საქართველოს სამხედრო ისტორია
მამუკა კახნიაშვილი
მამუკა კახნიაშვილი

პოლიციის რიგითი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

მამუკა კახნიაშვილი ცხინვალში იბრძოდა, აგვისტოს ომს გადაურჩა, მაგრამ რუსმა ოკუპანტმა დაგვიანებული ტყვია დააწია.

2009 წლის 16 იანვარს, კნოლევის საგუშაგოზე გამოსულს სნაიპერმა ესროლა...

მამუკა კახნიაშვილი 1982 წლის 18 იანვარს დაიბადა კეხვში. 13 წლისაც არ იყო, თვალწინ რომ მოუკლეს ძმა – 15 წლის დათუნა.

დედა: „დათუნა ახლა 31 წლის უნდა ყოფილიყო... 1994 წელი იყო, მხედრიონის პერიოდი, კეხვიდან ჩემს მულთან გვერდზე სოფელში მივდიოდით, საგუშაგო უნდა გაგვევლო, ჩემი მულის ქმარს ერთ-ერთთან უსიამოვნება მოსვლია, იმას მანქანა დაუმახსოვრებია და გადაუწყვეტია რომ ამოივლიდა ესროდა... ჩვენ მივდიოდით ჩემი მულის ქმრის მანქანით, საგუშაგოს რომ მივუახლოვდით, მოგვესმა ეუბნებოდნენ, ის არაა, არ ესროლოო... მაინც ისროლა, ჩემს ქმარს ყურში მოხვდა, ყურიდან წავიდა ტყვია და უკან 15 წლის ბავშვს თავის ქალა ახადა... იქვე ლიახვი ჩამოდიოდა და რომ დავინახე ჩემი მკვდარი შვილი, წყალში ვხტებოდი... ამ ყველაფერს მამუკაც შეესწრო... შვილის სიკვდილის შემდეგ ჩემს მეუღლეს ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა. ოჯახის პატრონობა მთლიანად მამუკამ აიღო თავის თავზე. მამუკა გულჩათხრობილი და მეტისმეტად სერიოზული ბავშვი იყო. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით მათემატიკა ეხერხებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გორის უნივერსიტეტში ჩააბარა, სამართლისა და ისტორიის ფაკულტეტზე. თავიდანვე ძალიან უნდოდა პოლიციის აკადემიაში სწავლა, ან ჯარში წასვლა და უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სპეცნაზში შევიდა. განყოფილების უფროსი ინსპექტორი იყო. 14–კაციანი ჯგუფი ჰყავდა ჩაბარებული, მუდამ მზადყოფნაში იყვნენ. დაახლოებით ხუთი წელი იმუშავა ამ სამსახურში, ძირითადად საზღვრებზე იდგნენ, მერე მათი სამსახური დაიშალა, თითქოს გული მიგრძნობდა, ვეხვეწებოდი, რომ თავი გაენებებინა, მაგრამ არ დაიშალა, თავი აღიდგინა გორის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში. მე დეზერტირის სახელით ვერ ვიცხოვრებ და მაგას ნუ მთხოვო...

სიტუაცია რომ დაიძაბა, დამირეკა, სოფლიდან წადი, გიორგი (უმცროსი ძმა) გაიყვანეო. მოვატყუე, სხვა ბავშვებიც არიან უბანში-მეთქი, არადა გიორგის მეტი აღარავინ იყო. ძალიან მეშინოდა ვერ ვტოვებდი იქაურობას. მერე მოვიდა და რომ ნახა, უბანში არავინ იყო, მისაყვედურა. მერე რეკავდა მამოწმებდა გავიყვანე თუ არა, მართლა გავიყვანე. კეხვის დაბომბვა რომ დაიწყეს რამდენჯერმე დამირეკა წადი სადმეო... მთელი ღამე იბომბებოდა სოფელი. ომის დროს ტყეში იყო და თავის ჯგუფთან ერთად იბრძოდა. ომის მერე აკვირდებოდნენ როგორ დათარეშობდნენ რუსები.

დედაჩემს კეხვი არ დაუტოვებია, 18 ოქტომბერს გამოვიყვანეთ წითელი ჯვრის მეშვეობით. კეხვში რომ იყო იმედი ჰქონდა, სახლს ინახავდა, დაბრუნების იმედი ჰქონდა... მამუკაც ძალიან იმედიანად იყო, მე აღარაფრის იმედი არ მქონდა და სულ მიჯავრდებოდა, აი ნახე მალე დავბრუნდებითო. მდინარე თავის კალაპოტს არასდროს არ დაკარგავს, როცა იქნება მაინც თავის კალაპოტს დაუბრუნდებაო“.

მამუკა კახნიაშვილს სამსახურმა სახლი უყიდა, არემონტებდა, სულმოუთქმელად ელოდებოდა ახალ სახლში გადასვლას, მაგრამ...

2009 წლის 16 იანვარს, დილით, კნოლევში, პოლიციის საგუშაგოსთან სნაიპერმა მოკლა.

2 დღეში 28 წლის უნდა გამხდარიყო.

დედა: „ბოლოს 14 იანვარს ველაპარაკე ღამით, ძველით ახალი წელი მოგვილოცა, თავის პატარა ძმას უთხრა, აბა, შენ იცი, ახლა შენ ხარ კაცი და არ შემარცხვინოო... შეყვარებული ჰყავდა.

16 იანვარს იმას ემესიჯებოდა, იმ გოგონამ მითხრა, რომ მივწერე და პასუხი აღარ მომივიდა, დავურეკე და უკვე გათიშული ჰქონდაო...

ყოველ დილას ვურეკავდი ხოლმე, რატომღაც იმ დილას არ დავურეკე. ახლაც არ ვპატიობ ამას ჩემს თავს... იმ დღეს ხელფასი ავიღე, 18 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა, მინდოდა სუფრა დამეხვედრებინა და გორის ბაზარში წავედი. ბაზარში შესვლა მოვასწარი და დედაჩემმა დამირეკა, ტელევიზიით გამოუცხადებიათ და ზუსტად იცოდა უკვე, მაგრამ მაინც დამიმალა. ვიღაცები დაიჭრნენ და მამუკა სად არისო... მაშინვე ჩემს დასთან მივედი და ტელევიზორი ჩავრთე, მაგრამ საინფორმაციოები აღარ იყო. ხატებთან მუხლებზე დავეცი და ვლოცულობდი. ცოტა ხანში მოასვენეს კიდეც. გულმკერდის არეში იყო დაჭრილი... პირველი შვილი რომ დამეღუპა, რაღაც შინაგანი ხმა ჩამჩიჩინებდა, უნდა გააჩინო ხელმეორედ უნდა გაზარდოო. ვფიქრობდი ვგიჟდები-მეთქი. ამის მერე გავაჩინე მესამე შვილი გიორგი. ისეთი თბილი ბავშვია, ამან გადამატანინა. ყოველთვის ვამბობდი, რომ დათუნას სანაცვლოდ გამჩენმა გიორგი მომცა, რომ ტკივილი გადამეტანა-მეთქი, მაგრამ თურმე ორივე შვილის სანაცვლოდ... ახლა გიორგისთან ერთად ვცხოვრობ იმ ბინაში, რომელიც მამუკას მისცეს...

ვმუშაობ იქ, სადაც ჩემი შვილი მუშაობდა. გორის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოში. მზარეული ვარ. ბიჭები რომ შემოდიან, თითქოს ყველაში ჩემს შვილს ვხედავ. მინდა, რომ ყველას რაღაცით ვცე პატივი...“

 

მადონა ეცადაშვილი, მამუკას დეიდაშვილი: „ძალიან მზრუნველი ადამიანი იყო. უზომოდ მზრუნველი, ყოველთვის გვერდში გვედგა ძმასავით.

ყველანაირად გვეხმარებოდა, ფიზიკურადაც, სულიერადაც. სამი წლის ვიყავი, მამა რომ დაიღუპა, ობლად ვიზრდებოდით... ყველანაირად ცდილობდა და-ძმასავით მხარში გვდგომოდა მე და ჩემს დას... თუ კი რამე შეეძლო ეკონომიურადაც ძალიან გვეხმარებოდა. არ არსებობდა რამე გვეთხოვა და უარი ეთქვა. თვითონაც ძალიან უყვარდა სიურპრიზების კეთება. ბევრჯერ გაუკეთებია საჩუქარი ჩვენთვის. კარგი ადამიანი იყო პიროვნულად, თავშეკავებული, დინჯი, გაწონასწორებული. შეყვარებული მამუკა ყოველთვის გულჩათხრობილი იყო, უფრო მეტად დადინჯებული და დასერიოზულებული. როცა ჩვენთან იყო ხოლმე ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს მომავალზე, თავისი და ჩვენი მომავალი ძალიან ლამაზად ჰქონდა წარმოდგენილი. ამბობდა, რომ ყველას ბედნიერი მომავალი და კარგი ოჯახები გვექნებოდა, მაგრამ... პირველ რიგში უნდა შეექმნა ისეთი ეკონომიური ოჯახური მდგომარეობა, რომ დაოჯახებულიყო. ერთი სული ჰქონდა ბინას როდის გაარემონტებდა და როდის შევიდოდა საცხოვრებლად. მერე უნდა დაოჯახებულიყო, შვილები ჰყოლოდა. როგორც ყველა ნამდვილი ქართველი მამაკაცი, ქართულ ოჯახზე ოცნებობდა. ცდილობდა, რომ ამისთვის ყველაფერი გაეკეთებინა და თავისი მომავალი მეუღლისთვის უზრუნველი ცხოვრება შეექმნა. განსაკუთრებულად უყვარდა ჩემი შემწვარი კარტოფილი და როცა ჩვენთან მოდიოდა, მთხოვდა, გეხვეწები შემიწვი კარტოფილი, შენნაირად ვერავინ წვავსო... განსაკუთრებული არაფერი უყვარდა, იმიტომ, რომ თვითონ ძალიან უბრალო ადამიანი იყო... არ არსებობდა ჩვენთან სახლში ხელცარიელი მოსულიყო. დატვირთული მოდიოდა, მოჰქონდა ხილი, ნაყინი, წვენები... ყველაფერი მოჰქონდა რაც შეეძლო. ბოლო შეხვედრა მაინცდამაინც განსაკუთრებულად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს მისი მზრუნველი და მოსიყვარულე თვალები... მართლა ძმასავით იყო ჩვენთვის და ძალიან ძვირფასი იყო ყველანაირად... ბავშვობაში საკმაოდ დიდი ტრაგედია გადაიტანა. საკუთარი ძმა მის თვალწინ მოკლეს, ამაზე საუბარი არ უყვარდა და საერთოდ არაფერს ამბობდა, მაგრამ ყოველთვის დიდი გულისტკივილით იხსენებდა თუ საუბარი ჩამოვარდებოდა ხოლმე. უფროსი ძმა რომ მყოლოდა, მხარში დამიდგებოდა და ჩემი ცხოვრება სხვანაირად აეწყობოდაო... როცა სუფრაზე მისი ძმის შესანდობარს სვამდნენ, არ მახსოვს, მამუკა, რომ თვალებზე ცრემლი არ მოსდგომოდა... ძალიან უნდოდა რომ გვერდში ჰყოლოდა ძმა. მარტო უძღვებოდა ოჯახს. სულ პატარამ აიკიდა ოჯახის ტვირთი. ერთი პერიოდი ვალები და ათასი პრობლემა ჰქონდათ. სოფელ კეხვში, სახლში ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ეს ყველაფერი დაკარგა. ცხოვრების დაწყება გორში სცადა, ბინა მისცეს, მაგრამ ისიც არ დასცალდა... ვერაფერს მოესწრო თავის ცხოვრებაში, წვალებისა და შრომის გარდა. ყველაფერს მართლა გულით აკეთებდა. არანაირად არ უყვარდა დროს ტარება. თითოეული კაპიკი გამოთვლილი ჰქონდა, რომ ოჯახისთვის და ჩვენთვის გამოეყენებინა. თავის პატარა ძმისთვის მამაც იყო, ძმაც და ყველაფერიც... პატარას ვინმე რამეს რომ ეტყოდა სკოლაში, ყველას თავისი ძმით ემუქრებოდა... ახლა, მას ძალიან უჭირს ამ თემაზე საუბარი. სახელით არასოდეს მოიხსენიებს, მარტო ჩემი ძმა, ჩემი ძმაო ამბობს... მამუკა მისთვის ეტალონი იყო, სულ ცდილობდა, რომ მისთვის მიებაძა. ახლა ამბობს, რომ ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო... მისი დაწყებული საქმე უნდა რომ დაამთავროს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბავშვია, სულ ამაზე ფიქრობს... მამუკა მის წარმოსახვაში გმირად დარჩა, თვითონაც უნდა, რომ მისნაირი სახელოვანი იყოს”.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები