საქართველოს სამხედრო ისტორია
გია რომელაშვილი

პოლიციის მაიორი

ვახტანგ გორგასლის II ხარიხის ორდენოსანი, 2008 წ.

1967 - 2008

 

ოცდაოთხი წლის იყო სამაჩაბლოში რომ იბრძოდა, 25 წლის აფხაზეთის ომში წავიდა. აგვისტოს ომის დროსაც ცხინვალში იბრძოდა.

გმირულად დაეცა რუსული სამხედრო ოკუპაციის დროს... თანამებრძოლები გადაარჩინა და მტერს მარტო შეაკვდა. თანამებრძოლებმა ბრძოლით გადმოასვენეს მისი ცხედარი.

გია რომელაშვილი 41 წლის იყო.

დაიბადა და გაიზარდა მცხეთის რაიონში, სოფელ წინამძღვრიანთკარში. ბავშვობიდან ძალიან მშრომელი ყოფილა. იარაღი, ჭიდაობა იტაცებდა. ვარჯიშობდა კიდეც ჭიდაობაში, ჯილდოებიც ჰქონდა, სპორტის ოსტატი იყო ქართულ ჭიდაობაში. ახლა კი, მის მშობლიურ სოფელში, უკვე მისი სახელობის ჯილდოა დაწესებული...

9 კლასი სოფელ გალავნის სკოლაში დაამთავრა, შემდეგ ტექნიკუმში გადასულა. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურის ინსტიტუტი დაუმთავრებია, შემდეგ კი, უკვე დაუსწრებლად _ იურიდიული ფაკულტეტი.

სწავლის დამთავრებამდე კი, 2 წელი ერევანში მსახურობდა ჯარში. ჯარმოვლილს სწავლა გაუგრძელებია და მუშაობა მცხეთის რაიონში, მილიციაში დაუწყია. მომავალი მეუღლე რომ გაიცნო, უკვე ლეიტენანტი იყო და მარნეულში, კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა.

ნანი მთვარელიძე, მეუღლე: „ერთმანეთი 1991 წელს გავიცანით მარნეულში. მე მარნეულიდან ვარ, მაშინ 22 წლის ვიყავი, გია – 24-ის. ლენინგრადში ვსწავლობდი, საქართველოში დროებით ჩამოვედი, მამა დაიღუპა და იძულებული გავხდი აქ დავრჩენილიყავი. სულ ერთი კვირის გაცნობილი მყავდა, რომ მომიტაცა. ძალიან თბილი შეყვარებული იყო, ყვავილებს მჩუქნიდა, მაგრამ მე უარზე ვიყავი, მამა ახალი დაღუპული იყო და არ მეცალა საამისოდ, უარი რომ ვუთხარი, მომკიდა ხელი და მომიტაცა. უფალს მადლობას ვწირავ, ასე რომ მოხდა, 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ეს 18 წელი ძალიან თბილი და სიყვარულით აღსავსე 18 წელი იყო. ასეთი გრძნობა შეიძლება არც მოიტანოს ხანგრძლივმა ურთიერთობამ და სიყვარულმა...

სამი გოგონა შეგვეძინა, ძალიან ბედნიერი იყო, პირველი რომ გვეყოლა, ამბობდა, ბედნიერი ვარ, რომ გოგონას მამა გავხდიო. პირველ გოგონას გამზრდელი ბებიის სახელი დაარქვა – ქეთევანი, შემდეგ მარიამი და თამარი შეგვეძინა...“

ახალი დაოჯახებული იყო სამაჩაბლოში რომ იბრძოდა, შემდეგ აფხაზეთის ომში...

მეუღლე: „ყველგან სამშობლოს სიყვარულით იბრძოდა, მე მამა სამხედრო მყავდა და მიჩვეული ვიყავი ამ რეჟიმში ცხოვრებას. გია სულით პატრიოტი კაცი იყო, მისთვის ბევრ მეგობარს უთქვამს, რა გინდა მანდ, დაანებე თავი, სხვა სამსახური ნახეო, მაგრამ ერთხელ, ჩვენი გოგონას ნათლიას ასეთი რამ უთხრა: მე თუ არა, სხვა ვინ გააკეთებსო... 19 წელი იმსახურა და არასოდეს დაუწუწუნია. როდესაც სპეცნაზში გადავიდა, თქვა, რომ ჩემი ადგილი ვიპოვეო. გია სამსახურის გარეშე _ ვერც წარმომიდგენია. მისი გარდაცვალების შემდეგ, მე დავიწყე მის სამსახურში მუშაობა და ახლაღა მივხვდი, რა მძიმე შრომა უწევდა...“

გია რომელაშვილი შინიდან ბოლოს 7 აგვისტოს, გამთენიისას გავიდა.

მეუღლე: „რომ ვაცილებდი, მითხრა: ეს დღეები კაზარმულია და შეიძლება ვერ მოვიდეო. თვითონ არანაირი წინათგრძნობა არ ეტყობოდა, ვერც მე ვგრძნობდი რამეს, უბრალოდ, არ მიყვარს აგვისტო, მამაც, ბიძაც აგვისტოში დამეღუპა, თან ბიძაჩემი მყავდა ნანახი სიზმარში, თუ ეს წინათგრძნობად შეიძლება ჩაითვალოს... დილით ველაპარაკე, სად ხარ, რა ხდება-მეთქი, თბილისში ვარო, მითხრა, მაგრამ მივხვდი, რომ თბილისში აღარ იყო. ბოლოს 8 აგვისტოს დილის 9-ის 15 წუთზე დამირეკა და მითხრა, ნუღარ დამირეკავ, ძალიან ბევრი რეკავს და ტელეფონი უნდა გავთიშოო. ცხინვალი ჩვენიაო _ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. არ მითხრა სად იყო, მამშვიდებდა, მე არაფერი არ მომივა, ნუ გეშინიაო“.

8 აგვისტოს მტერმა მარნეულის აეროპორტი დაბომბა, გია რომელაშვილის ოჯახი იმ დროს მარნეულში იყო...

მეუღლე: „დედაჩემის სახლი მარნეულის აეროპორტთან ძალიან ახლოსაა, სახლი ზანზარებდა, ბავშვები სარდაფში ჩავიყვანე, ეს იყო საშინელება... გაბმულად ვრეკავდი გიასთან, 2 საათიდან 7 საათამდე ტელეფონი არ გამიშვია ხელიდან... საღამოს უკვე მეზობლის ბავშვი მოვიდა და მითხრა: გია მოჰყავთ დაჭრილი ჰოსპიტალშიო... ათი სრულდებოდა რომ გამაგებინეს, მშობლების სახლში დაასვენესო... გარდაცვლილს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ასეთი სახე, ალბათ, ბავშვი რომ გაგვიჩნდა, მაშინ ჰქონდა მხოლოდ... 8 აგვისტო ქეთის, ჩვენი უფროსი გოგონას დაბადების დღეა, ქეთის დაბადების დღეს დაიღუპა გია...

გია განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მესამე ასეულის საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის მეთაური იყო, როგორც გადმოცემით ვიცი, მთლიანად გადაარჩინა თავისი ეკიპაჟი, ალყაში იყვნენ, ყველა გაიყვანა და მარტო დარჩა, თავის მანქანასთან. ეკიპაჟმა არ დატოვა, სამი საათი იბრძოდნენ მის გამოსაყვანად, სამი კაცი დაიჭრა. გია მუხლში იყო დაჭრილი, ზურგიც სისხლიანი ჰქონია, მარცხენა მხარეს იყო დაჭრილი, ამბობენ, უკვე მკვდარს აქვს მოხვედრილი გულში ტყვია... როგორც შემდეგ ექიმებმა თქვეს, ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა... მადლობა მინდა გადავუხადო მეთაურს და იმ ბიჭებს, რომლებმაც ჩემი მეუღლე მკვდარი მაინც ჩამომიყვანეს... 12 აგვისტოს დავკრძალეთ, როცა ყველაზე საშინელი პანიკა იყო... დავკრძალეთ იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ძმის გვერდით...

ქეთევანი მეორე კურსის სტუდენტია, მარიამი ჩოგბურთზე დადის, ფონდმა „იავნანამ“ დაგვაფინანსა... გია რომ დაიღუპა, წლისთავზე გავიგე, რომ ფონდ „იავნანას“ წევრი ყოფილა, არც კი ვიცოდი, გაზეთიდან გავიგე, რომ თურმე რვაშვილიან ოჯახს ეხმარებოდა. საშინელებაა მის გარეშე ცხოვრება. სულ მგონია, რომ წასულია და აუცილებლად დაბრუნდება... ეამაყებოდა თავისი გოგონები, დღეს გოგონები ამაყობენ გმირი მამით...“

ქეთევან რომელაშვილი, გიას უფროსი ქალიშვილი: „ძალიან მოსიყვარულე და ჩვენზე ზედ გადამკვდარი მამა იყო. იყო ძალიან მკაცრი და თან ძალიან თბილი. ბიჭი არ ჰყავდა და ჩემთან სულ მანქანები და იარაღები მოჰქონდა... ბიჭური სათამაშოებით მზრდიდა. არასდროს გოგოს სათამაშო არ მქონდა, მზრდიდა როგორც ბიჭს... ჩოგბურთზე დავდიოდი. უნდოდა რომ ერთი შვილი სპორტს მაინც გაყოლოდა. თან მყვებოდა, არ მახსოვს რომ „სბორებზე“ არ გავეშვი, ყველანაირად ხელს მიწყობდა... ჩემს შუათანა დასთან, მარისთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა. რომ გვეჩხუბა და მტყუანი მარი ყოფილიყო, მაინც მარის იცავდა. მამა, როგორც კი სამსახურიდან სახლში მოვიდოდა, მარი კისერზე შეახტებოდა ხოლმე და არ ასვენებდა. სადაც წასვლას დააპირებდა ყველგან უნდოდა, რომ თან წაეყვანა, წამიყვანე, წამიყვანეოო.. ერთი დღე ვერ ძლებდა მის გარეშე... დასასვენებლად ხშირად დავყავდით, დავყავდით რაჭაში, მთა უყვარდა. თვითონ არასოდეს ეცალა, ჩვენთან ერთად რომ დაესვენა, მაგრამ მაიც ჩვენთან იყო ყოველთვის, სულ ტელეფონზე ეკიდა, გვეკითხებოდა ვის რა გვინდოდა, მერე მოულოდნელად დაგვადგებოდა თავზე და სიურპრიზებს გვიწყობდა. არ არსებობდა, რამე გვეთქვა, რამე გვეხსენებინა, მაშინვე ჩვენთან ჩნდებოდა... არ გვაკლდა მისგან არაფერი. ჰქონდა თუ არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაინც გვიკეთებდა ყველაფერს....

იუმორით სავსე იყო, ხშირად გვახალისებდა, გვაცინებდა, გვართობდა, ხან პატარა ბავშვივით გვეთამაშებოდა... ბოლოს 6 აგვისტოს ვნახე. სოფელში ჩამოვიდა, ძალიან ჩაფიქრებული იყო, იმ დღეს სულ დადიოდა და რაღაცას ეძებდა. ბოსტანში გავიდა, ღობეს მიეყრდნო და ჩაფიქრდა, ბებიამ ჰკითხა, რა იყო გია, რა ხდება, რა გჭირს, რაზე ფიქრობო... არა, არაფერი, უეცრად ჩავფიქრდიო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები და მას მერე მამა აღარ მინახავს... იმ საღამოს დაურეკეს და წავიდა...

სულ გვეუბნებოდა ხოლმე, სანამ სკოლას არ დაამთავრებთ და არ ჩააბარებთ, გათხოვება არ გაბედოთო. თვითონ დედა მოიტაცა და დედაჩემი ხუმრობით ეუბნებოდა ღირსი ხარ, როგორც შენ მომიტაცე ისე მოგტაცონ შვილიო. ეს დაუშვებელია არ არსებობს, ასეთ რაღაცას არ გამიკეთებენო. უნდოდა, რომ სულ მასთან ვყოფილიყავით, რომ ყველას, ჩვენ ჩვენს ოჯახებთან ერთად, დიდ სახლში გვეცხოვრა...

მამა ჩემს დაბადების დღეზე დაიღუპა... 8 აგვისტოს 17 წლის გავხდი და ამ დღეს დაიღუპა მამა... ყოველთვის მიხაროდა ჩემი დაბადების დღე, აღარ მიხარია... ბედნიერი დღე ტრაგიკულ დღედ გადაიქცა. მეგონა საუკუნეები იცხოვრებდა ჩვენთან ერთად მამა, მაგრამ...“

გოგონებს აღარ ჰყავთ მამა, ხშირად საუბრობენ ერთმანეთთან, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება, რას იტყოდა, როგორ მოიქცეოდა მამა... გავა წლები და მათ საზღაპროდ ექნებათ მამის გმირობის ამბავი, თავის შვილებისთვის მოსაყოლად, მათ გასაზრდელად...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები