საქართველოს სამხედრო ისტორია
თეიმურაზ ჭიტაძე

კაპიტან-ლეიტენანტი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

მედალი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი, 2008 წ.

(გარდაცვალების შემდეგ)

1979 - 2008

 

თეიმურაზ ჭიტაძე წოდებით კაპიტანი იყო. ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფოთის პორტის დაბომბვისას კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ომში რომ წავიდა, 29 წლის იყო.

მაკა დარბაიძე, მეუღლე: „პირველი შვილი იყო. 1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა.

უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი... სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე გოგონა შეგვეძინა, რომელსაც თემურის დედის სახელი – ნადია დავარქვით...

ერთად წელიწადი და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ... ბავშვი 10 თვის იყო, ომში რომ წავიდა...

ფოთში მსახურობდა. წოდებით კაპიტანი იყო. ძირითადად კომპიუტერთან უწევდა მუშაობა და ამის გამო თითქმის სულ ნაწილში იყო.

ომამდე რამდენიმე დღით ადრე საჩხერეში უნდა წავსულიყავით. დილით მითხრა, რაღაც საშინელი სიზმარი ვნახე და არ ვიცი, როგორ ვიქნებიო. ვუთხარი, ცრურწმენებს არ ავყვეთ-მეთქი. იმ დღეს ჩვეულებრივ წავედით საჩხერეში. სამი დღის შემდეგ დაურეკეს, განგაშია და სასწრაფოდ უნდა გამოცხადდე სამსახურშიო...

ბოლოს სახლიდან 5 აგვისტოს გავიდა. ჩქარობდა. ჩვეულებრივ დაგვემშვიდობა, მე, ალბათ, აქ ვეღარ ჩამოვალ და იქნებ შენმა ძმებმა ჩამოგიყვანონ ფოთშიო. იმის მერე აღარც მინახავს...

მარნეულის ბაზა რომ დაბომბეს, მეც და ბავშვიც ჩემს მშობლებთან, მარნეულში ვიყავით. მირეკავდა და მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო... ბოლოს, 9 აგვისტო რომ თენდებოდა, მაშინ ველაპარაკე. მაწყნარებდა, არ ინერვიულო და ბავშვს მიხედეო... ამის მერე ვეღარ ვუკავშირდებოდი – ტელეფონის ხაზები უკვე გადატვირთული იყო. ვფიქრობდი, ამდენი ხანი როგორ არ დამირეკა-მეთქი. ბოლო წუთამდე ფოთში, სამხედრო საზღვაო ბაზაზე იყო. თავის ოთახში კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. როდესაც ფოთის პორტი დაბომბეს, ისევ ოთახში მჯდარა. თვითმფრინავს რომ გადაუფრენია, წამომხტარა და ფანჯარაში გაუხედავს. ეზოში თანამშრომლებისთვის გადაუძახია, ყველანი დაწექითო... ამ დროს ჩამოუგდიათ ჭურვი და კასეტურის ანასხლეტი მოხვედრია თავში... რამდენიმე წუთი უცოცხლია... იმ საღამოს დამირეკა მისმა თანამშრომელმა, დაჭრილია და იქნებ ჩამოხვიდეო... უკვე გურიანთაში იყო გადასვენებული. პირდაპირ იქ ჩავედი. სოფელში, სახლს რომ მივუახლოვდი, ბევრი ხალხი იყო და მივხვდი, რომ კარგად არ იყო საქმე...

ბავშვი ახლა მამას ფოტოებით იცნობს.... ახლა მარნეულში ვარ, თავდაცვის სამინისტრომ მარნეულის სამხედრო ბაზაზე დამასაქმა...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები