15.01.1967 - 30.09.2010
პოლკოვნიკი
მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს, სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კასპის რაიონში მისი სახელი და გვარი ყველამ ზეპირად იცის. ამიტომაც, როდესაც წიგნის „გმირი“ მესამე ნაწილზე მუშაობა დავიწყეთ, კასპში პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის ოჯახის პოვნა არ გაგვჭირვებია. ოჯახი, დღემდე მასზე მოგონებებით ცხოვრობს. მეუღლე და ორი შვილი დარჩა ობლად, თუმცა შვილებს ყველაზე მთავარი - ღირსეული მამის და გმირის წოდება დაუტოვა სამახსოვროდ. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი 43 წლის იყო, როდესაც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. 2010 წლის 30 სექტემბერს მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა ქართველი გმირების გვერდით, რომლებმაც, მის მსგავსად საკუთარი თავი ქვეყნის ინტერესების დასაცავად სამსხვერპლოზე გაიტანეს.
სამაჩაბლოს, აფხაზეთის და აგვისტოს ომგამოვლილს, როგორც ჩანს, სამშობლოს მიწაზე სიკვდილი არ ეწერა, თუმცა კარგად აცნობიერებდა იმ მისიის მნიშვნელობას, რომელმაც ავღანეთში წაიყვანა. არაერთი ჯილდოს მფლობელს, ჯარში დისციპლინის კონტროლი ევალებოდა, თუმცა, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ხშირად ის მოწინავე პოზიციაზე იდგა და შვილისტოლ ბიჭებთან ერთად თავდადებით იბრძოდა. ეკლესიის მშენებლობაზე მუშაობდა თურმე, იქვე მოძღვარიც ჰყავდა, რომელსაც აღსარებებს აბარებდა და თავის ყველა ნაბიჯზე კურთხევას სთხოვდა. სპორტსმენი იყო, ფიზიკურად ძლიერი და მტერს ყოველთვის პირველი ხვდებოდა. ბევრი ისტორია აქვს მის მეუღლეს მოსაგონარი. ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და მთელი ცხოვრების ერთად გატარებას გეგმავდნენ, რომ არა ავღანეთი...
ნინო გოგიაშვილი (მეუღლე):
- რამაზს ბავშვობიდან ვიცნობდი. შემდეგ ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით იურიდიულ ფაკულტეტზე. ჩვენი სიყვარულის ისტორია კი 1992 წელს დაიწყო, როცა ის სამძებროს უფროსად მუშაობდა. მალევე დავქორწინდით.... რამაზი ძალიან ერთგული და მეგობრული იყო... ასე მგონია, რამაზისნაირი არავინ არის დედამიწაზე... ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მეუღლე ვარ, ყველა ასე თვლის. ყველას მიმართ ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. პროფესიის გამო კი შეიძლება ყველაფერი გადაედო და საქმისთვის დაეთმო მთელი დრო. 1991 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა... არც ერთი ბრძოლა არ გამოუტოვია. 90-დან 93-წლის ჩათვლით, ჯერ აფხაზეთის ომი მოიარა, მერე სამაჩაბლო, ყველა ომმა მის თავზე გადაიარა, თანაც ყოველთვის ცხელ წერტილში იბრძოდა, წინა ხაზზე... 2005 წლიდან უკვე თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა. 5 წელი იყო იქ. 2008 წლის ომშიც იბრძოდა. მინისტრის ჯილდო და იარაღიც კი მიიღო საჩუქრად, თავგანწირვისთვის. ავღანეთში ეს მისი პირველი მისია იყო. მაგრამ მანამდე აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს და 2008 წლის ომი გამოვლილი ჰქონდა, ყველა ომში აქვს მონაწილეობა მიღებული და დაჯილდოებულია სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ საომარ მოქმედებაში და დაჯილდოებული იყო საბრძოლო თავგანწირვის მედლით და 2008 წელს მინისტრის ჯილდო ჰქონდა, იქაც თავგანწირვისთვის.
სპორტსმენი იყო, მოჭიდავე და ამიტომ, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, არაფერს უშინდებოდა. ფიზიკურადაც და სულითაც ძლიერი ადამიანი იყო. ყველა სპორტსმენი გულადი და უშიშარია. რამაზიც ასეთი იყო. სამძებროს განყოფილების უფროსი იყო და თუ კი რამე დანაშაული ხდებოდა, საქმის გახსნის მხრივ კასპის რაიონი, მისი მუშაობის დროს, პირველი იყო. შემდეგ პოლიციის უფროსადაც დაინიშნა, მაგრამ არასდროს შეუფერებია თანამდებობა და კაბინეტში არ მჯდარა. თუ რამე იყო გასაკეთებელი, ყოველთვის ყველას გვერდით იდგა. სხვადასხვა ჟურნალებში იყო მისი საქმეები გამოქვეყნებული... როცა მასზე ვსაუბრობ, არ მგონია, რომ ცოცხალი აღარ არის... ღმერთო, როგორ შეიძლება მისი სიკვდილი?!..
ყველას ძალიან უყვარდა, ავღანეთში გაგიჟებული იყვნენ ბიჭები, მამას ეძახდნენ. ჩვენი მფარველი იყოო - ამბობენ. საჭმელს ჯერ ჩვენ გვაჭმევდა, მერე თვითონ ჭამდაო. რამე ოპერაციაზე თუ იყვნენ გასასვლელები ჯერ თვითონ მიდიოდაო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მას არ ევალებოდა, ბაზიდან არ უნდა გასულიყო... პოლკოვნიკი იყო და ჯარში დისციპლინა უნდა ეკონტროლებინა. შვილის ტოლი ბიჭები ჰყავდა გვერდით. ძალიან ეკლესიური იყო... კარგად გალობდა... იქ მოძღვარიც ჰყავდა და აღსარებებსაც ეუბნებოდა თურმე. თვითონ გააკეთა იქ პატარა სამლოცველო. მისი მამაო რომ მელაპარაკებოდა, მითხრა, მე მსგავსი არც აღსარება მომისმენია და არც ასეთი ადამიანი მინახავს, გაოცებული ვარო. ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ გავიგე მისი ამბები, ჩემთვის შოკი იყოო. ჯარისკაცებთან მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდა. ჯარისკაცები რომ ჩამოვიდნენ, მითხრეს, ქალბატონო ნინო თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი მეუღლე გყავდათო და ჩვენ, სანამ ცოცხლები ვართ, არ დაგვავიწყდებაო. 2008 წელს ომში, როცა მისი ნაწილი ისვენებდა მღეროდა თურმე. ბიჭები რომ ეკითხებოდნენ რა გემღერებოდაო, ეს პასუხობდა, თქვენ რომ გამემხნევებინეთ და გამემხიარულებინეთ იმიტომ ვმღეროდიო.
იუმორის გრძნობა ჰქონდა. სხვანაირი ადამიანი იყო, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ქმარი იყო.... განსაკუთრებული მეუღლე და მამა იყო. 2 შვილი გვყავს, ქალ-ვაჟი. პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან მკაცრი, დისციპლინიანი და მომთხოვნი იყო, მაგრამ როგორც მამა, იმდენად თბილი და იმდენად დამთმობი აღმოჩნდა, რომ ყველას უკვირდა, როცა რამაზი რაღაცის გამო ბავშვებს ვერ ტუქსავდა, ამბობდნენ, ოჯახთან ურთიერთობისას სულ სხვანაირი ხდებაო.
რამაზის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი ვაჟი თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მამისგან აბსოლუტურად განსხვავდება. რამაზი რომ გარდაიცვალა, სტუდენტი იყო, მამა-შვილს დიდი გეგმები ჰქონდათ, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ძალოვან სტრუქტურებში უნდა წაეყვანა, რამაზს ასე ჰქონდა გადაწყვეტილი...
თვითონაც სულით და ხორცით ძალოვანი იყო. ჯარში რომ წავიდა ინსტიტუტში სწავლობდა. ჯერ ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა და შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე გააგძელა სწავლა, იმიტომ რომ, სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო და იურიდიული განათლებაც მიიღო.
- როცა ომში მიდიოდა ყოველთვის ძალიან მეშინოდა, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა თქმას, მაინც წავიდოდა. იმდენი ვეხვეწე, ავღანეთში რომ მიდიოდა, მაგრამ... ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული... აქ, საქართველოში, ყველა ომიდან ცოცხალი დამიბრუნდა და იქ, ავღანეთში დავკარე... მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა... მითხრა, თუ სიკვდილი მიწერია, შეიძლება ავტოავარიაშიც მოვკვდეო. კურდღელი არ ვარ, რომ დავიმალო, არ მეშინია. კაცი ბრძოლაში უნდა მოკვდესო. წინათგრძნობა ჰქონდა, ალბათ, ამდენს რომ მელაპარაკებოდა. იქიდანაც მირეკავდა, მაგრამ ძირითადად მესიჯებით გვქონდა ურთიერთობა, იმიტომ რომ ცუდად ისმოდა. თუ დავრეკავდი ბომბების და აფეთქებების ხმა ისმოდა და ძალიან მეშინოდა, ის კი მამშვიდებდა, ნუ გეშინია შენ თავს გაუფრთხილდი, მე არაფერი მიჭირს, ყველაფერი კარგად იქნება და ჩამოვალო. მიფრთხილდებოდა, რომ არ მენერვიულა... შემდეგ ბიჭებმა მითხრეს, გრძნობდა რომ უბედურება მოხდებოდაო... ამაზე ჩემთან არ უსაუბრია... ძალიან დიდი ადამიანი დავკარგე... ასეთი ადამიანები უკვალოდ არ უნდა ქრებოდნენ... უნდა დავაფასოთ. ერთხელაც არ დაწერილა გაზეთში რატომ და რისი გულისთვის დაიღუპა რამაზი. მე კი ვიცი, რომ მან ეს ყველაფერი სამშობლოს სიყვარულით გააკეთა, რადგან მას არც ეკონომიურად უჭირდა და არც წოდებები აკლდა. სულ ვეუბნებოდი, ალბათ, შენ ისტორიას ავღანეთიღა აკლია და შეასრულე რაც გინდოდათქო. რთულია, ასეთი ადამიანი რომ გამოგეცლება ხელიდან, შენს ცხოვრებას მიზანი და აზრი ეკარგება. გული მტკივა, რომ დღეს იმასაც არ ახსენებენ ვინ იყო, რა იყო და რისთვის მოკვდა. უკვალოდ არ უნდა ქრებოდეს მათი სახელები... რამაზს ყველა იცნობდა, მსოფლიო ჩემპიონატშიც მონაწილეობდა. ძალიან დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა. ვეტყოდი, თუ არის რომელიმე ქალაქი ან სოფელი საქართველოში, სადაც შენ არ გიცნობენ-მეთქი... საზოგადოება უნდა იცნობდეს ისეთ ხალხს, როგორიც რამაზია. ეს ჩემი ერთადერთი სიხარულია, როცა ვინმე რამაზის სახელს გააჟღერებს, დანარჩენი... ჩემთვის ყველაფერი დაკარგულია და დამთავრებულია. უმისოდ ცხოვრებას ჩემთვის აზრი აღარ აქვს, მაგრამ მართლმადიდებლები ვართ და თავს ვერ მოვიკლავთ. ძალიან ძნელია მის გარეშე გაძლო ამქვეყნად და იცოცხლო...