საქართველოს სამხედრო ისტორია
კობა ჯაშაშვილი

რეზერვისტი

1971 – 2008

 

12 აგვისტო კობა ჯაშაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. იმ დღეს საკუთარ სოფელში, ტყვიავში იმყოფებოდა. რუსმა ჯარისკაცებმა ჩაცხრილეს. მიცვალებულის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს და დედას სახლში მიუსვენეს. კობა სარდაფში ჩუმად დაკრძალეს. მისი დატირება მხოლოდ დედამ შეძლო. კობას მეუღლემ, ორ შვილთან ერთად, სოფელი ომის დაწყებიდან მალევე დატოვა. ახლა მისი შვილები უკვე დიდები არიან, დურმიშხანი 21 წლის გახდა, ქეთი – 16-ის. მამაზე მხოლოდ მოგონებები დარჩათ.

კობა ჯაშაშვილი 37 წლის იყო. მეუღლის მადონა ჯაშაშვილის თქმით, მისი ქმარი სამხედრო პირი არ ყოფილა. 6 აგვისტოს რეზერვისტად გამოიძახეს და მას შემდეგ აღარ უნახავს:

„უწყისში, სადაც მისი გარდაცვალების შესახებ ეწერა, ნათქვამია, რომ ჩემი მეუღლე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს სოფელ ტყვიავში დაიღუპა. ტყვიები გულზე ჰქონდა გადატარებული“, – იხსენებს მადონა ჯაშაშვილი.

მადონა ჯაშაშვილის თქმით, მეუღლის დაღუპვა ოჯახმა მძიმედ გადაიტანა. შვილების მარტო გაზრდა რთული აღმოჩნდა.

„ჩემი მეუღლე ძალიან კეთილი და დადებითი პიროვნება იყო. სოფლის მეურნეობას მივდევდით და ასე ვცხოვრობდით. ხელობაც ეხერხებოდა და ეს ოჯახისთვის დამატებითი შემოსავალი იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, მარტო დავრჩი და უკვე 9 წელია, მარტო ვეწევი ჭაპანს“, – ამბობს მადონა და მადლობას უხდის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც ის დაასაქმა.

„მედიკოსის კურსები გამატარეს და ახლა სამხედრო მედიკოსად ვმუშაობ. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი სტიმულია“.

კობა ჯაშაშვილის დედა 2008 წელს გარდაიცვალა. ამბობენ, რომ შვილის ტრაგიკული აღსასრული ვერ გადაიტანა. დაცხრილული შვილის ცხედარი პირველმა მან ნახა და შვილის დასაფლავებაც მარტოს მოუწია.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები