19.08.1976 - 24.04.2012
სერჟანტი
მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 24 აპრილს, პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობის შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
ხუჯაძეების ექვსშვილიანი ოჯახიდან, ორმა სამხედრო ცხოვრება აირჩია. ძმები ერთდროულად იცავდნენ საქართველოს ინტერესებს ავღანეთში... ერთი სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს ხელიდან, მეორე ვერ გადაარჩინეს...
ხუთ დღეში საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო... 24 აპრილს, ჰელმანდის პროვინციაში, ეკიპაჟთან ერთად, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში განხორციელებული ბოლო პატრულირება, ვალერიან ხუჯაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა... 36 წლის სერჟანტი, მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა...
2004 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მანამდე კი ბავშვობა იყო...
ინდირა სამუშია, ვალერიანის მეუღლე: - შუახევის რაიონის სოფელ ცინარეთში დაიბადა. ექვსი დედმამიშვილიდან ვალერი მეორე შვილია. 14 წლის იყო ცინარეთში სტიქია რომ მოხდა და მისი ოჯახი ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში გადაასახლეს... ძალიან ჭკვიანი და დინჯი ბავშვი ყოფილა... გადმოცემით ვიცი, რომ კარგი მოსწავლე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში ჩარიცხულა. ავტომანქანის ხელოსნობას დაეუფლა. სავალდებულოში გაწვევის შემდეგ, ორი წელი სამთავრობო დაცვაში მსახურობდა. შემდეგ, ასლან აბაშიძის პერიოდში, აჭარის სამთავრობო დაცვაში დაუწყია მუშაობდა. მერე კონტრაქტზე წავიდა. 2004 წლიდან შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. თავიდან სენაკის ბაზაზე იყო, შემდეგ ქუთაისის 31-ე ბატალიონში გადაიყვანეს...
1997 წლის 3 ნოემბერს შევქმენით ოჯახში. ერთმანეთი სოფელ ნარაზენში, ბიძასთან სტუმრობის დროს გავიცანით და ორ დღეში დავქორწინდით. მაშინ ვალერი 21-ის იყო, მე 18-ის. ორი ბიჭი შეგვეძინა, უფროსი 14 წლისაა, უმცროსი კი 12-ის. ბედნიერი დედა და მეუღლე ვიყავი. ოჯახზე გადაყოლილი იყო. ცივ ნიავს არ გვაკარებდა, ყოველთვის ცდილობდა რაღაცით ვესიამოვნებინეთ... ერთად 14 წელი ვიცხოვრეთ...
ძალიან უყვარდა თავისი სამსახური, მაგრამ არასდროს საუბრობდა ჯარზე. სულ იმას ამბობდა, ჩემი ბიჭებიც ჯარისკაცებად უნდა გავზარდოო...
ავღანეთში მეორედ წასვლამდე, ერაყში იმყოფებოდა. პირველად, ჰელმანდის პროვინციაში რომ წავიდა, ძალიან ვნერვიულობდი. სულ მამშვიდებდა, ტყუილად ნერვიულობ, არაფერია საშიშიო... საერთოდ არაფერს ამბობდა იმაზე, იქ რა ხდებოდა და რა სიტუაცია იყო... სულ ხალისიანი და მომღიმარი იყო. ბოლოს, რომ გავაცილეთ, ძალიან უხასიათოდ იყო... ალბათ, გული უგრძნობდა, რომ უკანასკნელად გვხედავდა...
ექვსი თვის წასული იყო... გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, 21 აპრილს ველაპარაკე. მაშინაც უხასიათოდ იყო. „სკაიპით“ ველაპარაკებოდი და მითხრა, ბავშვებიც დამანახე, მინდა, რომ დიდხანს გიყუროთო.... სულ გვენატრებოდა და ვენატრებოდით...
ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ, ხშირად დავდივარ ტაძარში. სულ ვლოცულობდი, მშვიდობით დამიბრუნდეს ოჯახში-მეთქი... არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო პერიოდში რატომღაც სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სიზმარი ვნახე. თითქოს, ჩვენს სახლში ძალიან ბევრი ფორმიანი ჯარისკაცი იყო მოსული... რამდენიმე დღეში ეს ტრაგედია მოხდა...
როგორც მითხრეს, ბოლო პატრულირებაზე გასვლამდე, ვერ დაუძინია. ბიჭებმა თქვეს, ყველას გვკოცნიდა და გვეფერებოდა, მალე სამშობლოში ვბრუნდებიო... დღის ოთხ საათზე, პატრულირების დროს აფეთქდა მათი ჯავშანტრანსპორტი ნაღმზე... „ჰამერში“ მძღოლის გვერდით მჯდარა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, 18-ტონიანი ჯავშანტრანსპორტი 8 მეტრე აუგდია. ერთი ფეხი აღარ ჰქონდა... აფეთქებიდან რამდენიმე წუთი იცოცხლა, გონება არ დაუკარგავს, ლაპარაკობდა, მაშინვე ქამარი გადაუჭერია ფეხზე, სისხლდენას შევაჩერებო. მერე ერთ-ერთი ჯარისკაცისთვის უთქვამს, ეს რა დაგვემართა ზაზაო... რამდენიმე წუთი ცოლ-შვილზე ლაპარაკობდა თურმე... ნუ მომკლავთ, ბავშვებს ობლად ნუ დამიტოვებთო... მერე გონება დაუკარგავს და მალევე დაღუპულა... „ჰამერის“ გაჭრას დიდი დრო დასჭირდა, ადგილზე ჩაუტარეს ოპერაცია, მაგრამ ვერ გადაარჩინეს... იმ დღეს, 9 საათზე, „სკაიპში“ უნდა შემოსულიყო და რომ არ შემოვიდა, ავნერვიულდი... რამდენიმე საათში თავდაცვის სამინისტროს წადმომადგენლები მოვიდნენ და მისი გარდაცვალების ამბავი მითხრეს... 27 აპრილს ჩამოასვენეს, დაბა ჩაქვში დავკრძალეთ...
ძმები, სანდრო და ვალერიან ხუჯაძეები, ავღანეთში სამშვიდო მისიით ერთ პერიოდში მსახურობდნენ... სხვადასხვა ნაწილში იყვნენ და ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ. სანდრო, ძმის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიჭრა და დღემდე რეაბილიტაციას გადის...
ქაზიმ სამუშია, ვალერიანის მამა: - ექვსი შვილიდან სამხედრო ცხოვრება ვალერიმ და სანდრომ აირჩიეს. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არ მითქვამს, არ გინდათ, სხვა პროფესია აირჩიეთ-მეთქი... ეს მათი გადაწყვეტილება იყო. უმცროსი შვილი ავღანეთში დაიჭრა და დღემდე სახლში მკურნალობს. 24 აპრილს, საღამოს, ჩვენს სახლში სამხედროები მოვიდნენ და სანდრო გარეთ გაიყვანეს. მათ საუბარს ყური მოვკარი, იარაღი ახსენეს... ვიფიქრე, ავღანეთიდან დროზე ადრე რომ წამოვიდა, მისი იარაღის საკითხს არკვევენ-მეთქი. რამდენიმე წუთში ჩვენი სოფლის გამგებელი შემოვიდა ეზოში... ვალიკო დაჭრილია და გერმანიაში მკურნალობენო... უმცროსი შვილიც დამეჭრა, მაგრამ მაშინ ამდენი ხალხი არ მოსულა-მეთქი, ვუთხარი... მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა ჩემს თავს, უკვე ყველაფერი გასაგები იყო... ცოტა ხანში ჩვენს სახლთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა და სამხედროები გამოჩნდნენ... ხუთ დღეში საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ასეთი უბედურება მოხდა... უმცროსი ბიჭი, საბოლოოდ გამოჯანმრთელების შემდეგ, ისევ დაუბრუნდება სამხედრო ცხოვრებას. მითხრა, ჯარში პენსიაზე გასვლამდე ვიმსახურებო... იმით ვარ ბედნიერი, რომ ასეთი შვილები გავზარდე“...