საქართველოს სამხედრო ისტორია
თამაზ ხაჭაპურიძე

პოლიციის რიგითი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ

1978-2008

 

ათ ნოემბერს, დილით, ქარელის რაიონში, სოფელ დვანის მინდორში ოსური დროშა აფრიალდა. სპეცნაზელები მის ჩამოსახსნელად მივიდნენ. აიღეს კიდეც ეს დროშა, მაგრამ... მტრის ვერაგობამ თავისი ქნა – ამოქმედდა პულტი და ააფეთქა ნაღმები...

თამაზ ხაჭაპურიძე ადგილზევე დაიღუპა.

გმირულად დაღუპული ვაჟკაცი შინ მიასვენეს... გმირი მამის პატარა შვილები, ვერ მიმხვდარიყვნენ, ვერ გაეგოთ, რა მოხდა, რა უბედურება დაატყდათ თავს...

გავა ცოტა ხანი, გმირის პატარა ბიჭი ძალიან მოიწყენს საბავშვო ბაღში _ თემა ჰქონიათ დედაზე და მამაზე... მოენატრა მამა, რომელიც ცაში ეგულება, და დედას ხშირად ეუბნება, რაკი მამა ვერ მოდის ჩვენთან, ჩვენ გავფრინდეთ მამასთანო... ბაღის მასწავლებელს, მოწყენილი ბიჭუნა კალთაში ჩაუსვამს და უთქვამს, შენ გმირი მამის შვილი ხარო. გახარებული ბიჭუნა კი არ დადიოდა, დაფრინავდა მთელი დღე...

თამაზ ხაჭაპურიძე 1978 წელს, ქურთაში დაიბადა. მშობლებისთვის უფროსი შვილი იყო. მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ.

„ორი შვილი პატარები დამეღუპნენ, ორი _ ოსებმა შეიწირეს“ _ იტყვის გამწარებული მამა...

მამა იმასაც გაიხსენებს, რომ მისი ვაჟი ცელქიც იყო, ჭკვიანიც, არც მოუსვენრობა აკლდა, არც სიცოცხლის სიყვარული, არც ადამიანობა...

თამაზმა ქურთაში, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისში, ერთ-ერთ კოლეჯში განაგრძო, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდშივე მოიხადა მხედრული ვალი.

24 წლის იყო, რომ დაოჯახდა. მომავალი მეუღლე – ზოია ბიძინაშვილი გორში გაიცნო.

ზოია ბიძინაშვილი, მეუღლე: „აფთიაქში ვმუშაობდი, როგორც მერე მითხრა, მოვწონდი და სპეციალურად შემოვიდა აფთიაქში, ვითომ წამლის საყიდლად... 6 თვე გაგრძელდა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი, შემდეგ მოვიდა ოჯახში ხელის სათხოვნელად და დამნიშნა...“

თამაზ ხაჭაპურიძე თავისი წილი ბედნიერებით ტკბებოდა, სამსახურის დაწყებასაც აპირებდა, როცა ოჯახს უბედურება დაატყდა თავს. ოსებმა მისი ძმა გაიტაცეს.

ვასილ ხაჭაპურიძე, მამა: „2006 წელს ცხინვალის საზღვრიდან ოსებმა 4 ბიჭი გაიტაცეს, ერთ-ერთი ჩემი შვილი იყო... წამებით მოკლეს ჩემი შვილი, ძვლები მოგვიტანეს და ამ ძვლების მოტანაშიც ასიათასს გვთხოვდნენ...“

ზოია ბიძინაშვილი: „წამებით მოკლეს ჩემი მაზლი, ტყეში ჩახოცეს ბიჭები, ცხინვალში ამბობდნენ, მათი ხმა ცხინვალში ამოდიოდაო... იმ პერიოდში დავრჩი ფეხმძიმედ... სიზმარში ვნახე ჩემი მაზლი, თითქოს ტყეში დავდიოდით, მე და ჩემი მეუღლე ტყიდან ჩემმა მაზლმა გამოგვიყვანა, სიზმარში ვგრძნობდი, რომ დიდი მუცელი მქონდა. ვიღაც ქალი შემხვდა და თითქოს მეკითხებოდა, ორსულად ხარო? ჩემმა მაზლმა უპასუხა, კი ორსულად არის და ბიჭს ელოდება, ჩემს მოსახელესო. ტყიდან რომ გამოვედით, თითქოს თამაზიც არ იყო ჩემს გვერდით... საშინლად აფორიაქებულმა გავიღვიძე... თამაზი ძალიან განიცდიდა ძმის ამბავს, ძმის დაღუპვის შემდეგ პოლიციაში შევიდა, თავიდან ქურთის პოლიციაში იყო, შემდეგ სპეცნაზში გადავიდა. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მიხსნიდა, მეუბნებოდა, თქვენ არ იცით, ჩემს გულში რა ხდება, მე კანონიერად უნდა ვიძიო მათზე შურიო... აგვისტოს ომისას ნიქოზში, ცხინვალში იბრძოდა, ომის შემდეგაც ვთხოვდი, დაენებებინა თავი ამ სამსახურისთვის, ვეუბნებოდი, ომში ხომ იბრძოლე, ხომ მოიხადე შენი ვალი, ახლა მაინც წამოდი-მეთქი, სასტიკ უარზე იყო, ამბობდა, სანამ ცხინვალს არ დავიბრუნებთ, სამსახურს არ დავტოვებო. შემდეგ, სხვებისგან ისიც გავიგე, რომ თურმე პარტიზანულ სიაშიც ჩაწერილა... ამ ყველაფერს სხვისგან ვიგებ, თვითონ არაფერი უთქვამს... აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ჩემი მეუღლე ბოლოს ათი დღის წინ ვნახე, შემდეგ აღარ მინახავს, ყაზარმულ რეჟიმზე იყვნენ. 6 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და მე ამ ხნის მანძილზე არ გამიგონია თამაზის ისეთი გახარებული ხმა, როცა დამირეკა და მითხრა, ცხინვალში ვართ, ამას რას მოვესწარი, ცხინვალში ვართო...“

თამაზ ხაჭაპურიძე აგვისტოს ომში სასწაულად გადაურჩა სიკვდილს...

მეუღლე: „მიყვებოდა, სასწაულმა გადაგვარჩინაო, რამდენიმე ბიჭი დარჩენილან, რუსებით ყოფილან გარშემორტყმულნი, ის ადგილი დაუბომბავთ, სადაც ყოფილან, რაღაც შენობისთვის ძლივს შეუფარებიათ თავი, იქიდან რომ გამოსულან, იმ სახლსაც დასცემია ბომბი და აფეთქებულა“.

თამაზ ხაჭაპურიძე 5 ნოემბერს 30 წლის გახდა. 10 ნოემბერს დაიღუპა...

მამამ ბოლოს 1 ნოემბერს ნახა.

მამა: „ჩემი რძლის ოჯახში ვიყავი, იქ მნახა. დაბადების დღე დვანში გადაიხადა, იქ გვყავს ნათესავები და იქ მისულა...“

ოჯახში ჰყვებიან, რომ, დაღუპვამდე, თამაზს სიზმარში ცხინვალში ნაწამები ძმა უნახავს... ლიახვში ერთად ბანაობდნენ ძმები...

მეუღლე: „ჩვენს სახლს გავხედეთ, იწვოდა ჩვენი სახლიო, ჩემმა ძმამ მითხრა, იმ სახლს ნუღარ უყურებ, მაინც ჩემთან უნდა წამოხვიდეო... ჩემს მეუღლეს უთქვამს, არა ჩემს ცოლ-შვილთან წავალო, მაგრამ ხელი მომკიდა და წამიყვანაო... თამაზის ყოველი პოსტზე წასვლა, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ისეთი შიში დამჩემდა, ექიმთანაც მომიწია წასვლა. 8 ნოემბერს ვნახე ბოლოს...

დილით ისე გავიდა სახლიდან, არც გაგვაღვიძა... 9 ნოემბერს დამირეკა საღამოს და დიდხანს მელაპარაკა, უკვე გათიშვას ვაპირებდი, მითხრა, მაცადე, უნდა გელაპარაკოო. რა მოგივიდა, ხომ არ კვდები-მეთქი და სიცილი დაიწყო... მითხრა: მე ისეთ რამეებს გადავრჩი, არაფერი არ მომკლავსო. მთელი გრძნობით მელაპარაკებოდა და სიყვარულს მიხსნიდა...

დილით, ტელევიზიით გავიგე რა უბედურებაც ტრიალებდა ჩვენს თავს. გავიგე, მაგრამ ვერ დავიჯერე...“

თამაზ ხაჭაპურიძე 10 ნოემბერს, დილით აფეთქდა ნაღმზე იმედა კახნიაშვილთან ერთად, აფეთქდა მას შემდეგ, რაც ოსური დროშა ჩამოხსნეს...

წინა ღამეს იქ არაფერი იყო, დილით უკვე ცვლას ამთავრებდნენ, შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ, როდესაც ბოლო შემოვლისას მინდორში აღმართული ოსური დროშა შეუნიშნავთ. მივიდნენ, ჩამოხსნეს დროშა და ამოქმედდა დისტანციური მართვის პულტი – დროშის ირგვლივ ჩამარხული ნაღმები აფეთქდა. თამაზ ხაჭაპურიძე ადგილზევე დაიღუპა – საძილე არტერია გადაეჭრა.

მამა: „მითხრეს, დაჭრილია და ჰოსპიტალში წევსო... ძალიან დაახლოვდნენ ერთმანეთთან ჩემი ბიჭი და იმედა კახნიაშვილი, ბოლოს ერთმანეთის გარეშე არაფერს აკეთებდნენ. ალბათ, გული უგრძნობდათ და იმიტომ იყვნენ სულ ასე ერთად“.

მეუღლე: „ძალიან განიცდიდა, ომის შემდეგ ყველაფერი რომ დავკარგეთ, ძალიან გაუხარდა სახლი რომ გვიყიდეს, ერთი სული ჰქონდა, როდის დაგვაბინავებდა. ჩქარობდა, ბოლოს, თითქოს რაღაცას გრძნობდა. ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, არაფერს თაკილობდა. ძალიან მზრუნველი მამა იყო, პატარაზე გიჟდებოდა, ამბობდა: სპორტსმენი მინდა რომ გამოვიდესო, უნდა დავეხმაროო. უფროსი ძალიან ნიჭიერი ბავშვია და თამაზს უხაროდა, ამბობდა კარგი განათლება უნდა მივცე ჩემს შვილებსო. ბავშვები გიჟდებოდნენ მამაზე, თამაზი რომ სახლში მოდიოდა, არცერთს აღარ ვახსოვდი, სულ უკან დასდევდნენ. ორივეს კარგად ახსოვთ მამა. როცა ვუბრაზდები შემოვლენ და სურათთან სხდებიან. პატარამ იცის, რომ მამა ცაშია. თვითმფრინავი რომ გადაიფრენს, გავა გარეთ და ამბობს, რომ მამა ცაშია და იქიდან გვხედავსო. ერთხელ ფანჯარასთან მიმიყვანა და მითხრა: რაკი მამა ვერ მოდის ჩვენთან, ჩვენ გავფრინდეთ მამასთანო. იმ დღეს სიმზარში ნახა და ხმამაღლა ეძახდა მძინარე, მამიკო, დამელოდე, ნუ მიდიხარო. ყოველი დღე მამის და ბიძის გახსენებით იწყება და მთავრდება ჩვენს ოჯახში. საფლავზე რომ მივდივართ, უფროსი მოეხვევა ხოლმე ქვას და ეხუტება. ვცდილობ, რომ პატარებთან არ ვიტირო, რადგან ძალიან განიცდიან...“

დღეს ზოია ბიძინაშვილი ექთნად მუშაობს თავისი გმირი მეუღლის სამსახურში.…

მეუღლე: „მინდა, რომ ეს ბიჭები ყველას ახსოვდეს და მათი სახელები ისმოდეს. მინდა, მათ მიერ დაღვრილი სისხლი დაფასდეს...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები