საქართველოს სამხედრო ისტორია
მამუკა შუბითიძე

პოლიციის რიგითო

1984-2008

 

ქვეითი იყო, პირველად ქვეითად შევიდა ცხინვალში დაჭრილი მებრძოლების გამოსაყვანად, მეორედ უკვე კობრით, ისევ დაჭრილების გამოსაყვანად.

მესამედაც შევიდა ხუთ თანამებრძოლთან ერთად, ალყიდან რომ გამოეხსნათ 17 ბიჭი, მტერმა მათ კობრას დაუშინა, კობრას რომ ვერაფერი ავნო, საბურავებს ესროლეს, კობრას საბურავი მოსძვრა და ამოტრიალდა... ბიჭები გადმოვიდნენ, იქვე შენობას შეაფარეს თავი და მათი კვალიც დაიკარგა...

დაჭრილები იხსნეს, და თავად ჩაცვივდნენ ოკუპანტების ხელში...

მამუკა შუბითიძე 1984 წლის 26 აპრილს დაიბადა მარნეულის რაიონში, სოფელ ორჯონიკიძეში.

ლილი შუბითიძე, მამუკას დედა: „ძალიან კარგი, წყნარი და მშვიდი ბავშვი იყო. ძალიან კეთილი, რამე რომ ჰქონდა უნდოდა სხვისთვისაც მიეცა... ბავშვობიდან იტაცებდა სპორტი, ფეხბურთზე დადიოდა და უნდოდა, რომ სერიოზულად გაეგრძელებინა ვარჯიში... მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო ბოლომდე ვერ მივაყოლეთ ხელი... სოფელში უბნებს შორის შეჯიბრი, რომ იმართებოდა, მამუკას ყველა ექაჩებოდა, მოდი ჩვენს გუნდში ითამაშეო. სადაც მამუკა თამაშობდა, ის გუნდი ყოველთვის იგებდა, მართლა ჰქონდა მონაცემები, რომ სერიზული წარმატებებისთვის მიეღწია, სპორტის ამ სახეობაში... პლაკატებს აგროვებდა და სპორტის ყველა სახეობა მოსწონდა, თითქმის ყველა სპორტსმენის პლაკატი ჰქონდა... ფინანსურად ცოტა გვიჭირდა და არაფერს თაკილობდა, გვერდში გვედგა ყველანაირად. მიწის დამუშავებაშიც გვეხმარებოდა და ფიზიკურადაც შრომობდა სხვაგან...

სკოლაში თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ ბოლო კლასებში, როგორც ბიჭების უმრავლესობას სჩვევია, სწავლას მიანება თავი...“

ორჯონიკიძის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მამუკა შუბითიძე რამდენიმე თვე ფიზიკურად მუშაობდა და როგორც მამა ამბობს, – შრომას არ თაკილობდა.

შემდეგ სურვილი შეისრულა. თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა.

ავთანდილ შუბითიძე, მამა: „ძალიან მოწადინებული იყო რომ ჩაებარებინა და სამხედრო ცხოვრებით ეცხოვრა. მკაცრ რეჟიმში უწევდა ყოფნა, მაგრამ ამის გამო ერთხელ არ დაუწუწუნია, ვარჯიშობდა, სპორტული ბიჭი იყო, ფეხბურთი უყვარდა ძალიან... სამი კურსი დახურა და დაიხურა კიდეც ეს აკადემია... აკადემია რომ დაიხურა ძალიან დაწყდა გული. დახურვის შემდეგ, 6-7 თვე გორში, სამხედრო პოლიციაში მუშაობდა, შემდეგ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში გადავიდა რიგითად.

სპეცნაზში იყო ერთი წელი. ვუთხარი, თუ ვერ შეძლებ დაანებე თავი და წამოდი-მეთქი, მაგრამ არ წამოვიდა, ყველა ჩემი მეგობარი იქ არის და იქ უნდა ვიმსახუროო. წინააღმდეგობას არ ვუწევდი. სულით და გულით იყო სამხედრო პიროვნება... ომის დაწყებამდე კოდორში იყვნენ, იქ ვარჯიშობდნენ, 6 აგვისტოს ჩამოიყვანეს კოდორიდან... ომში წასვლამდე, სამი-ოთხი დღით ყოფილა სახლში, მე მაშინ ბაქოში ვიყავი. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ჩვეულებრივ იყო, თქმით კი უთქვამს, რამე რომ მოხდეს პირველები ჩვენ უნდა წავიდეთო...“

მაია შუბითიძე, მამუკას და: „ძალიან მეგობრული, უშუალო და კონტაქტური იყო, ახლა გავიგეთ, თურმე იმდენ ადამიანს იცნობდა, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით... გინება არ უყვარდა, და ერთხელ არ გამიგია, რომ ცუდი სიტყვა ეთქვას. მკაცრი ძმა არ იყო, მაგრამ თუ გოგოს რამე საქციელი ან ჩაცმულობა არ მოსწონდა, მეც და ჩემს დასაც გვეუბნებოდა, მე ეს არ მომწონს და ეს არ გააკეთოთო. ძალიან კარგი დედმამიშვილობა გვქონდა...

რატომღაც სულ ჩქარობდა, მიზანდასახული ადამიანი იყო და რასაც გადაწყვეტდა ყველაფერს თავისი შრომით აღწევდა. ამბობდა, ყველაფერს მივაღწევ ცხოვრებაშიო. გვაიმედებდა... ზედმეტად არ ოცნებობდა, არ უყვარდა უაზროდ კოშკების აგება. რეალისტი იყო და ცხოვრებას რეალისტურად უყურებდა. ხშირად უწევდა ფიზიკურად შრომა, ოჯახს რომ რამე არ მოჰკლებოდა...“

მამა: „ბოლოს გავიგეთ რომ შეყვარებული ჰყოლია, სადღაც ექვსი თვე ჰყვარებიათ ერთმანეთი. შემოდგომით აპირებდა თურმე ცოლის მოყვანას... „

დედა: „ძალიან თბილი ადამიანი იყო, სხვანაირი დედაშვილობა გვქონდა. სახლში მოსვლა, რომ აგვიანდებოდა, გვირეკავდა, აქ ვარ და ცოტა ხანში მოვალო. არ დააგვიანებდა... არაფერს არ გვიმალავდა... ბოლოს გვითხრა, რომ შემოდგომაზე ცოლი უნდა მოვიყვანოო, მაგრამ... მის შეყვარებულს არ ვიცნობდით, ამ მხრივ ცოტა ჩაკეტილი იყო, არ უყვარდა ამაზე საუბარი. შეყვარებული მამუკა არ შეცვლილა, უყვარდა საჩუქრების კეთება, და სულ იმას ამბობდა, მე ვიცი რა უნდა ვაჩუქოო...“

ომში რომ მიდიოდა დედას არ უთხრა, მამას გააგებინა მხოლოდ...

მამა: „6 აგვისტოს მე დამირეკა... დედამისისთვის არ უთქვამს, რომ არ ენერვიულა...“

დედა: „ბოლოს 7 აგვისტოს, საღამოს ველაპარაკე. იმ დღეს ჩამოვიდა კოდორიდან. ვკითხე მამუკა სახლში არ უნდა მოხვიდე-მეთქი? კი დედა, ჩვენ არ გამოგვიძახებენ და აუცილებლად ჩამოვალო... ის კი მითხრა, ტელეფონები შეიძლება გამოვრთოთ და არ ინერვიულოთო, მამშვიდებდა... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი“.

მამუკა შუბითიძე იმ კობრაში იჯდა, რომელიც მტერმა ამოატრიალა, იქიდან გადმოსული და სტალინის ქუჩაზე, ერთ-ერთ შენობაში თავშეფარებული ბიჭების კვალი კი გაქრა...

მამა: „დაჭრილები გამოჰყავდათ ცხინვალიდან. ჯერ ფეხით შესულან, მერე კობრით, მესამედ რომ შევიდნენ ალყაში მოქცეული ბიჭების გამოსაყვანად, რუსებმა სროლა აუტეხეს. პირველი სროლით კობრას არაფერი მოსვლია, მეორედ სროლის შემდეგ საბურავი მოსძვრა და ამოტრიალდა, ბიჭები გადმოვიდნენ და თავი შეაფარეს სტალინის ქუჩაზე მდებარე სახლს. ეს ამბავი 8 აგვისტოს 12-დან 2 საათამდე ხდებოდა. 6 ბიჭი იყო... ომის პერიოდში ყველგან ვეძებდით, ყველა ცხედარმა ჩვენს ხელში გაიარა. სადაც ექსპერტიზა ტარდებოდა იქ ვიყავი ჩემი შვილი რომ მენახა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ერთი წლის შემდეგ მომცეს დეენემის პასუხი, რომ გარდაცვლილია და დაკრძალულია მუხათგვერდში. რა უფლება მაქვს არ დავიჯერო, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ გამოჩნდება...

გულის სიღრმეში მჯერა, რომ სადღაც შეიძლება ცოცხალია...

თუ დაიღუპა, ვაჟკაცურად დაიღუპა, შევიდა მაშინ, როდესაც არ ეკუთვნოდა შესვლა, სამჯერ შევიდა და გადაარჩინა ბიჭები... შევიდნენ რომ 17 ბიჭი გამოეყვანათ, გამოიყვანეს, მაგრამ თვითონ ჩარჩნენ იქ. საკუთარი სურვილით შევიდნენ მესამედ...“

დედა: „სულ იმას ვეუბნებოდი, სადაც არ უნდა იყო, მეგობრის ერთგული იყავი მეთქი...“

მამუკა შუბითიძე 24 წლის იყო რომ გარდაიცვალა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები