საქართველოს სამხედრო ისტორია
ვასილ ყულიჯანაშვილი
ვასილ ყულიჯანაშვილი

1994 - 2015

მე-4 მექანიზებული ბრიგადის I საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი. დაიღუპა 2015 წლის 22 სექტემბერს ავღანეთში, როდესაც ევაკუაციის პერიოდში დაჭრილს აზღვევდა. მან გადაარჩინა სერჟანტი პაატა როსტობაია.

საღამო, ავღანეთი, ბაგრამის ავიაბაზა, 21 წლის ქართველი ბიჭი ჩასაფრებულ მტერს იარაღში დარჩენილ ბოლო სამ ტყვიას ცალ მუხლზე დამდგარი ესვრის და დაჭრილი მეგობრის გადასარჩენად დაუფიქრებლად მირბის. ბოლო კადრი, რაც მან ნახა, სამშობლო არ იყო, არ იყო არც დედა და არც ძმა, ეს იყო უცხო მიწა, დაჭრილი თანამემამულე და ტყვიების წვიმა.

პატარა და მოხერხებული ვასილ ყულჯანიშვილი პატრულირებისას ყოველთვის წინა პოზიციას იკავებდა. იმ დღეს თავი ცუდად იგრძნო და უკან გადაინაცვლა. მისიაში მონაწილე სამხედროებს ჩასაფრება მოუწყვეს, მანქანა, სადაც ბიჭები უნდა შესულიყვნენ, დაახლოებით 200 მეტრში იდგა. ვასოს მოვალეობა მათი დაცვა იყო. ამბობენ, რომ 15-20 მეტრში ცეცხლი გაუხსნეს. გასროლამ, რომელიც ქართველი ვაჟკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მთელი საქართველო აატირა.

თბილისის სამთავრობო აეროპორტი, საპატიო ყარაული, ეროვნული გვარდიის ორკესტრი, ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, აშშ-ს ელჩი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები 21 წლის გმირის ცხედარს თვალცრემლიანი ხვდებიან.

8 აგვისტოს დაბადებულ ბიჭს ჯარისკაცობის სურვილი 2008 წლის ომის გამო გაუჩნდა. დატოვა დედა, ძმა, შეყვარებული, ოჯახი და ავღანეთში მსოფლიო მშვიდობის დასაცავად გაემგზავრა. 5-თვიანი მსახურების შემდეგ კი, სამხედრო ცხოვრება სასახელოდ დაასრულა.

მხიარული, მოსიყვარულე, ნიჭიერი და გულჩვილი ახალგაზრდა – ასე იხსენებს მას ყველა, ვისი გაცნობაც ხანმოკლე სიცოცხლის პერიოდში მოასწრო. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდა, სპორტს მისდევდა და ხატვაც ძალიან უყვარდა. სკოლაშიც და ეზოშიც საუკეთესო იუმორის მქონე ვასოსთან შეხვედრა ყველას უხაროდა.

ახალგაზრდა ვასოს პრიორიტეტი, ბევრი სხვა მისი თანატოლისგან განსხვავებით, ოჯახზე ზრუნავდა იყო. დარდობდა დედაზე და არ უნდოდა, რომ ბევრი მუშაობით გაწვალებულიყო. სამსახურიდან რაც შემოსავალი ჰქონდა, მთლიანად ოჯახის კეთილდღეობას ახმარდა.

ხათუნა ბერაძე, ვასილ ყულჯანიშვილის დედა: ვასო ადიგენის რაიონში დაიბადა. ძალიან რთულ პირობებში ვცხოვრობდით, ის და მისი ძმა კი ყველაფერს მოკლებულები იყვნენ, მაგრამ მაინც სახელოვან ვაჟკაცებად გაიზარდნენ.

ვასო სპორტს მისდევდა, ძალიან უყვარდა ფეხბურთი და დადიოდა კიდეც. სულ ამბობდა, რომ ბევრ რამეს მიაღწევდა და დიდი კაცი გამოვიდოდა, დიდი ფეხბურთელი.

თბილი და მოსიყვარულე ბავშვი იყო, ყველას უყვარდა ეზოში. საუკეთესო იუმორის გრძნობა ჰქონდა. ახლა რომ ვუფიქრდები, მართლაც გამორჩეული ბავშვი იყო.

ვასო 8 აგვისტოსაა დაბადებული და 2008 წლის ომმა ძალიან იმოქმედა მასზე. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ჯარისკაცობა სურდა. მე ვმუშაობდი, მაგრამ მაინც გვიჭირდა და, ალბათ, პატარა როლი ამანაც შეასრულა. ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, ავღანეთში უნდა წავიდეო. რა თქმა უნდა, მერჩივნა საქართველოში დარჩენილიყო და სავალდებულო ჯარში ემსახურა, ოღონდ ჩემთან ყოფილიყო. სამწუხაროდ, ვერ გადავაფიქრებინე, თან ხელი უკვე მოწერილი ჰქონია კონტრაქტზე. ვეუბნებოდი, მირჩევნია, აქ იყო და ცივი პური ვჭამოთ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვფიქრობდი, მაინც არ წაიყვანენ ჯარში, რადგან პატარა და სუსტი ბავშვია-მეთქი, მაგრამ სისხარტითა და ნიჭიერებით ყოველთვის გამოირჩეოდა.

საუკეთესო დედაშვილობა გვქონდა. ვიცოდი, შეყვარებული ჰყავდა. მეც ვიცნობ მას, კარგი გოგოა, კარგი ადამიანი, მაგრამ მათ ურთიერთობაზე მეტი არაფერი ვიცი.

მისმა უფროსმა ძმამ სავალდებულო ჯარი მოიხადა, ვასომ კი პირდაპირ კონტრაქტი გააფორმა და ავღანეთში წავიდა. 8 აგვისტოს ჩემი ბიჭი 22 წლის უნდა გამხდარიყო.

ხელს გადამხვევდა, მეფერებოდა და მეუბნებოდა: დედა, მე რომ მოვკვდები, თქვენ ცოტას მაინც ამოისუნთქავთ და დაისვენებთო. არ ვიცი, ალბათ, გული უგრძნობდა, ვეჩხუბებოდი, ამას ნუ ამბობ-მეთქი. ერთხელ Skype-ით ველაპარაკე და მითხრა, რომ იქ დარჩენას აპირებდა, რადგან ქართველ ბიჭებს უცხო მიწაზე ვერ დატოვებდა და თვითონ სახლში ვერ დაჯდებოდა.

ბოლოსაც ინტერნეტის საშუალებით ვესაუბრე, ბევრი ვიხუმრეთ და ვიცინეთ. მეორე დღეს შუაღამემდე ველოდე, მაგრამ ინტერნეტში არ გამოჩენილა. საშინელი წინათგრძნობა მქონდა. შემდეგ საღამოს, კარზე ისეთი ბრახუნი გავიგე, მეგონა, ბომბი აფეთქდა. კარი რომ გავაღე, მახსოვს, ჯარისკაცები იყვნენ, მითხრეს, რომ რაღაც უნდა ეთქვათ და მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა.

ასეთი ტკივილი არასდროს განმიცდია. ჩემი პატარა ვასო 21 წლის ასაკში დავკარგე, მაგრამ სიამაყით ვარ სავსე – ჩემი ბიჭი გმირი გახდა. შეტაკების დროს გადაურჩენია თავისი მეწყვილე. ასეთი სასახელო ვაჟკაცის დედობა ცოტას ხვედრია.

დავით ყულჯანიშვილი, ვასილ ყულჯანიშვილის ძმა: „ვასოზე ერთი წლით უფროსი ვარ. რადგან დიდი განსხვავება არ არის ჩვენს ასაკებს შორის, შეხედულებები ხშირად ერთნაირი გვქონდა და ყოველთვის ვუგებდით ერთმანეთს. ორივე სპორტით ვიყავით დაკავებული და ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევდით.

მამა ახალციხეში ცხოვრობდა, მე მასთან კონტაქტი არ მქონდა, მაგრამ ვასო იმდენად კეთილი იყო, რომ აკითხავდა ხოლმე და ყურადღებას აქცევდა, ვაჭრობაში ეხმარებოდა. ნიჭიერი იყო და მარტივად შეეძლო ყველაფრის დათვლა. ვასოს სიკეთესა და კეთილშობილებას საზღვარი არასდროს ჰქონია. მთელმა საქართველომ მიაგო მის ხსოვნას პატივი... მამა გასვენებაშიც არ მოვიდა.

16-17 წლამდე ბავშვურად ვჩხუბობდით ხოლმე, როგორც ძმებში ხდება – სისულელეებზე, მაგრამ მარტივად ვრიგდებოდით. უმეტესად მარტო ვიყავით სახლში და ძირითადად დალაგებაზე ან მაღაზიაში გასვლაზე ვკამათობდით. ყოველთვის გვერდში ვედექით ერთმანეთს და ძმობა არასდროს დაგვიკარგავს. საიდუმლოებებიც კი არ გვქონდა, ყოველთვის ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს.

იცით, მიჭირს, გავიხსენო რამე განსაკუთრებულად ტკბილი მოგონება, მასთან ყველაფერი კარგი იყო. ვასო ჩემს ცხოვრებაში მზის სხივივით იყო. როცა ვიცი, რომ ჩემთან ერთად აღარ არის, მოგონებებს ნაკლებად ვეძალები. გულში მაქვს ჩარჩენილი, რომ ბავშვობაში ორივეს გვინდოდა, ცხოვრებაში რაღაცისთვის მიგვეღწია, დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და ოჯახისთვის რაღაც გაგვეკეთებინა.

ვასოს ცხოვრებაში ოჯახს პირველი ადგილი ეკავა სამშობლოს შემდეგ. იმდენი შეძლო, რომ სანამ ჯარში წავიდოდა, სახლში პატარა რემონტიც გააკეთა და ავეჯიც იყიდა. მახსოვს, ერთხელ საჩუქრებით დატვირთული მოვიდა და ყველა დაგვასაჩუქრა. ასეთი კეთილი ადამიანი არსად მეგულება.

ვიცი, რომ ჩვენი უბნელი გოგო უყვარდა. ბოლოს, როცა სამარშრუტოში ჯდებოდა და ავღანეთში მიდიოდა, ისიც ვასოსთან ერთად იყო. იქიდანაც ეკონტაქტებოდა „ფეისბუკის“ საშუალებით, მგონი.

გვიან გავიგე, ავღანეთში წასვლას რომ აპირებდა, მშობლების ხელმოწერა სჭირდებოდა და მხოლოდ მაშინ მითხრა. რა რეაქცია უნდა მქონოდა? უნდოდა, სამშობლოსთვის რამე გაეკეთებინა, ქართველი ბიჭების გვერდით უნდა ვიდგეო, ამბობდა. ჯარში დარჩენას აპირებდა, უკან დაბრუნებაზე ჯერ არც ფიქრობდა. „აქ ყოფნას აზრი არ აქვს, გულზეხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები, როცა ჩვენი გმირები იბრძვიანო“, და თვითონ უდიდეს გმირად იქცა.

მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, სავალდებულო ჯარში ვიყავი. თავიდან არ მეუბნებოდნენ, რა ხდებოდა, მატყუებდნენ, ვითომ, უბრალოდ, დედა იყო ცუდად. როდესაც ჩემი მეგობრები მოვიდნენ და მითხრეს, რაც მოხდა, ვერ ვიჯერებდი. ისევ იმ აზრს ვებღაუჭებოდი, რომ, უბრალოდ, დედა იყო ცოტა ცუდად. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა დამემართა, როცა ჩემი პატარა ძმის, ჩემი საუკეთესო მეგობრის, ჩემი ვასოს გარდაცვალების შესახებ გავიგე.

ბიჭებისგან ვიცი, რომ პატრულირებისას სულ წინ იდგა, პატარა და მოხერხებული იყო და, ალბათ, ამიტომ. ძირითადად ნაღმების განეიტრალება ევალებოდა. იმ დღეს თავს ვერ გრძნობდა თურმე კარგად და მეგობარს სთხოვა, უკან დაეყენებინა. როდესაც ჩასაფრება მოუწყვეს, მანქანა, სადაც ბიჭები უნდა შესულიყვნენ, დაახლოებით 200 მეტრში იდგა, ვასოს მოვალეობა კი მათი დაცვა იყო. ამბობენ, რომ 15-20 მეტრში ცეცხლი გაუხსნეს. იარაღში 3 ტყვია ჰქონია დარჩენილი და მტერს ესროდა. მისი ცხედარი რომ ვნახეთ, მუხლი ჰქონდა დაზიანებული, მიწაზე ედო თურმე და ისე ისროდა. როდესაც თავისი მეგობარი ნახა დაჭრილი, მისკენ გაიქცა გადასარჩენად და, სავარაუდოდ, მაგ დროს მოხვდა ტყვია. ამ ორ ადამიანს ევალებოდა მთელი შენაერთის დაცვა და ყველა დაიცვეს საკუთარი სიცოცხლის ფასად.

იმ ადამიანთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, კარგი კაცია, აფასებს, რაც ვასომ გააკეთა მისთვის. ამ ამბავზე საუბარი თვითონაც უჭირს, კარგად ვერც იხსენებს იმ დეტალებს, რაც ბაგრამში მოხდა“.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები