საქართველოს სამხედრო ისტორია
ნატალია სამქანაშვილი
ნატალია სამქანაშვილი

სამოქალაქო პირი

1950 – 2008

 

8 აგვისტოს, გორი რომ იბომბებოდა, სწორედ მაშინ წამოვიდა მარინე სამქანაშვილი დედის საძებნელად სოფელ დუისიდან. დედა შვილის ზარებს არ პასუხობდა, არც მისი ადგილსამყოფელი იცოდა ვინმემ. ერთი რამ უტრიალებდა თავში მხოლოდ: „დედა იქ ცხოვრობდა და მუშაობდა, სადაც რუსმა აგრესორებმა ბომბები ჩამოყარეს“.

მარინემ მოგვიანებით გაარკვია, რომ დედა, ნატალია სამქანაშვილი, დაბომბვის დროს სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა. სამხედრო ნაწილში სამოქალაქო პირი იყო და მორიგეობის რეჟიმს მკაცრად იცავდა. გორში შვილთან ერთად ჩასულმა მარინე სამქანაშვილმა 58 წლის დედას ვერსად მიაგნო.

„ვერხვების დასახლებაში არ შეგვიშვეს. ეს ის ადგილია, რომელიც დაიბომბა და სწორედ იქ ცხოვრობდა დედაჩემი და იქვე მუშაობდა. გვითხრეს, რომ დაჭრილები და დაღუპულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ“, – ამბობს მარინე.

სამხედრო ჰოსპიტალში მისულმა დედის გვარის ძებნა დაჭრილებისა და დაღუპულების სიაში დაიწყო, თუმცა უშედეგოდ – ვერაფერი იპოვა.

„საღამომდე იქ ვიყავით და დედაჩემზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მივიღეთ“, – იხსენებს მარინე.

მოგვიანებით, დედის მეზობლებს შეხვდა. დაჭრილი უპოვიათ ნატალია სამქანაშვილი. ჭურვის ნამსხვრევი მოხვედრია. „ნაჭერი შემოვახვიეთ მუცელზე და საავადმყოფოში გადავიყვანეთო“, – უთხრეს მარინე სამქანაშვილს.

ჰოსპიტალში მისულმა დედას ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. გარდაცვლილი დახვდა.

„დედაჩემი უკვე მორგში იყო. მეზობლებს 9 აგვისტოს მიუყვანიათ საავადმყოფოში, წმინდა წყალზე. ექიმს ევედრებოდა თურმე, მე ნოდარის დედა ვარ, გადამარჩინეთო. რომელი ნოდარისო, – უკითხავს ექიმს. ჩხაკუნასიო, – უთქვამს დედას. ჩემს ძმას ჩხაკუნას ეძახიან და გორში ყველა იცნობს. იმედი ჰქონდა, გადარჩებოდა და სწორედ ამ დროს გარდაიცვალა“, – იხსენებს მარინე.

ქალაქში არეულობა იყო და გადაწყვიტეს, იმ დღესვე დაეკრძალათ. ვერხვების სასაფლაოზე აიყვანეს და დაკრძალეს.

„ჩასასვენებელი ძლივს ვიშოვეთ. გადავსებული იყო სასაფლაო გვამებითა და გათხრილი საფლავებით, დრო აღარ იყო, გორი იბომბებოდა და ვჩქარობდით“.

დაასაფლავეს. ერთი შვილი მარნეულში წავიდა, მეორე უკან დაბრუნდა დუისში.

დედის გახსენებაზე დღემდე ცრემლი ერევათ. დაღუპულმა ნატალია სამქანაშვილმა სამივე შვილი ობლობაში გაზარდა. ეს კარგად ახსოვთ შვილებს და დღემდე მადლიერები არიან დედის ამაგის.

„33 წლის დაქვრივდა დედაჩემი. შვილებისთვის თავდადებული დედა იყო, 3 შვილი გაგვზარდა ასე ტანჯვა-წვალებით. ჩვენ ვლადიკავკაზში ვცხოვრობდით. მერე, არეულობა რომ დაიწყო ოსებსა და ქართველებს შორის, დედაჩემმა ბინა გადმოცვალა გორში და მას შემდეგ აი, ასე წვალობდა, არაფერს გვაკლებდა“, – იხსენებს შვილი მარინე სამქანაშვილი.

ნატალია სამქანაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. შვილები ყოველ წელს ჩადიან გორში და გმირ დედას იხსენებენ, რომელსაც შრომამ ვერაფერი დააკლო და მტრის ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები