2.10.1988 - 5.01.2012
კაპრალი
მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
ფაილოძეების ოჯახის ორმა ვაჟიშვილმა, შალვა და რომეო ფაილოძეებმა, სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება ერთდროულად მიიღეს. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად ორივე ძმა სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა. რომეო ფაილოძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურს იძულებით დაანება თავი, თუმცა შალვას პრობლემა არ შექმნია. კაპრალი ფაილოძე სამშობლოს სამსახურში სიცოცხლის ბოლომდე ყოფნას გეგმავდა და მართლაც ასე მოხდა. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მან ცხელ წერტილში გაატარა. ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეს გარდაიცვალა, არადა, მეგობრებისთვის უთქვამს, ხვალ ჩემებს უნდა დავურეკო, შობა მივულოცოო... არ დასცალდა... გმირის დედას შვილზე მოსაგონარი ბევრი ისტორია დარჩა, თუმცა ძალიან უჭირს საუბარი. „დიდი ტკივილი და ამავდროულად დიდი სიამაყეა, როცა იცი, რომ გმირის დედა ხარ“, -ამბობს ქეთევან ფაილოძე და გმირი ვაჟკაცის ბავშვობას იხსენებს.
ქეთევან ფაილოძე: „სამხედრო სამსახურში წასვლა შალვას ბავშვობიდან სურდა. 2008 წლის აპრილის თვეში ჩემმა ორივე შვილმა, შალვამ და რომეომ, სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ბათუმში მეხუთე ქვეით ბრიგადაში გადიოდნენ კარანტინს. მაგრამ უფროსმა ბიჭმა ფიზიკურად ვერ გაუძლო ამ დატვირთვას და იმიტომ წამოვიდა, შალვა დარჩა და ჩვეულებრივად გააგრძელა სამხედრო სამსახურში საქმიანობა. ჩემი შვილის ბატალიონს 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი მაიორი გელა ჭედია მეთაურობდა. აგვისტოს ომში ნამდვილად არ მეგონა თუ ცოცხალს ვნახავდი. 9 აგვისტოს ბატალიონის მეთაურის გარდაცვალების შემდეგ მისი ასეული სრულად ჩაირიცხა ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში. მე ჩემი შვილის ქება გამომივა, მაგრამ ის სამაგალითო სამხედრო მოსამსახურე იყო. ცხონებული გელა ჭედია ამბობდა, ამისგან მართლა დადგება ჯარისკაციო... მერე ავღანეთში გადაწყვიტა წასვლა, თავიდან არ მეუბნებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მითხრა. რომელ დედას უხარია შვილის ავღანეთში გაგზავნა, არ მინდოდა, წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. არც კი მეგონა ასეთი საშიშროება თუ იყო იქ. მთელი ექვსი თვით იყო წასული, პირველ მისიაში და საღ-სალამათი ჩამოვიდა იქიდან. რომ ჩამოვიდა ვუთხარი, მეორედ არ გაბედო წასვლა მეთქი. არაო, მითხრა, მაგრამ ექვსი თვე შესრულდა ამ მისიის დასრულებიდან და ისევ წასვლის შესახებ დაიწყო საუბარი. მეორედ კი, ეს უბედურება დაგვატყდა თავს... მის განსაკუთრებულ გმირობაზე დღეს მისი მეგობრები საუბრობენ, მეც ვიცი, რომ ის ნამდვილი ვაჟკაცი იყო. ვიცი, რომ ჩემი შვილი ნაღმზე მის მეგობარ გივი ფანცულაიასთან ერთად აფეთქდა.
არ ვტრაბახობ, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან ჭკვიანი და ზრდილობით გამორჩეული იყო ყოველთვის. მთელი სოფელი მას საუკეთესო პიროვნებად დაგიხასიათებთ, ყველას განსაკუთრებით უყვარდა, განსაკუთრებით მასწავლებლებს. პრინციპული ბავშვი იყო, ამბობდა, გენერალი უნდა გავხდეო და კარიერული წინსვლის იმედით ენერგიას არ იშურებდა... ავღანეთში იმისთვის წავიდა, სამხედრო სამსახურში ყოფილიყო და კარგი გაეკეთებინა ქვეყნისთვის. მას მთელი ცხოვრება სურდა სამხედრო სამსახურში ყოფნა. ყოველთვის ცდილობდა, რომ სახლშიც სამხედრო ტანსაცმელი ეტარებინა. ისე იყო შეჩვეული ამ ყველაფერს... ნამდვილად ამაყობდა, რომ თვითონ იყო ჯარისკაცი და სამშობლოს დამცველი. არასდროს უამაყია, რომ ის აგვისტოს ომის მონაწილე იყო. შიში კი მისთვის გამორიცხული იყო. არასდროს უთქვამს, რომ მას რამის ეშინოდა. იმ დღეს, როდესაც ამ უბედურების შესახებ გავიგეთ, შობა თენდებოდა... სწორედ ამ დღეს მოხდა ჩემს ოჯახში უბედურება... მთელმა ქვეყანამ საკადრისი პატივით იგლოვა ჩემი შვილი. არასდროს დამავიწყდება. მინისტრი ახალაია შემოვიდა ჩვენთან სახლში, არასდროს დამავიწყდება მისი ცრემლიანი სახე. მთელი სოფელი ფეხზე იდგა და ქვა ატირდებოდა ჩვენი საცოდაობით... არასდროს ამოვა ჩემი გულიდან ეს სახე, ის იდგა და ტიროდა, ამხელა კაცი. ძალიან დიდი ტკივილი და ამავდროულად დიდი სიამაყეა, როცა იცი, რომ გმირის დედა ხარ“.
შალვა ფაილოძეს გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭა. ოჯახი ამ ჯილდოს სათუთად ინახავს. ძმის გმირული თავდადების შემდეგ, რომეო ფაილოძეც ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნდა...
რომეო ფაილოძე (ძმა): „ორივე ერთად ვიყავით წასული სამხედრო სამსახურში. გვინდოდა საქართველოს გულისთვის გვემსახურა. მე წამოვედი, ფიზიკურად ვერ გავუძელი და ის დარჩა. სწავლებას კრწანისში გადიოდა. შალვა სამხედრო პიროვნება იყო და ქვეყნის წინაშე შესრულებულ მოვალეობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. თვითონ იცოდა ყველაფერი, რაც გააკეთა. ძმაკაცთან ერთად მოვიდა იმ დღეს, როდესაც გვითხრა, ავღანეთში მივდივარო. პირველი მისიის დასრულების შემდეგ ისევ გადაწყვიტა მეორედ წასვლა. ჩასვლისთანავე დარეკა. 19 დეკემბერს ვესაუბრე ბოლოს... არ შეგეშინდეთ, კარგ ადგილას ვარ, უბრალოდ, ტელეფონი აღარ იჭერსო. ავღანეთში ყოფნის პერიოდში სამ-ოთხჯერ გვქონდა სულ დარეკილი. წინა დღეს მეგობრებისთვის უთქვამს, ხვალ სახლში უნდა დავრეკო და ჩემს ოჯახს შობა უნდა მივულოცოო, მაგრამ დილას, გამთენიისას ეს უბედურება დაატყდა თავს. ჩემი ძმის დაღუპვის შემდეგ მე ისევ დავიწყე მუშაობა და ახლა ისევ სამხედრო სამსახურში ვარ, მაგრამ სამოქალაქო კუთხით... მეამაყება ჩემი ძმის სახელი და ის, რომ დღეს ქართველი გმირის, შალვა ფაილოძის ძმა ვარ“!