საქართველოს სამხედრო ისტორია
ბადრი ჯიოშვილი

პოლიციის რიგითი

1978-2008

 

ბადრი ჯიოშვილი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, სამაჩაბლოში ომი რომ ატყდა პირველად, მომდევნო წლებში, 17-18 წლისა, ავადმყოფი მამის მაგივრად იარაღასხმული ხშირად იდგა პოსტზე თანასოფლელებთან ერთად და მშობლიურ ქურთას და მშვიდობიან მოსახლეობას იცავდა ოკუპანტის აგრესიისგან.

იბრძოდა აგვისტოს ომშიც და მოგვიანებით სწორედ ამ ომმა შეიწირა მისი სიცოცხლე...

ბადრი ჯიოშვილი 1978 წლის 19 სექტემბერს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ქურთაში დაიბადა.

მაშო ჯიოშვილი, დედა: „ცხინვალის სამშობიაროში შემეძინა, უფროსი – გოგონა ხუთი თვისა დაგვეღუპა და რეალურად ბადრი იყო ჩვენთვის უფროსი შვილი. ძალიან კარგი ბავშვი იყო, ძალიან ცელქი...“

უმცროსი და გაიხსენებს მასზე უფროსი, დღეს უკვე გმირი ძმის ცელქობას ბავშვობისას, გაიხსენებს იმას, თუ როგორ გადმოაგდო ძმამ საქანელიდან აიწონა-დაიწონას თამაშისას და როგორ მოსტყდა ხელი, როგორ შეეშინდა მაშინ 11 წლის ბადრის, როდესაც ხელმოტეხილი დაიკო ნახა და თავადაც მორთო ტირილი... და დღეს უკვე სევდით გაიხსენებს იმას, თუ როგორ აბრაზებდა ძმას ბავშვობაში.

დედა გაიხსენებს, როგორ მიაბარა სკოლაში 6 წლის ცელქი ბადრი, გაიხსენებს, როგორ ბეჯითად სწავლობდა თავიდან და შემდეგ ნელ-ნელა როგორ გაცუღლუტდა...

არასრული საშუალო განათლება მიიღო, 9 კლასის დამთავრების შემდეგ სკოლიდან გამოვიდა. დედა იტყვის, რომ მისი ვაჟი ამ დროს უკვე შრომაში იყო ჩაბმული. შრომობდა სოფლად, არც ოჯახის მოწეული მოსავლის გაყიდვა ეთაკილებოდა. ფხიანი, ცოცხალი ბიჭი ყოფილა. დაუზარელი.

დაქვრივებული მეუღლე ამაყად იტყვის, რომ მის მეუღლეს ძალიან კარგი სახელი აქვს სოფელში...

დედა: „ქურთაში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, მასზე ცუდს ვერავინ გეტყვით. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მეცხრე კლასიდან გამოვიყვანეთ სკოლიდან, ძალიან უყვარდა ისტორია, საბუნებისმეტყველო საგნები, მაგრამ გვიჭირდა და ხელი ვერ შევუწყვეთ... ვაჭრობას მიჰყო ხელი. არაფერს არ თაკილობდა, ყველანაირად მხარში გვედგა... თავიდან ბენზინის გამყიდველად დაიწყო მუშაობა, მერე ხილზე და ხან რაზე და ხან რაზე... ერთი წუთი არ გაჩერებულა უსაქმურად, მთელი ცხოვრება პატიოსან შრომაში გაატარა... 19 წლის სამხედრო სავალდებულოში წავიდა...“

ბადრი ჯიოშვილი წელიწადნახევარი მსახურობდა ისანში, სავალდებულოს მოხდის შემდეგ _ შინაგან ჯარში, სპეცნაზში დაიწყო სამსახური.

მეუღლე: ‘ბადრის ძალიან უნდოდა სპეცნაზში შესვლა, მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ თვითონ ძალიან მოწადინებული იყო. კონფლიქტის ზონაში გაიზარდა, ომის პერიოდში და საბრძოლო ჟინი ჰქონდა“.

დედა: „ძალიან მამაცი ბიჭი იყო, უნდოდა, რომ გამოეჩინა თავისი მამაცობა, ბევრჯერ მითქვამს, დედი, დაანებე ამ საქმეს თავი და სხვა სამსახური ნახე-მეთქი, მაგრამ ცოცხალი თავით არ დაანება, გმირულად შესწირა თავი სამშობლოს...“

29 წლის იყო ბადრი ჯიოშვილი თავისი მომავალი მეუღლე რომ გაიცნო _ სოფელში ბებიასთან სტუმრად ჩასული 18 წლის თბილისელი გოგონა.

მეუღლე: „სულ ერთი კვირა ვიცნობდით ერთმანეთს და ამ ერთ კვირაში მოხდა ჩვენი შეუღლებაც...“

დედა: „არაფერს მიმალავდა, ყველაფერს მიყვებოდა. ვერც ფარავდა, ძალიან შეყვარებული იყო, ძალიან ბედნიერი... როცა გაიგო, რომ მამა უნდა გამხდარიყო, მის სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თან ექოსკოპიაზე გვითხრეს: ბიჭიაო და ძალიან გახარებული იყო, მართალია სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ბიჭი განსაკუთრებით უნდოდა. პირველი შვილი გოგო დაიბადა... ბავშვს მარი დაარქვა, სოფელში რომ ჩამოვიდა, მითხრა: დედი არ გეწყინოს მარი დავარქვითო. რა სისულელეა დედი, შენ რაც გინდა ის უნდა დაარქვა-მეთქი...“

მეუღლე: „ექოსკოპიაზე რომ გვითხრეს, ბიჭიაო, სულ ჯიბით დაჰქონდა გახარებულს ექოსკოპიის პასუხები... გოგო რომ გაჩნდა, ნაწყენი ამბობდა, ჩემი შვილი არ იქნება, შემიცვლიდნენო...“

ბადრი ნანატრი ბიჭის დაბადებას ვერ მოესწრო...

დედა: „ბიჭი რომ დაიბადა, დედა მოუკვდეს, თვითონ ცოცხალი უკვე აღარ იყო. თვითონ უნდოდა, რომ გიორგი დაერქმია ბიჭისთვის, მაგრამ ის რომ აღარ იყო, მის შვილს მისი სახელი დავარქვით, ნათლობის სახელი ბავშვს გიორგი აქვს...“

აგვისტოს ომი ბადრიმ მშვიდობით მოიარა.

მეუღლე: „ომის დროს სად იყო და სად იბრძოდა, ჩვენ არ ვიცოდით, 8 აგვისტოს დილით დამირეკა და მითხრა: რუსები დაგვესხნენ თავს და მივდივარო, ხეობაში დავრჩი თოთო ბავშვთან და მოხუც დედამთილ-მამამთილთან ერთად. ომის დროს თვითონ სულ ორჯერ დარეკა, ძლივს ვუკავშირდებოდი და მაშინაც რომ ვკითხავდი, სად ხარ-მეთქი, მეუბნებოდა, მინდორში ვარ შენთვის რა მნიშვნელობა აქვსო. დვანშიც იდგნენ, ერგნეთშიც, ატენშიც, თითქმის ყველა საგუშაგოზე.

ყველაფერმა რომ გადაიარა და თავი სამშვიდობოს მეგონა, მაშინ დაგვატყდა ეს უბედურება...“

ბადრი ჯიოშვილი ბოლოს შინიდან 27 მარტს გავიდა. იმ დილით ბავშვს ადრე გაუღვიძებია მამა...

მეუღლე: „მარის ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია... ბადრი ბავშვს ეთამაშებოდა. სახლიდან რომ გადიოდა ბავშვმა ტირილით სამჯერ შემოაბრუნა...

30 მარტს უნდა მოსულიყო სახლში. 29 მარტს გარდაიცვალა... პოსტიდან მისი გასვლა არ იყო, სხვა დაუტოვებია პოსტზე და თვითონ გავიდა იმ ადგილას შესამოწმებლად.

დვანში შემოვლას აწარმოებდნენ, მძღოლის მხარეს იჯდა, მანქანამ ნაღმს გადაუარა... შვიდი ბიჭი დაიჭრა, ჩემი მეუღლე დაიღუპა, მაგრამ მისმა დაღუპვამ გადაარჩინა დანარჩენები. მძღოლს რომ მოხვედროდა, ყველანი დაიღუპებოდნენ. ჰოსპიტლამდე გაძლო, წყალს ითხოვდა თურმე... გამთენიისას ტელეფონზე თანხის ჩარიცხვა მთხოვა, ჩავურიცხე, რომ არ გადმორეკა და დილით ბავშვი არ მოიკითხა, დავურეკე, გადიოდა და არ მპასუხობდა. ამ დროს დაჭრილი ყოფილა უკვე... ტელეფონი რომ ამოიღო და ეკრანზე „სიცოცხლე“ დაეწერა, ტირილი დაიწყოო, ბიჭებმა მითხრეს, მერე ბიჭებს საერთოდ გაუთიშავთ ტელეფონი...

ცოტა ხანში ახლობელმა შემატყობინა, ასეთი ამბავი მოხდა, გვარად ჯიოშვილია დაჭრილიო. ჰოსპიტალში რომ მივდიოდი, ვგრძნობდი რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ცოცხალი... ფეხმძიმედ ვიყავი და მე მიმალავდნენ...

მანქანაში რომ ჯდებოდა, ბიჭებისთვის უთქვამს: მე თუ რამე მომივა, ცოლ-შვილს მიმიხედეთო. თან ასჯერ მაინც უთქვამს ეს ბიჭებისთვის...“

ბადრი რომ უკვე დაღუპული იყო, მაშო ჯიოშვილს ნათესავი ესტუმრა. ბადრის დედა სტუმარს მხიარულად შეხვდა, შინ ეპატიჟებოდა, სტუმრად მოსული ნათესავი უკან გაბრუნდა. დედა სახტად დარჩა.

დედა: „სტუმრად მოსულ ჩემს მაზლს ტირილი აუვარდა, ბოლოს თქვა: ბადრი დაჭრილიაო... უცებ, მეზობლები შემოვიდნენ ოთახის დალაგება დაიწყეს... ტახტი რომ შემოიტანეს, მივხვდი, შვილი აღარ მყავდა...

დედა მოუკვდეს, მთელი ბავშვობა გაჭირვებაში გაატარა, სულ იმაზე ოცნებობდა, როდის გავიზრდები, რომ სახლი კარგად გავაკეთოო, გაიზარდა და ეს ოცნებაც შეისრულა, თავისი პატიოსანი შრომით ბევრს მიაღწია. თავისი სიკარგით და საქციელით გვახარებდა...

ორი წელი გავიდა ამ უბედურებიდან. მის გარეშე ცხოვრება ძალიან გვიჭირს. ახლა მარტო შვილიშვილები მატანინებენ მის არყოფნას... ორივე შვილი ძალიან ჰგავს ფიზიკურად. გოგოს ახსოვს მამა... ბავშვები მამას ახლა მარტო ფოტოზე უყურებენ... გამწარებული დედა ვარ, მაგრამ გმირი შვილი მყავს და ამით ვამაყობ. განგებამ ასე მოინდომა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო....“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები