საქართველოს სამხედრო ისტორია
ლაშა თევზაძე

პოლიციის რიგითი

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1985 - 2008

 

წლინახევრის იყო მამა ავღანეთის ომში რომ დაეღუპა. ობლობაში გაიზარდა, და თავადაც რუსების ავანტიურას ემსხვერპლა. გმირულად დაიღუპა ცხინვალში, რუსული საოკუპაციო ძალების აგრესიის დროს დაიღუპა და ახლა მისი დედისერთა ბიჭი დარჩა ობლად... სულმოუთქმელად ელოდა, საბა „მამას“ როდის დაუძახებდა... არ დასცალდა... საბა 4 თვის იყო, მამა რომ გმირულად დაიღუპა.

დღეს საბა ფოტოებით იცნობს მამას და ამბობს, რომ „მამა, მაგარი კაცია“...

მამა სულ 23 წლის ბიჭი იყო, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა მამულისთვის. ლაშა თევზაძე სამტრედიაში დაიბადა, გათამამებული ბავშვი არ ყოფილა. ალბათ, გაათამამებდნენ კიდეც, დედისერთა იყო, მაგრამ ავღანეთის ომმა მას უზრუნველი ბავშვობა წაართვა...

მადონა კაცაძე, ლაშას დედა: „ობლად გაიზარდა. ჩემი ძმა მეხმარებოდა მის გაზრდაში. განსაკუთრებულად უყვარდა ბიძა... ათასი უბედურება და გაჭირვება გავიარეთ მე და ლაშამ, მაგრამ სულიერად არც მე დავეცი და ლაშასაც არ მივეცი ამის უფლება. გმირულად ვიტანდით ყველაფერს... მე და ლაშა ისე შევეზარდეთ ერთმანეთს... პატარა ბავშვს ჭკუას ვეკითხებოდი, დედა, ეს მინდა გავაკეთო და ლაშა, რას მირჩევ, როგორ მოვიქცე-მეთქი... 23 წლის დავქვრივდი, 23 წლის ასაკში დავკარგე ლაშა...“

სკოლაში მისაბაძი მოსწავლე ყოფილა, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ქუთაისში განაგრძო და დაასრულა გერმანული ენის თარჯიმან-რეფერენტის კვალიფიკაციით. „გერმანული ენის პედაგოგი ვარ და ჩემი სიყვარულით ჩააბარა ამ სპეციალობაზე“ _ ამბობს თვალცრემლიანი დედა. იქვე, უნივერსიტეტში გაუვლია სამხედრო კათედრა, სავალდებულო სამსახურში არ გამოუძახიათ, როგორც დედისერთა, მაგრამ მალევე თბილისში წამოვიდა. გადაწყვიტა სპეცნაზელი გამხდარიყო, ჩააბარა ნორმატივები, ფსიქოლოგიური ტესტირებაც გაიარა და 2008 წლის იანვრიდან განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოში დაიწყო მუშაობა. ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ამ ნაბიჯს დგამდა. მეუღლეც, დედაც გაგებით მოეკიდა მის სურვილს - ემსახურა სამშობლოსთვის. მაგრამ მტერმა რამდენიმე თვე აცალა ეს სამსახური...

ომამდე კი იყო სიყვარული და ამ სიყვარულით ოჯახის შექმნა...

მადონა კაცაძე, ლაშას დედა: „როცა დაოჯახება გადაწყვიტა, ძალიან გულჩათხრობილი გახდა... რაღაცას ვატყობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ემართებოდა. ერთხელაც მითხრა, დედა შეყვარებული ვარო. ყველანაირად დავეხმარე, ერთი შვილი მყავდა, ყველაფერი საუკეთესო მისთვის მინდოდა... მოიყვანა ცოლი და ძალიან ბედნიერი იყო“...

ლაშა თევზაძემ და ლიანა რომელაშვილმა ერთმანეთი სამტრედიაში, საერთო ახლობლის ქორწილში გაიცნეს, გაცნობიდან ერთი წლისთავზე ლაშა სიყვარულში გამოუტყდა ლიას...

ლიანა რომელაშვილი, მეუღლე: „ერთი წელიწადი შეყვარებულები ვიყავით, 29 ივნისს გავიპარეთ, რატომღაც ყველაფერი ეჩქარებოდა, სულ ერთი წელი მოგვიწია ერთად ცხოვრება... ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართაც და ბავშვის მიმართაც. სიხარულისგან იტირა, ბიჭი რომ გვეყოლა. ბავშვის სახელი ერთად შევარჩიეთ, საბა დავარქვით, ერთი სული ჰქონდა მამას როდის დაუძახებდა... ერთხელ საბუთებს ავსებდა და ისეთმა გახარებულმა მითხრა, პირველად მოხდა, ასე დავწერე `საბა ლაშას ძეო“...

დედა: „სამტრედიაში იყო, როცა გაიგო, რომ მამა უნდა გამხდარიყო, გახარებულები ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ვტიროდით... საბა ძალიან თბილი ბავშვია, გარეგნობითაც, ხასიათითაც მამას ჰგავს. მადონას მეძახის, მეუბნება, მამიკო მოვა, მანქანაში ჩავჯდებით და შენთან, სამტრედიაში მალე ჩამოვალთო...~

დედამ შვილი ბოლოს 10 ივლისს ნახა...

დედა: „ბავშვი მოვნათლეთ თბილისში, სამტრედიაში ჩამომიყვანა. რომ მიდიოდა, უკვე კარში მდგარმა მითხრა, დედა, ერთი თვეც დამაცადე, სექტემბერში ბინას დავიგირავებ და ჩემთან წაგიყვანო... იცოდა, რომ მე სულ თვალცრემლიანი ველოდი... ბოლოს 5 აგვისტოს ველაპარაკე ტელეფონით. გახარებულმა დამირეკა, დღეს ბინა გავიფორმეო. სამსახურმა სამოთახიანი ბინა უყიდა და მანქანაც გადასცა საჩუქრად... ომის პერიოდში საერთოდ არ შემხმიანებია... 7 აგვისტოს დილაუთენია ავდექი, ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, რას ვხედავ, ყველა არხზე ერთი და იგივე ინფორმაციაა... ომი... მაშინვე ეზოში გამოვვარდი და ყვირილი დავიწყე, ხალხო გაიღვიძეთ, ცხინვალში ომი დაიწყო-მეთქი. თურმე ჩემი შვილი ომში ყოფილა... ვურეკავდი და ვერაფრით ვუკავშირდებოდი, უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. მაშინვე ჩემს რძალთან დავრეკე. ჩემმა მძახლებმა მითხრეს: გორში არიან, ნუ გეშინიაო... მის თანამებრძოლებს უთქვამთ, ცხინვალში დარჩნენ, მათ დასახმარებლად უნდა შევსულიყავით, მაგრამ ვეღარ შევედითო...“

მეუღლე: „როდესაც განგაში იყო და სამსახურში იბარებდნენ, გასვლის წინ დედაჩემს ეტყოდა ხოლმე, ნაზი, ცოლ-შვილს მიმიხედეო... ბოლოს 7 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ გამოიძახეს, გვიან ღამით. ჩვეულებრივ ადგა, არანაირი წინათგრძნობა არ გვქონია, არც მას, არც მე... წავედით, ცოტა ხანს მანქანასთან გავჩერდით, ვსაუბრობდით, გვიანი იყო, ბავშვი მარტო იყო ზემოთ და მითხრა: ადი, ბავშვს მიხედეო და წავიდა ბაზაზე. გორში დილით გადაიყვანეს. ცხინვალში ნიქოზის მხრიდან შევიდნენ. ჩემი მეუღლე კობრის მანქანაში იჯდა, უკან გამოსვლის ბრძანება მიიღეს, მაგრამ სხვა ქუჩაზე ბიჭები იყვნენ ჩარჩენილები და იმათ გამოსაყვანად შებრუნდნენ.

ჩემი ძმაც ცხინვალში იბრძოდა, ქვეითი იყო, და უკანდახევისას შეხვდა ცხინვალის შესასვლელში ლაშას. ლაშა უკან შედიოდა, უკითხავს სად მიდიხარო, ბიჭები არიან დარჩენილი და იმათ გამოსაყვანად შევდივართო. სამი მანქანით შებრუნებულან. მივიდნენ ადგილამდე, ჩასვეს ეს ბიჭები მანქანებში და გამობრუნდნენ. მანქანას, რომელშიც ლაშა იჯდა, ორი ჭურვი მოხვდა... მანქანიდან გადმოსულან და შენობისთვის შეუფარებიათ თავი. მაშინ მიუღია კანტუზია. ეს სტალინის ქუჩაზე ხდებოდა... იმ სახლიდან რომ გამოდიოდნენ, როგორც შემდეგ გვითხრეს, მტერმა ჩაცხრილა... არც კი ვიცი, რა ძალა მყოფნის ახლა ამას რომ ვყვები, მტერსაც არ ვუსურვებ, ისეთი დღეები გავიარეთ... ბოლოს 8 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ ველაპარაკე, ღამის პირველ საათზე... ტელეფონით რომ ვსაუბრობდით, არც ერთხელ არ დაუმალავს სად იყო, რა მდგომარეობაში, სულ იმედიანად იყო, მეუბნებოდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. როგორც გადმოცემით ვიცი, ძალიან შემართებით და იმედიანად იბრძოდა, იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებული დაბრუნდებოდა. ერთ-ერთი თანამშრომელი მიყვებოდა, რაღაც შენობა ყოფილა, სადაც ოსური დროშა ფრიალებდა, ლაშა თავისი კობრით მისულა, დაუძახიათ, რას შვრები, არ გესროლონო, მაინც მამაცურად ასულა და ის ოსური დროშა ჩამოუხსნია...

რვა აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ვრეკავდი, არ მპასუხობდა... როგორც შემდეგ მითხრეს, ტელეფონი მანქანაში დარჩენია. 8 აგვისტოს საღამოს ჩემს ძმას დაურეკავს მამაჩემისთვის ლაშა ცხინვალში დარჩა და იქნებ მანდ საავადმყოფოებში ეძებოთო. მაგრამ მამაჩემმა ჩვენ არ გვითხრა... 8 აგვისტოს თბილისის საავადმყოფოებში რომ ვერ იპოვა, 9 აგვისტოს დილით გორში წავიდა. ჩემი ძმა გვამშვიდებდა, კარგადაა ნუ ნერვიულობთო... 6 თვე ვეძებდით ლაშას, იმედს არ ვკარგავდით, იმედი გვქონდა, რომ ოსებს ტყვედ ჰყავდათ. 6 თვის შემდეგ მივიღეთ დეენემ-ის ანალიზის პასუხი. როგორც გვითხრეს, დახვრიტეს... ეს ყველაფერი 8 აგვისტოს მოხდა... სამტრედიაში გადავასვენეთ და მამამისის გვერდით დავკრძალეთ...

ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება... პირველი ხელფასი რომ აიღო, ფეხმძიმედ ვიყავი და ბავშვისთვის შევიძინეთ რაც კი საჭირო იყო. პირველი პრემია რომ აიღო, სამასი ლარი, ორასი ლარი მე მაჩუქა, შენახული მქონდა ეს ფული და ღვთისმშობლის სახიანი ბეჭედი გავაკეთებინე მის სამახსოვროდ.

ჩემი ქმარი გმირი იყო, საქართველოს შესწირა თავი. ძალიან რთულია უიმისოდ ცხოვრება, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ საამაყოცაა. ჩვენი შვილი რომ გაიზრდება, იამაყებს მამის გმირობით. საბა 4 თვის იყო ლაშა რომ დაიღუპა. სურათებიდან იცნობს მამას, როცა შეეკითხები მამაზე, ამბობს: „მამა, მაგარი კაციაო...“

დედა: „...ლაშა სიკვდილის მერე კი არ გახდა გმირი, სიცოცხლეშივე გმირი იყო... სულ სხვანაირი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ადამიანი არ არსებობს, რომ ლაშას ოდესმე ეწყენინებინოს. მის ხელში იარაღი, რომ დავინახე ძალიან გამიკვირდა, რადგან სულ სხვანაირი, ჰუმანური ბიჭი იყო. იმედს არ ვკარგავ მაინც, რომ იქნებ ჩემი შვილი ცოცხალია, იქნებ არის სადმე და დაბრუნდეს... არ მჯერა, რომ აღარ არის. ყოველდღე, ყოველ წამს ველოდები...

სტუდენტი, რომ იყო ქუთაისში სწავლობდა. პარასკეობით მოდიოდა სახლში. საჭმელს გავაკეთებდი, სუფრას გავშლიდი და დავურეკავდი, სად ხარ დედა ახლა-მეთქი, რომ მეტყოდა მარშრუტკაში ვზივარო, აივანზე გავდიოდი და გზას გავცქეროდი. აივანზე რომ გავდივარ ყველაზე მეტად ეს მკლავს. სულ იქით ვიხედები, საიდანაც ჩემი შვილი მოდიოდა“.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები