საქართველოს სამხედრო ისტორია
დათო ელიზბარაშვილი
დათო ელიზბარაშვილი

პოლკოვნიკი

უმწიკვლო სამსახურისთვის III ხარისხის მედალი, 2008 წ.

მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1971 – 2008

 

„მე დავეცემი ბრძოლის ველზე მკერდგახვრეტილი

და უკანასკნელ ამოოხვრას გაჰყვება სული.

წითლად შევღებავ მწვანე ბალახს, ყვითელ ბაიას

და სამუდამოდ დასრულდება ცხოვრება ჩემი...

გადაიქროლებს ბრძოლის ველზე წყნარი ნიავი,

თმას ამიწეწავს და სახეზე მეალერსება,

თითქოს მას სურს, რომ დამიბრუნოს

სული ჩემი შორს გაფრენილი.

მე მას ვუამბობ, რაც მაწუხებს ყველაზე ძლიერ,

თუ როგორ ჩაწვნენ ბრძოლის ველზე

ქართველთ შვილები...

...და მიმატოვებს მე ნიავი უდაბურ ველზე,

უკანასკნელი მეგობარიც გზას გაუდგება,

დარჩება მარტოდ ტრიალ ველზე ცხედარი ჩემი

ცხოველთ და ფრინველთ საჯიჯგნად

და გამოსაკვებად“...

 

ეს სტრიქონები პოეტს კი არა, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ პოლკოვნიკ დათო ელიზბარაშვილს ეკუთვნის.

ეს ლექსი მან ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა 18 წლის ბიჭი იყო და სამშობლოდან შორს, გორკის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა.

გავიდა კიდევ 18 წელი და მისი ლექსი წინასწარმეტყველურად აჟღერდა.

10 აგვისტო. ქართული ჯარი უკან იხევს. ფხვენისი. დროის მოსაგებად ველის დანაღმვაა აუცილებელი. ველზე დასანაღმად შესულ პირველ ჯგუფს პოლკოვნიკი დათო ელიზბარაშვილი ხელმძღვანელობს. უკან გამოსულს, ახალ ჯგუფს ჩაუყენებენ სათავეში. ამჯერად ველზე მარტო შევა. დანარჩენებს დარჩენას უბრძანებს. 11 აგვისტო. ღამის 2-ის ნახევარი. მინდვრის დანაღმვისას მტერი შეამჩნევს, „მი-24“-ის ჰაერიდან შემოტევას ხელის ტყვიამფრქვევით უმკლავდება. მაგრამ წამი და დათო ელიზბარაშვილი ველს მოეფინება... ნაწილებად.

დაიბადა კახეთში, სოფელ შილდაში, 1971 წელს. მის დაბადებას ოჯახი 8 წელს ელოდა. სკოლაში რომ შეიყვანეს, ისეთი პატარა ყოფილა, ჩანთას ძლივს ერეოდა. მაგრამ ყველა კითხვაზე ნდომებია პასუხის გაცემა. „მე ყველაფერი ვიცი, მე უნდა ვთქვა“, – მისი ეს სიტყვები დღემდე ახსოვს პირველი კლასის მასწავლებელს. აი, რუსული ენა კი დათო ელიზბარაშვილისთვის ტელევიზორს უსწავლებია. რუსული არხების ყურება-ყურებაში რუსული ისე კარგად უსწავლია, რომ, როცა სკოლიდან ლენინგრადში ექსკურსიაზე წავიდნენ, პედაგოგებს თარჯიმნობასაც კი უწევდა. შემდეგაც გამოადგა ეს ცოდნა, როცა 16 წლის ბიჭმა სწავლის გაგრძელება გორკის სამხედრო სასწავლებელში გადაწყვიტა.

შილდელი ბიჭი დამოუკიდებლად მიდის რუსეთში სწავლის გასაგრძელებლად. თან სამხედრო სასწავლებელში. ეს პერიოდი მეტად მძიმე აღმოჩნდება მისთვის. „ალბათ, დიდი ხანი გაივლის კიდევ, რომ მე ჩემს საქართველოს ვერ ვნახავ. სამი თვე და სამი დღეა, რაც დედა და ზურო არ მინახავს. ჩემს სიცოცხლეში ეს პირველი თათარაობა ჩატარდება საქართველოში, მე რომ ვერ დავესწრები“.

მძიმე იქნება იმდენადაც, რომ სწორედ მისი იქ ყოფნის დროს დატრიალდება აქ ცხრა აპრილის ტრაგედია. სწორედ მაშინ იწერება წინათგრძნობით სავსე სტრიქონებიც და სწორედ ამ დროს ჩნდება მის დღიურშიც ეს ჩანაწერი: „რამდენჯერ მიფიქრია პაგონებზე, რომლებიც ახლა მხრებზე მაქვს, რამდენჯერ მიოცნებია მათზე. ახლა კი არაფერს დავიშურებდი, ისევ ჩემი სამოქალაქო ტანსაცმელი რომ ჩავიცვა და მოვშორდე ამ ნაცისტთა კასტას, რომელთაც ასე ვეზიზღებით“...

სწორედ იმ მძიმე წუთებში დადებს იმ აღთქმას, რომელსაც 18 წლის შემდეგ საქმით დააგვირგვინებს.

„...ვფიცავ, რომ ერთ-ერთ პირველ რიგში ჩავდგები და დავიცავ ჩემს საყვარელ სამშობლოს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მხოლოდ ჩემი და ჩემისთანების სიკვდილის შემდეგ თუ იზეიმებს მტერი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოში დარჩებიან ბავშვები, რომლებიც ჩვენზე კარგები გაიზრდებიან და შურს იძიებენ ყოველი დაღვრილი სისხლის წვეთისთვის“.

გორკის სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. „გადმომხედა უზენაესმა და დავბრუნდი სახლში... თითქოს ისევ თავიდან ვიწყებ ყველაფერს... უსაზღვროა სიყვარული სამშობლოსი და იმ ხალხისა, რომელთა შორისაც აღვიზარდე, ვინც მე მზრდიდა და სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდა. მე მზად ვარ, გავიღო ყოველგვარი მსხვერპლი მათი ბედნიერებისთვის“!

თქვა და იმავე წელს წავიდა კიდეც აფხაზეთის ომში. თავშიც დაიჭრა... ომიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში საინჟინრო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. შემდეგ, კადეტთა კორპუსში მოღვაწეობდა. ბოლოს გორის ბატალიონის საინჟინრო ნაწილის გამნაღმველთა ბრიგადის მეთაური იყო.

დათო ელიზბარაშვილმა და ქეთინო მირიანაშვილმა ერთმანეთი ახლობელთან, წვეულებაზე გაიცნეს, 1998 წლის ზაფხულში. შემდეგ ყველაფერი ისე იყო, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ სწრაფად – დარეკვები, გავლა-გამოვლა, ბლომად ყვავილები, ხელის თხოვნა და უეცარი ნიშნობა.

„ზოგადად, ნათქვამი ჰქონდა, რომ უნდა მოსულიყო, მაგრამ კონკრეტული დრო არ უთქვამს, ისე მოვიდა ოჯახში მოულოდნელად. მალევე ვიქორწინეთ. სულ ჩქარობდა, ყველაფერი ეჩქარებოდა, თითქოს მოსწრებაზე იყო...“

იმ შემოდგომაზე დათო მოსკოვის სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს სასწავლებლად, მალე მეუღლეც წაიყვანა და დღეს იმ წლებს ქეთინო მირიანაშვილი გახანგრძლივებულ საქორწინო მოგზაურობად იხსენიებს.

„უბედნიერესი წლები იყო ჩემთვის ის წლები, მარტო ვიყავით, სწავლისგან თავისუფალ დროს ბევრს დავდიოდით, მუზეუმებში, კინოში, თეატრში...“

სწორედ იმ წლებში დათო ღამით მტვირთავადაც მუშაობდა ზედმეტი გროშებისთვის, მეუღლისთვის რომ პატივი ეცა...

ჯერ – ბიჭი, მერე გოგოც ეყოლათ. დათო მხოლოდ საკუთარ ჭერსღა ნატრობდა.

ახლა ამ ნაოცნებარ ჭერქვეშ ვესაუბრები პოლკოვნიკის ქვრივსა და ჯარისკაცებს.

უნივერსიტეტის ქუჩაზე დათო ელიზბარაშვილს სამოთახიანი ბინა 2007 წლის დეკემბრის ბოლოს გამოუყვეს. თვითონ არემონტებდა, თავის ძმაკაცებთან ერთად. როგორც მისი მეუღლე მიამბობს, აკეთებდა ყველაფერს, რაც ეხერხებოდა და არც ეხერხებოდა. ელექტრობა არ სცოდნია და გზადაგზა უსწავლია. ზაფხულისთვის, როგორც იქნა, მოაწესრიგა სახლი, სექტემბრისთვის ახალმოსახლეობასაც აპირებდნენ. გახარებული ყოფილა, ახალ წელს ჩემს სახლში შევხვდებიო, მაგრამ...

ნაოცნებარ ჭერქვეშ 4-ჯერაც არ გაუთევია ღამე.

მისი მეუღლე, 8 წლის ბიჭი და 4 წლის გოგონა მისი დაღუპვის შემდეგ გადმოვიდნენ დათოს ნაოცნებარ სახლში.

დაღუპვამდე კი ოჯახმა ერთად გაატარა 2 კვირა ურეკში. ის-ის იყო, ივლისის მიწურულს, შვებულებიდან უნდა გასულიყო, გორში სამორიგეოდ რომ გამოიძახეს, წავიდა და წავიდა... ოჯახს ნახვით აღარ უნახავს – ჯერ ყაზარმული გამოცხადდა, შემდეგ საომარი მოქმედებებიც დაიწყო...

ქეთევან მირიანაშვილი: „როცა ახერხებდა, მირეკავდა. მისი ძმა წაიყვანეს რეზერვიდან და სულ იმის დარდი ჰქონდა, რომ წინა ხაზზე არ მოხვედრილიყო. მატყუებდა, ქვევით ვდგავარ, წინა ხაზზე არ ვარო. 10-ში, ღამის 12-ის ნახევარი იყო, ბოლოს რომ ველაპარაკე, გოგოც დავალაპარაკე. დილით ჩემმა მაზლმა დამირეკა, დათოსი რა ისმისო. 6 საათიდან რეკვა დავიწყე. აღარ გადიოდა, უკვე... დილით, 11-ისთვის, დამირეკა მაზლმა, დათო აღარ არისო. სადღაც 2 საათში უკვე მოასვენეს... შილდაში მამის გვერდით დავკრძალეთ. იქ ძალიან ბევრი რეზერვისტი ჩამოვიდა, მათი მშობლებიც. მადლობას უხდიდნენ... მშობლები მეუბნებოდნენ, შვილები გადაგვირჩინაო... “

დათო ელიზბარაშვილი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. არანაკლები ჯილდოა მისი ჯარისკაცების სიყვარული და მათ თვალზე მომდგარი ცრემლი, როცა მასზე მიამბობდნენ.

ლევან მირზაშვილი: „ხშირად მივყავდით ძმათა სასაფლაოზე და თუ ვინმე ჰყავდა თანამებრძოლი დაღუპული, ყველას ოჯახს აკითხავდა და ჩვენც სულ გვარიგებდა, თუ მოხდა და თანამებრძოლი დაგეღუპათ, არ უნდა დაივიწყოთ, უნდა მიხვიდეთო... თუ რამე ცოდნა გვაქვს, მისგან გვაქვს ნასწავლი. როცა დანაღმულ ველზე შევდიოდით, ჯერ ხომ გვერდიდან არ გვშორდებოდა, და თუ რამეს საეჭვოს შეამჩნევდა, შანსი არ იყო, ჯარისკაცი შეეშვა, თვითონ შედიოდა, თვითონ გაანადგურებდა, რაც გასანადგურებელი იყო და მერე, უბრალოდ, პრაქტიკულად გვასწავლიდა...“

ილია ედიშერაშვილი: „სამსახურშიც პატივისცემით გვეპყრობოდა, არც დისტანციას გვაგრძნობინებდა, სამუშაოს დამთავრების შემდეგ რომ გავიდოდით სადმე, იქ ვერც ვგრძნობდით მის მეთაურობას, იქ ჩვენი მეგობარი იყო. ერთად ვიყავით სულ“.

ბადრი გიგუაშვილი: „არასოდეს დაუყვირია ჯარისკაცისთვის. ჯარისკაცები უყვარდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ყველას უყვარდა...“

ამბობენ, რომ სულ ეჩქარებოდა, სულ მოსწრებაზე იყო. ამბობენ, რომ ყველას ეხმარებოდა, რომ არ შეეძლო უარის თქმა. სამშობლოსაც ვერ უთხრა უარი...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები