საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი მარგიშვილი

 

პოლიციის რიგითი

ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

1981-2008

 

გიორგი იმ 6 ბიჭიდან ერთ-ერთია, ცხინვალში სტალინის ქუჩაზე ჭურვი რომ ესროლეს კობრას და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომ ითვლება... ხუთ თანამებრძოლთან ერთად დაჭრილების გამოსაყვანად შევიდა ცხინვალში... ამ დროს დაეწია მათ კობრას, რუსული საოკუპაციო ჯარების ტყვიამფრქვევი. ვერაფერი, რომ ვერ დააკლეს, ჯავშან-მანქანას საბურავში ესროლეს და ამოტრიალდა... დაჭრილმა ბიჭებმა, სტალინის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში შეაფარეს თავი და მერე გაქრნენ...

გიორგი მარსაგიშვილი 1981 წლის 28 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო ქედში დაიბადა.

ციური ქარჩაიძე, დედა: „ობლობაში გავზარდე ორი შვილი, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ არაფერი მომეკლო მათთვის. ზემო ქედის საშუალო სკოლა დაამთავრა, როგორც ბიჭების უმრავლესობა, თავიდან კარგად სწავლობდა, მაღალ კლასებში, მერე ხელი აუშვა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯარიდან მოწვევა მოუვიდა. წელიწად-ნახევარი იმსახურა, შინაგან ჯარში, გომბორზე.

ძალიან უნდოდა, სამხედრო აკადემიაში ჩაებარებინა, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა და ხელი ვერ მივაშველე, დედა მოუკვდეს...“

მშრომელი ბიჭი იყო. ცოტა რომ წამოიზარდა, ოჯახს დიდი კაცივით ედგა მხარში, არაფერს თაკილობდა... ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ, კერძო დაცვაში იწყებს მუშაობას. მომავალ მეუღლეს, სამსახურში იცნობს და ერთი წლის შემდეგ ქორწინდება.

ალინა მარსაგიშვილი, მეუღლე: „4 წელი ვიცხოვრეთ ერთად... ერთმანეთი 2004 წელს, მის სამსახურთან გავიცანით. ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. ძალიან თბილი და კარგი ადამიანი იყო...

შეყვარებულობის პერიოდში ბევრ საჩუქარს მიკეთებდა... წლის თავზე შეგვეძინა ლიზი. როცა გაიგო, რომ მამა უნდა გამხდარიყო, ძალიან ბედნიერი იყო... ბავშვს ძალიან ათამამებდა, არაფერს აკლებდა. ყოველთვის აკლდა მამის სითბო და ამას ხშირად ამბობდა... მართალია, ჩემი დედამთილი არაფერს აკლებდათ და კარგადაც აღზარდა ორივე შვილი, მაგრამ მამა ყოველთვის აკლდათ. მამობით ამაყობდა, ლიზი მისთვის ყველაფერი იყო. რაც თვითონ აკლდა ბავშვობაში, უნდოდა რომ შვილისთვის აენაზღაურებინა, მაგრამ მის შვილსაც დააკლდა მამამისი... ბიჭი უნდოდა ძალიან. სამი წლის ხდებოდა ლიზი, კახა ომში, რომ წავიდა... ლიზის მამა კარგად ახსოვს. ახლა, რომ ეკითხებიან სად არისო, ცხინვალშია და მალე მოვაო ამბობს. ხუთი წლის ნოემბერში გახდება...“

9 წლის იყო გიორგი მამა რომ გარდაეცვალა. დედა გმირულად ზრდიდა ორ შვილს... გავა წლები და გმირი დედა, ობლობაში გაზრდილ შვილზე იტყვის, გმირი გამიზრდიაო... მხოლოდ გამზრდელ დედას და ახლობლებს, არ უნდათ დაჯერება, რომ მათი შვილი აღარაა...

ციური ქარჩაიძე, დედა: „ძალიან უყვარდა სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მართალია, ბოლო დროს ხშირად ვეღარ ახერხებდა ჩასვლას, მაგრამ წელიწადში ერთხელ ყოველთვის ჩადიოდა...

განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში, რომ დაიწყო მუშაობა, ძალიან ბედნიერი იყო... სულ სამი თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, ჯერ წოდებაც არ ჰქონდა, რიგითი პოლიციელი იყო... ძალიან უყვარდა თავისი სამსახური. მონდომებული იყო... მიღება, რომ გამოცხადდა, ჩააბარა ნორმატივები და გაუმართლა, მიიღეს. ძალიან გახარებული იყო, როგორც იქნა ჩემი ადგილი ვიპოვეო... წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.

პირველი ხელფასი რომ აიღო, ყველას რაღაც გვაჩუქა... ბევრი ოცნება ჰქონდა, საკუთარ კერაზე ოცნებობდა თბილისში, დედა მოუკვდეს...“

ალინა მარსაგიშვილი, მეუღლე: „სახლიდან ბოლოს 10 ივნისს გავიდა. როგორც ყოველთვის იმ დღესაც ჩვეულებრივ გამოგვემშვიდობა. აბა თქვენ იცითო და წავიდა... მას მერე არ გვინახას... როცა კოდორში იყო ყოველდღე ველაპარაკებოდით... ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე, მითხრა: გორში ვარ, არაფერზე არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნებაო... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, მას მერე მისი ხმა აღარ გამიგია... ვრეკავდით, მაგრამ ვერაფრით ვეღარ ვუკავშირდებოდით...

ორი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც კახა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დრო გადის და არაფერი ისმის... არავინ არაფერი იცის... სიმართლეს ვერავისგან ვიგებთ... ჩვენ ველოდებით და კიდევ დიდხანს დაველოდებით, მჯერა რომ დაბრუნდება... ყოველ დღე, ყოველ წუთსა და ყოველ წამს ველოდებით... რთულია მის გარეშე ცხოვრება... დრო გადის და უფრო მძაფრდება მისი მონატრება... მას შემდეგ რაც კახა უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს, სახელმწიფომ დამასაქმა და ახლა იქ ვმუშაობ, სადაც ჩემი მეუღლე მსახურობდა. ძალიან მიჭირს იმ სამსახურში მისვლა... ცხოვრება რთული ყოფილა, მაგრამ ჩემი შვილისთვის უნდა გავუძლო ამ ყველაფერს“.

ნანა მარსაგიშვილი, გიორგის და: „ჩემი ძმა ჩემზე ორი წლით იყო უფროსი... ზედ მყვებოდა. არ არსებობდა რამე, მას რომ ჩემთვის არ გაეკეთებინა. როცა გავთხოვდი ჯარში იყო. იცოდა, რომ შეყვარებული ვიყავი და ძალიან გაეხარდა ჩემი გაბედნიერების ამბავი... ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში ლაპარაკი...“

ვერიკო მარსაგიშვილი, გიორგის ბიძაშვილი: „ძალიან საყვარელი ადამიანი იყო, ჩემზე ოთხი წლით უფროსი... მე სამი ძმა მყავს და გიორგი ჩემი მეოთხე ძმა იყო... სამწუხაროდ ბავშვობიდან ერთად არ ვიზრდებოდით.

16 წლის ვიყავი ერთმანეთი, რომ გავიცანით. მანამდე არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა, მარტო გადმოცემით ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენმა მამებმაც ერთმანეთი მოგვიანებით გაიცნეს. ყოველთვის იმას ამბობდა, აქამდე რატომ არ ვიცნობდით ერთმანეთსო... მანამდე ჩვენზე არ იყო დამოკიდებული და როცა გავიზარდეთ ერთმანეთი ვიპოვეთ.

ჩვენი გაცნობიდან 6 წელი იყო გასული, გიორგი, რომ დაიკარგა... ხშირად გვირეკავდა, გვკითხულობდა, როგორ ხართო... ძალიან თბილი ადამიანი იყო, მისნაირი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი სანათესაოში არც გვყოლია. ძალიან უყვარდა ხინკალი და ხაბიძგინა, როცა ჩვენთან მოდიოდა, ყოველთვის მის გაკეთებას მხთოვდა. ბოლოს მითხრა ყაზბეგში, რომ ჩამოვალ ჩემს ცოლსაც ასწავლე ხაბიძგინას გაკეთებაო...

ბოლოს 10 ივნისს ვნახე... სამსახური ახალი დაწყებული ჰქონდა, ძალიან გახარებული იყო... ბოლოს 22 ივნისს დამირეკა, დაბადების დღე მომილოცა. მას მერე მესიჯებით ვეკონტაქტებოდით, ბოლოს, რომ მომწერა კოდორში იყო. ალბათ გული უგრძნობდა რაღაცას, თავისი ფოტოები გამოგვიგზავნა ესემესით... აქედან რომ ჩამოვალ, თქვენთან, ყაზბეგში ჩამოვალ დასასვენებლადო...

არეულობა, რომ დაიწყო, მასთან დაკავშირებას ვცდილობდით, მაგრამ ვერაფრით ვუკავშირდებოდით... მერე შევიტყვეთ მისი ამბავი. ჩვენ დღესაც ველოდებით ცოცხალს...“

ერთმანეთი რვა წლის წინ გაიცნეს. ალეკო გიორგის მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა. ერთმანეთი უკანასკნელად ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ნახეს. ორივე ცხინვალში იბრძოდა, მაგრამ ბრძოლის ველზე ვერ ნახეს ერთმანეთი.

ალეკო გვალია, გიორგის მეგობარი: „მისი მეჯვარე ვარ და ბავშვის ნათლია. რვა წელია ვიცნობდი. ერთმანეთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გავიცანით...

დავალებაზე ყოფნის პერიოდში, რამდენჯერმე გადამარჩინა სიკვდილს. კაცი, რომელიც გავუშვი, მეგონა, რომ არანაირ საფრთხეს არ შეგვიქმნიდა და ვაპატიეთ შეცდომა, უკნიდან მეპარებოდა, მკლავდა... ასეთი შემთხვევები ხშირი იყო, ბევრჯერ უხსნია მეგობრები სიკვდილისგან... ძალიან ბევრი რამის გახსენება შემიძლია ამ ადამიანზე, ცუდის გარდა, რადგან მისგან არავის ცუდი არ ახსოვს. ძალიან თბილი, მეგობრული და ერთგული ადამიანი იყო. ძალიან რთულია ამ ადამიანის გმირობაზე ერთი და ორი მაგალითი მოვიყვანო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული და თავი დადო ბოლომდე საქართველოს საქმისთვის.

ბოლოს, სანამ ომი დაიწყებოდა ერთი თვით ადრე ვნახე. მერე კოდორში მივლინებით გაუშვეს, მე თბილისში ვიყავი. არეულობა, რომ დაიწყო, დამირეკა, ცხინვალისკენ მოვდივარ და ომში შევხვდებით ერთმანეთსო, ეს იყო, მისი ბოლო სიტყვები...

ომი, რომ დამთავრდა და მეგობრების მოკითხვა დავიწყე, ყველა ვნახე, ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი უვნებელი, მაგრამ გიორგიზე ვერაფერი გავიგე, მერე მითხრეს რომ ცხინვალში ჩარჩა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებაო... მართალია, დღესაც არაფერი ვიცით მის შესახებ, ცოცხალია თუ გარდაცვლილია, მაგრამ მან ბოლომდე იბრძოლა და ის გმირია...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები