საქართველოს სამხედრო ისტორია
ირაკლი აბრამიშვილი
ირაკლი აბრამიშვილი

პოლიციის რიგითი

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ

1974-2008

 

თექვსმეტ აგვისტოს ცოლი უნდა მოეყვანა, სამსახურში განცხადებაც ჰქონდა დაწერილი რომ ამ დროისთვის გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ომი დაიწყო.

ის ომში წავიდა. რუს ოკუპანტებს ებრძოდა, ცხინვალში, გამოჰყავდა დაჭრილები, არაერთხელ შებრუნდა სიკვდილის ზონაში, მაინც არ შორდებოდა იმედიანი ფიქრი სამშობლოს გამარჯვებაზე და საკუთარ ქორწილზე.

მეგობარს, რომელიც ბოლოს ნახა, ცხინვალში შებრუნებისას, შეუძახა, არ დაიკარგო, ქორწილში გელოდებიო.

თვითონ დაიკარგა. კარგა ხანს უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. გაურკვევლობას დეენემის პასუხმა დაუსვა წერტილი... ის დაიღუპა გმირულად.

ირაკლი აბრამაშვილი 1974 წლის 4 ოქტომბერს, გორში დაიბადა.

ოჯახში პირველი შვილი იყო. დედა გაიხსენებს, რომ ირაკლი ძალიან თბილი და მოწესრიგებული ბავშვი იყო...

ლამარა აბრამაშვილი, დედა: „დედისერთა გვყავდა და ვათამამებდით, ორი ოჯახის პირველი შვილიშვილი იყო, ყველა მას შევნატროდით, შევხაროდით, მაგრამ არასოდეს ყოფილა ეგოისტი, ამპარტავანი, დედისერთებს რომ სჩვევიათ ხოლმე... მოკრძალებული. წყნარი, მშვიდი და დამჯერი ბავშვი იყო. ზედმეტად არავის აწუხებდა.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ, სადაც ვასწავლიდი იმ სკოლაში მივიყვანე, სკოლაში საშუალოდ სწავლობდა, როგორც ბიჭების უმეტესობა... უყვარდა ისტორია და ინფორმატიკა...

მახსოვს, მეშვიდე კლასში იყო, მისი კლასი შატალოზე წავიდა, ირაკლი არ წავიდა. სკოლის დირექტორმა მითხრა, როგორი ხათრიანი ბავშვია, ალბათ, შენთვის, რომ არაფერი მეთქვა შატალოზე იმიტომ არ წავიდაო... გახარებულმა ვუთხარი, შვილო კიდევ კარგი შენც არ წახვედი, დირექტორმა მითხრა: შენმა შვილმა ანგარიში გაგიწია არ წავიდა შატალოზეო. არა დედა, შენ კი არ გაგიწიე ანგარიში, უბრალოდ, მე არ მინდოდა იქ, სადაც ისინი უნდა წასულიყვნენ და იმიტომ არ წავედიო... თავისი შეხედულებები ჰქონდა ბავშვობიდან ყველაფერზე...“

ირაკლი აბრამაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა ინფორმაციისა და ეკონომიკური მართვის სისტემების ფაკულტეტზე.

ბიძინა სამნიაშვილი, ირაკლის მეგობარი: `ირაკლიმ რომ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მე უკვე დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა, ჩვენთან გაწევრიანდა ირაკლი, იმ პერიოდიდან დავმეგობრდით და მერე დავძმაკაცდით. მე მისი მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი, 16 აგვისტოს ქორწილისთვის ვემზადებოდით...

ძალიან უნდოდა, რომ ოჯახი შეექმნა, ოცნებობდა, მაგრამ არ დასცალდა... სიგიჟემდე იყო შეყვარებული.

ჩემთვის ირაკლი უძვირფასესი ადამიანი იყო... ასეთი ალალი და წესიერი კაცი, ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში... მოწესრიგებული, ძალიან მეგობრული და მამაცი ბიჭი იყო. ყოველთვის ხალისიანად უყურებდა ამ ცხოვრებას, სიცოცხლე უყვარდა... ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებდა და ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ ბედნიერი იქნებოდა... ბოლოს 28 ივლისს ვნახე. ზემო აფხაზეთში უპირებდნენ წაყვანას და მითხრა: ბიძინა, იქნებ ცხინვალის მხარეს წამოვიდეო... თუ მომცეს ამის შესაძლებლობა აქეთ წამოვალო... ცოტა დადარდიანებული მეჩვენა, მაგრამ არაფერი უთქვამს, საერთოდ არ უყვარდა თავის პრობლემებზე საუბარი, თავზე არ მოგახვევდა არასდროს თავის დარდს. თუ რამეს იტყოდა ისე, რომ შენ არ გეგრძნო...“

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამხედრო ვალის მოსახდელად წავიდა ჯარში, წავიდა მიუხედავად იმისა, რომ კუჭის წყლული ჰქონდა და შეეძლო არ წასულიყო. დედა იტყვის, რომ მის ვაჟს ერთი წამითაც არ უფიქრია ჯარისთვის თავის არიდება. მეტიც, ოქროყანაში სავალდებულოს მოხდის შემდეგ, გადაწყვიტა სპეცნაზში შესულიყო. გორში 6 თვე მსახურობდა, შემდეგ თბილისში გადავიდა. ბოლოს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მსახურობდა, ქვეით მებრძოლად.

ირაკლი აბრამაშვილს 22 ივნისს უნდა ჰქონოდა ნიშნობა, მაგრამ მის საცოლეს ბიძა გარდაეცვალა და ქორწილი ორმოცის გასვლამდე გადადეს.

თვალცრემლიანი დედა იტყვის, 8 აგვისტოს გასვლას ველოდითო... საბედისწერო გამოდგა მათთვის 8 აგვისტო.

ირაკლი შინიდან ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა, აღელვებული მამიდა დაამშვიდა. „მითხრა, ნუ გეშინია არაფერი არ იქნება, მშვიდად იყავიო“ – იტყვის მამიდა.

„ისე ჩუმად ჩამოვიდა და რომ დავუძახე იკა, ვერ გაიგონა შარვალი გაისწორა და სახლიდან გავიდა“ – იტყვის დედა...

ბონდო გავაშელიშვილი, ირაკლის მეგობარი: „ბოლოს ომის დაწყების წინ ვნახე, თუ არ ვცდები 6 აგვისტოს. ცოტა ჩაფიქრებული მეჩვენა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. ისე ყოველთვის ხალისიანი და მხიარული იყო... შეიძლება ზოგჯერ სერიოზული პრობლემა ჰქონოდა, მაგრამ არასდროს გაგრძნობინებდა... დამშვიდობებისას ვუთხარი, ირაკლი თავს გაუფრთხილდი-მეთქი... კარგით რაა, ჩამოვალ და ერთი მაგრად ვიქეიფოთო... ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები... ქორწილისთვის ვემზადებოდით და მის უბედურებაზე შეგვკრიბა... ახლა ხშირად ვიხსენებთ ერთად გატარებულ დროს, საათებს წუთებს... ძალიან დაგვაკლდა... საშინელება მოხდა, დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენს გულებშია“.

ირაკლი ომში წავიდა. იბრძოდა. დაჭრილები გამოჰყავდა ცხინვალიდან...

ლადო დეკანოსიძე, ირაკლის მეგობარი: „ცხინვალში შებრუნების დროს შევხვდი. ბოლოს მე ვნახე ირაკლი, ცხინვალიდან გამოვდიოდი და ის უკან ბრუნდებოდა... ჩვეულებრივ ვისაუბრეთ, თავზე ბენდენა ჰქონდა წაკრული... ჩვეულებრივ გამოიყურებოდა... იქაც ქორწილზე მელაპარაკებოდა... მითხრა: ქორწილისთვის არსად დაიკარგოო...“

ქეთევან აბრამაშვილი, მამიდა: „სამჯერ იყვნენ შესულები ცხინვალში დაჭრილები გამოყავდათ, კობრას ჰყავდა თავისი ფეხოსანი რაზმი, ამ რაზმიდან ოცეული დარჩა ცხინვალში და ბოლოს მათ გამოსაყვანად შევიდნენ. როცა უკითხავთ, ვინ შევიდოდა მათ გამოსაყვანად, სხვა ბიჭებთან ირაკლიც გამოსულა. ცხინვალში მათ მანქანას ესროლეს, მანქანა გადაბრუნდა, ბიჭები ცოცხლები იყვნენ და შენობას შეაფარეს თავი“.

ეს ამბავი 8 აგვისტოს მოხდა. ირაკლის იმ დღეს დაურეკავს კიდეც მამიდასთან ამ საბედისწერო ინციდენტამდე. შემდეგ მამიდამ გადარეკა ირაკლისთან...

მამიდა: „რომ დავრეკე ოსმა მიპასუხა და მითხრა, რომ ათიათასი უნდა გადაგვიხადო, მერე ხუთიათასიო. თავზარდაცემული ვკიოდი, ხელი არ ახლოთ და ფულს მოგიტანთ-მეთქი... მერე ჩემს ნათესავს დავურეკე, რომელიც ოსურად ლაპარაკობს, მას ვთხოვე დაერეკა, შეკრთნენ, როცა ოსურად ელაპარაკებოდნენ...

ამ გოგომ გვითხრა, ასე მითხრეს, ჩემი ნება არ არის აქ რა მოხდებაო... მერე ამბობდნენ, მოვკალით არაფერი საშველი არ არისო. ხან ამბობდა, ლიახვს გამოვატანეთ და დახვდითო, ხან ცოცხალს არ გაჩვენებთ და ვერ ნახავთო. ირაკლის ვერც მკვდარს მიაკვლიეს სადმე და ვერც ცოცხალს. ვერსიებს ვერსიები ენაცვლებოდა, ერთი თვითმხილველის ჩვენება მეორისას გამორიცხავდა, ტყუილი და მართალი ისე აირია, დღესაც კი შეუძლებელი ხდება რაიმე სურათის აღდგენა.

დედა: „28 წლის იყო რომ გარდაიცვალა. 23 იანვარს გვითხრეს დნმ-ის პასუხი....

გორის სასაფლაოზე დავკრძალეთ. ყოველდღე დავდივართ მის საფლავზე...

ოჯახზე ოცნებობდა და დაქორწინება უნდოდა, მაგრამ ქორწილი არ დასცალდა... პირველი ხელფასით მე მიყიდა სუნამო, ყველას უყიდა საჩუქრები. ყველას დახმარებას ცდილობდა. რომ მოვიდოდა მომეხვეოდა, ჩამეხუტებოდა, ძალიან თბილი ადამიანი იყო. ჩვენთვის ყოველდღეE ომია. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ცხოვრება მის გარეშე...

მამამისს არ უნდა, რომ საფლავზე ქვა გააკეთოს, მაინც ელოდება...

სამშობლო ძალიან უყვარდა, ჩვენ რომ წინააღმდეგობა გაგვეწია, მაინც წავიდოდა ომში...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები