საქართველოს სამხედრო ისტორია
კახა ცოტნიაშვილი

პოლიციის ზემდეგი

1981 – 2008

 

კახა ცოტნიაშვილის ოჯახმა იგემა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა სიმწარე. ყველა ტრაგედიამ მათ ოჯახზე გადაიარა. ბოლო იარა თავად კახაა _ 10 სექტემბერს კარალეთის საგუშაგოზე სნაიპერის ნასროლი ტყვიით მოკლული.

აგვისტოში რუსულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა მისი სახლ-კარი სოფელ ერედვში, რუსმა ოკუპანტებმა ერედვიდან გამოქცეულ ოჯახსაც დაადევნა ტყვია... კახას მამა დაიჭრა...

90-იან წლებში სრულიად ახალგაზრდა 34 წლის დეიდა დაეღუპა. ცხინვალში აფხაზეთის ომის დროს ბიძა, რომელიც სულ 21 წლის იყო. მაშინ 10 წლის იყო კახა და გადაწყვიტა, ბიძის კვალს გაჰყოლოდა – პოლიციელი გამოსულიყო...

კახა ცოტნიაშვილი 1981 წელს, სოფელ ერედვში დაიბადა. ცელქი და ბეჯითი მოსწავლე იყო. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, პოლიციის აკადემიაში ჩააბარა.

დედა: „ჩემი ძმა 1991 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა. მაშინ თქვა, ბიძაჩემის გზას უნდა გავყვე, სკოლას რომ დავამთავრებ პოლიციელი უნდა გავხდეო. პოლიციის აკადემიის დამთავრების შემდეგ, ერედვის განყოფილებაში გაანაწილეს. 21 სექტემბერს 10 წელი უნდა შესრულებოდა, რაც იქ მუშაობდა. დაჯილდოებულია მედლით, მხედრული მამაცობისთვის და ვახტანგ გორგასლის ორდენით. ყოველ მეორე დღეს სამსახურში იყო, მორიგეობიდან რომ მოდიოდა, სულ მზადყოფნაში იყო მაინც, რა იცი, როდის დავჭირდე სამსახურსო“.

კახა ცოტნიაშვილს 2 შვილი დარჩა. ოცი წლის იყო რომ დაოჯახდა. მომავალი მეუღლე თანაკლასელის ქორწილში გაიცნო. გაცნობიდან 6 თვეში დაქორწინდნენ.

დედა: „ძალიან დიდ პატივს სცემდა თავის მეუღლეს. გიჟდებოდა შვილებზე, უბედნიერესი მამა იყო და ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა შვილებზე...“

თეა ინდუაშვილი, კახას მეუღლე: „ერთმანეთი ჩემი დის ქორწილში გავიცანით, ჩემი სიძე კახას კლასელი იყო... თავიდანვე უცნაურად დაიწყო ჩვენი სიყვარული. გაცნობიდან ორ კვირაში მანქანაში ჩამისვა და სოფლის სასაფლაოზე წამიყვანა. სიყვარული იქ ამიხსნა. ძალიან გაკვირვებული წამოვედი... სამ დღეში მომიტაცა. რუსთავში, მამიდასთან მიმიყვანა. მეც მქონდა მის მიმართ სიმპატიები და უკან აღარ დავბრუნებულვარ. იმდენად მალე ვიქორწინეთ, რომ ფაქტობრივად შეყვარებულობის პერიოდი არც გვქონია...

ერთად 7 წელი ვიცხოვრეთ... არაჩვეულებრივი მეუღლე, მეგობარი და მამა იყო... უზრუნველი ცხოვრება შეგვიქმნა, არაფერს გვაკლებდა, რაც შეეძლო ყველაფერს გვიკეთებდა...“

კახას გეგმებს ომმა დაუსვა წერტილი.

აგვისტოს ომის დროს იყო ერედვში, მერეთის მისადგომებთან. მისმა ოჯახმა 10 აგვისტოს დატოვა ერედვი. სოფელი დაიბომბა.

დედა: „ღამის სამ საათზე წამოვედით. არაფერი აღარ დარჩა ჩვენი სახლიდან, განადგურებულია, მიწასთან არის გასწორებული... ერედვიდან რომ მოვდიოდით, მამამისი დაიჭრა, დავურეკეთ, გავაგებინეთ, რომ დაიჭრა, არ გვიჯერებდა, მალაპარაკეთ რამე უბედურება ხომ არ ჭირს მამაჩემსო...

სამი დღე, გორში ვიღაცის სარდაფში ვიმალებოდით, იმიტომ, რომ საავადმყოფო იბომბებოდა, შემდეგ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოვიდა და გვითხრა: თბილისში მივდივარ და ვისაც შეგიძლიათ გამომყევითო, 16-17 აგვისტოს წამოვედით თბილისში, მანამდე იქ ვიყავით. რუსთავში, საბავშვო ბაღში ვცხოვრობდით, ჩემს რძალს და შვილიშვილებს შსს-მ უქირავა ბინა. იქიდან დადიოდა ომის მერე საგუშაგოზე.

ბოლოს 9 სექტემბერს უთენია წავიდა შინიდან, ჩვენსკენაც შემოიხედა და დაგვემშვიდობა. ცუდი წინათგრძნობა გვქონდა, ჩვენც და თვითონაც, თითქოს რაღაცას გრძნობდა“.

დედის ავი წინათგრძნობა ახდა – 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, როდესაც კახა ცოტნიაშვილი კარალეთის საგუშაგოზე პატრულირებდა, სნაიპერმა მოკლა.

დედა: „სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მაშინვე არ დაღუპულა, გორის ჰოსპიტალში რომ მიიყვანეს, გონზე იყო, ოპერაცია რომ მიმდინარეობდა ექიმი გამოსულა და უთქვამს: ოპერაცია კარგად მიდის, წნევა დავარეგულირეო. მაგრამ...

ჩვენ როცა შეგვატყობინეს დაჭრილიაო, მე სახლში არ ვიყავი, დედაჩემი იყო ცუდად და წამალზე ვიყავი გასული. რომ დავბრუნდი და ჩემი ქმარი აღარ იყო სახლში, ვიკითხე სად წავიდა-მეთქი და რძალმა მითხრა: კახა დაჭრესო...

მე რომ მივედი ჰოსპიტალში, უკვე დაღუპული იყო –მეუღლე და ჩემი მეორე შვილი დავინახე დამხობილი და მივხვდი რაშიც იყო საქმე. ამ ამბის შემდეგ, ჩემმა მეუღლემ მხედველობა დაკარგა...

აუტანელია ცხოვრება მის გარეშე, ბავშვებს კარგად ახსოვთ მამა და ხშირად ახსენებენ. ჩემი ძმა აფხაზეთშია დაღუპული, 21 წლის ასაკში, ჩემი და 34 წლის - ცხინვალში, ახლა ჩემი შვილი...“

თეა ინდუაშვილი, კახას მეუღლე: „ბოლო პერიოდში სიკვდილზე ლაპარაკი აიკვიატა. სულ იმას გაიძახოდა, ისეთი სამსახური მაქვს, რომ აუცილებლად მოვკვდებიო... ვეჩხუბებოდი, ასე რატომ ლაპარაკობ-მეთქი... მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ეტყობა გული რაღაცას უგრძნობდა... ბოლო პერიოდში ცოტა ჩაფიქრებული დადიოდა. საერთოდ თბილი ადამიანი იყო, მაგრამ ბოლო ერთი კვირა ძალიან შეიცვალა.

ერთ დღეს სახლში მოვიდა და ჩვენს უფროს შვილს უთხრა: მამიკო, ქუჩაში თუ ვინმე უცხომ გითხრა, მანქანაში ჩამიჯექიო, არავის გაყვეო. ამას, რომ ეუბნებოდა, მეც გავიგონე, ვკითხე, რატომ ეუბნები-მეთქი. მითხრა: ოსები დამემუქრნენ და მომაძახეს, შენ თუ ვერაფერი დაგაკელით, შენს შვილს მაინც მივწვდებითო... არ ვიცი რა დაუშავა ოსებს, რა მოხდა...

ძალიან უყვარდა სიცოცხლე და სულ იმას ამბობდა, ჩემი შვილები კაცებად როდის იქცევიან, ამას მომასწროო. ერთად ვაწყობდით მომავლის გეგმებს... უნდოდა უფროსი ბიჭი ჭიდაობაზე შეეყვანა. ორივეს ვასწავლი და კარგ განათლებას მივცემო...

არ მახსოვს კვირა ისე გასულიყო, რომ სახლში არავინ მოეყვანა. ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა... თითქმის სულ რაღაცის მოსწრებას ცდილობდა...

პატარა ბიჭი ახლა 5 წლის არის, სამის იყო კახა, რომ დაიღუპა და კარგად არ ახსოვს... სამწუხაროდ ჩვენი საოჯახო ალბომი, როცა ერედვიდან გამოვრბოდით, სახლში დარჩა. ახლა მხოლოდ კახას პასპორტის ფოტო დაგვრჩა... უფროს ბიჭს კარგად ახსოვს მამა... ხშირად მთხოვენ საფლავზე ასვლას...

ძნელია მის გარეშე ყოფნა... რაც დრო გადის, მით უფრო მძაფრდება მისი მონატრების გრძნობა... ჩემი ქმარი პოლიციის რიგითი თანამშრომელი იყო, მაგრამ მე ვამაყობ მისით, ის გმირი იყო... ისეთ შვილებს გავზრდი, კახას რომ ეკადრებოდა და ოცნებობდა...“

რობერტ ცოტნიაშვილი, კახას ბიძაშვილი: „ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი იყო... ბიძაშვილები ვიყავით, თან მე მისი „სმენის“ უფროსი. ერთ უბანში ვცხოვრობდით და ერთად ვმუშაობდით პოლიციაში. კახა 17 წლის იყო, ჩემთან პოლიციაში რომ დაიწყო მუშაობა. მართალია მე 42 წლის კაცი ვარ, კახა ჩემზე საკმაოდ პატარა იყო, მაგრამ ვძმაკაცობდით.

ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ. მამაცი და პატრიოტი იყო... ბევრჯერ, როცა მისი სმენა არ იყო და რამე საქმე გამოჩნდებოდა, მეუბნებოდა: მე გამიშვი, მე წავალო... კარგად მახსოვს, 10 სექტემბერს „სმენაში“, რომ გამოვიდა. მე სხვა საგუშაგოზე ვანაწილებდი ბიჭებს. კარალეთის საგუშაგოდან წამოვედი და კახა დავტოვე... ნახევარ საათში დამირეკეს კახა დაჭრესო... ბოლოს ისევ ისეთი იყო, როგორც ყოველთვის, არაფერი შემიტყვია...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები