საქართველოს სამხედრო ისტორია
ბესიკ მამიაური

რიგითი

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1989 – 2008

 

ცხრამეტი წლის ბესიკი ბიჭებისთვის მიცემულ პირობას ვეღარ შეასრულებს, ჯარიდან რომ წამოვალ, შეყვარებულს წამოვიყვან და ყველას ქორწილში გეპატიჟებითო.

ის ომში დაიღუპება, რუს ინტერვენტებს ემსხვერპლა.

საცხედრეში მხოლოდ დედა შეძლებს მისი დასახიჩრებული სხეულის ამოცნობას – გულზე დაკრეფილი ხელებით...

ბესიკ მამიაური დაიბადა და გაიზარდა ახმეტაში, უფროს დასთან და უმცროს ძმასთან ერთად.

დედა: „ძალიან თბილი, ჭკვიანი და მორჩილი ბავშვი იყო, უწყინარი... სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ ბოლოს, მეთერთმეტე კლასში ისე ბეჯითად აღარ სწავლობდა... სკოლის დამთავრების შემდეგ, რუსთავში კოლეჯში ჩააბარა, საბანკო-საფინანსოზე, მაგრამ მომდევნო წელს თავი გაანება, ჩემი საქმე არ არისო და იურიდიულზე ჩააბარა მეორე წელს. პირველი კურსი არ ჰქონდა დახურული, ჯარში რომ გაიწვიეს. თვითონაც ძალიან უნდოდა ჯარში წასვლა. ყოველთვის ამბობდა, ომი თუ იქნება, აუცილებლად წავალ და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვისო... დაუზარელი და მშრომელი ბიჭი იყო, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, არდადეგებზე ყოველთვის მუშაობდა და თავისი შემოსავალი ჰქონდა, სულ პირველად რომ ხელფასი აიღო, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს და მე მომცა, იმკურნალეო... ჯარში წასვლისას ვალები დაარიგა, ვინმემ ცუდად არ შემომხედოს და ცუდი თვალი არ გამაყოლოსო...“

ბესიკ მამიაური 2008 წლის 27 მაისს წაიყვანეს ჯარში.

დედა: „წინა ღამით ბიჭებთან ერთად იქეიფა, მერე დაწოლას აპირებდა, მაგრამ ვერ ისვენებდა, თვალს ვადევნებდი. რომ ვეღარ დავინახე, საძებნად გავედი, გასასვლელთან ალუბალი გვიდგას, იქ იყო და ალუბალს ჭამდა. ვკითხე ხომ არ ნერვიულობ-მეთქი, არა, უბრალოდ, კიდევ როდის მომიწევს მე ალუბლის ჭამა არ ვიცი და ახლა შევჭამ, ჟინს მოვიკლავო. გაცილებისას მითხრა: ცრემლით არ გამაცილოო. ყველანაირად ვეცადე, რომ არ მეტირა...

სანამ ჯარში წავიდოდა, მეუბნებოდა, შემოდგომით ცოლი უნდა მოვიყვანოო. 15 წლის გოგო უყვარდა _ მარი. ვთხოვე, ჯერ ბავშვები ხართ, ისწავლე, მარიც გაიზრდება და მერე დაქორწინდით-მეთქი. ბოლოს ბიჭებისთვის უთქვამს, ჯარიდან რომ წამოვალ, მარის წამოვიყვან და ყველას ქორწილში გეპატიჟებითო.

ძალიან უყვარდა ეს გოგო, სულ მთხოვდა მარიზე ცუდი არაფერი თქვა, თუ მარიამს რამეს ვუყიდდი, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა... ჯარში წასვლამდე უნახავს მარი და უთქვამს, ჯარიდან რომ ჩამოვალ, ცოლად გამომყვები, მქონდეს იმედიო? მარის უთქვამს, როცა მეტყვი მაშინ გამოგყვები ცოლადო... ბესიკი რომ გარდაიცვალა, მარი ჩამოვიდა, სულ აქ იყო, რაც კი მქონდა მისთვის ნაყიდი, ყველაფერი გავატანე...“

ბესო ჯარში წავიდა. თავიდან ქუთაისში იყო, კარანტინის გავლის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა.

დედა: „27 მაისს რომ გავაცილეთ და წავიდა, მის მერე ვეღარ ვნახეთ ბესიკი. ყოველ შაბათ-კვირას რეკავდა. ომის პერიოდში ძალიან ჭირდა დაკავშირება, ბოლოს თავის ძმას ელაპარაკა 6 აგვისტოს, ჩემმა უმცროსმა ბიჭმა უთხრა, დედას ისე უნდა შენთან ლაპარაკი, ისე ნერვიულობს, ლამის გაგიჟდესო. ბესოს უთქვამს, დაამშვიდე დედა, ჩვენ არ გვეხება ომში წასვლაო.

7 აგვისტოს წაიყვანეს გორში, ბიჭებმა რომ იკითხეს სად მივდივართო, გორში `ტეკი~ უნდა გავამაგროთო, შემდეგ ერედვში გადაიყვანეს. და დაბომბვაც დაწყებულა... 8 აგვისტოს დაიღუპა... ოთხი ბიჭი ერთად იყვნენ, ბომბი რომ დავარდა, იმ წამს არ აფეთქებულა, ესენი წამომდგარან, მერე ამბობდნენ, ეს ბომბი ზემოთ იშლება და რომ არ ამდგარიყვნენ, არაფერი მოუვიდოდათო...

დამძიმებული მქონდა გული, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ვაბრალებდი. 9 აგვისტოს მთელმა რაიონმა იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი და მე არ მაგებინებდნენ. შემდეგ ერთმა მოხუცმა კაცმა უთხრა ჩემს მეუღლეს, ასე ამბობენ, ბესიკი დაჭრილია, გადადი გამგეობაში, იქნებ გითხრან ბესიკზე რამეო. ჩემს მეუღლეს გამგეობაში უთხრეს დაჭრილიაო... ჰოსპიტალში იყო მიყვანილი, სახე დაზიანებული ჰქონდა, სასწრაფო იყო ჩასული ახმეტიდან, არ გამოატანეს, სახელი სწორად ეწერა, მაგრამ გვარი იყო შეცდომით და ამის გამო არ ატანდნენ. 9 აგვისტოს საღამოს გვითხრეს, აღარ არის თქვენი შვილი, თქვენ უნდა წახვიდეთ და ამოიცნოთო... ჩემმა მეუღლემ რომ დაიწყო მზადება, ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, ბავშვი აღარაა ცოცხალი, შენ სახლი გაამზადეო... სახლში რა გამაჩერებდა, წავედით ჰოსპიტალში... შიგნით არ შეგვიშვეს. ჩემი მეუღლე და სიძე შევიდნენ, ბავშვს სახე ჰქონდა დამწვარი და ჩემს მეუღლეს ეჭვი ეპარებოდა, არ ვიცი ბესოა თუ არაო, ორჯერ გამოვიდა... შემდეგ პოლიციელმა მითხრა, ქალების შესვლა არ შეიძლება, მაგრამ რადგან ესენი ვერ ცნობენ, შემოდით, იქნებ თქვენ ამოიცნოთო... შევედი... გულზე ხელები ჰქონდა დაკრეფილი და ბავშვი ხელებით ვიცანი... ვთქვი, ბესოა-მეთქი და მაშინვე უკან გამომიყვანეს... საქორწილოდ გამზადებული ბიჭი, მკვდარი მოვასვენეთ სახლში...

ამბობდა, ისეთი მაგარი ადვოკატი უნდა დავდგე, ყველა ჩემთან უნდა მოდიოდესო... და ახალი გათხოვილი ჰყავდა და ამბობდა, დისშვილი რომ მეყოლება, უნდა წამოვიყვანო და მე უნდა გავზარდოო....

3 მარტს, დილით, დედის დღე არ მომილოცა, ვიფიქრე დაავიწყდა-მეთქი, მაგრამ შუადღისას მოვიდა, დედა, ნახე რა მოგიტანეო და ყვავილები მომართვა...

გეგონა, დამავიწყდა, დღეს დედის დღე რომ არისო... მპირდებოდა, დაბადების დღეზე ძალიან მაგარი ჩანთა უნდა გიყიდოო... უყვარდა საჩუქრის გაკეთება. თბილი და მხიარული ადამიანი იყო, რომ დალევდა, მაშინვე ალვანში მიდიოდა თავის დასთან...“

გიორგი პავლიაშვილი, ბესოს ბავშვობის მეგობარი: „ძმებივით ვიყავით გაზრდილები. თუ ის მოიყვანდა ცოლს პირველი, მე უნდა ვყოფილიყავი მეჯვარე, თუ მე _ ის უნდა ყოფილიყო... მარის მოტაცებასაც ვაპირებდით, მაგრამ მერე გადაიფიქრა, ამბობდა: ჯარიდან რომ ჩამოვალ, მერე მოვიყვან ცოლადო... ჯარში რომ მიდიოდა, მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ არ წამიყვანეს, 2 თვე მაკლდა 18 წლის შესრულებას. ძალიან წყნარი, მშვიდი და მეგობრული ბიჭი იყო. ყველას უყვარდა. ხშირად მივდიოდით ხოლმე სადმე და ვქეიფობდით, ვთევზაობდით. ჯარში რომ იყო, ტელეფონზე ხშირად ვსაუბრობდით, იმ დღესაც ველაპარაკე, რომ დაიღუპა, დაგვიმალა, არ გვითხრა ომში რომ იყო, არ მჯეროდა და გავეხუმრე კიდეც, კარგი ერთი, შენ რუსის ტყვია რას დაგაკლებს-მეთქი. ამბობდა, ჩვენ რუსები ვერ მოგვერევიანო... საღამოს დაგირეკავ-მეთქი ვუთხარი, მაგრამ საღამოს ვეღარ დავუკავშირდი, ტელეფონი უკვე გათიშული იყო...“

დედა: „ჩემმა უმცროსმა ბიჭმაც გადაწყვიტა კონტრაქტზე წასვლა, დაიწუნეს, და უკან გამოუშვეს, ჩვენც წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ამბობს, მირჩევნია მეც ჩემი ძმასავით სახელით მოვკვდე, ვიდრე ასე ვიაროო...“

ხათუნა მამიაური, ბესიკის და: „ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო ბესო... ხშირად ვურჩევდი, მიჯერებდა... ხან ისე არც იქცეოდა, როგორც ვარიგებდი, მაგრამ მისმენდა, არ მეპასუხებოდა. ძალიან წყნარი, თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო. ჭიანჭველას ფეხს რომ არ დააბიჯებდა, ისეთი ადამიანი იყო... სხვანაირი და-ძმობა გვქონდა... მარი რომ შეუყვარდა, სულ სხვანაირი გახდა, უფრო ლაღი და ბედნიერი იყო. პირველად მე გამაცნო შეყვარებული, მეკითხებოდა, მოგეწონაო... ალვანში ვარ გათხოვილი, ძალიან უყვარდა ჩვენთან ამოსვლა, ჩემს მეუღლესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, კარგად უგებდნენ ერთმანეთს.

ჯარში წასვლის წინა დღესაც იყო ამოსული ალვანში. ძალიან მხიარული იყო, ერთხელ არ უთქვამს, ჯარს როდის მოვიხდიო, პირიქით, სულ ამბობდა, ყველა ვაჟკაცი ჯარში უნდა იყოს ნამყოფიო... ვეხვეწებოდი, იქნებ გადაიფიქრო და აღარ წახვიდე-მეთქი, მაგრამ იღიმებოდა. ნუ გეშინია, ჯარში მივდივარ განა ომშიო... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. იმ პერიოდში გული ცუდს არ მიგრძნობდა, მაგრამ ომი, რომ დაიწყო, საშინლად ვნერვიულობდი, აღარ ვიცოდი რა მექნა... ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი, გაუჩერებლად ვრეკავდი, მაგრამ ვერავის ვუკავშირდებოდი... მისი გარდაცვალების ამბავი თავიდან დამიმალეს. მეზობელმა მითხრა: შენი ძმა ყოფილა დაჭრილიო... არ მახსოვს სახლიდან როგორ გამოვედი, მაშინვე ახმეტაში წავედი, საავადმყოფოში ვაპირებდი მისვლას... ამ დროს უკვე მის ჩამოსასვენებლად იყვნენ წასული.

სიცილით გავაცილე, მაგრამ ცრემლით მოვიყვანეთ უკან... დრო გადის და ტკივილი არ ნელდება, უფრო და უფრო მენატრება... ჩემი პატარა, გმირი ძმა...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები