საქართველოს სამხედრო ისტორია
ზურაბ ჯეჯელავა

კაპრალი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1974-2008

ზურაბ ჯეჯელავა აგვისტოს ომში იბრძოდა და ეს მოგვიანებით, მხოლოდ მისი დაღუპვის შემდეგ გაიგეს ოჯახის წევრებმა. თავისი მშობლიური აფხაზეთის სიახლოვეს, სოფელ ფახულანში შეიწირა მტრის ტყვიამ...

17-18 წლის იყო აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, უიარაღოდ, იარაღიანი ბიჭების გვერდით იდგა მშობლიური გაგრის სადარაჯოზე. გაგრის დაცემის შემდეგ ტყვიების ზუზუნის ქვეშ დატოვა მშობლიური გაგრა, მაგრამ მოგვიანებით გაგრის ბატალიონში შევიდა, შევიდა იმ დიდი იმედით, რომ გაგრას დაიბრუნებდა... მას შემდეგ სამშობლოს ემსახურებოდა, აგვისტოს ომის დროსაც ჰქონდა იმედი, რომ საქართველო ცხინვალის შემდეგ, გაგრას, სოხუმს შემოიმტკიცებდა... ოცნებობდა, რომ ეყოლებოდა ვაჟი და საქართველოს ჯარისკაცად გაზრდიდა, მაგრამ...

დაიღუპა 34 წლის... რუსულ ინტერვენციას შეეწირა მისი სიცოცხლე.

ზურაბ ჯეჯელავა 1974 წლის 11 აგვისტოს, გაგრაში დაიბადა. მშობლებისთვის მესამე შვილი იყო – ნანატრი ვაჟი, ორი ქალიშვილის შემდეგ.

ძალიან მორცხვი და მოსიყვარულე ბავშვი ყოფილა, ბავშვობა გაგრაში გაატარა, ბარათაშვილის ქუჩაზე იზრდებოდა, მანდარინების ვეება ბაღში ჩაფლულ ორსართულიან სახლში 2 დასთან და ორ ბიძაშვილთან ერთად.

ცისანა ჯეჯელავა, დედა: „წყნარი, წესიერი, დამჯერი ბიჭი იყო, მშობლების მოსიყვარულე... თვალებში შემომყურებდა რომ გაეგო, რა მსიამოვნებდა და რა არა.... 13 წლის იყო მამა რომ დაეღუპა, გვერდში მედგა როგორც ვაჟკაცი კაცი, სამ ობოლს ვზრდიდი...

მალე ჩემი მაზლიც დაიღუპა, მას ორი შვილი დარჩა, ჩემმა დედამთილმა ომის დაწყებამდე სამი შვილი დაკარგა. ერთ ეზოში 5 ბავშვი იზრდებოდა ერთმანეთის სიყვარულით. ზურიკომ სკოლა დაამთავრა და აირია კიდეც სიტუაცია. ზურას იარაღი არ სჭერია ხელში, არ ჰქონდა, მაგრამ თავის ბიძაშვილთან ერთად, იმათ გვერდში იდგა, ვისაც იარაღი ჰქონდა და ქალაქს რუსისგან იცავდა. გაგრა რომ დაეცა, ჩემი სიძე, ჩემი ქალიშვილის ქმარი ჩამოვიდა მანქანით ლესელიძიდან, ჩასხა ეს ბავშვები მანქანაში და გააქანა გაგრიდან, მიქროდნენ და ტყვია ტყვიაზე მისდევდათ, ისეთი სისწრაფით მიქროდნენ ლესელიძეში მანქანას ცეცხლი წაეკიდა... მე, ჩემი მაზლისცოლი და დედამთილი გაგრაში დავრჩით. ერთი წელი იქ ვიყავი, ჩვენმა თვალებმა ბევრი რამ ნახა, ბევრი გაჭირვება და შიმშილი ავიტანეთ.

არც ვიცოდით ჩვენი შვილები სად იყვნენ, ტელეფონი არ იყო და არაფერი ვიცოდით. ჩვენ ვიყავით ჩარჩენილი ტყვეები და ველოდით დახმარებას, მაგრამ ხსნა არსაიდან იყო, არ ვიცოდით სად იყვნენ, მერე გავიგეთ რომ თბილისში ჩასულან, ლესელიძეც რომ დაიკარგა ადლერში გადასულან, იქიდან თვითმფრინავით წამოუყვანიათ თბილისში, თბილისში ჩამოსულმა ბავშვებმა არ იცოდნენ სად წასულიყვნენ, წასასვლელი არსად ჰქონდათ, მერე ჩემი სიძის და იყო გათხოვილი მცხეთაში და მან წაიყვანა და შეიფარა 3-4 თვე 30 სული...

მერე მე და ჩემმა მაზლისცოლმა მოვილაპარაკეთ, ის გაგრაში დარჩა დედამთილთან, მე თბილისში წამოვედი ბავშვების საძებნად, ძლივს გამოვაღწიე იქიდან, ძლივს მივაგენი ბავშვებს სასტუმრო „ბახტრიონში...“

მის მამაპაპეულ სახლში დღეს აფხაზები ცხოვრობენ... ზურას მეუღლე იტყვის, რომ ამ ფაქტს ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდა მისი მეუღლე, რომ მას ნატვრად ჰქონდა – აფხაზეთში დაბრუნება.

დევნის მწარე ხვედრმა დაღი დაასვა მთელ მის ცხოვრებას. ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ დამთავრება ვეღარ მოახერხა. ჯარში შევიდა, მსახურობდა გაგრის ბატალიონში _ თბილისში. ამ ბატალიონის დაშლის შემდეგ, პირად დაცვაშიც მსახურობდა თბილისში, შემდეგ ზუგდიდში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე სამმართველოში.

დედა გაიხსენებს, რომ მისი ვაჟი მიდიოდა ყველგან, ყველა რთულ ოპერაციაზე. გაიხსენებს, როგორ გადაურჩა ბეწვზე სიკვდილს აგვისტოს ომამდე ზუსტად ათი წლით ადრე...

დედა: „1998 წელს, გალის მოვლენებისას, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ბევრი ბიჭი დაიღუპა მაშინ. მე მეუბნებოდა, მამშვიდებდა ზუგდიდში ვარო და თურმე გალში ყოფილა. ჩემი გოგო განერვიულებული მოვარდა ერთ დღეს, დედა, დედა, ჩართე ტელევიზორი, ზურა გამოყავთ ალყიდანო... გალიდან გამოყავდათ კარიდორით. აფხაზებს ჰყავდათ ალყაში, მერე მადლობა უფალს, ამ ალყას ქართველებმა შემოარტყეს ალყა და კარიდორით გამოიყვანეს ძლივს...“

ზურაბ ჯეჯელავამ თავისი მომავალი მეუღლე, რიტა არქანია ზუგდიდში გაიცნო.

რიტა არქანია: „ნათესავთან ვიყავი ზუგდიდში, ჩემი ტელეფონით ჩემმა ნათესავმა ბიჭმა თავის თანამშრომელს დაურეკა. ეს თანამშრომელი ზურა იყო. ჩემი ნათესავი რომ სამსახურში მისულა, ზურას უკითხავს, ვისი ნომრით დამირეკეო. ჩემს ნათესავს უთქვამს, ნათესავი სტუდენტი გოგოა ჩვენთან სტუმრადო. ამის შემდეგ დამირეკა და შევხვდით ერთმანეთს... პირველ რიგში თავის ხასიათით მომხიბლა, ძალიან თბილი იყო, ძალიან თავაზიანი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე ადამიანი... პირველად ნახვის შემდეგ ორი თვე არ მინახავს, კოდორში წაიყვანეს, მაგრამ სულ მირეკავდა, დღე არ გავიდოდა, რომ არ დაერეკა, არ მოვეკითხე, შემდეგ ისევ მნახა, ყურადღებას არ მაკლებდა, საზღვარზე იდგა და ცვლა რომ იცვლებოდა, უფროსს დაეთხოვებოდა და პატარა შანსს ხელიდან არ უშვებდა, რომ მოსულიყო და ვენახე...

წელიწადი და შვიდი თვე ვიყავით შეყვარებულები. ძალიან მოსიყვარულე და თბილი შეყვარებული იყო... როცა მეგონა რომ პოსტზე იყო, გავაღებდი კარს და ჩემს სანახავად იყო მოსული... მითხრა: ცოლად გამომყევიო. გავყევი, გზაზე ვიყავით დედამისს რომ დაურეკა - ცოლი მოვიყვანეო.... დედა უყვარდა სიგიჟემდე, სულ მეუბნებოდა, ჯერ დედა და მერე შენ. მიხაროდა, რომ ასე აფასებდა დედას, დედა თავის ადგილზე ჰყავდა და ცოლი თავის ადგილზე და და თავის ადგილზე _ ყველას გვაქცევდა ყურადღებას, ყველას პატივს გვცემდა, გვაფასებდა... თავის ბავშვობის მეგობართან ერთად რომ დაჯდებოდა და იხსენებდნენ ბავშვობას, ან დედა რომ იხსენებდა, ჩანდა რომ ბავშვობაში მორიდებული იყო, ამავე დროს ეშმაკიც...

თვეში სამი დღით ჩამოდიოდა, სულ საზღვარზე იყო, ხშირად ჩავდიოდი ზუგდიდში მის სანახავდ...“

ზურაბ ჯეჯელავა აგვისტოს ომში იბრძოდა, მაგრამ ეს ფაქტი, ცოლმა, დედამ, დებმა მხოლოდ მოგვიანებით, მისი დაღუპვის შემდეგ შეიტყვეს.

რიტა არქანია, მეუღლე: „ომში იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით. აგვისტოში ხუთდღიანი შვებულება ეკუთვნოდა, მითხრა: ყაზარმულზე ვართო. სულ 10 წუთით შემოირბინა ზუგდიდში ბიძასთან. 8 აგვისტოს რომ დამირეკა, დამამშვიდა, ნუ გეშინია ომში არ მივდივარ, ხაშურში უნდა ვიდგეთო. როცა ვრეკავდი სულ მაგას მეუბნებოდა, ხაშურში ვარო. ამ დროს ომში ყოფილა... გარდაცვალების მერე გავიგეთ, რომ ომში ყოფილა, მეტყვიამფრქვევე იყო, კობრა მანქანაზე იჯდა. ომის მერეც ორი თვე არ ჩამოსულა სახლში. ვგრძნობდი, რომ რაღაცას მატყუებდა, რომ ხაშურში არ მდგარა... დედამისს ვუმალავდით... ომი მშვიდობით მოიარა...“

ბოლოს სამი დღით იყო ჩამოსული, ძმაკაცები ურეკავდნენ, მონატრებული ჰყავდათ, მაგრამ სახლიდან არ გადიოდა, ვკითხე, რატომ არ გადიხარ-მეთქი და სახლში მინდა ვიყო შენს გვერდითო. ბოლოს, ძალიან თბილი გახდა, ძალიან შეიცვალა. ერთ ღამეს არ ვიცი რა ნახა სიზმრად, წამოხტა, მეგობრის სახელი დაიძახა და ეკითხებოდა საზღვარზე ხომ მშვიდობააო...

ზუგდიდში წავედით, მე ჩემი ძმის ქორწილში უნდა წავსულიყავი გალში, ზურა სამსახურში მიდიოდა. თბილი ადამიანი იყო, მაგრამ ამ სითბოს გამოხატვა ძალიან უჭირდა, იმ დღეს კი მთელი გზა მეფერებოდა და ძალიან მიკვირდა. დილით დამემშვიდობა, გავიდა სახლიდან. გალში წასვლამდე ეკლესიაში წავედი, გზაზე მიმავალი დამინახა, მანქანა გააჩერებინა, გადმოვიდა მაკოცა და წავიდა.... ბოლოს მაშინ ვნახე...

15 ნოემბერს 10 ქართველი წაიყვანეს ტყვედ აფხაზეთში. ხალხი სამძიმარზე მიდიოდა და ტყვედ წაუყვანიათ. გამოიძახეს ზურა. თან ახლდა 20 ჯარისკაცი, ზურას უთქვამს, თქვენ პატარები ხართ, გამოუცდელები, მე დავხედავ, ვნახავ რა ხდებაო. წასულა და სნაიპერსაც უსვრია... მთელ სხეულში ჰქონდა ის ტყვია გასული.... სოფელ ფახულანში ბლოგსაგუშაგოზე მოხდა ეს უბედურება... იმ დღისით, დილით დავურეკე, მითხრა: წუხელ ვპატრულირებდი და გამაღვიძე, რა მოგივიდაო. თვითონ აღარ დაურეკავს იმ დღეს, ვფიქრობდი, ალბათ, პატრულირებს და ამიტომ არ მირეკავს-მეთქი.... ზურას ბიძაშვილმა დამირეკა და მითხრა: ზურა დაჭრილიაო. ზუგდიდში რომ ჩამოვედი უკვე გარდაცვლილი დამხვდა... 34 წლის იყო რომ დაიღუპა.... ძნელია მის გარეშე ცხოვრება... შვილზე ოცნებობდა, უნდოდა ბიჭი გვყოლოდა, ამბობდა, ჯარისკაცად უნდა გავზარდოო...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები