საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი სხვიტარიძე

კაპიტანი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1978-2008

 

ის რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, ომის დროსაც და მერეც, როცა ომი დამთავრდა. მისთვის სწორედ ეს მშვიდობა აღმოჩნდა საბედისწერო და საშიში, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ დადგა...

გამნაღმველი იყო და რუსი ოკუპანტის დანატოვარ ნაღმებს აუვნებლებდა.

უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას დაიღუპა, გორის რაიონში, სოფელ ფლავისმანში...

გიორგი სხვიტარიძე 1978 წლის 6 ნოემბერს, თბილისში დაიბადა.

დედისთვის ერთადერთი შვილი იყო, დაბადებული არ იყო, მისი მშობლები რომ გაიყარნენ. დედას მარტო უწევდა მისი გაზრდა. დედამ გიორგი თავიდან თბილისში შეიყვანა სკოლაში, შემდეგ გარდაბანში გადაიყვანა, რადგან იქ თავად ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.

ლიანა ჯიშკარიანი, დედა: „გიორგის გაზრდაში მამაჩემი მეხმარებოდა, მამა რომ გარდამეცვალა, გიორგი გარდაბანში გადავიყვანე ჩემთან სკოლაში, მეექვსე კლასამდე იქ სწავლობდა. შემდეგ ისევ თბილისში გადმოვიყვანე... ნიჭიერი ბავშვი იყო, აღზრდა არ გამჭირვებია, დამჯერი იყო, მაგრამ ხიფათიანიც, ფეხბურთის გამო ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა. ფეხბურთზე და ჭადრაკზე დამყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიული განათლება მიიღო. შემდეგ, ჯარში წავიდა, სავალდებულო ორხევში გაიარა, წოდებით კაპიტანი იყო. ძალიან უნდოდა, რომ უშიშროებაში ემუშავა, სხვა ინტერესი არ ჰქონია და ჯარი რომ მოიარა, საბუთები შეიტანა უშიშროებაში მუშაობის დასაწყებად.

ერთი წელი მოწმდებოდა გიორგის საბუთები, ოჯახშიც კი შეგვამოწმეს“.

გიორგი სხვიტარიძემ 2000 წელს მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში დაიწყო, იყო განაღმვის მეორე განყოფილების უფროსი.

დედა: „8 წელი მუშაობდა გიორგი შსს-ში. სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა. ძალიან უყვარდა თავისი სამსახური, 2007 წელს კოდორში ასრულებდა განაღმვით სამუშაოებს, და მაშინ დაიწვა... 2003 წელს, სამი თვით ამერიკაში იყო სტაჟორად გაგზავნილი სამსახურიდან და თავის საქმეში პროფესიონალი იყო, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყო.

აგვისტოს ომი რომ დაიწყო და გამოიძახეს, გიორგი შვებულებაში იყო, ქობულეთში ისვენებდა, მე რაჭაში ვიყავი წასული, დამირეკა, დედა, გამომიძახეს და თბილისში მივდივარო. მანამდე ცოტა ხნით ადრე, სამზარეულოში სადილს ვუმზადებდი, ჩემი ძმისშვილიც ჩემთან იყო, გიორგიმ გვითხრა: ნახეთ მე რა მალე მოვკვდებიო. შემოვეხვიე, დედიკო ასეთ რამეს როგორ ამბობ-მეთქი. ჰე, სვანო, ხომ მოგატყუეო... დამცინა, გვარის გამო სვანს მეძახდა... მთელი ომის განმავლობაში მეუბნებოდა, თბილისში ვარ ბაზაზეო და ამ დროს თურმე კონფლიქტის ზონაშია, გორში, მგონი ერედვში იყვნენ დაბანაკებულები გამნაღმველები... მე სექტემბერში წამოვედი რაჭიდან, გორის გზაზე დამხვდა...~

გიორგი სხვიტარიძეს 6 ნოემბერს 30 წელი შეუსრულდა. დედა გაიხსენებს, რომ მის ვაჟს, საიუბილეო განწყობა მაინცდამაინც არ ჰქონია, სამსახურში ყოფილა გამოძახებული, სამსახურიდან გვიან განთავისუფლებულა, შინ დილით დაბრუნებულა, რამდენიმე მეგობართან ერთად აღუნიშნავს.

გიორგი სხვიტარიძე ბოლოს 10 ნოემბერს გავიდა შინიდან.

დედა: „დილით რომ ავდექი, უკვე ეღვიძა, იწვა, პულტი ეჭირა ხელში და ტელევიზორს უყურებდა, ვკითხე: რატომ არ გძინავს-მეთქი, ვერ დავიძინეო... ვაკოცე, მე სამსახურში მივდივარ, ჭკვიანად იყავი, რომ ჩახვალ დამირეკე-მეთქი. ყოველდღე ველაპარაკებოდით, დღეში რამდენჯერმე, ბოლოს 15 ნოემბერს ველაპარაკე....“

გიორგი სხვიტარიძე გორის რაიონში, სოფელ ფლავისმანში დაიღუპა, უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას.

დედა: „გიორგის განაღმვაზე გასვლა არ უწევდა, მაგრამ ჯგუფიდან დაურეკეს, გიორგი ვერაფერი გავიგეთ და იქნებ დაგვეხმაროო. განაღმვის ოპერაციაზე 10 ბიჭი იყვნენ. ჩემი ბიჭი რომ მივიდა, უთხრა: აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ყველანი უკან გადითო. ორნი დარჩნენ, ჩემი გიორგი და მარატ ნოზაძე. შემდეგ, როგორც გაზეთში წავიკითხე, პულტით ააფეთქეს, შორიდან. ჩემი შვილი და ნოზაძე დაიღუპნენ, 8 ბიჭი გადაარჩინეს. ორი მძიმედ იყო დაჭრილი, ერთს ყური აქვს დაზიანებული, ერთს – თვალი. დანარჩენები მსუბუქად დაიჭრნენ, ერთს არაფერი მოსვლია.

გიორგი ადგილზევე დაიღუპა, „ცინკის“ კუბოთი ჩამოასვენეს, არ მინახავს ცხედარი, არ მაჩვენეს... იმ დღეს 12 საათზე დაურეკავს ჩემთან, მე არ გამიგია, მერე ჩემი ძმისშვილისთვის დაურეკავს, დედაჩემს რად უნდა ტელეფონი, რომ ჩამოვალ უნდა გადავუგდოო... იმ დღეს საერთოდ არ დამირეკავს გიორგისთან, როგორც ჩემი თანამშრომლები მიყვებიან, იმ დღეს გათიშული ვყოფილვარ, შეშლილი მქონდა სახე და არაადეკვატურად ვსაუბრობდი, მაგრამ მე თვითონ ვერ ვგრძნობდი ამას... თბილისში რომ დავბრუნდი სამსახურიდან, მერეღა გამახსენდა, რატომ არ დარეკა გიორგიმ დღეს-მეთქი და დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა, გიორგის მეორე ნომერიც ჰქონდა, სამსახურის, მე არ მეწერა და ჩემს ძმისშვილთან დავრეკე, რომ გამომერთმია, არც ის მპასუხობდა. სახლშიც დავურეკე და ტელეფონი გამითიშეს... სახლში რომ მოვედი, გადასასვლელთან დამხვდნენ ბიცოლაჩემი და ჩემი ბიძაშვილის ქმარი.

ბიცოლაჩემის სახე არ მომეწონა, ვკითხე: რა ხდება მეთქი და მითხრა, შენი ძმა გახდა ცუდად, სასწრაფო გვყავდა გამოძახებულიო...“

ეზოში შესულ დედას ეზო ხალხით სავსე დახვდება. ესმის ქვითინი, ტირილი...

დაასკვნის რომ ძმა მოუკვდა და ატირდება, ატირებული ყველას ეკითხება, გიორგიმ იცის ბიძამისი რომ მოკვდა? ეხვეწება – როგორმე გიორგის დაურეკეთ, გააგებინეთ ბიძამისი მოკვდა...

ხმას არავინ სცემს. ქვითინი მოთქმაში გადადის.

„ნახევარი საათი ვტიროდი ჩემს ძმას, ბოლოს ვთქვი, მაჩვენეთ ჩემი ძმა...“

ძმა აჩვენეს. და უთხრეს – შენს შვილს ვტირითო....

გიორგი მეორე დღეს ჩამოასვენეს გორიდან. საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს...

გიორგი სხვიტარიძე დაოჯახებული არ იყო. დაღუპვის შემდეგ, მეგობრის ცოლები ეტყვიან დედას, რომ საახალწლოდ სიურპრიზს უმზადებდა დედას...

რუსიკო ცატავა, გიორგის დეიდაშვილი: „გიორგი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო... ერთად ვიზრდებოდით. ბიძაშვილები, დეიდაშვილები და-ძმებივით ვყავდით, ახლობლებისთვის იყო გაჩენილი, ყველანაირად ცდილობდა, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით. ყველაზე ახლოს ჩემს ძმასთან იყო, გიორგის დაკარგვა ყველასთვის რთული იყო, მაგრამ ჩემმა ძმამ ყველაზე ტრაგიკულად განიცადა...

ომი რომ დამთავრდა, გვეგონა გადავრჩით და გიორგის საფრთხე აღარ დაემუქრებოდა, როცა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდით ხიფათს, ზუსტად მაშინ დაგვატყდა თავს ეს ტრაგედია... ბოლოს, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ვნახე. ვკითხე: გიორგი, ბავშვის წაყვანას ვაპირებ ბაკურიანში და ხომ მშვიდობა იქნება-მეთქი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო...

17 ნოემბერს. დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, გიორგის ნაღმი აუფეთქდა და არ ვიცით როგორ არისო... მის სახლამდე ისე მივედით, რომ მჯეროდა ცუდი ამბავი არ იქნებოდა ჩვენს თავს, მაგრამ... ეზოში რომ შევედი, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ყველა ტიროდა...

გიორგი, ყოველთვის ჩვენს გვერდით არის... გიორგი მართლა გამარჯვებულია და ჩვენზე ძალიან წინ დგას. ის გმირია..“

გიორგი სხვიტარიძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ. მისი სახელი ეწოდა ზოვრეთის ქუჩას, მალე იმედაშვილის ქუჩაზე მისი სახელობის სკვერი გაიხსნება...

 

მარატ ნოზაძე

კაპიტანი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1975 - 2008

 

ოცდაცამეტი წლის მარატ ნოზაძე 2008 წლის 17 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების დანატოვარი უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას დაიღუპა – პულტით ააფეთქეს.

პატარა თემუკა ობლობაში იზრდება. დედას, რომელიც ფეხმძიმობისას ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა, სურათებიდან იცნობს მხოლოდ, მამა ახსოვს და კითხულობს... იზრდება ბებია-ბაბუის იმედად, მათი სიყვარულით.

მარატ ნოზაძე 1975 წელს, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაიბადა, და მის დამოუკიდებლობას და ერთიანობას შეეწირა...

113-ე სკოლაში სწავლობდა, მეხუთე კლასიდან 184-ე სკოლაში გადაიყვანეს.

მამა გაიხსენებს, რომ ძალიან მორიდებული ბავშვი იყო...

ნინო კაპანაძე, მარატის დეიდაშვილი: „მთელი ბავშვობა ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მზრუნველი იყო, მე ძმა არ მყავს და ჩემი მშობლები, რომ მუშაობდნენ, სკოლაში მარატი მაკითხავდა და როგორც უფროსი ძმა ისეთ ყურადღებას მაქცევდა. გამოვყავდი სკოლიდან, ერთად ვთამაშობდით... ჩემს თაყვანისმცემლებთან, ისე აგვარებდა საქმეებს, რომ მე ვერაფერს ვხვდებოდი. სულ მიკვირდა, საიდან იგებდა მათ ამბავს. საერთოდ, დეიდაშვილები ბევრი ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად, მას ვენდობოდი და ხშირად რჩევებსაც მაძლევდა“.

მარატი სკოლაში კარგად სწავლობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში, სატყეო მეურნეობის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მხედრული ვალი მოიხადა გორში. ჯარმოვლილი ცოტა ხანს პედაგოგად მუშაობდა, შემდეგ კი მეგობრების რეკომენდაციით უშიშროებაში დაიწყო მუშაობა. მამა იხსენებს, რომ თავად წინააღმდეგი არ ყოფილა, როდესაც მარატს უშიშროებაში მუშაობა გადაუწყვეტია. დედას არ უნდოდა, მაგრამ მარატს სხვა სამსახურის გაგონება არ სურდა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, უშიშროების აკადემიას მიაშურა. აკადემიის დამთავრებისთანავე, სწავლის გასაგრძელებლად, ამერიკაში გააზავნეს, გიორგი სხვიტარიძესთან ერთად.

კაპიტანი მარატ ნოზაძე 11 წელიწადი მსახურობდა, იყო შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის განყოფილების მესამე განყოფილების უფროსი. მუშაობდა 11 წელი და, როგორც მამა იტყვის, არც ერთხელ არ დაუწუწუნია სამსახურის სირთულისა და სიმძიმის მიუხედავად.

მონაწილეობდა იმ განაღმვით ოპერაციებში, რომელიც განხორციელდა ახმეტაში, ზემო აფხაზეთში, აჭარაში _ მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძე გაიქცა საქართველოდან. აგვისტოს ომის პერიოდში მუდმივად გორში იყო...

აგვისტოს ომს ცოცხალი გადაურჩა, მაგრამ მხოლოდ აგვისტოში...

33 წლის იყო, როდესაც დაიღუპა.

28 წლის დაოჯახდა. 27 წლის იყო, 22 წლის ნინო დათიკაშვილი რომ გაიცნო და შეუყვარდა. ერთ წელიწადში ცოლადაც შეირთო.

ნინო კაპანაძე, დეიდაშვილი: „მომავალი მეუღლე რომ გაიცნო, პირველს მე მითხრა, ერთი გოგო გავიცანი და მინდა გაგაცნოო. წამიყვანა, გამაცნო... უკან რომ ვბრუნდებოდით, თვალებში შემომყურებდა, აინტერესებდა რა შთაბეჭდილება დამრჩა, რას ვეტყოდი... თვალები უბრწყინავდა, ისეთი შეყვარებული იყო იმ პერიოდში... მართლაც შესანიშნავი წყვილი იყო. შეყვარებულ მარატს ძალიან სიამოვნებდა სიურპრიზების და საჩუქრების კეთება, შეეძლო შეყვარებული შუაღამისას გაეღვიძებინა, რამე ორიგინალური საჩუქარი მიერთმია და მერე სადმე საუცხოო ადგილას წაეყვანა ვახშმად...

საერთოდ არ უყვარდა წინასწარ რაიმე გეგმების დაწყობა. ამბობდა, რასაც წინასწარ ვგეგმავ, არასდროს მიმართლებს, ყოველთვის მეშლებაო... ლაპარაკი ნაკლებად უყვარდა, ჩვენი რძალი უფრო ოცნებობდა ხოლმე. უნდოდა ძალიან ბევრი შვილი ჰყოლოდათ...“

ფეხმძიმობისას შეყრილმა ვირუსმა მალევე დაუსვა წერტილი წყვილის ბედნიერებას. სულ 2 წელი იცხოვრეს ერთად... 2005 წელს 25 წლის ნინო დათუკიშვილი ქორწინებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, სწორედ ქორწინების დღეს გარდაიცვალა. პატარა თემუკა ობლად დარჩა...

მამა: „ძალიან კარგი ადამიანი იყო ჩემი რძალი, მარატი ძალიან განიცდიდა, მაგრამ თავზე არ მოგახვევდა თავის უბედურებას. როცა კი დრო ჰქონდა, სულ მეუღლის საფლავზე იყო. როდესაც მეგობრები ეუბნებოდნენ, სამი წელი გავიდა და ცოლი მოიყვანეო, შეურაცხყოფად იღებდა, გიჟი მამა იყო...“

ნინო კაპანაძე, მარატის დეიდაშვილი: „მეუღლე რომ გარდაეცვალა, საშინელ დეპრესიაში იყო, ერთი პერიოდი სამსახურსაც დაანება თავი. ამ თემაზე საუბარს ვერავინ უბედავდა, ძალიან ცუდად იყო, განიცდიდა, მაგრამ ცდილობდა, რომ არ შეემჩნია. არ უნდოდა, დედას ეგრძნო რამე, უარესად რომ არ გამხდარიყო... ცხოვრების მეორედ აწყობაზე საუბარი ზედმეტი იყო. მეუღლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგაც ვერავინ ვბედავდით თქმას, ცოლი მოიყვანეო... ამას მარტო მეგობრები თუ უბედავდნენ, მაგრამ მათაც ეუბნებოდა, ეს არასოდეს მოხდება, მეორედ ოჯახს აღარ შევქმნიო. მისი საფიქრალი და საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ თემუკა იყო. სხვა არაფერი აინტერესებდა. ამბობდა, ჩემი ერთადერთი მიზანი თემუკას გაზრდა, მისი გზაზე დაყენება და კაცად ქცევააო...“

აგვისტოს ომი მარატ ნოზაძისთვის აგვისტოში არ დასრულებულა, ის კვლავ გორში იყო და რუსებისგან დანატოვარი ნაღმების განაღმვაზე მუშაობდა თანამშრომლებთან ერთად. 17 ნოემბერს დაიღუპა... მამა გაიხსენებს, რომ 15 ნოემბერს შვილმა შეხვედრა სთხოვა...

მამა: „სიდედრი დამეღუპა, ახალციხეში რომ ვბრუნდებოდი, ჩემი შვილები გორში იყვნენ და 2 დღით მეც გავჩერდი, მარატმა დამირეკა და მთხოვა შემხვდიო, ასეთი რამ არასოდეს უთქვამს, რომ შევხვედროდი და ფორმიანი მენახა... ყველანი ვიყავით და თითქოს ჩვენი გამომშვიდობება იყო. თითქოს გული უგრძნობდა... 16 ნოემბერს ჩემს უმცროს შვილსაც ესაუბრა ტელეფონზე, დედამისსაც, 17 ნოემბერს ეს უბედურება დაგვატყდა თავს... სამმართველოს უფროსი, მერაბ შენგელია მელაპარაკა, ბრძანება დაწერილი ყოფილა უკვე, მოადგილედ გადმოყავდათ და ხუთშაბათს უნდა წამოსულიყვნენ... იმ განაღმვაზე რომ მიდიოდა, მერაბს უთქვამს არ წახვიდეო, თვალზე ცრემლი მოადგა, ბიჭები იქ არიან და მე როგორ არ წავიდეო?..

ერთი სატყუარა რომ გაუნაღმავთ, ეკლესიაში წამოსულან, სანთლები დაუნთიათ და დაურეკავთ, კიდევაა გასანაღმიო. განაღმვაზე რიგითებს არ უშვებდნენ, რადგან გამოუცდელები იყვნენ“.

მარატ ნოზაძე და გიორგი სხვიტარიძე სოფელ ფლავში უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას დაიღუპნენ – პულტით ააფეთქეს.

მამა: „მარატი ცოცხალი იყო იქიდან რომ წამოიყვანეს, გზაში დალია სული...

იმ დღეს საშინელი წინათგრძნობა მქონდა, შინ რომ მოვედი ვერ ვისვენებდი, თემუკა მძახალს ჰყავდა წაყვანილი. წავედი, თემუკა უნდა მოვიყვანო-მეთქი, ჩემი მძახლის კორპუსთან ვიყავი, ჩემმა მეუღლემ რომ დამირეკა თავზარდაცემულმა, გვარები ტელევიზიით არ გამოუცხადებიათ, მაგრამ ჩემი მეუღლე მაშინვე მიმხვდარა და გარეთ გამოვარდნილა, მიშველეთ წამიყვანეთ გორშიო. მარატთან ვრეკავდით, გამორთული ჰქონდა ტელეფონი... ჩემს უმცროს შვილთან მისულან სამსახურში, მისთვის უთქვამთ რაც მოხდა, ჩვენ ვერ მივდივართ მშობლებთან და გააგებინეთ, ჰოსპიტალში მივიდნენო... იმ ღამესვე ჩამოასვენეს... მარატის ცხედარი, მე და ჩემს მეუღლეს არ გვინახავს, ჩემმა უმცროსმა შვილმა ნახა. მეუღლის გვერდით დავკრძალეთ...

თემუკა დედას ფოტოებით იცნობს, მამა კარგად ახსოვს, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ მამა აღარ ჰყავს. ახლა აჩემებული აქვს პოლიციელი უნდა გამოვიდეო, რუსებს ვერ იტანს... არადა, არავის არაფერი გვითქვამს, ერთხელ გვითხრა, მამამ რუსები ხომ გაყარა და თვითონ სად არისო... ერთხელ თქვა, დედა ვნახე სიზმარშიო, ჩემმა მეუღლემ უთხრა: ბები, როგორ ნახე, არ იცნობო. სურათი გვაქვს სახლში, საქორწილო კაბითაა ჩემი რძალი და ასე ვნახეო და ასე გავიგეო, რომ ეს ჩემი დედიკოაო და დამარიგა, ასე მითხრა, კარგად მოიქეციო... ეს ბავშვი გვაძლებინებს, თორემ საშინელებაა ცხოვრება მარატის გარეშე... როგორღაც უნდა გავუძლოთ, მეამაყება რომ გმირი შვილი გავზარდე. მისი ცხოვრების წესი იყო იქ მუშაობა, არც უფიქრია სხვაგან წასვლა...“

ნინო კაპანაძე, დეიდაშვილი: „ყველა ძალიან უყვარდა, ახლობლები, მეგობრები, ახალი გაცნობილი ადამიანი ისე შეეძლო შეეყვარებინა, რომ მასაც გაჰკვირვებოდა. არ უყვარდა უსამართლობა. ნოემბერში გადის ორი წელი, დღეს უფრო ძალიან გვიჭირს, საშინელებაა, მის სახლში რომ შევდივარ, და იქ აღარ გვხვდება... ტელეფონში დღემდე მიწერია მისი ნომერი, მისი სახელით და გვარით, რატომღაც არ მინდა, რომ ამოვშალო... მინდა, რომ თემუკამ გაიგოს, როგორი მამა ჰყავდა, რა საქმეს ემსახურებოდა და რას შეეწირა მისი სიცოცხლე. ბავშვი ჯერ პატარაა და, ალბათ, დროთაგანმავლობაში, რომ გაიზრდება და ამ წიგნს წაიკითხავს, გაიგებს, რომ მამამისი გმირია! მარატს ყოველთვის იმას ვეუბნებოდი, ძალიან მეამაყები-მეთქი... ცოცხალი მეამაყებოდა და ახლა უფრო მეტად ვამაყობ...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები