საქართველოს სამხედრო ისტორია
შალვა დოლიძე

მაიორი

მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის, 2003 წ.

უმწიკვლო სამსახურის III ხარისხის მედალი, 2008 წ.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1977-2008

 

მაიორი დოლიძე ცხინვალში მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 9 აგვისტოს, როდესაც რუსი აგრესორები მასიურად ბომბავდნენ სამაჩაბლოს, მისი ბატალიონი ცხინვალში იყო შესული, რათა მიმდებარე ქართული სოფლებიდან გამოეყვანათ და გადაერჩინათ მოსახლეობა.

შალვა დოლიძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. ბატალიონის მეთაური ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. ისინი დღესაც სიყვარულით და პატივისცემით იხსენებენ მეთაურს, მის თავდადებაზე და პრინციპულობაზე საუბრობენ.

შალვა დოლიძე 1977 წლის 21 სექტემბერს, ქ. ჩიტაში დაიბადა, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამა, ზაურ დოლიძე, იმ პერიოდში, სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი იყო.

6 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, რის გამოც მამა, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად, თბილისში გადმოიყვანეს. შალვამ 67-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და 1995 წელს სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა. იყო ოცმეთაური, ასმეთაური, რამდენიმე წელი მუშაობდა გაერთიანებულ შტაბში.

2008 წლის 15 აპრილს, შალვა დოლიძე, ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. სამხედრო სამსახურის პერიოდში კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენჯერმე იყო თურქეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ერაყში.

მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები: მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის და III ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის.

მისი გმირობა და სიმამაცე სამაგალითო იყო ყველა ქართველი მეომრისთვის. მაიორ დოლიძეს მეუღლე და 4 წლის ვაჟი, ლუკა დარჩა, რომელიც მუდამ იამაყებს მამის საგმირო საქმეებით.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს მისი სახელი ეწოდა, ხოლო სახლზე, სადაც შალვა დოლიძე ცხოვრობდა, დღეს მისი მემორიალური დაფაა.

შალვა დოლიძე ყოველთვის იქნება სამშობლოს ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები