საქართველოს სამხედრო ისტორია
დავით ავალიანი

პოლიციის უფროსი ლეიტენანტი

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1978 - 2008

 

ოცდაათი წლის დათო ავალიანი თვალისდაუხამხამებლად წავა სამშობლოს დასაცავად.

წავა და ცხინვალში, თანამებრძოლებთან ერთად, უშიშრად მიიწევს აგრესორი ოკუპანტების პირისპირ...

იბრძოლებს, რომ შვილებს აღარ დასჭირდეთ ბრძოლა საქართველოს გასაერთიანებლად. იბრძოლებს და ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპება...

დავით ავალიანი 1978 წლის 22 ივლისს, ქუთაისში დაიბადა.

წყნარი, მაგრამ, ამავე დროს, ხიფათიანი ბავშვი ყოფილა. კეთილიც და არც შემდეგ შეუცვლია ზნე. ჰყვებიან, რომ პატარა დათუნა შინიდან ახალი მაისურით გაუშვიათ და უკან ძველი მაისურით დაბრუნებულა. თავი უმართლებია – მეზობლის ობოლ ბავშვს ძალიან მოეწონა ჩემი მაისური და ვაჩუქეო. 20 წლისას კი მეგობრისთვის თბილი ქურთუკი უჩუქებია – ჯარში სვიტერით მიდიოდა და შემეცოდაო...

დათუნა ავალიანი სკოლაში თბილისში შეიყვანეს. 8 კლასი, თბილისის 169-ე სკოლაში დაამთავრა. შემდეგ ქუთაისის მეორე სკოლაში განაგრძო სწავლა. იქიდან ისევ ქუთაისში 34-ე სკოლაში გადავიდა და დაამთავრა კიდეც. სკოლის დამთავრებისთანავე ქუთაისის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჯარში გაიწვიეს, ერთი წელი ქუთაისში მსახურობდა.

ჯარმოვლილმა ბავშვობის ოცნება აიხდინა – პოლიციაში დაიწყო მუშაობა, წყალტუბოში, არასრულწლოვნების უფროს ინსპექტორად.

ნათია შალამბერიძე, მეუღლე: „ბავშვობიდან საოცრად ჰყვარებია ფორმა და იარაღი. ჩემი მამამთილი 28 წელი პოლიციაში მუშაობდა და მამამისი რომ სამსახურში ფორმით დადიოდა, იმდენად მოსწონდა, რომ მამას სთხოვა და ფორმა შეაკერინა, რომ გავიზრდები მეც პოლიციაში უნდა ვიმუშაოო“.

წყალტუბოდან გეგუთის პოლიციის განყოფილებაში გადავიდა, სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად, შემდეგ შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროს ინსპექტორად მუშაობდა. შემდეგ ამავე სამმართველოში, ეკოლოგიური პოლიციის განყოფილებაში, უფროსი ინსპექტორი იყო. 2007 წლიდან კი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცოპერაციების მთავარ სამმართველოში, უფროს ოპერატიულ გამომძიებლად...

დათო ავალიანი 25 წლის იყო, რომ დაოჯახდა. მომავალი მეუღლე, ნათია შალამბერიძე საერთო ახლობლის დაბადების დღეზე გაიცნო.

ნათია შალამბერიძე: „ახლობელს ჩემი ტელეფონის ნომერი გამოართვა და დამიკავშირდა. მაშინ კლინიკურ საავადმყოფოში გავდიოდი პრაქტიკას და იქ მომაკითხა. ძალიან ყურადღებიანი იყო, საოცრად თბილი... შეყვარებულობის პერიოდი 2-3 თვეს გაგრძელდა, შემდეგ გვქონდა ნიშნობა, ქორწინება. ძალიან მზრუნველი მეუღლე და მამა იყო. რომ გაიგო ბიჭი უნდა გვყოლოდა, ძალიან გაუხარდა. ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვისთვის წმინდა გიორგის სახელი დაგვერქმია. გიორგი რომ დაიბადა, დათო სამშობიარო სახლში, ბავშვთა ოთახში შესულა და ხელზე ეფერებოდა თურმე ახალშობილს. მერე ამბობდა, რომ ნამდვილ ვაჟკაცად უნდა გაიზარდოს ჩემი ბიჭიო. შემდეგ ანი შეგვეძინა და ძალიან ბედნიერი იყო, რომ ქალ-ვაჟი გვყავდა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა იყო. რომელ მამას არ უყვარს შვილები, მაგრამ დათო საოცრად გამოხატავდა ამ სიყვარულს, სულ კოცნიდა ბავშვებს, ეფერებოდა, სულ გვეუბნებოდა, შეხედეთ, როგორ ვუყვარვარ ჩემს შვილებს, როგორ მეფერებიანო. სამსახურიდან რაც არ უნდა დაღლილი დაბრუნებულიყო, მაინც მივყავდით სასეირნოდ, რომ ჩვენთვის ესიამოვნებინა. ძალიან უყვარდა სიურპრიზების მოწყობა. ყოველთვის ცდილობდა რაიმე სამახსოვრო ნივთი ეჩუქებინა ჩემთვის. სტამბულიდან ძალიან ლამაზი სამაჯური ჩამომიტანა... ბავშვებისთვის კომპიუტერი შეიძინა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაც უნდოდა, ძალიან ინტერესიანი იყო... ომამდე რამდენიმე თვით ადრე, ცუდი სიზმარი ნახა. დათოს ასეთ რაღაცებზე საუბარი არ ახასიათებდა. დილით არც უთქვამს, იმ დღეს მის მეგობარს სიძე გარდაეცვალა და მერეღა მომიყვა, ეტყობა ამაზე ახდა ეგ სიზმარიო. 22 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა, სამსახურიდან სამი დღით გაათავისუფლეს და ჩვენთან ჩამოვიდა, გრიგოლეთში მყავდა ბავშვები წაყვანილი დასასვენებლად. ძალიან ბედნიერი იყო იმ საღამოს, `ციცინათელაში~ ატრაქციონებზე წაგვიყვანა, ცდილობდა ესიამოვნებინა ჩვენთვის. 25 ივლისს, საღამო ხანს წავიდა ქუთაისში. წასვლის წინ ცოტა ჩაფიქრებული იყო, მიზეზი რომ ვკითხე, არაფერი, ცოტა ხანს კიდევ რომ ვრჩებოდე თქვენთან, კარგი იქნებოდაო. მაშინ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ მალე ომი დაიწყებოდა... 7 აგვისტოს, როდესაც ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ რუსეთი გვემუქრებოდა, ძალიან შემეშინდა და დათოს დავურეკე, სად ხარ-მეთქი. სამსახურში ვარ, მშვიდობაა, ნუ გეშინიაო – მეუბნებოდა. საღამოს მითხრა, რომ გორში იყო, თან მამშვიდებდა, არავითარი ომი არ იქნებაო“.

დათო ავალიანი ცოლ-შვილს ბოლოს 7 აგვისტოს ღამის 11 საათისთვის ესაუბრა. აღელვებულ ცოლს ამშვიდებდა, ბიჭს საჩუქარს ჰპირდებოდა – დიდ მანქანას გიყიდი, რომ ჩამოვალო... შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ...

ნათია შალამბერიძე: „8-ში დილით, ცხინვალში რომ შევიდნენ, დათო და მისი ორი მეგობარი წინა ხაზზე მოხვედრილან. საერთოდ ძალიან უშიშარი იყო და ისე წასულან ყველაზე წინ, ეტყობა, ვერც გააცნობიერეს, ტანკებისთვისაც კი გაუსწრიათ. მისმა მეგობარმა მითხრა, აფეთქებებისას, ვცდილობდით, ერთმანეთთან ახლოს ვყოფილიყავით, ერთ-ერთი აფეთქების შემდეგ გავიფანტეთ, დავუძახე დათო, სად ხარ-მეთქი, მიპასუხა, აქა ვარო, მისკენ გადასვლა და დათოსთან ახლოს ჭურვის დაცემა, ერთი იყოო... დათოს მარცხნივ, თეძოს არეში მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი, ადგილზევე დაღუპულა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოუსწრია“.

დათო ავალიანის მეუღლემ 8 აგვისტოს დილაუთენია მოახერხა დათოს იმ მეგობართან დაკავშირება. ტელეფონს ექიმმა უპასუხა.

ნათია შალამბერიძე: „ექიმს ვთხოვე, ვისიც არის ტელეფონი, ის დამალაპარაკეთ-მეთქი. ის ბიჭი ძალიან მძიმედ იყო, უჭირდა საუბარი, მაგრამ მოვასწარი მეკითხა, დათო სად არის მეთქი? დათო მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ ცოცხალიაო, მიპასუხა. ვერ მოასწრო თქმა, რომელ საავადმყოფოში იყო. ვიფიქრეთ, რომ გორის საავადმყოფოში იქნებოდნენ და გორში წავედით. უკვე გორში შევდიოდით, მამაჩემს რომ დაურეკეს და გააგებინეს რაშიც იყო საქმე...

მაინც შევედით გორში, მაინც ვეძებდით საავადმყოფოს ეზოში გამოკრულ დაჭრილების სიაში... იმედს არ ვკარგავდით... იქვე საავადმყოფოში ვიპოვეთ მისი ცხედარი, რომელიც მისმა მეგობრებმა, ძალიან დიდი რისკის ფასად, ბრძოლის ველიდან გამოიტანეს. დავკრძალეთ ქუთაისში, იქ, სადაც მამამისია დაკრძალული... დათოს ტელეფონში ვიპოვე გადმოწერილი ანიმაცია შემდეგი სიტყვებით: „მე, მონატრების ჩუმი სევდა მომიყვანს შენთან“, რომლის გამოგზავნაც ვერ მოასწრო... ეს სიტყვები დავაწერე მისი საფლავის ქვას...“

გიორგი 3 წლის იყო, მამა რომ გმირულად დაიღუპა ომში, ანი წლის და სამი თვის.

ნათია შალამბერიძე: „ყოველ დილით, როგორც კი გაიღვიძებს, ჩართავს ხოლმე მამამისის ვიდეოებს, უყურებს, ან მის სურათებს ათვალიერებს, სულ ახსენებს მამას, ძალიან ენატრება, იცის, რომ მამა გმირია. ცდილობს მიბაძოს და მეკითხება, მამიკო ამას როგორ აკეთებდა, რა უყვარდა ან რა მოსწონდა... ძალიან მოსწონს მამის პროფესია და რომ გაიზრდება, ვნახოთ, რას გადაწყვეტს... დათო სულ იმას ამბობდა, ჩემმა შვილებმა რომ არ იბრძოლონ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და შემოვიერთოთ დაკარგული ტერიტორიებიო. ერთხელ ვკითხე, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ომი რომ დაიწყოს და შენ რამე დაგემართოს, ჩვენ რა გვეშველება-მეთქი? მითხრა, პირიქით, მე თუკი საქართველოს შევეწირები, შენ და ჩემმა შვილებმა უნდა იამაყოთ, რომ გმირად დავრჩებიო...

ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება, ძალიან მიმძიმს, მაგრამ ამ ყველაფერს ვუძლებ ჩემი შვილების გამო. დათო გმირულად წავიდა ამქვეყნიდან და ეს რაღაც იმედს და სტიმულს მაძლევს, მინდა გავზარდო ისეთი შვილები, როგორიც მას უნდოდა...“

დათო კუნჭულია, დათოს თანამებრძოლი: „მე და დათომ 2006 წელს ერთმანეთი სამსახურში გავიცანით, ორი წელი ვმუშაობდით ერთად. ძალიან კარგი ადამიანი იყო, შესანიშნავი მეგობარი... როცა არ უნდა დაგერეკა, გვერდით დაგიდგებოდა, ოჯახის საქმეს გადადებდა და ყველანაირად დაგეხმარებოდა. ნამდვილი ვაჟკაცი იყო...

ბუნებაში ქეიფი უყვარდა, სულ მაგაზე ვეჩხუბებოდი, რა გინდა ბიჭო ბუნებაში, წამოდი რესტორანში დავჯდეთ-მეთქი, მაგრამ მაინც, ხან გელათში მივყავდით და ხან მოწამეთაში. ომში ერთად ვიბრძოდით, გვერდიგვერდ მივდიოდით... წინა დღეებში, ვიდრე ომში წავიდოდით, ძალიან უხასიათოდ იყო. 7 აგვისტოს ელაპარაკა შვილებს ტელეფონზე, ამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, მალე მოვალ სახლშიო...

სანამ ცხინვალში შევიდოდით, მისი ინიციატივით, ყველა ბიჭმა ვინც ერთად ვიყავით, საერთო ფოტო გადავიღეთ მობილურით... სხვას არავის მოგვსვლია აზრად, ალბათ, გული უგრძნობდა რამეს... ეს იყო მისი ბოლო ფოტო...

ცხინვალში შესვლამდე, სულ მეკითხებოდა, დათო, ხომ არ გეშინია, ცოტაც მოითმინე და გამაგრდიო... სანამ გვესროდნენ, დათო ყველა თანამშრომელს ეკითხებოდა, ბიჭებო, როგორ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთო... ყველას გვამხნევებდა... თვითონ პოლიციის ძველი თანამშრომელი იყო და ჩვენზე მეტი გამოცდილება ჰქონდა. მამხნევებდა და ამ დროს მოვყევით დაბომბვაში. კვამლი ბურუსივით ჩამოწვა. ცოტა რომ გაიფანტა, დათო დავინახე, დამიძახა, ჩემს გვერდით იარე, ხომ არ შეგეშინდაო... რომ მივუახლოვდი, კიდევ გვესროლეს...

ხომ არ შეგეშინდაო... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები... კვამლი, რომ გაიფანტა, დათოს უსულო ცხედარი მაწვა ზედ... მაშინვე დაიღუპა... მე გონება არ დამიკარგავს, მაგრამ, აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა ჩვენს თავს... ჩემთან დასახმარებლად რომ მოვიდნენ, მათ მითხრეს, დათო აღარ არის ცოცხალიო... ეს მახსოვს მხოლოდ...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები