საქართველოს სამხედრო ისტორია
ზურაბ ტატულაშვილი

რიგითი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1988 - 2008

 

მეთაური იკითხავს – ვინ იბრძოლებს ყუმბართმტყორცნით?

წინ ზურა გამოვა – ომი ჩემს მხარეშია, ყუმბართმტყორცნს მე დავიჭერ.

ზურა ცხინვალშია დაბადებული, კონფლიქტის ზონაშია გაზრდილი, სოფელ ფლავისმანში.

ამ ყუმბართმტყორცნით გადაარჩენს მთელს ასეულს – მათ ამოსახოცად დაძრულ, რუსი ჯარისკაცებით გაძეძგილ სამხიდიან მანქანას ააფეთქებს, თავის თანამებრძოლებს იხსნის.

მას სნაიპერი მაშინ მოკლავს, როცა დაჭრილ თანამებრძოლს მივარდება გადასარჩენად, ხელს მოხვევს რომ ააყენოს და მოხვდება კიდეც ტყვია...

ზურა ტატულაშვილი 19 წლის იყო რუსულ აგრესიას რომ ემსხვერპლა...

ზურა პირველი შვილი იყო ოჯახისთვის. დაიბადა 1988 წლის 25 ოქტომბერს, ცხინვალში, გაიზარდა გორის რაიონში, სოფელ ფლავისმანში.

მარინა ტატულაშვილი, დედა: „ძალიან თბილი და კეთილი, წყნარი ბავშვი იყო, დედა მოუკვდეს... მთელს სოფელში კარგი სახელით სარგებლობდა. დაწყებით კლასებში კარგად სწავლობდა, მაღალ კლასებში რომ ვთქვა კარგად სწავლობდა-მეთქი მოვიტყუები... სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება არ უფიქრია, ჯარში წასვლა უნდოდა. იარაღი უყვარდა. ყველანაირი იარაღი აინტერესებდა, მერე გვითხრეს, თავისუფალ დროს სულ ყუმბართმტყორცნთან და სხვა რთული კონსტრუქციების იარაღებთან ატარებდა, ათვალიერებდა, შლიდა და აწყობდაო...“

ჯარში რომ გაიწვიეს, წამითაც არ დაფიქრებულა, ისე გადაწყვიტა წასვლა.

მხედრულ ვალს თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში იხდიდა.

დედა: „6 თვე მსახურობდა სულ... ამ ექვსი თვის მანძილზე ერთხელ ჩამოვიდა, ერთი დღით... 7 ივლისს სოფელში დღეობაა და იმ დღეს ჩამოვიდა. მეორე დღესვე წავიდა, ჩემი ბიჭებიც მიდიან და მეც აუცილებლად უნდა ჩავიდე თბილისშიო. თვითონვე არ ჰქონდა სურვილი, რომ რამდენიმე დღე დარჩენილიყო სახლში. მასთან ერთად ვინც იყო ჯარში, ყველას სამდღიანი შვებულება აუღია და ზურას თვითონ უთქვამს, ერთი დღე მინდაო. რა იცოდა, რომ სახლში უკანასკნელად მოდიოდა და თან უკანასკნელად უნდა ვენახეთ...

სახლიდან ბოლოს 8 ივლისს წავიდა. რომ მიდიოდა, მითხრა, დედა, რაღაც გული არ მიმიწევს ჯარში, დამძიმებული ვარ, რა მომდის არ ვიციო. პირჯვარი გადავიწერე, მასაც გადავსახე, ვუთხარი: დედი, ფრთხილად იყავი, მეც ცუდს მიგრძნობს გული, ომი არ დაიწყოს-მეთქი... ნუ გეშინია, დედა, ომიც, რომ დაიწყოს, მაინც წინა ხაზზე წავალ, მე არაფრის მეშინია, შენ მიხედე შენს თავსო. ბოლოს რომ გადიოდა, თავის ძმას უთხრა, დათი, გეხვეწები, შენ მიხედე დედას და იცოდე, თუ რამე იყოს ვიბრძოლებ შენთვისაც და რასაც მოვიპოვებ ყველაფერს შენთვის მოვიპოვებო... სახლიდან ძალიან გულდაწყვეტილი გავიდა, ხელი გადამხვია და მითხრა, დედა, ჩემს დაბადების დღეზე, რომ

ჩამოხვალ, იქ გაიგებ, მე როგორი სახელით ვსარგებლობო. დავპირდი დიდ ტორტს გამოგიცხობ და ყველაფერს ამოგიტან-მეთქი. რაც ჯარში იყო წასული ერთხელ არ ვყოფილვარ მისული მასთან, თვითონ მეუბნებოდა არ ჩამოხვიდე, მე თვითონ ჩამოვალ შვებულებით, შენ არ იწვალოო. მამამისი აკითხავდა ხშირად...“

შინიდან გასული ზურა კლასელებმა და ძმაკაცებმა გააცილეს სოფელ ტყვიავამდე, სამარშრუტო ტაქსის გაჩერებამდე. ძმაკაცები ომის შემდეგ გაიხსენებენ გამომშვიდობების სცენას... იქაც იგივე მეორდება, რაც შინ... ზურას თითქოს გული უგრძნობს, რომ ბოლოჯერ უყურებს ძმაკაცებს, თანაკლასელებს, უბნელებს, მათ, ვისთან ერთადაც გაატარა თავისი ხანმოკლე, ლამის ერთი მტკაველი სიცოცხლე...

დედა: „მარშრუტკა რომ გაუჩერებია, ჩაჯდომას აყოვნებდა, დიდხანს გვემშვიდობებოდაო... მძღოლს დაუძახია, დაჯექი ბიჭო, რას მაცდევინებ ამდენი ხანიო. მარშრუტკაში ჩამჯდარი, გადმოვიდოდა, დაგვემშვიდობებოდა და ისევ ჩაჯდებოდა ხოლმეო. ბოლოს უთქვამს კიდეც, რა მომდის ბიჭებო, ძალიან ვმძიმდები, ეტყობა რაღაცა ცუდი ხდება ჩემს თავსო...“

დაიძრა მარშრუტკა, ზურას თვალები უკან რჩებოდა, მეგობრებისკენ...

ჩასული არ იყო, ნაწილიდან რომ რეკავდნენ შინ, წამოვიდა თუ არა, 8 საათამდე აქ უნდა იყოს, დღეს კოდორში მივდივართო.

ჩავიდა ნაწილში და იმავე დღეს, 8 ივლისს წაიყვანეს კოდორში. ერთი თვე იდგნენ კოდორში, უკვე თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ომი დაიწყო და თბილისის ნაცვლად, ცხინვალში წავიდნენ...

დედა: „ბოლოს რომ ველაპარაკე, არ მახსოვს რა რიცხვი იყო, სულ მამშვიდებდა, დედა, ჩემზე არ ინერვიულო, მე კარგად ვარ, შენ იყავი ფრთხილადო.

7 აგვისტოს, დილით, თავის ტელეფონიდან ზარს გვიშვებდა, ეტყობა სალაპარაკო არ ჰქონდა... არც ჩვენ გვქონდა და ვერაფრით დავურეკეთ... მერე, როგორღაც ჩავრთეთ ტელეფონი, ვრეკავდით, მაგრამ ვეღარ ვუკავშირდებოდით...

თან, ალბათ, არ უნდოდა, რომ მენერვიულა და მერე სხვისთვის დაურეკავს...

ომი, რომ დაიწყო აქ ვიყავით ჩვენ და ველოდებოდით, მეგონა, რომ ჩამოვიდოდა... ჩვენი სოფელიც კონფლიქტური ზონაა, მაშინ ყველა აქეთ-იქით გარბოდა.

ვერაფერს ვიგებდით. ჩვენს გარდა ყველას სცოდნია, რომ ჩემი შვილი ომში, ცხინვალში იბრძოდა...“

ზურას დედა ერედვიდანაა, ბებია და პაპა ომის დროსაც ერედვში იყვნენ.

დედა: „ვიდრე ჩვენთან გამოუშვებდა ზარს, 7 აგვისტოს, ჩემს ძმასთან დაურეკავს.

ბებო და პაპა წაიყვანე ფლავისმანში, იქ უსაფრთხოდ იქნებიან, მანდ რამე არ დაემართოთო. ბებოზე და პაპაზე ნერვიულობდა, მათი გაზრდილი იყო... ჩემი ძმა იქით აფრთხილებდა, ფრთხილად იყავი. მერე მე დამირეკა ჩემმა ძმამ, მამშვიდებდა, კოდორში არიან, არ ინერვიულოო. მეც თავს ვიიმედებდი, რომ ზურა კოდორში იყო... არადა, ცხინვალში ყოფილა, დედა მოუკვდეს ჩემს ზურიკოს... როგორც გადმოცემით ვიცით, ყუმბართმტყორცნით იბრძოდა. მეთაურს უკითხავს, ამ იარაღს ვინ დაიჭერსო, ჩემი შვილი გამოსულა წინ და უთქვამს, ჩემს მხარეშია ომი და ამ იარაღს მე დავიჭერო...

ზურა პირელ ხაზზე მდგარა, ბიჭები ამბობდნენ, ზურა რომ არ ყოფილიყო, მთელი ასეული აღარ ვიქნებოდითო. რუსების სამხიდიანი მანქანა მოდიოდა ჯარისკაცებით დატვირთული, ყველას ამოგვხოცავდნენო, ზურას უსვრია იმ მანქანისთვის და აუფეთქებია.

ბიჭები ამბობდნენ, კარგად ისროდა, უშიშრად, მთელი შემართებით მიდიოდა წინ და მტერს ეგებებოდა.

ჩვენი სოფლიდან ზურასთან ერთად კიდევ ერთი ბიჭი იყო ომში. ზურას მისთვის უთქვამს, ჩემს გვერდით იყავიო. ამ ბიჭს უკითხავს, ზური, შენ არ გეშინიაო?

შიში კი მაქვს, მაგრამ უნდა გავმაგრდეთ და იცოდე, უკან არ დაიხიო, როგორც მე შევალ, უკან მომყევიო. ცხინვალში დაუკარგავთ ერთმანეთი...

როგორც გვითხრეს, 8 აგვისტოს, ცხინვალში, სკოლასთან დაიღუპა სნაიპერის ტყვიამ შეიწირა ზურას სიცოცხლე. ნეკნებში ჰქონდა მორტყმული ტყვია, ჯავშანჟილეტის შუა... ამბობდნენ, ზურა მეორედ შებრუნებულა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად, ერთ-ერთ დაჭრილს მივარდნია, შემოხვევია და ამ დროს ესროლა სნაიპერმა... მაშინვე დაღუპულა. ის დაჭრილი ბიჭი გადარჩა, ჩემმა შვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, დაჭრილი ბიჭის სიცოცხლე იხსნა...

როგორც მერე ბიჭებმა გვითხრეს, დაღუპული რომ არსად დაკაგულიყო, ხესთან დავაწვინეთ, ნიშანი დავადეთო... ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში შემთხვევით კადრში მოვკარი თვალი ჩემს დაღუპულ შვილს. ხის ძირში იყო მიწოლილი... როგორც ბიჭები მოგვიყვნენ ზუსტად ისე იყო...

8 აგვისტოს გავიგეთ მისი დაღუპვის ამბავი, ორ საათზე უკვე გორის ჰოსპიტალში, საცხედრეში ჰყავდათ გადმოსვენებული. ჩემი მეუღლის დეიდაშვილი ოფიცერია, მან დაურეკა ჩემს მაზლს და გააგებინა. ჩვენ თავიდან გვითხრეს, მძიმედ არის დაჭრილიო... 8 აგვისტოს საღამოს მოასვენეს შინ...“

დედას გლოვაც არ აცალა მტერმა, სიტუაცია დაიძაბა, სოფელი იცლებოდა. სოფლად სულ რამდენიმე ოჯახი დარჩა, დედა დღემდე ვერ ივიწყებს მათ თანადგომას...

დედა: „სამი დღე გვესვენა, ორშაბათ საღამოს ნაუცბათევად გაჭრილ სამარეს მივაბარე შვილი, მივასვენებდით და რუსული თვითფრინავები ძალიან დაბლა, ჩვენს თავზე დაფრინავდნენ...

ყველამ იცოდა, რომ ზურას საფიცარი მე ვიყავი, ძალიან უყვარდა დედა, მე გულით ავადმყოფი ვარ, ხშირად გავმხდარვარ ავად და დილამდე ისე გაუთენებია, რომ ფეხებთან მჯდომია... სულ ჩემზე ფიქრობდა, მე მიფრთხილდებოდა, რომ მირეკავდა სულ მეუბნებოდა, დედა, არ იმუშაო, თავს გაუფრთხილდი, სანამ მე გამოვალ და მერე არაფერს არ გაგიჭირვებო. სავალდებულოს მოხდის შემდეგ, ჯარში კონტრაქტით დარჩენას ფიქრობდა. დაოჯახებას 25 წლამდე არ აპირებდა, როგორც ვიცი შეყვარებული არ ჰყავდა... ოცნებად ჰქონდა, ჩემს ძმას დიდი ნათლობა უნდა გადავუხადოო, მაგრამ ის რომ დაიღუპა, მაშინ მოვნათლეთ მისი ძმა... დათო 17 წლისაა. სკოლას წელს ამთავრებს. ზურას დაღუპვის შემდეგ ჯანმრთელობა შეერყა, ნერვებმა უმტყუნა, სულ ვმკურნალობთ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, სხვანაირი ძმობა ჰქონდათ...“

კოტე რომელაშვილი, ზურას ბიძა: „ჩემს ხელში იყო გაზრდილი ცხონებული... ძირითადად ჩემთან იზრდებოდა სოფელ ერედვში. ვზრდიდი როგორც შეეფერებოდა ვაჟკაცს. ჩვენსა და ოს სეპარატისტებს შორის სულ კონფლიქტი იყო. ჯერ ისევ პატარა ბიჭი იყო, როცა ამ ყველაფერში აქტიურად უნდოდა ჩართული ყოფილიყო. ჯარში რომ წავიდა ხშირად მირეკავდა. მე და ჩემი სიძეც ხშირად ვაკითხავდით. 4 აგვისტო იყო, როცა ჩვენსა და ოს სეპარატისტებს შორის მიდიოდა პოზიციური ბრძოლები. ერთ-ერთ სანგარში ავდიოდით, როცა ზურამ დამირეკა, გამომკითხა სად ხარ, რა ხდება მანდეთო. როგორც ყოველთვის, ისევ ისე-მეთქი, ვუთხარი. მთხოვა, იქნებ ტელეფონი ჩამირთო მიკროფონზე და მომასმენინო რა ხდებაო... მიხვდა, რომ მსხვილკალიბრიანი იარაღით მიდიოდა ბრძოლა, რომ ცუდად იყო საქმე. მითხრა შენი ხასიათი ვიცი, არ გამოხვალ მანდედან და ბებო და პაპა გამოიყვანე სოფლიდან, ჩვენთან მიიყვანეო. ბოლოს მითხრა, თუ ასე გაგრძელდა საქმე, შეიძლება ჩვენც გადმოგვისროლონ ცხინვალისკენო. იცოდე, პირველი მე წამოვალ მაქეთო. ეს სიტყვები რომ გავიგონე, მთელ ტანზე დამბურძგლა.

ვთხოვე, მინდა ვიცოდე საით იქნები და სადაც წაგიყვანენ იქნებ გამაგებინო-მეთქი. იმის მერე აღარ დაურეკავს... მე ამ დროს ერედვში ვიბრძოდი, ზურა ნიქოზის მხრიდან შევიდა ცხინვალში. გული ჰქონდა ძალიან მაგარი... ჩვენთან ყოფნის პერიოდში, სამჯერ მოხვდა ორმხრივი შეტაკების დროს, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ, როდესაც ჩემებთან ერთად სამშვიდობოს ვუშვებდი, ტიროდა, აქ ვიქნები თქვენთან ერთად, არ წამიყვანოთო...“

მან მართლაც ერთი მტკაველი სიცოცხლით იცოცხლა, მაგრამ ამ მტკაველში მოამწყვდია თავგანწირული ბრძოლაც, გმირული აღსასრულიც...

ის, ჩვენს მაგიერ, ჩვენთვის იბრძოდა.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები