საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი კიკაძე

16.01.1988 - 25.12.2012

სერჟანტი 

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მებრძოლი. დაიღუპა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში.

2012 წლის 19 დეკემბერს, ჰელმანდის პროვინციაში 24 წლის გიორგი კიკაძე თალიბებმა ტყვედ აიყვანეს... ამერიკული შენაერთები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქართველი ჯარისკაცი ექვსდღიანი ტყვეობიდან ცოცხალი დაეხსნათ, მაგრამ... როგორც ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, გიორგი ექვსდღიანი ტყვეობის შემდეგ, 25 დეკემბერს მოკლეს... ამ ამბავმა მაშინ მთელი საქართველო შეძრა...

ნინო მეყანწიშვილი, გიორგის დედა: „1988 წლის 16 იანვარს ბორჯომის რაიონის სოფელ ზანავში დაიბადა. სამი შვილი გვყავდა, გიორგი უფროსი იყო... დაუზარელი ბიჭი იყო, ბავშვობიდან ტყეში დადიოდა შეშაზე, ყველანაირად გვერდში ედგა ოჯახს. მშვიდი და წყნარი ბიჭი მყავდა... მეცხრე კლასამდე საუკეთესო მოსწავლე გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ეროვნულ გამოცდებზე ისე გავიდა, რომ არც ერთ საგანში არ მომზადებულა, თავისი ცოდნით ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხისა და მართვის აუდიტზე. მესამე კურსზე იყო, აკადემიური რომ აიღო და ჯარში წავიდა. 2009 წელს კონტრაქტს მოაწერა ხელი. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი...

ავღანეთში პირველად 2010 წლის ოქტომბერში წავიდა, ძალიან ვნერვიულობდი. სულ იმას ვეუბნებოდი, თავს გაუფრთხილდი, ძალიან ვნერვიულობ-მეთქი. მაშინ, ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ საღამოს გვირეკავდა, მამშვიდებდა, ნუ გეშინია დედა, რა გაქვს სანერვიულოო. აღტაცებული იყო თავის სამსახურით“.

ქეთინო მეყანწიშვილი, გიორგის დეიდა: „ძალიან კეთილი, მეგობრული და უანგარო ადამიანი იყო. ჩემს ხელში გაიზარდა. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით... ყველას პრობლემა გულთან ახლოს მიჰქონდა, უნდოდა, რითაც შეეძლო, დახმარებოდა. დეიდაშვილებსა და ბიძაშვილებში უფროსი იყო, ყველას მიმართ მზრუნველი და ზედ გადამკვდარი... ჩემმა შვილებმა წელს დაამთავრეს სკოლა და ეუბნებოდა, თქვენს ბოლო ზარზე აქ არ ვიქნები, მაგრამ რომ ჩამოვალ, ბანკეტზე მერე მე ვიციო... ჩემს ბიჭებს სულ იმას არიგებდა, ისწავლეთ, კაცები უნდა გამოხვიდეთო... სანამ გავთხოვდებოდი, ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდი. განსაკუთრებით უყვარდა ბებია-პაპასთან ჩამოსვლა. არ მახსოვს არც ერთი სუფრა, სადაც მასთან ერთად მოვხვედრილვარ და ომში დაღუპული ბიჭების სადღეგრძელო ფეხზე წამოდგომით არ დაელია...“

ნიკა ბერიძე, გიორგის მეგობარი: „გიო 2009 წლის თებერვალში გავიცანი. პირველად ფორმა ორივემ ერთად ჩავიცვით და იმ დღიდან ვმეგობრობდით. პირველად ავღანეთშიც ერთად წავედით 2010 წელს. შვიდი თვე ჰელმანდის პროვინციაში ვიყავით. ერთ ბაზაზე და ერთ კარავში ვცხოვრობდით...

გიორგი გამომთვლელი იყო, სპეციალური კურსები ჰქონდა გავლილი, ეს ცალკე სპეციალობაა, რომელიც მათემატიკის კარგად ცოდნასა და სხვანაირ აზროვნებას საჭიროებს. გამომთვლელის გარეშე ცეცხლს ვერ გავხსნიდით. საუკეთესო გამომვთლელი იყო ჩვენს ასეულში. ავღანეთშიც იმიტომ ჩასვეს, რომ თავისი საქმე ძალიან კარგად იცოდა. 24 წლის იყო, მაგრამ ფიზიკურად ძალიან დიდი და ძლიერი. ავღანეთში კარვის წინ პატარა სავარჯიშო მოვაწყვეთ და იქ ვვარჯიშობდით.

ბოლოს რომ წავიდა ავღანეთში, იქიდან ხშირად მირეკავდა. ჩვენ ჯარის გარეთაც კარგი ძმაკაცები ვიყავით, ოჯახებითაც ახლოს ვართ დღემდე. გიო ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყო... ახლა მისი ძმა იქნება ჩემი მეჯვარე...

ბოლოს, ავღანეთში რომ წავიდა, ერთმანეთს კვირაში ერთხელ ვეხმიანებოდით. სანამ დაიკარგებოდა, ერთი კვირით ადრე ველაპარაკე. სულ იმას მეუბნებოდა, ნეტავ ახლა აქ მყავდეო...

რომ ჩამოვიდოდა, ცოლის მოყვანას აპირებდა. ერთი გოგო მოსწონდა. მისი სამომავლო გეგმებიც ოჯახის ირგვლივ ტრიალებდა. ბევრი იყო ჩვენს გარშემო, ვინც ხელფასიდან 100 ლარს არ აძლევდა ოჯახს. გიორგი, პირიქით, ცდილობდა, ოჯახი მოეწყო, ახალი ნივთები შეეძინა... ოფიცრის კურსების გავლაც უნდოდა...“

ნინო მეყანწიშვილი, გიორგის დედა: „საერთოდ არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. პირველად რომ წავიდა ავღანეთში, მაშინ უფრო ვნერვიულობდი. ახლა რომ წავიდა, ისე არ განმიცდია. რომც არ დაერეკა, არ ვნერვიულობდი. ავღანეთში 22 ოქტომბერს გაფრინდნენ. მაისში უნდა დაბრუნებულიყო... ბოლოს კოჯრიდან გავაცილეთ... ჩემი ხელით ჩავულაგე ტანსაცმელი. ტყემალი და აჯიკაც გავატანე... იმ დილით რომ გავიდა, საღამოს დამირეკა, კოჯორში ბაზაზე ვართ და იქნებ ამოხვიდეთო. მაშინვე წავედით. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ, 12 საათზე აეროპორტში უნდა წასულიყვნენ და დაუძახეს: კიკაძე, ბაზაზე დაბრუნდიო... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. გამოგვემშვიდობა და უკან შებრუნდა. სანამ წავიდოდა, ნოუთბუქი იყიდა, იქიდან სკაიპით დაგირეკავთო... ავღანეთში იმ ბაზაზე ინტერნეტის პრობლემა ჰქონდათ, ხშირად ვერ ვეკონტაქტებოდით... ძირითადად ტელეფონზე ვუკავშირდებოდით... ბოლოს 18 დეკემბერს ველაპარაკე... ჩვეულებრივ მოვიკითხეთ ერთმანეთი. ნურაფერზე ინერვიულებ, მე კარგად ვარო... მითხრა, ერთ კვირაში ინტერნეტს გაგვიკეთებენ და „სკაიპით“ დამირეკეთო... ტელეფონზე ანგარიში გამითავდა და „ესემესი“ მომწერა, „ნინო, არ ინერვიულო, მე კარგად ვიქნებიო“... იმ დღეს, ხუთ საათზე, ტელეფონით მზის ჩასვლა გადაუღია, ბაზაზე შებრუნებულა და ტელეფონი დარჩენია. მერე ისევ გასულა გარეთ და 6 საათის შემდეგ დაიკარგა... ექვსი დღე თალიბების ტყვე იყო ჩემი მთასავით ბიჭი... 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ და გაგვაგებინეს ეს ამბავი... დაგვაიმედეს, თალიბები, როცა ვინმეს იჭერენ, მაშინვე კლავენო, გიორგი ცოცხალია, არაფერზე არ ინერვიულოთო. ამერიკელ გენერალს ველაპარაკეთ და გვითხრა, ცოცხალია, ერთი თმის ღერიც არ აქვს ჩამოვარდნილიო... ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიხსნან, იციან, სადაც ჰყავთ, მაგრამ ოპერაციას ვერ ახორციელებენო... სამინისტროდან ყოველდღე მოდიოდნენ და ახალ ინფორმაციებს გვაწვდიდნენ. დიდი იმედი გვქონდა, რომ ცოცხალი დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ... როგორც ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, ჩემი შვილი 25 დეკემბერს მოკლეს... ნაწამები არ იყო, თავში ჰქონდა ერთი ტყვია მოხვედრილი... 29 დეკემბერს ჩამოასვენეს. პირველ იანვარს სახლში მოასვენეს... მისი ნივთები რომ ჩამოიტანეს, ძალიან ბევრი რაღაც ჰქონდა ნაყიდი თავისი ძმებისთვის... ახალი აღთქმა და ლოცვანიც ვნახეთ მის ნივთებში...“

ქეთინო მეყანწიშვილი, გიორგი კიკაძის დეიდა: „ავღანეთში წასვლამდე ჩემთან გამოვიდა გამოსამშვიდობებლად. იმ დღეს ვიქეიფეთ და წასვლის წინ მითხრა, იქიდან თუ ცოცხალი ჩამოვედი, მერე მე ვიცი, შენს შვილებს, როგორ სიურპრიზს გავუკეთებო. გავუბრაზდი, რას ჰქვია, ცოცხალი თუ ჩამოხვედი, შენ კარგად იყავი და მე შენი არაფერი მინდა-მეთქი. მერე სოფელში წავიდა პაპა-ბებიას სანახავად, იქაც ასე უთქვამს, თუ იქიდან ცოცხალი ჩამოვედი, ყველაფერი კარგად იქნებაო... არ ვიცი, ალბათ, რაღაცას გრძნობდა... როგორც ვიცი, სამეგობროშიც ჰქონდა იგივე ნათქვამი. პირველად რომ მიდიოდა ავღანეთში, ასეთი რამ არ უთქვამს... ძალიან უყვარდა თავისი სამსახური, ყველგან ჯარზე ლაპარაკობდა...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები