საქართველოს სამხედრო ისტორია
პაატა კაჭარავა

29.07.1975 - 21.02.2012

კაპრალი

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

ნათლია-ნათლულის ისტორია გრძელდება... ვალიკო ბერაია, ავღანეთში წასვლამდე, პაატა კაჭარავამ მონათლა. მომავალმა ნათლიამ ჯარის მეგობარი, თავის ძმასთან, მამა მაქსიმესთან მიიყვანა ტაძარში და გმირულად გარდაცვალებამდე, ერთი თვით ადრე გააქრისტიანა...

პაატა კაჭარავა ჯარისკაცულ ცხოვრებას ჯერ კიდევ პატარა ასაკში ეზიარა. 16 წლის უკვე აფხაზეთში იბრძოდა. სამშობლოსადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა, მთელი ცხოვრება ქვეყნის დარაჯად აქცია...

ნუგზარ კაჭარავასა და ლიანა სიგუას ორი ვაჟი ჰყავდათ. გაჭირვებაში გაზრდილი ძმების ცხოვრება, რადიკალურად განსხვავებული გზებით წარიმართა. უფროსმა შვილმა სამხედრო, უმცროსმა კი სასულიერო ცხოვრება არჩია.

კაპელანი, მამა მაქსიმე, პაატა კაჭარავას ძმა: „აბაშის რაიონის სოფელი ნაისაკოვოში დავიბადეთ. პაატა ჩემი მშობლების პირველი შვილი იყო. ძალიან ნიჭიერ და მონდომებულ ბავშვად ახასიათებდნენ. პატარაობიდანვე სპორტს მისდევდა, ტაიკვანდოში ვარჯიშობდა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან, დიდი ინტერესი ჰქონდა ისტორიის მიმართ. ის მეომრული სული, რომელიც ყველა მამაკაცსა და ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს, ჩემს ძმაში იყო... ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარდა. სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ მეცხრე კლასიდან გამოვიდა და აბაშის ტექნიკუმში ჩააბარა. სადაც მას სწავლის გაგრძელება უნდოდა, მაშინ იმის პირობები არ გვქონდა. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სავალდებულოში გაიწვიეს. თბილისში, სამთავრობო დაცვაში მსახურობდა. ჯარის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი ოჯახში იყო და მეურნეობას მისდევდა.

როდესაც კომანდო შეიქმნა, მისი სურვილით და ჩემი თანხმობით, სამხედრო პირობა გადაწყვიტა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თავის დროზე, მეც მისი ნებართვით მოვინდომე სასულიერო პირი გავმხდარიყავი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრს.

მე 1999 წელს გავხდი სასულიერო პირი. მაშინ პაატა 23-ის, მე 22 წლის ვიყავი. ის უკვე კონტრაქტზე იყო. ჩვენი გადაწყვეტილება ოჯახმა დადებითად მიიღო. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, ერთი შვილი მგელი მყავს და მეორე ვეფხვიო. ჩემს ძმას მგელს ეძახდა... პაატას ზედმეტსახელად „მარტოხელა მგელს“ ეძახდნენ... მას შემდეგ, რაც ჯარისკაცი გახდა, ძალიან შეიცვალა. უფრო მობილიზებული და წინდახედული იყო... ჩვენ დალხენილი ბავშვობა არ გვქონია, გლეხის ოჯახში ვიზრდებოდით, რომ წამოიზარდა, თითქოს ყველაფრის მოსწრება უნდოდა... არაფრის შიში არ ჰქონდა, პირიქით, ძალიან მამაცი და სამშობლოს მოყვარული ადამიანი იყო... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პაატა სულით და ხორცით ჯარისკაცი იყო. ბოლომდე შეისისხლხორცა სამხედრო მოვალეობა და მან ეს თავისი ვაჟკაცური სიკვდილითაც დაამტკიცა“...

მარიამ გიგაშვილი, პაატას რძალი: „მე და პაატას ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ძალიან განათლებული ადამიანი იყო. რაც მაინტერესებდა, ნებისმიერ თემაზე შემეძლო მასთან მესაუბრა. ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევდა...

ისტორიული წიგნების ფარულად წაკითხვა უყვარდა. არ ანახვებდა სხვას, თუ როგორი განსწავლული და ნიჭიერი იყო. რვეულები ჰქონდა, სადაც წიგნიდან აკონსპექტებდა და ყოველთვის თან დაჰქონდა... ძალიან უყვარდა სამხედრო წიგნების კითხვა... ავღანეთში რომ მიდიოდა, მთხოვა, „კვაჭი კვაჭანტირაძე“ გამატანეო... ვუთხარი, იქ სად გეცლება ამის წასაკითხად-მეთქი... ალბათ, ეგონა, რომ წიგნის გატანება დამენანა და სხვა წიგნი აუღია ჩუმად. მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ავღანეთიდან მისი ნივთები ჩამოვიდა, იქ ვნახე ჩემი წიგნი, „ქართული მწერლობის“ IX ტომი, მასზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მახსენდება ყველაფერი. ის ნამდვილი ჯარისკაცი იყო. ძალიან დაგვაკლდა“...

მის სამომავლო გეგმებში ოჯახის შექმნა შედიოდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა.

კაპელანი, მამა მაქსიმე, პაატა კაჭარავას ძმა: „ძალიან უნდოდა, რომ ოჯახი შეექმნა. კარგ ადამიანს ეძებდა, ვისთანაც ბედნიერ ოჯახს შექმნიდა. ამ თემაზე ჩვენ არ ვსაუბრობდით ხოლმე. უფრო სწორად თვითონ არ გამოხატავდა სურვილს, რომ გვესაუბრა. განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები. მე ოთხი შვილი, სამი გოგონა და ერთი ვაჟი მყავს. ბავშვებთან ურთიერთობამ ხასიათი უფრო შეუცვალა. ძირითადად სამსახურში იყო და როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდა, მაშინვე ჩემთან, რუსთავში მოდიოდა. მამა 11 წლის წინ დაგვეღუპა და დედაც ჩემთან ცხოვრობს. პაატა პარასკევს ჩამოდიოდა, შაბათ-კვირას ჩვენთან იყო და მერე მიდიოდა. ბოლო ხანებში კიდევ უფრო სხვანაირი გახდა, სულ უნდოდა, რომ მეტი დრო გაეტარებინა ბავშვებთან. ჩემი უფროსი გოგონა 13 წლის არის და ბოლო პერიოდში ბევრ რჩევა დარიგებებს აძლევდა...

საოცარი ის არის, რომ ჩემი ძმა, სამხედრო სამსახურის შემდეგ უფრო ღვთის მოშიში გახდა. მისი სულიერი მოძღვარი მე ვიყავი, რამდენჯერმე აღსარებაც ჩამაბარა... რუსთავში, მაქსიმე აღმსარებლის მშენებარე ტაძრის წინამძღვარი ვარ, ძალიან მეხმარებოდა. ფიზიკურადაც იღებდა ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას და ფინანსურადაც დამხმარებია...

ავღანეთში ოქტომბერში წავიდა. ხშირად რეკავდა. ჩვენ მაინც ვცდილობდით, რომ ხშირად არ დაგვერეკა, ცხელ წერტილში იყო და ვფრთხილობდით... იქიდან აპრილში უნდა ჩამოსულიყო... ბოლოს, გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ველაპარაკე, როგორც ყოველთვის მაშინაც ძალიან თბილად მოგვიკითხა ყველა. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად არის და არ ინერვიულოთო...

მასთან ერთად დაიღუპა მისი ნათლული ვალიკო ბერაია. სანამ ავღანეთში წავიდოდნენ, პაატას უთქვამს, ამხელა კაცი ხარ და ავღანეთში მოსანათლი როგორ მიდიხარო. მე ვიქნები შენი ნათლია, ახლავე უნდა მოინათლოო. ვალიკოსაც გამოუთქვამს მონათვლის სურვილი და ჩემთან ტაძარში მოიყვანა. ნათლია-ნათლულმა ერთმანეთი ჯარში გაიცნეს“...

მამა მაქსიმეს, ძმის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, წინათგრძნობა ჰქონდა...

„სანამ გარდაიცვლებოდა წინათგრძნობა მქონდა... წირვაზე ყოველთვის ვიხსენიებდი ხოლმე ჩემს ძმას და მასთან ერთად ავღანეთში წასულ ბიჭებს. წასვლამდე, პაატამ იმ ბიჭების სია დამიტოვა, ვინც ავღანეთში აპირებდა წასვლას. კვირა დღეს, როდესაც წირვაზე ბიჭებს ვიხსენიებდი. პაატას სახელი რომ ვახსენე, გონებაში გავიფიქრე, ესენი ხომ ცოცხლები არიან-მეთქი... შევკრთი, არა, მათ არაფერი მოუვათ-მეთქი დავიმშვიდე თავი, მაგრამ მთელს ტანში სიცივემ დამიარა... ორი დღის შემდეგ კი გავიგე, რომ ჩემი ძმა აღარ იყო ცოცხალი... მამა იაკობი შემხვდა ქალაქში, მის გვერდით სამხედროებიც რომ დავინახე, მივხვდი რაშიც იყო საქმე... ბიჭებო პირდაპირ მითხარით, ცოცხალია თუ მკვდარი-მეთქი... პაატა დაიღუპაო... არ დავბნეულვარ, იქით ვანუგეშე სამხედროები, ნუ გეშინიათ, აწი იმ ბიჭებზე ვილოცოთ, ვინც ისევ ავღანეთში არიან და სამშობლოს ინტერესებს იცავენ-მეთქი... არ გავამჟღავნე ის ტკივილი, რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი... ყვირილი, ტირილი მინდოდა, მაგრამ... სახლში, რომ მივედი მარტო ჩემს მეუღლეს ვუთხარი... დედას ინსულტი აქვს გადატანილი და იმ დღეს არაფერი მითქვამს. მოტყუებით წავიყვანეთ სოფელში. იქ რომ ჩავიყვანეთ, წამალი დავალევინეთ ისევ, რომ არ გამეორებოდა ინსულტი. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ჩამოასვენეს...

ძალიან დიდი გვერდში დგომა ვიგრძენით თავდაცვის სამინისტროდან. სენაკის მეცხრე და ქუთაისის ბატალიონი დაკრძალვამდე გვერდით გვედგნენ. ყველაფერში ისინი დაგვეხმარნენ, ჩვენ არაფრის საშუალება არ გვქონდა...

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ძმა მყავდა. მისი სიკვდილის შემდეგ, მე სამხედრო კაპელანი, სამხედრო მოძღვარი გავხდი“...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები