საქართველოს სამხედრო ისტორია
ზვიად ჩიჩუა

პოლიციის რიგითი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი

1988-2008

 

რვა აგვისტოს ზვიად ჩიჩუა ფოთის პორტს იცავდა.

მხოლოდ 20 წლის იყო.

ის თავის მხედრულ ვალს იხდიდა, სავალდებულო სამსახურის დამთავრებამდე სამი თვე იყო დარჩენილი, მერე კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა საქართველოსთან. ზვიად ჩიჩუა არც დედას გაჰყვა დაბომბვამდე ორი საათით ადრე და არც მეგობარს, დაბომბვამდე ნახევარი საათით ადრე. სამშობლოს ღალატად მიაჩნდა ამ დროს პოსტის მიტოვება... უღალატოდ გაწირა თავი.

ზვიად ჩიჩუა ფოთში, 1988 წლის 13 მაისს დაიბადა. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო, შემდეგ კიდევ სამი ვაჟკაცი შეეძინათ...

ნატო სალუქვაძე, დედა: „ძალიან წყნარი და გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არ შეგაწუხებდა... ვინმე რომ რამეს მიაწვდიდა, ჩუქნიდა, არაფრით არ ართმევდა, მე უნდა გამომერთმია და მიმეცა. სკოლაში ზრდილობით, კარგი ყოფაქცევით გამოირჩეოდა, სწავლით საშუალოდ სწავლობდა, უმაღლესი განათლების მიღება არ დასცალდა, არადა უნდოდა სამხედრო განათლება მიეღო...

ზვიად ჩიჩუას 18 წელი რომ შეუსრულდა, გაიწვიეს, მსახურობდა შინაგან საქმეთა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. ომის დაწყებისას სამი თვეღა ჰქონდა დარჩენილი. სავალდებულოს მოხდის შემდეგ, კონტრაქტის დადებას აპირებდა. ხელფასით სახლი უნდოდა აღედგინა. ძალიან ღარიბები ვიყავით და იცოდა რომ ჩვენ ვერ შევძლებდით. თურმე ყველას ამას ეუბნებოდა, მეორე სართული უნდა გავმართოო, უნდოდა რომ იქ თავისი ოთახი ჰქონოდა.... მისი გარდაცვალების შემდეგ ავუსრულე ეს სურვილი... ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მას უნდოდა... რამდენადაც ვიცი, შეყვარებული არ ჰყავდა, იქნებ მოსწონდა კიდეც ვინმე, მაგრამ არასოდეს უთქვამს...“

დათო ჩიჩუა, ძმა: „სულ ერთად ვიყავით, განსაკუთრებულად ვუყვარდი, მეუბნებოდა: მე მგავხარო, ხშირად დავდიოდით სათევზაოდ, საბანაოდ, თავისუფალი დრო რომ გამოუჩნდებოდა სულ რაღაცებს მასწავლიდა, ერთხელ მითხრა: ერთი ბათუმელი გოგო მომწონს და მინდა დავოჯახდე, მაგრამ ჯერ სახლი უნდა გავმართოო. მერე რომ ვკითხე იმ გოგოზე, არაფერს ამბობდა... სამშობლო ძალიან უყვარდა, მეუბნებოდა კონტრაქტორი უნდა გავხდე და უნდა დავიცვა ჩემი სამშობლოო... სამშობლოს სიყვარულს შეეწირა კიდეც. ზვიადი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო და ასე დარჩება მუდამ“.

ზვიად ჩიჩუამ ვერც კონტრაქტის გაფორმება მოასწრო, ვერც სახლის გამართვა, ომი დაიწყო... რუსმა ოკუპანტმა საქართველოს შემოუტია. იმ დღეს დედას მისი შინიდან გაშვება არ უნდოდა...

დედა: „გული თითქოს ცუდს მიგრძნობდა, არ მინდოდა გაშვება... არ დამიჯერა, სახლიდან გასვლისას პირჯვარი გადაიწერა და გავიდა. ვერ ვივიწყებ... სახლიდან რომ გადიოდა უკან იყურებოდა, გვემშვიდობებოდა თითქოს... გავიდა და აღარც დაბრუნებულა... შიშმა ამიტანა, ვერ ვისვენებდი, ფოთის დაბომბვამდე 2 საათით ადრე მივაკითხე, ვნახე. სახლში არ გამომყვა, ჩემი მეგობრები აქ არიან და ხომ არ მივატოვებო, ხვალ მოვალო... რომ მოვდიოდი, მითხრა: მე არაფერი მიჭირსო, ჩემი ძმისშვილი იმ დროს სენაკის ბაზაზე იყო და იმაზე ნერვიულობდა, არაფერი დაემართოს, მთხოვდა გაიგე, როგორააო. რომ წამოვედი, უნებლიედ ცრემლები წამსკდა, ვფიქრობდი რა მატირებს-მეთქი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი... ბოლო დროს სულ ჩაფიქრებული იყო, სულ რაღაცას განიცდიდა, ძალიან შეიცვალა, მიკვირდა ასე რატომ შეიცვალა-მეთქი...“

დედა გამოემშვიდობა შვილს, წამოვიდა და ერთ საათში დაიბომბა კიდეც ფოთის ნავსადგური...

მაშინვე იგრძნო დედის გულმა, რომ მისი შვილი აღარ იყო ამქვეყნად... ყველა ამშვიდებდა, მაგრამ დედა ვერ მშვიდდებოდა...

დედა: „მეზობლები მიმალავდნენ ამბავს... ჩემს მეუღლესთან ერთად პორტში გავვარდი, დაჭრილებში ვეძებდი, ვერ ვპოულობდი, მერე საავადმყოფოში გავქანდით, საშინელი სურათი დაგვხვდა, დაჭრილები, გარდაცვლილები.... გარდაცვლილებში დავიწყეთ ძებნა, მოგვიანებით ჩემმა მეუღლემ დამიძახა, მოდი, ჩვენი შვილი აქ არისო... შემდეგ აღარაფერი მახსოვს.... ჩემი შვილი დასახიჩრებული არ მინახავს, არ მინდოდა მენახა, დედაჩემმა ნახა, თავის და ფეხის არეში იყო დაჭრილი... მეზობლის ბიჭმა მითხრა: ერთად ვიყავით, მე მოვდიოდი და ვთხოვე წამოდი-მეთქი და არ გამომყვა, მე პოსტზე ვარ და ვერ მივატოვებ, სამშობლოს ვიცავო... იმ დილით მეგობრები გადაუკოცნია, ბიჭებს უკვირდათ რა ხდებაო, მეგობრებს დაემშვიდობა თითქოს...

ვიცი, რომ ვაჟკაცურად დაიღუპა, ვიცი, რომ ვაჟკაცი გავზარდე და გმირია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმეა უიმისოდ ცხოვრება, მოუშუშებელი იარაა. ძალიან ძნელია, როდესაც ყოველდღე დადიხარ იმ ადგილას, სადაც შენი შვილი დაიღუპა. პორტისკენ გახედვაც არ მინდა...

საოცრად თბილი ადამიანი იყო, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ძმებთან, არასდროს ჩხუბობდნენ. რადგან უფროსი იყო, ცდილობდა ყველას დახმარებოდა, ძმებისთვის ტანსაცმელს ყიდულობდა, უნდოდა გაეხარებინა...

იმ ზაფხულს მისი მეგობარი ბიჭები რუსეთში წავიდნენ, მათ რომ დახმარებოდა, ტელეფონი დაუგირავებია და ფული მიუცია. გარდაცვალების შემდეგ იმ ბიჭებმა სურათი გაუკეთეს საფლავზე... ყველას ეხმარებოდა, როგორც შეეძლო, უთქმელად იცოდა ყველაფრის გაკეთება, არ შეგაწუხებდა, თავისებური და მორიდებული იყო...

მორწმუნე იყო, სულ ლოცულობდა, ღმერთს მშვიდობას სთხოვდა...“

ზინა ჩიჩუა, ბებია: „მე მგავდა და განსაკუთრებულად ვუყვარდი, ჩამეხუტებოდა, მომეფერებოდა და მერე მეტყოდა, მომე ხუთი მანეთიო... ერთ ოთახში გვეძინა, წნევა მაწუხებდა და თუ შეწუხებულს დამინახავდა, იმ წუთას მომვარდებოდა, რა იყო ბებია, წნევა ხომ არ გაწუხებსო. სულ თავს დამტრიალებდა, ძალიან თბილი ბიჭი იყო, სუფრასთან ისე არ დაჯდებოდა, სანამ მე არ მივიდოდი. ერთი წყენა არ მახსოვს მისგან... სახლიდან ისე არ გავიდოდა, რომ არ გადავეკოცნე, გასვლისას სანთელს ანთებდა და ისე მიდიოდა... მაისში 80 წელი მისრულდებოდა, მეუბნებოდა დაბადების დღე უნდა გადაგიხადო, ნახავ რას ვიქეიფებთო. მინდა იმქვეყნად მალე წავიდე, ჩემს საყვარელ შვილიშვილთან ვიქნები...“

ზურა ჩხეტია, ზვიადის მეგობარი: „მე და ზვიადი თანატოლები ვართ, ერთ უბანში ვიზრდებოდით, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული... ძალიან მეგობრული ადამიანი იყო... ახლობლის გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა, სხვანაირი გულიანი ბიჭი იყო... ძალიან უყვარდა ოჯახი და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კარგად ყოფილიყვნენ... ძალიან მოსწონდა სამსახური, ამბობდა: ჩემი ადგილი ვიპოვეო...

ახლა მეგობრები, რომ ვხვდებით ერთმანეთს, ვიხსენებთ, ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება დაგვრჩა... ბავშვობაში, ხშირად დავდიოდით ზღვაზე, კარგად ცურავდა... ძალიან უყვარდა ნადირობა, თევზაობა... ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან უნდოდა ყოფნა... ალბათ, გული უგრძნობდა რაღაცას...

ბოლოს, სანამ რეზერვში წავიდოდა, ერთი დღით ადრე ვნახე. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა...“

რუსლან კვაშილავა, ზვიადის მეგობარი: „ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ, მეც მისი უბნელი ვიყავი... ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი, მაგრამ დაუსრულებლად შემიძილია ვილაპარაკო...

ერთად ბევრი რამ გადაგვხდენია. მახსოვს, ერთხელ სათევზაოდ მივდიოდით, რიონზე ნავით უნდა გადაგვეცურა, წყალმა ზვიადს ნიჩაბი წაართვა და ნავი ამოტრიალებას ძლივს გადაურჩა. სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. ძალიან შეშინებულები ვიყავით, როგორღაც ნაპირამდე გავედით... მერე ამ ყველაფერს სიცილით ვიხსენებდით...

ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს მომავალზე, დაოჯახებას აპირებდა. შეყვარებული ჰყავდა... ჯერ სახლის გაკეთებას აპირებდა, ყველაფერს კარგად მოვაწყობ, ჩემს ცოლს კომფორტი რომ შევუქმნაო და ამის მერე აპირებდა ცოლის მოყვანას...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები