საქართველოს სამხედრო ისტორია
იმედა კახნიაშვილი

პოლიციის უფროსი სერჟანტი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1979 - 2008

 

აგვისტოში ბრძოლის ველზე რუს ოკუპანტებს გადაურჩა, მაგრამ მაინც აგვისტოს ომმა იმსხვერპლა – ოსური დროშის აღებისას ნაღმზე აფეთქდა...

იმედა კახნიაშვილი 1979 წლის 9 სექტემბერს, სოფელ კეხვში დაიბადა, მშობლებისთვის პირველი შვილი იყო, შემდეგ შეეძინათ და-ძმა.

ნათია კახნიაშვილი, მეუღლე: „ძალიან გულჩათხრობილი ბავშვი ყოფილა, მარტოს ჰყვარებია თამაში. აშენებდა სახლებს და მერე ცეცხლმოკიდებულ რეზინის ნაჭრებს ესროდა ამ სახლებს - ვითომ იბომბებოდა... სკოლა გორში დაამთავრა, სანიმუშო მოსწავლე ყოფილა, თავისუფალი თემა დაუწერია -`გვახსოვდეს აფხაზეთი~, მასწავლებლები კითხულობდნენ თურმე, ვინ დაწერაო, ისე მოსწონებიათ. თვითონ მსგავსი რამეების მოყოლა არ უყვარდა, მეგობრებისგან ვიცი...

ძალიან უყვარდა ფეხბურთი, ჯარის მერე უფრო აქტიურად დაიწყო თამაში, დადიოდა კიდეც ფეხბურთზე, გორის `დილაში~ ვარჯიშობდა. იარაღი აინტერესებდა ძალიან... სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, თორემ ისე, სკოლაშიც კარგად სწავლობდა, ძალიან განათლებული და ნაკითხი ადამიანი იყო, ისტორია იცოდა ძალიან კარგად...“

…იმედა კახნიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა კოჯორში. მხედრული ვალის მოხდის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა სამშობლოსთან და კოსოვოში წავიდა რვა თვით, სამშვიდობო მისიით, შემდეგ იყო თურქეთი, ალბანეთი, იუგოსლავია... პირველი კონტრაქტის გასვლის შემდეგ, ერთხანს შინ იყო, შემდეგ კვლავ გააფორმა კონტრაქტი, თავდაცვაში მსახურობდა, შემდეგ კი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში დაიწყო მუშაობა...“

იმედამ და მისმა მომავალმა მეუღლემ _ ნათიამ, ერთმანეთი სოფელ კეხვში გაიცნეს. ნათია მეთერთმეტე კლასში იყო, სასწავლად კეხვის სკოლაში რომ გადავიდა და იმედაც მაშინ გაიცნო.

ნათია: „სამი წელი და ექვსი თვე გვიყვარდა ერთმანეთი. შეყვარებული ძალიან თბილი იყო, ზედმეტი არაფერი უყვარდა და ტრადიციების მოყვარული იყო. ვცდილობდით ეკლესიურად გვეცხოვრა, მარხვას ვიცავდით, ერთი მოძღვარი გვყავდა. სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩემი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. რაკი ურთიერთობას გვიშლიდნენ, შეხვედრას სხვადასხვანაირად ვახერხებდით, როცა ერთმანეთი გვენატრებოდა, მოდიოდა ჩემს სახლთან, ჩემი ოთახი გზისპირას იყო, მე ფანჯრიდან ვიხედებოდი, ერთმანეთს ჩავჭიდებდით ხელს, და ასე ვსაუბრობდით ხოლმე. ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ ჯვარი დაგვეწერა. ერთხელ მოვიდა ჩვენთან, დედაჩემს თვალებში ჩახედა და ჰკითხა - რა გინდა ჩემგანო? ასე შემოვირიგეთ დედაჩემი და ჯვარი დავიწერეთ“.

ნათიას და იმედას მალე ბიჭი შეეძინათ.

ნათია: „ბიჭი შეგვეძინა. სახელი თვითონ დაარქვა, დაბადების მოწმობა რომ მოიტანა, მაშინ ვნახე რომ შვილს დავითი დაარქვა. ოცნებად ჰქონდა, ჩემი ბიჭი ფეხბურთელი უნდა გაიზარდოსო. დიდი ტრიბუნიდან უნდა ვუგულშემატკივროო.... დათო მართლაც სულ ბურთით და იარაღით თამაშობს...

სანამ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში დაიწყებდა მუშაობას, ფეხბურთზე დადიოდა, ვარჯიშობდა, ბავშვებიც ჰყავდა, რომლებსაც ავარჯიშებდა, ნამდვილად არ გვიჭირდა, კარგად ვცხოვრობდით, მეც ყველაფერს ვაკეთებდი, ვმუშაობდი, კაცური ცოლი მყავსო, ძმაკაცებში ტრაბახობდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მუშაობის დაწყება. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი... თითქმის ორი წელი ერგნეთის საგუშაგოზე იყო, მსროლელი იყო, კურსებიც გაიარა, მსხვილკალიბრიანი ამერიკული შაშხანა ებარა, ძალიან ბევრი წიგნი მოჰქონდა იარაღზე, ყოველთვის ეცნობოდა და სამსახურშიც ძალიან აფასებდნენ. წოდებით იყო უფროსი ინსპექტორი-ლეიტენანტი. ძალიან დამღლელი სამუშაო ჰქონდა, მაგრამ, არც დაუწუწუნია, არც დასცდენია, რომ უნდა წამოსულიყო. იყო შემთხვევები, როცა ღამის 4 საათზე დაურეკავთ და წასულა სამსახურში. ამ რეჟიმის გამო, გორში ქირით წამოვედით საცხოვრებლად. ასეთი მძიმე და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მასთან ურთიერთობა და ცხოვრება ძალიან კარგი იყო...

ოცნებობდა, მე თუ ვერ მოვესწრები, ჩემმა შვილმა მაინც იცხოვროს ერთიან საქართველოშიო... არ ვიცი წინათგრძნობა ჰქონდა თუ რა, მაგრამ ხშირად ამბობდა, რომ მალე მოვკვდებიო, რაზეც სულ ვეჩხუბებოდი...“

მერე დაიწყო აგვისტოს ომი... იმედა კახნიაშვილი ცხინვალში იბრძოდა. ომიდან მშვიდობით დაბრუნდა.

ნათია: „ომიდან რომ დაბრუნდა, ღმერთს მადლობას სწირავდა, ომი ისე გადავიარეთ, ჩვენი სამსახურიდან დაჭრილები კი არიან, მაგრამ არავინ დაღუპულაო. მე თვითონ ყველა მეცოდებოდა, ვისაც ამ ომმა შავები ჩააცვა, გული მეწურებოდა,

როდესაც ამდენ ახალგაზრდა ქალს ვხედავდი შავებში ჩაცმულს, მაგრამ სულ სხვა ტკივილია, როდესაც ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდი...

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ბიჭები ჰყავდა მოყვანილი სახლში, სუფრა რომ გავუშალე მთხოვა, დაჯექი, ჩვენს გვერდით იყავიო... გამიკვირდა... დღეს, როგორც ჩვენ დავლევთ, შენც ისე უნდა დალიოო. ამბობდა, რომ დღეს ყველანი კაცები ვართო... ამბობდა, მე ისეთი ვაჟკაცური ცოლი მყავს, ხვალ რომ მოვკვდე, ისეთ შვილს გაზრდის მე რომ მინდაო...

მეორე დღეს სამსახურში გავაცილე, მესამე დღეს შინ რომ უნდა დაბრუნებულიყო ეს უბედურებაც მოხდა...

ბოლოს შინიდან 8 ნოემბერს გავიდა. დილით რომ ადგა, ლოცვა წაიკითხა, სახლიდან რომ გადიოდა ჩავეხუტე და ისე დავემშვიდობე, სხვა დროს ასე არ ხდებოდა... გავიფიქრე, როგორც ასე მშვიდობით ვაგზავნი, ისე მშვიდობით დამიბრუნე ეს ადამიანი-მეთქი და ეს ფიქრი ჩემდაუნებურად ხმამაღლა აღმომხდა... ქუჩაში რომ გავიდა ფანჯრიდან ვუყურებდი, მერე თვითონაც გამომხედა, მკითხა, რატომ მიყურებ, ხომ დამემშვიდობეო... წინა დღეებში თვითონაც თითქოს რაღაცას გრძნობდა, ამბობდა, გული მაქვს დამძიმებულიო... ბებია იყო ტყვედ ჩავარდნილი და ძალიან განიცდიდა ამ ამბავს...“

იმედა კახნიაშვილი თავის მეუღლეს ბოლოს 10 ნოემბერი რომ იწყებოდა, მაშინ ესაუბრა.

ნათია: „შუაღამისას, 2 საათზე დამირეკა, შენი ხმის გაგონება მინდოდაო. ნამძინარევი ვიყავი და ნორმალურად ვერ ველაპარაკებოდი, მეხვეწებოდა, გამოფხიზლდი და დამელაპარაკეო. ეს იყო ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი... გაიხსენა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი, კონკრეტულ ამბებს იხსენებდა... მკითხა, ყველაფერი თავიდან რომ დავიწყოთ, ისევ გამოივლიდი იმ პერიოდსო? ვუპასუხე, რომ აუცილებლად გამოვივლიდი იმ გზას და ერთ შესწორებას არ შევიტანდი-მეთქი. ჯიგარი ხარ და ამიტომ მიყვარხარო, მითხრა...“

იმედა კახნიაშვილი ქარელის რაიონში, სოფელ დვანის საგუშაგოზე იდგა, იქ ახდენდა პატრულირებას.

„საღამოს პატრულირებისას ყველაფერი წესრიგში იყო, მშვიდობა იყო. დილით სახლში წამოსვლამდე, კიდევ ერთხელ უნდა შემოევლოთ იქაურობა. პატრულირებისას ოსური დროშა შენიშნეს მინდორზე. გადასულან, გაუჩერებიათ, აქ რაღაც მახე იქნებაო, მაინც დაიძრნენ ამ დროშისკენ. 14-15 ბიჭი წასულა. დროშაზე რაღაც ასაფეთქებელი ყოფილა დამონტაჟებული, რომელიც მომაკვდინებელი არ იყო, მაგრამ ხმაურს იწვევდა, ამ ხმაურზე კი დისტანციური მართვით დროშის გარშემო დამარხული ნაღმები აქტიურდებოდა. ასეც მომხდარა, როდესაც დროშა აიღეს, ხმაური გამოიწვია მისმა აღებამ და აფეთქდა ყველა ნაღმი. ჩემი მეუღლე ნაღმზე იდგა და როდესაც ამოხეთქა, მხარში მოხვდა და გააგლიჯა მხარი... თამაზ ხაჭაპურიძე ადგილზე დაიღუპა. იმედა სისხლისგან დაიცალა, ბოლომდე გონებაზე ყოფილა, დაჭრილიც კი კითხულობდა ბიჭებს, ხომ კარგად არიანო. თამაზის დაღუპვის ამბავი ბიჭებს დაუმალავთ იმედასთვის. მხარგაგლეჯილი მანქანაში რომ ჩააწვინეს, უთქვამს, ჩემი იარაღი იქ არ დატოვოთ, არ შემარცხვინოთო. იარაღიც მიუტანიათ... სისხლისგან იცლებოდა... ჩქარობდნენ რამდენადაც შეეძლოთ. ბიჭებისთვის უთხოვია, ტელეფონი მომაწოდეთ ნათიას უნდა დავურეკო და ვუთხრა, როგორ მიყვარსო.... ტელეფონი რომ მიაწოდეს ვერ მოუსწრია აკრეფა, უთქვამს: მგონი ვკვდებიო და სულიც დალია....“

თანამშრომლებმა იმედას ცხედარი ჰოსპიტალში მიასვენეს და ოჯახში მივიდნენ, რომ ქმრის დაღუპვის ამბავი ეთქვათ ცოლისთვის...

ნათია: „რემონტი გვქონდა, ხელოსნებს ველოდი, კარზე კაკუნი იყო, გავაღე და იმედას თანამშრომლები იდგნენ. სახეები ჰქონდათ წაშლილი... აგვაფეთქეს, იმედა დაჭრილია და ჰოსპიტალში წამოდიო. მძინარე ბავშვი ხელოსნებს დავუტოვე და გავყევი... მანქანაში რომ ჩავსხედით, აყოვნებდნენ დაძვრას, უნდოდათ, რომ ვინმე გამოგვყოლოდა. თვალებში ვერ მიყურებდნენ... პირჯვარს ვიწერდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, თუ სასიკვდილოდაა დაჭრილი ხუთი წუთით მაინც მანახე-მეთქი... ბიჭები ტიროდნენ... ვბრაზობდი ცოცხალ კაცს რატომ ტირით-მეთქი... საავადმყოფოში მისულს დაჭრილების გვარებს რომ მიკითხავდნენ, ღმერთს ვემუდარებოდი რომ კახნიაშვილი ეთქვათ... არ თქვეს... მორგისკენ გავიქეცი, ჩემი მკვდარი მეუღლე მანახეთ-მეთქი...“

პატარა დავითი უმამოდ იზრდება. განგებამ მას გმირის შვილობა არგუნა...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები