთელი წელი თვითონ წვალობდა. კი იყო იქ უზრუნველყოფილი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ჩვენც გაგვეგზავნა... გაიტანა თავი ბოლომდე. როგორც კი ააწყო ცხოვრება, წინსვლას ველოდით, სექტემბერში უნდა დაქორწინებულიყო. სოფელში უნდოდა ქორწილის გადახდა. აჩაბეთი უყვარდა ძალიან...“
მამა: „როგორც თანამებრძოლებისგან ვიცი, მან, ფაქტობრივად, თავი შესწირა, შემთხვევით არ დაღუპულა. 9 რიცხვში ცხინვალში შესვლა აღარ შეიძლებოდა, ეგ 3-ჯერაა შესული, თან არავის დაუვალებია...
წინაღამეს დაეკარგათ ოთხი ჯარისკაცი, არ ჩანდნენ. ილოს მთელი ღამე არ სძინებია თურმე. ტიროდა, ნეტა, შევსწრებოდი, რამეს ვუშველიდიო. გამთენიისას, რომ უთხრეს, ცოცხლები გამოჩნდნენო, ძლიან გახარებია“.
დედა: „ვერ იტყოდი, რომ ის 26 წლის ბიჭი იყო, იმდენად წინ იხედებოდა.... “
მამა: „ძალიან სამართლიანი იყო. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ჯარისკაცები შვილებივით უყვარდა...“
ილო ამ ქვეყნად აღარაა. ომის კვალი დედამისის თვალებს ატყვია...