საქართველოს სამხედრო ისტორია
ბესიკ ხულორდავა

პოლიციის ლეიტენანტი

1978-2008

 

თექვსმეტ სექტემბერს ქორწილი უნდა ჰქონოდა, მაგრამ 13 სექტემბერს ოკუპანტის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბესიკ ხულორდავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონის, სოფელ დიდი ჭყონის ქვეგანყოფილებაში მუშაობდა, ინსპექტორ გამომძიებლად.

მტრის ტყვიამ განმუხურ-ოტობაის საზღვარზე უწია, სამშობლოსთვის სამსახურისას. ბესიკ ხულორდავა 29 წლის იყო, რომ გარდაიცვალა...

1978 წლის 29 აპრილს დაიბადა. ოჯახში პირველი შვილი იყო. მშობლებს კიდევ 2 ვაჟი შეეძინათ. დედა 35 წლისა დაქვრივდა, სამ ობოლს ზრდიდა...

მთვარისა ხულორდავა, დედა: „ძალიან კარგი, სანიმუშო ყოფაქცევის მოსწავლე იყო, მასწავლებლებისთვის თითით საჩვენებელი... სკოლაში ბავშვებმა `შატალო~ მოაწყვეს, ბესიკიც გაჰყვა. მეორე დღეს მასწავლებელს უკითხავს, რატომ გააკეთე ესო. ბესიკს უთქვამს, თქვენ რას გააკეთებდით, ჩემს ადგილას, მასწავლებელოო... მასწავლებელი გაშრა, პასუხი არ უთქვამს.

დაწყებითი კლასების რვეულები ჰქონდა შენახული. ვკითხე: რად გინდა-მეთქი, ჩემს შვილებს უნდა ვაჩვენო, როგორი ვიყავი და ისინი ჩემზე კარგები უნდა გამოვიდნენო. სტუდენტობისას წერილებს ვწერდი, რომ დაამთავრა და ჩამოვიდა, თან ჩამოიტანა ის წერილები, ვკითხე: რაღად გინდა-მეთქი, შენ როგორ მზრდიდი, ხომ უნდა ვაჩვენო ჩემს შვილებსო, მიპასუხა...“

ბესიკ ხულორდავამ სკოლის დამთავრების შემდეგ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა ინსპექტორ-გამომძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონის ქვეგანყოფილებაში.

დედა: „2005 წელს შსს-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. იმ კონკურსში 9 ათასი იურისტი მონაწილეობდა, მხოლოდ ხუთასი გავიდა. უყვარდა თავისი პროფესია, ამბობდა: ცოცხალი სამუშაოა, ხალხთან კონტაქტი მაქვს და მსიამოვნებსო. ისეთი ენატკბილი იყო, კაცისმკვლელს მოაბრუნებდა. სოფელში ორი ოჯახი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო გადაკიდებული, ბესიკმა შეარიგა... ახალ კოდექსებს იძენდა, სამსახურში წასვლამდე სულ კითხულობდა, ამბობდა - დროს არ უნდა ჩამოვრჩეო... მისთვის სამსახური იყო ყველაფერი, პატარა ძმაც გაიყოლა, ისიც მის გვერდით იყო, ვეუბნებოდი, შენი თავი თუ არ გეცოდება, შენი ძმა მაინც შეიბრალე-მეთქი... ორი დღით ადრე, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ოტობაიადან ჩამოვიდა, მითხრა: ორი დღის უძინარი ვარ, ნახევარი საათით წავიძინებო. რომ გაიღვიძა, ბებია დამესიზმრაო... თავში ხელი შემოვირტყი, რა უნდოდა-მეთქი, გაგონილი მქონდა, რომ ცუდი იყო თუ მიცვალებული რამეს წაიღებდა. ჩამეხუტა და წავიდაო, მითხრა. იმ წუთას სასაფლაოზე წავიდა, სანთელი დაუნთო, ეკლესიაში იყო... სულ მარხულობდა, ლოცულობდა...“

ბესიკ ხულორდავა შინიდან ბოლოს, 13 სექტემბერს, დილით გავიდა.

დედა: „ბიჭებს დაურეკა, იკითხა, რა ხდებაო. ბიჭებმა უთხრეს, სიმშვიდეა, ყველაფერი კარგად არისო. რომ მიდიოდა ვკითხე, შენს საცოლეს დაურეკე-მეთქი. არაო, არ უნდა გავაგებინო, გაგიჟდებაო. საცოლეს ბოლოს 2 საათზე ელაპარაკა, 15 წუთში დაიღუპა კიდეც...“

დედამ არ იცოდა შვილის დაღუპვის ამბავი, თანასოფლელის დაკრძალვაზე წავიდა უმცროს ვაჟთან ერთად. თანასოფლელებმა იცოდნენ რა ტრაგედიაც ტრიალებდა მათ თავს, არ ეუბნებოდნენ, ისღა უთქვამთ, პატარა ძმისთვის, აქ რას დგახარო...

დედა: „გაბრაზებული მოვიდა ჩემთან, ასე მითხრესო, მე საჩხუბრად გამოვვარდი, ეს როგორ უთხრეს-მეთქი. ობლობაში მყავს დაზრდილები და არ მინდოდა ვინმეს დაეჩაგრა, გამოვედი და ვხედავ ქუჩა სავსეა ხალხით... ავადმყოფი დედა მყავს და ვიფიქრე, ის ხომ არ მომიკვდა-მეთქი... არავინ არაფერს მეუბნებოდა... მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა ჩემს თავს.. მერე აღარაფერი მახსოვს... თურმე კივილით გავრბოდი უაზროდ... დაჭრილიაო მეუბნებოდნენ და მასთან წაყვანას ვითხოვდი. არადა, იმ წუთას გარდაცვლილა, როგორც კი სნაიპერის ნასროლი ტყვია მოხვედრია... ერთი სასიკვდილო ტყვია მოხვდა ჩემს შვილს, მისი მეგობრები იხსენებდნენ, რაღაც უცნაურად იქცეოდა, კანტიკუნტად ისმოდა სროლა და თურმე რამდენჯერმე გაუმეორებია, ის ბრმა ტყვია ჩვენ არ მოგვხვდესო, ბიჭებს უკითხავთ კიდეც, რა გჭირსო...

სიკვდილზე ვინ ფიქრობდა, ქორწილისთვის ვემზადებოდით... 13 სექტემბერს დაიღუპა ჩემი შვილი, 16 სექტემბერს ჯვარი უნდა დაეწერათ. პირველ სექტემბერს უნდოდათ დაქორწინება, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო, გადადება მოუწიათ, მამა რაც გარდაეცვალა მას მერე სულ მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა და საქორწილოდ ღია ფერის პიჯაკი რომ იყიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ თურმე რა მელოდა... ყველაფერი გადაწყვიტეს, შვილების სახელებიც კი ჰქონდათ შერჩეული, მაგრამ ბედი უკუღმა დატრიალდა... მისი საცოლე ჩემზე უარეს დღეში იყო... 35 წლის ვიყავი, რომ დავქვრივდი, ჩემი ცხოვრება ჩემს შვილებს მივუძღვენი. მეგონა სიბერეში გავიხარებდი, მაგრამ... მეამაყება ჩემი შვილი რომ გმირულად დაიღუპა, სამშობლოს იცავდა, მაგრამ გამიგეთ, დედა ვარ და მინდა ჩემი შვილი ცოცხალი იყოს... დაღუპვამდე სამი თვით ადრე, მანქანა იყიდა და პირველად სასაფლაოზე წავიდა, მამამისის საფლავთან... მამას გაუხარდებაო... პატარა ბავშვივით იყო, რომ მოვიდოდა უნდოდა სულ მოვფერებოდი, ვსაყვედურობდი, პატარა ხომ არა ხარ-მეთქი...

შენახული მაქვს მისი ყველა ნივთი. მთელ სოფელს ახსოვს და აფასებს, სულ მოდიან მის საფლავზე... ამაყი დედა ვარ, ჩემი შვილი ყველას კარგად რომ დაამახსოვრდა. მეზობელს რამდენჯერმე დაესიზმრა, მე სამშობლოს შევეწირე და ჩემს საფლავზე დროშა რატომ არ არისო... ავიტანეთ საფლავზე დროშა... მას სამშობლო ძალიან უყვარდა და უკან არაფერზე დაიხევდა...~

ვანო ჭაჭუა, ბესიკის ბავშვობის მეგობარი: „ბესიკი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. სამწუხაროა, მასზე წარსულ დროში რომ მიწევს საუბარი. ჩვენ ერთად ვართ გაზრდილები და მასზე, იმ იშვიათ ადამიანურ თვისებებზე, რაც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს ახასიათებთ, დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. სოფელ სალხინოში, ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ. ბავშვობიდან გამოირჩეოდა თანატოლებში განსაკუთრებული თავმდაბლობით, ზრდილობით, პასუხისმგებლობით. განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებდა ორივე იურისტები ვიყავით და ბევრი საერთო გვქონდა... მახსოვს, სტუდენტობის დროს თბილისიდან არდადეგებზე, რომ ჩავდიოდი, აუცილებლად მინახულებდა ხოლმე. გარდა მეგობრული საუბრებისა, დეტალურად ცდილობდა მიეღო ინფორმაცია ჩვენს პროფესიაზე. პასუხისმგებლობით უდგებოდა თავის სამსახურს, ჯერ კიდევ სანამ მუშაობას დაიწყებდა. სანამ შსს-ს ორგანოებში მიიღებდნენ, როგორც წესია, უნდა ჩაებარებინა გამოცდები პროფესიულ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ მას მიღებული ჰქონდა შესანიშნავი იურიდიული განათლება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა მისთვის თეორიული კურსის დამაკმაყოფილებელ დონეზე გადალახვა, 4 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების კანონებს ხელახლა იმეორებდა. სამსახურის დაწყების შემდეგ, მალევე მოიპოვა ავტორიტეტი სამსახურშიც და ერთ-ერთ დასაყრდენ მუშაკად იქცა. ბესიკი დავკარგეთ არა მარტო მეგობრებმა, ოჯახმა, კოლეგებმა, როგორც შესანიშნავი ადამიანი, არამედ ქვეყანამ, როგორც სანიმუშო პოლიციელი, ღირსეული მოქალაქე. სიცოცხლეში მიღებულ არა ერთ ჯილდოს და წახალისებას ღირსეული მუშაობისთვის, მან დაუმატა გმირის ორდენი _ ვახტანგ გორგასლის სახელობისა, თუმცა, ყველა ორდენი და სიგელი ფარატინა ქაღალდია იმ ღირსებებთან შედარებით, რაც ამ ადამიანს ახასიათებდა. ბოლოს სანამ დაიღუპებოდა რამდენიმე დღით ადრე ველაპარაკე. იმ პერიოდში ორივე საგანგებო რეჟიმში ვმუშაობდით. ძალიან ნერვიულობდა და აღშფოთებას ვერ მალავდა, ჩვენ წინ, რუსი ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა სამეგრელოს ქუჩებში დადის და ვერაფერს ვეუბნებითო. ბისიკი ძმასთან ერთად, ოჯახის კუთვნილი მიკროავტობუსით, სენაკის სამხედრო ბაზიდან დაჭრილი და გარდაცვლილი ქართველი სამხედროების დანიშნულების ადგილას გადაყვანას ცდილობდნენ. ამას, ალბათ, ყველა ვერ შეძლებს და ამიტომაც ვამბობთ, რომ გმირებად არ იქცევიან, გმირებად, უბრალოდ, იბადებიან. ბოლო პერიოდში, პირად ცხოვრებაზე ხშირად ვლაპარაკობდით. ორივეს საცოლე გვყავდა შერჩეული და ჩვენი საუბარიც სულ ამ თემას ეხებოდა. მეუბნებოდა, მე დაგასწრებ დაოჯახებას და მის ქორწილში უფრო ადრე მოგვიწევდა მოლხენა, თუმცა, არ დასცალდა... ვერც ის მოესწრო ჩემს დაოჯახებას... ისღა დამრჩენია, ჩემს შვილს მოვუყვე, როგორი უნდა იყოს იდეალური შვილი, ძმა, მეგობარი, პატრიოტი და უბრალოდ, ნამდვილი ქართველი კაცი. ბესიკმა ხომ თუნდაც ჩემი, ჩემი მომავლის, თითოეული ჩვენთაგანის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის გამო გასწირა ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანისთვის ღმერთს მოუცია –სიცოცხლე“.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები