საქართველოს სამხედრო ისტორია
ნადიმ ართმელაძე

კაპრალი

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1983 – 2008

 

„ჩემი შვილი ვეფხვივით იყო, ბომბი დაეცა, თორემ პირისპირ ვერაფერი მოერეოდა...“ - იტყვის შვილმკვდარი დედა. გმირის დედა.

გმირის, რომელიც ცხინვალში ბრძოლის ველზე დაეცა, როდესაც რუსული საოკუპაციო ძალები მის სამშობლოს უტევდნენ.

ნადიმ ართმელაძე 1983 წლის 18 ოქტომბერს, ხულოს რაიონში, სოფელ ბეღლეთში დაიბადა.

თამარ ბოლქვაძე-ართმელაძე, დედა: „ძალიან წყნარი, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ბავშვი იყო. თბილი და ყურადღებიანი. სკოლაში წარჩინებით სწავლობდა, 11 კლასი ისე დაამთავრა, სულ ფრიადები ჰყავდა. მათემატიკა და ქართული უყვარდა განსაკუთრებით, ბევრს კითხულობდა, სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩეოდა, ნიჭით, სწავლით, სილამაზით... თამაში არ უყვარდა. კარტსაც არ ითამაშებდა, ფიზიკური მუშაობა უყვარდა ძალიან. ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერი იყო...“

ნადიმ ართმელაძემ სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სამხედრო აკადემია დაამთავრა. შემდეგ მხედრული ვალი მოიხადა, არ გაუწვევიათ, თავისი ინიციატივით წავიდა.

2007 წლის ივნისში ბათუმში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმში დაიწყო მუშაობა.

„პირველი ხელფასით ტელევიზორი გვიყიდა სახლში. ავეჯს, პროდუქტს ყიდულობდა... თავისთვის ვერ იმეტებდა, ძვირფასს არაფერს ყიდულობდა თავისთვის, და-ძმებს და მშობლებს გვაქცევდა სულ ყურადღებას. სახლში ყველაფერი მისი ნაყიდი, მის თავს მახსენებს. ბევრი გეგმები ჰქონდა, ბინის ყიდვა უნდოდა, მანქანის, ოჯახის შექმნას აპირებდა. დაუზარელი იყო, შრომა უყვარდა. დილიდან დაღამებამდე მუშაობდა, თავს არ ზოგავდა, მთაზე მიწა საკუთარი ხელით შემოღობა და ბოსტანი გააშენა. 3-4 ტონა კარტოფილი მოჰყავდა. ორმეტრიანი, ძლიერი კაცი იყო, წარბშეუხრელად ასწევდა ორ კაცს... შიშის გრძნობა არ ჰქონია, ვეფხვივით იყო... ბომბი დაეცა, თორემ ჩემს შვილს პირისპირ ვერაფერი მოერეოდა... თურმე ამბობდა, მე თუ მოვკვდები, ჩემი არავის არაფერი დარჩება, მტერს არაფერს დავუტოვებო. ჩემს უკან ჩემი ძმა არის და მაინც ჩემსას დარჩებაო. ბევრჯერ წასულა საბრძოლველად, მაგრამ გამარჯვებული ბრუნდებოდა...“

ნადიმ ართმელაძე 6 აგვისტოს წაიყვანეს ცხინვალის რაიონში.

დედა: „6 აგვისტოს საღამოს დამირეკა, დედა, თბილისში ვარ, კურსებზე და ერთ თვეს ვერ ჩამოვალ, დამიგვიანდებაო. ომში ვარო არ უთქვამს, მეც მჯეროდა, რომ კურსებზე იყო... ტელევიზიით რომ გამოაცხადეს, სპეცნაზის ბიჭები შეიყვანესო, გულში გამიარა, ნადიმი გამბედავი და ძლიერია, აუცილებლად წავიდოდა-მეთქი. ოჯახის არც ერთი წევრისთვის არ უთქვამს, ომში რომ მიდიოდა, ბევრჯერ იყო საბრძოლველად, გამარჯვებული ბრუნდებოდა და ეგონა ამჯერადაც გამარჯვებული დაბრუნდებოდა....“

ნადიმ ართმელაძე ვეღარ დაბრუნდა... ვერ დაუბრუნდა ვერც მშობელ დედას და ვერც შეყვარებულს...

დედა: „ბათუმელი გოგო უყვარდა – შორენა. სამი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ჩემზე მეტად იმ გოგომ დაიტირა... შორენა ჯარში ყოფნისას გაიცნო, შორენას ბიძაშვილი მსახურობდა ნადიმთან ჯარში. იმ ბიჭისგან გაიცნო, აკითხავდა, საჩუქრებს ჩუქნიდა... იმ გოგოს თვალზე ცრემლი არ შეშრობია. მათი სიყვარულის ნიშნად საფლავზე სამი ყვავილი დავდეთ – თეთრი მათი პირველი შეხვედრის ნიშნად, წითელი – სიყვარულის ნიშნად და მოშავო ფერის, რომ დაჭკნა მათი სიყვარული, იმის ნიშნად...

ჩემი ნაზიმე (ასე ვეძახდით შინაურობაში ნადიმს), 7 აგვისტოს შემდეგ აღარ დამლაპარაკებია. შორენა მამშვიდებდა, გადარჩება, სადმე დამალული იქნებაო. მე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი არსად არ დაიმალებოდა..“

გურამ ართმელაძე, მამა: „იტყვიან შვილი არ უნდა გამოარჩიოო, მაგრამ ნადიმი ოთხ შვილში გამორჩეული მყავდა. არ არსებობს ადამიანი, რომ მასზე ნაწყენი ყოფილიყო. დახმარება უყვარდა და ყველას უყვარდა ჩემი შვილიც. ბოლოს 4 საათზე ველაპარაკე 7 აგვისტოს, თბილისში ვარ, ჯერ ვერ ჩამოვალ, ჩემზე არ იდარდოთო. მას მერე კავშირი გაწყდა, სად არ ვრეკავდით, რომ მისი ამბავი გაგვეგო... მეორე დღეს გავიგეთ, რომ დაიღუპა და მოჰყავდათ სოფელში...“

ნადიმ ართმელაძე 8 აგვისტოს იმსხვერპლა კასეტურმა ბომბმა.

დედა: „კასეტური ბომბი ზურგში მოხვედრია. წელში გადაუწყვეტია... პირადად ვნახე... მაგრამ სახეზე ისევ ისეთი ლამაზი იყო ჩემი ნაზიმე. მეგობრებს ჩემთვის იმ დღეს არაფერი უთქვამთ, არც მე მიკითხავს... ცხინვალში დაღუპულა, წარჩინებული მებრძოლი იყოო, დაჭრილებსაც დახმარებია. ღირსეულად და უშიშრად იდგა წინა ხაზზეო. სულ წინ, წინ მიდიოდა, არასდროს უკან არ იხევდაო... ჩემი ბიჭი მთაში გაზრდილი იყო. არც ტყეში ღამით სიარულის შეშინებია და არც მძიმე შრომისთვის აურიდებია თავი. ხან ნადირი წააწყდებოდათ ტყეში და ხან რა საფრთხე იყო, მაგრამ არასდროს შეშინებია. გამბედავი ბიჭი იყო პატარაობიდანვე....“

მაიკო, ართმელაძე, ნადიმის და: „ორი წლით ჩემზე უფროსი იყო... ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი... ხელფასს, რომ აიღებდა, ოჯახის თითოეულ წევრისთვის რაღაცას ყიდულობდა... ხელცარიელი არასდროს ბრუნდებოდა. მე სამი ძმის ერთი საფიცარი და ვარ. ნადიმი გამორჩეულად მე მათამამებდა. ყველა ოცნებას და სურვილს მისრულებდა... ერთ დღესაც სამსახურიდან სახლში მოსულმა, შეფუთული საჩუქარი დადო მაგიდაზე და მითხრა: მაიკო გახსენიო.

მე რომ მინდოდა ის მობილური ტელეფონი მაჩუქა... ხშირად ყიდულობდა სამკაულებს, ყოველთვის რაღაცით მახარებდა....

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, ჩემს დაოჯახებულ ძმასთან ჩასულა ადიგენში და რძლისთვის ძვირფასი ყელსაბამი უყიდია. ერთხელ, სახლში მოსულმა დიდი პარკი მოიტანა, ვერ მივხვდი რა უნდა ყოფილიყო, ორი ჩოხა-ახალუხი ამოიღო და ჩემს ძმებს, მალხაზს და ზურას უთხრა: ეს თქვენთვის ვიყიდეო. არ მახსოვს სახლში ისე მოსულიყო რამე, რომ არ მოეტანოს... დაოჯახებას აპირებდა და ძირითადად ოჯახისთვის ყიდულობდა საჭირო ნივთებს. ამბობდა: ჩემს ცოლს ყველანაირი კომფორტი უნდა შევუქმნაო, მაგრამ არ დასცალდა....

როგორც ვიცი, შეყვარებული ბათუმში ყოფნისას გაიცნო. ნადიმი ამ დროს სულ სხვანაირი გახდა. სამსახურში რომ იყო, მირეკავდა და მთხოვდა, კარგი ლექსი გამომიგზავნე ესემესით, შორენას უნდა გავუგზავნოო... სამ თვეში ქორწილისთვის ვემზადებოდით, მაგრამ... ვერ მოასწრო, შორენა ოჯახისთვის პირადად რომ გაეცნო...

ბებია დაგვეღუპა, 10 აპრილს უნდა დაგვეკრძალა და გასვენებისთვის ძლივს მოახერხა სახლში მოსვლა. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. გასვენებას დაესწრო და მალევე გაბრუნდა სამსახურში. არ დავკვირვებივარ, როგორი იყო ბოლოს ჩემი ძმა... როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივ გამოგვემშვიდობა და წავიდა...

7 აგვისტოს არეულობა, რომ დაიწყო, ვერაფრით ვუკავშირდებოდით, საღამოს თვითონ დარეკა. მისი ხმა რომ გავიგე, ცოტა დავწყნარდი. საშინელებებს აცხადებენ და რა ხდება, სად ხარ, რამე ხომ არ გიჭირს-მეთქი. არ გვითხრა სად იყო... არაფერზე ინერვიულოთ, კარგად ვარ, დაწყნარდითო... მერე დედაჩემს ელაპარაკა, მასაც აწყნარებდა. რაც დრო გადის, უფრო საშინელებაა მის გარეშე ყოფნა...“

ნადიმ ართმელაძე 24 წლის იყო რომ დაიღუპა. დღეს, მისი მშობლიური სოფლის – ბეღლეთის სკოლა მის სახელს ატარებს...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები