საქართველოს სამხედრო ისტორია
ზურაბ ბიბილური

პოლიციის რიგითი

ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

1987 - 2008

 

ორივე ძმა ომში იბრძოდა. ვიტალი კოდორში წაიყვანეს, ზურა ცხინვალში. მას მერე ძმებმა ერთმანეთი ვეღარ ნახეს, ვიტალი სახლში მშვიდობით დაბრუნდა, ზურას დღემდე ელიან...

ბიბილური ზურა 1987 წლის 27 ივლისს, გორის რაიონში, სოფელ ქვემო არცევში დაიბადა. 21 წლის იყო, რუსი ოკუპანტების მიერ გაჩაღებულ ომში რომ დაიკარგა...

ბელა, ზურას დედა: „სკოლაში საშუალო მოსწავლედ ითვლებოდა. რომ გითხრათ სადმე ჩაბარება უნდოდა, არ ვიქნები მართალი. არ ჰქონდა სწავლის ინტერესი დიდად. სკოლა როგორც კი დაამთავრა, საკუთარი სურვილით გამოცხადდა კომისარიატში და მოხალისედ ჩაეწერა. ყველანაირად გვერდში გვედგა და გვეხმარებოდა. ძალიან მშრომელი და დაუზარელი იყო, დედა მოუკდეს... 19 წლის რომ გახდა, ჯარში გამოიძახეს, არ დაფიქრებულა ისე წავიდა. სავალდებულო, თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროში, მესამე სამმართველოში მოიხადა. წელიწად ნახევარი იმსახურა, ძალიან კარგი დახასიათება ჰქონდა და იქ დატოვეს, სპეცრაზმში დაიწყო მუშაობა. კახეთში სროლის კურსები გაატარეს და პირველი ადგილი მიუნიჭებიათ...

ძალიან მეოჯახე და მზრუნველი იყო...…პირველი ხელფასით ტელევიზორის მაგიდა და ტელევიზორი იყიდა. ძალიან უხაროდა, სამსახური. ხელფას, რომ აიღებდა, აუცილებლად მოდიოდა სახლში, ორას ლარს მიტოვებდა...

საერთოდ უთქმელი არ იყო, მაგრამ სახლში სამსახურზე ლაპარაკი არ უყვარდა“.

სამსახურიდან გამომდინარე ხშირად თბილისში უწევდა ყოფნა. ძალიან მოსწონდა თავისი საქმე და თავს კარგად ვგრძნობო ამბობდა. ბოლოს სახლში 27 ივლისს მოვიდა.

დედა: „ხელფასი ჰქონდა აღებული და დილით ადრე გავიდა. სახლიდან რომ გადიოდა თითქოს არ უნდოდა წასვლა. სულ უკან იხედებოდა. მამამისმა გააცილა. ხშირად ველაპარაკებოდით ტელეფონზე, თვითონაც ხშირად რეკავდა. ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე. გვითხრა: მე სამსახურში ვარ, რას შვრებით, როგორ ხართ, მანდ რა ხდებაო. ამ დროს უკვე ცხინვალის მისადგომებთან ყოფილან... გვიმალავდა, რომ არ გვენერვიულა. მერე მამამისი ელაპარაკა და მისთვის უთქვამს, ერთი სული მაქვს სახლში როდის ჩამოვალო, დედა მოუკვდეს...

სოფელში რამდენიმე მოხუცებული და ჩვენ ვიყავით დარჩენილები. ორივე შვილი ომში მყავდა და მე სად უნდა წავსულიყავი...

სოფელში რუსის ჯარი იდგა, ყველა ოჯახში შედიოდნენ და ყველაფერს გარეთ ყრიდნენ. კითხულობდნენ, რომელი ოჯახიდან იყო წასული ჯარისკაცი ომში და თუ ვინმეს გაიგებდნენ, სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ...

ბოსტანში გვეძინა შეშინებულებს. რამდენიმე დღე ღია ცის ქვეშ ვიმალებოდით...

ზურას 8 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის მეზობელი ბიჭისთვის დაურეკია, უთქვამს რომ ცხინვალში ვარ, ომია და გეხვეწები ჩემებს არ უთხრა რომ აქ ვარ და ასეთია ამბავიაო. ჩემი მეუღლე ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა ან როგორ უნდა მოგვესვენა ორივე შვილი ჯარში გვყავდა და ვერც ერთზე ვერაფერს ვიგებდით.

რამდენჯერმე თბილისში ფეხით ჩავიდა, რამე რომ გაეგო, მაგრამ იქაც ვერაფერს გვეუბნებოდნენ.

12-13 აგვისტო იქნებოდა, სახლში შემოსვლა გავბედე. მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე. ქართული არხები გათიშული იყო და რუსულ არხებზე გადავრთე. ზუსტად აღარ მახსოვს რა არხი იყო, მაგრამ კოკოითის ინტერვიუს აჩვენებდნენ. ამბობდა, ბევრი ქართველია დაჭრილი ჩვენს საავადმყოფოშიო, მაგრამ არცერთი არ უჩვენებიათ...

მოგვიანებით ქართულ არხებზეც აჩვენეს „307“ კობრა, რომელშიც ჩემი შვილი იჯდა... დაჭრილებიც აჩვენეს, მაგრამ ექვსნი არ იყვნენ 4 ბიჭი ჩანდა... ~

ზურას დედას დღემდე შავები არ ჩაუცვამს, მისი შვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დედა: „ეს ამბავი 12 აგვისტოს გავიგეთ. ამ ექვსიდან სამი დაღუპული აღმოჩნდა და დნმ-ის ანალიზი მოვიდა. ზურაზე და კიდევ ორ ბიჭზე დღემდე არაფერი ვიცით... ძალიან მიჭირს. არ ვიცი სად წავიდე, რა ვუშველო, სად არის ჩემი შვილი. ყოველდღე ველოდები.

ექვსნი ისხდნენ ერთ კობრაში, დაჭრილების გამოსაყვანად შებრუნებულან... ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე იყვნენ, რომ სნაიპერს უსროლია რამდენჯერმე ამოტრალებულა კობრა, მაგრამ არც ერთი დაღუპულა. უკან მეორე კობრა მოჰყვებოდათ, იქიდან ბიჭები გადმოსულან და გადმოუყვანიათ, ტროტუარზე დაუწვენიათ. დაღუპული არც ერთი არ იყოო ამბობენ...…ერთი ყოფილა მძიმედ. ჩემი შვილი ხელში ყოფილა დაჭრილი. ამ დროს, თურმე რუსის ჯარი მოჰყვებოდათ უკან. როგორც ეს ბიჭები ამბობენ, დავპირდით რომ შემოვალთ და გამოგიყვანთო, მაგრამ მერე რუსები გამაგრებულან იმ ადგილას და მათ დასახმარებლად ვერავინ ვეღარ შესულა... ეს ყველაფერი რამდენად მართალია არ ვიცი...“

გიორგი ბიბილური, ზურას ბიძაშვილი: „ჩემზე 10 წლით პატარა იყო... ჩემს ხელშია გაზრდილი. ერთ უბანში ვცხოვრობდით. სოფელში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც მასზე ცუდს გაიხსენებს... მშრომელი და ოჯახის ბიჭი იყო. მისი და თავისი ძმის შრომით არის შექმნილი მათ სახლში ყველაფერი.

შეყვარებული არ ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია.

ბოლოს 30 ივლისს ვნახე, სოფელში იყო მოსული. სანამ წავიდოდა მითხრა, 1 კვირაში შვებულება უნდა ავიღო, ჩამოვალ და ცხვარი მინდა დავკლაო.

ბოლოს სანამ გავაცილებდით, ჯოკერიც ვითამაშეთ, ერთი დედალი და 10 ლიტრიანი ღვინო წააგო...

ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე. სოფელ წინაგარაში ვარ, ყველაფერი კარგად არისო. თურმე ამ დროს ცხინვალში ყოფილა. ამის მერე ვეღარ ვუკავშირდებოდით.

11 აგვისტოს გორში ჩავედი, ჰოსპიტალის ეზოში გამოკრულ დაღუპულების სიაში წავიკითხე მისი სახელი და გვარი. მერე კომპიუტერში გადავამოწმებინე და იმ ბაზაში არ იყო შეყვანილი. მითხრეს რომ ეს ბიჭებმა მიაწერეს ხელით, ცხინვალში ვინც ნახესო. მას მერე აღარაფერი გაგვიგია.

2 წელი გავიდა და ცოცხალი რომ ყოფილიყო...

კობა ბიბილური, ბიძაშვილი: „ერთად ვიზრდებოდით. 5 წლით იყო ჩემზე პატარა. ზრდილობიანი იყო. ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე სოფელში, მაგრამ სამსახურზე არასდროს ლაპარაკობდა. დამოუკიდებელი ადამიანი იყო და ძალიან უნდოდა თვითონ გაეკეთებინა ყველაფერი. გაჭირვებაში გაიზარდნენ ეგ და თავისი ძმა, ბოლოს რაღაცას მიაღწია, მაგრამ არ დასცალდა...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები