საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი ძირტკბილაშვილი
გიორგი ძირტკბილაშვილი

პოლიციის რიგითი

ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

1980 – 2008

 

დაჭრილები გამოჰყავდათ ცხინვალიდან სამშვიდობოზე. ბოლოს რომ შებრუნდნენ, მტერმა მათი კობრა ამოატრიალა. გადმოვიდნენ, შენობას შეაფარეს თავი და მათი კვალიც დაიკარგა ომის ქარცეცხლში...

დედა ამაოდ ელის შინმოუსვლელ შვილს. დედა, რომლის 2 ვაჟი იბრძოდა ომში. ერთი დაუბრუნდა შინ მშვიდობით. მეორე რუსმა ოკუპაციამ შეიწირა.

27 წლის გიორგი ძირტკბილაშვილს სულ 6 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში...

გიორგი ძირტკბილაშვილი 1980 წლის 17 აგვისტოს დაიბადა ქარელის რაიონში, აგარაში. მშობლებისთვის ჯემალ ძირტკბილაშვილისა და ნუნუ ახალკაცისთვის გიორგი პირველი შვილი იყო. შემდეგ მეორე ვაჟიც შეეძინათ.

დედა გაიხსენებს რომ გიორგი ძალიან კარგი ბავშვი იყო, გამორჩეული, გულთან მიჰქონდა ყველას გაჭირვება და ცდილობდა ყველას დახმარებოდა.

დედა: „მანქანები უყვარდა ძალიან, ლექსებს წერდა თავისთვის. სკოლაში არ იყო ცუდი მოსწავლე. სკოლა რომ დაამთავრა ჯარში გაიწვიეს, თბილისში მსახურობდა. სოხუმის ფილიალში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე, ფიზკულტურულზე სწავლობდა.

უნივერსიტეტში დაუსწრებელზე სწავლობდა და ჯარს რომ მორჩა, სოფელში იყო, ტყეში მუშაობდა, თავისი შემოსავალი ჰქონდა. 27 წლისამ დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ დიპლომის აღება ვერ მოასწრო, უნივერსიტეტში რომ მივიდა დიპლომისთვის, უთხრეს, მზად არაა, აგვისტოში მოდიო, აგვისტოში ეს უბედურება დაგვატყდა თავს...“

ამ უბედურების დატყდომამდე კი, გიორგიმ მუშაობა დაიწყო შსს-ში, განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში.

დედა: `ძალიან უნდოდა ცხოვრებაში რომ რაღაცისთვის მიეღწია და როცა მისმა ძმამ, დათომ შსს-ში დაიწყო მუშაობა, გიამაც გადაწყვიტა მისთვის მიებაძა~.

გიორგი ძირტკბილაშვილს სულ 6 თვე მოუწია მუშაობა... ომი დაიწყო.

დედა: „ბოლოს 6 აგვისტოს იყო სახლში მოსული, სადილი მომამზადებინა, მეგობრები უნდა მოვიდნენო. ამ დროს საზამთრომ ჩამოიარა და შემომიტანა ეს შენ დაბადების დღის საჩუქრადო. ათ აგვისტოსაა ჩემი დაბადების დღე და მითხრა, იქნებ 10 აგვისტოს ვერც მოვიცალო, აქ არ ვიყოო...

იმ დღეს რომ წავიდა, იმის შემდეგ არაფერი ვიცით... უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ჩემი შვილი...

როგორც გადმოცემით ვიცი, ომის დროს, გიას დაჭრილები გამოჰყავდა მანქანით. ბოლოს რომ გამოიყვანა ბიჭები, უთქვამს: იქ ბიჭები არიან დაჭრილები და როგორ დავტოვოო და ისევ შესულა. ისეთი სისწრაფით მიდიოდა, რომ სნაიპერსაც ვერაფერი დაუკლია, ბორბლებს ესროდნენ და „კობრა“ ამოტრიალდა. როგორც გადმოცემით ვიცი, იმ კომბრიდან სამნი გადმოსულან და შენობაში შესულან. რომ შესულან იმ ტერიტორიაზე, ბიჭების გამოსაყვანად, იქ არავინ დახვედრიათ...

ყველგან ვეძებდით გიორგის, დაჭრილებში, გარდაცვლილებში. გორი რომ დაიცალა, მარტო რუსის ტანკები იდგნენ, მაშინ ჩავიდა ჩემი მეუღლე და ეძებდა გიორგის. ვეძებდით თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა....“

აგვისტოს ომში იბრძოდა გია ძირტკბილაშვილის ძმაც –დათო ძირტკბილაშვილი.

დათო ძირტკბილაშვილი, გიორგის ძმა: „ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი... ჩემგან განსხვავებით, წყნარი და მშვიდი ბავშვი იყო. სახლში დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს და ძირითადად იქ იყო, წიგნებს კითხულობდა. რაც თავი მახსოვს, სულ იმას გაიძახოდა პოლიციელი უნდა გამოვიდეო. ეს საქმე მისი ბავშვობის ოცნება იყო...

ბოლოს 7 აგვისტოს ვნახე, კარალეთის ბაზაზე, იქ გვქონდა შეკრების ადგილი. იქ შევხვდით ერთმანეთს, დედა და მამა მოიკითხა, როგორ არიანო... მითხრა: დამირეკეს და მოვატყუე, თბილისში ვართ-მეთქი... შემართებით იყო. შსს-ში, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოში ვმუშაობ. პირველი ჩემს ათეულს მოუვიდა ბრძანება და დავალებაზე უნდა გავსულიყავით, ერთმანეთს ჩვეულებრივ დავემშვიდობეთ... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა... როცა ომი დამთავრდა და შეკრების ადგილას მივედით, მის მეთაურს ვკითხე: რა ხდება, გიორგი სად არის-მეთქი. ყველაფერი კარგად არისო-მითხრა... უკვე სცოდნია, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ვერაფერი მითხრა. მეორე დღეს გავიგე რაც მოხდა და როგორ მოხდა...“

დედა: „დათოც იბრძოდა ომში, სანამ გორში რუსის ტანკი იდგა, გორიდან არ გამოსულა. გაგიჟებული ეძებდა თავის ძმას. ომის მერეც მთელი თვე გორის მისადგომებთან იდგა და იცავდა ქალაქს. ომის დროს, გიას ვერ ვუკავშირდებოდი, დათოსთან რომ მოვახერხე დაკავშირება და მისი ხმა გავიგე, მაშინვე გიაზე ვკითხე, სად არის-მეთქი. მომატყუა, გია გორშია, საბურავები გაუფუჭდა და მალე ჩამოვაო. ასე ველოდები დღემდე ჩემს შვილს... ვფიქრობ აი, ახლა შემოვა, აი, ახლა, მაგრამ...“

ნანა ჩუდგერაშვილი, გიორგის მამიდაშვილი: „გიორგიზე ხუთი წლით ვიყავი უფროსი. ძალიან კეთილშობილი და თბილი ბავშვი იყო. ბავშვობიდან სულ ფუსფუსებდა, საქმიანი იყო... ძალიან მიჭირს მასზე საუბარი... რაც მუშაობა დაიწყო, იშვიათად ახერხებდა ჩვენს ნახვას. ივნისის ბოლო რიცხვები იყო, ჩვენთან დედამისთან ერთად მოვიდა. მანქანისთვის რაღაც ნაწილი უნდა ეყიდა და გვითხრა: გორში მივდივარ და გაგასეირნებთო. მე, დედაჩემი და ჩემი დისშვილები წაგვიყვანა.

არ ვიცი, ალბათ, გული უგრძნობდა რაღაცას, ზედ გადაგვყვა, აღარ იცოდა როგორ ეცა პატივი, ყველას რაღაც გვიყიდა. ვეჩხუბებოდით კიდეც, ამდენს რატომ ხარჯავ, ბიჭო ცოტა შეინახე-მეთქი...

როცა გავიგეთ, რომ ომი დაიწყო, გიორგი სამსახურში გამოუძახიათ. გიორგის ძმაც ომში იყო და ორივე გვატყუებდა თბილისში ვართ, არ ინერვიულოთო... გიორგის ბოლოს 8 აგვისტოს ველაპარაკეთ. კარგად ვარ, ნუ ნერვიულობთო – ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები... მერე კიდევ ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, მაგრამ უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი.

ორი საშინელი წელი გავიდა... დღემდე გვაქვს იმედი, რომ სადღაც არის... იქნებ რაღაც სასწაული მოხდეს და გამოჩნდეს... მამიდასაც ვაიმედებთ, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ, მაგრამ რაც დრო გადის იმედი გვეწურება...“

ვასო ჩუტკერაშვილი, გიორგის ბიძა: „წესიერი ბავშვი იყო... ბოლოს 4 აგვისტოს ვნახე. ჩემთან იყო მოსული... საერთოდ ხშირად შემომივლიდა-ხოლმე, მკითხავდა: ბიძაჩემო, ხომ არაფერი გიჭირსო... ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, ერთი წუთი არ ჩერდებოდა ისე, სულ რაღაცას ჩხირკედელაობდა. ვინმეს მანქანა რომ გაფუჭებოდა, გიორგის ეძებდნენ, კარგად ესმოდა ელექტრობა... რამდენჯერ მინახავს, თოვლში და წვიმაში შემძვრალი ვიღაცის მანქანის ქვეშ... ჩემ დას და სიძესაც სულ იმედს ვაძლევ, აუცილებლად გამოჩნდება-მეთქი, მაგრამ მე უკვე აღარ მჯერა ამის...”



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები