საქართველოს სამხედრო ისტორია
კახაბერ თავგორაშვილი
კახაბერ თავგორაშვილი

სერჟანტი

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1976 - 2008

 

9 აგვისტოს, შანხაის დასახლებაში, რამდენიმე წვევამდელი ბიჭი უმეთაუროდ იყო დარჩენილი... სპეცრაზმელები დაინახეს და მათ გაჰყვნენ... სპეცრაზმელ კახა თავგორაშვილს ბიჭებისთვის უთქვამს, სადმე ჩაწექით და მოგხედავთო... წვევამდელებს შეშინებიათ, მაინც გამოდევნებიან... მიბრუნებულა, ნუ მოგვდევთო, ხელი ზემოთ აუწევია და...

მტრის სნაიპერის ტყვიაც მოხვდა...

კახაბერ თავგორაშვილი 1976 წლის 23 ივნისს ქალაქ რუსთავში დაიბადა. დედისერთას პატარაობიდანვე ანებივრებდნენ...

ნუნუ თავგორაშვილი, დედა:

„ერთადერთი მყავდა... ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ ადვილად აღსაზრდელი. ძალიან კეთილი იყო, უკანასკნელ ლუკმას უყოფდა სხვას. რაც იზრდებოდა, უფრო დინჯდებოდა და სერიოზული ხდებოდა... მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ. სკოლა რომ დაამთავრა, ამბობდნენ, კახა რომ წავა, რა გვეშველება, ჩვენი მარჯვენა ხელიაო...

ასევე იყო სამსახურშიც, ყველა აფასებდა და ყველას უყვარდა. მშობლების დიდი ხათრი ჰქონდა... კეთილი და უბოროტო ბავშვი იყო. ჩვენ სახლთან ახლოს მდებარე საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვები გადადიოდნენ და თამაშობდნენ ხოლმე. ერთხელ ბაღის გამგემ მითხრა: „ქალბატონო ნუნუ, ბავშვებს ფანჯრიდან ვადევნებ თვალყურს, ბევრჯერ შევესწარი, კახა ბავშვებს ეჩხუბებოდა, ნუ აფუჭებთ ნურაფერს, მადლობა უნდა ვთქვათ, რომ აქ შემოგვიშვესო“...

ჩემი შვილი ბავშვობიდან ჯარისკაცობაზე ოცნებობდა. ხშირად, პოლიგონიდან მომავალი ტანკები ჩვენი კორპუსის წინ გამოივლიდნენ ხოლმე. მაშინვე გარეთ გარბოდა და ითვლიდა, რამდენი ტანკი იყო... ერთხელ, ღამის 4 საათზე გამოიარეს ტანკებმა, მაშინ კახა 8 წლის იყო. წამოხტა ლოგინიდან და ფანჯრიდან ხელების ქნევა დაუწყო ჯარისკაცებს. იმათაც დაუქნიეს ხელი“.

ლიცეუმი, რომელიც კახამ დაამთავრა, დღეს მის სახელს ატარებს... სკოლის დამთავრების შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის რუ-სთავის საერო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამსახურმა მოუწია. როგორც დედისერთას, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაგრამ თავისი ნებით წავიდა და მოიხადა სამხედრო ვალი.

1994 წლიდან 2 წელიწადი სოფელ მუხროვანის უშიშროების ნაწილში მსახურობდა. სავალდებულოს დამთავრების შემდეგ, სპეცდანიშნულების დანაყოფ „ალფაში“ გადაიყვანეს.

1999 წლის ნოემბერში ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად წაიყვანეს, სადაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სწრაფი რეაგირების სპეციალური კურსები გაატარეს. ჩამოსვლისთანავე ანტიტერორისტულ დანაყოფში დაიწყო მუშაობა. სპეციალობით ამფეთქებელი იყო...

2005 წლიდან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

დედა:

„საბუთები ჩუმად გააკეთა. ჩვენ მაშინ გავიგეთ, როცა უკვე წასვლას აპირებდა. ბევრი ვიდარდეთ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. ჩემი კახა ჯარისკაცად იყო დაბადებული... განსაკუთრებულად უყვარდა თავისი საქმე.

2000 წელს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითა და მხედრული მამაცობისთვის დააჯილდოეს.

2006 წელს გენერალ მაზნიაშვილის ჯილდო გადასცეს.

გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს“...

თანამშრომლები იგონებენ: პირადი შემადგენლობისთვის, დისციპლინით, შრომისმოყვარეობითა და თავმდაბლობით კარგი მაგალითის მიმცემი იყოო...

დედა:

„ბოლოს სახლიდან 6 აგვისტოს დილის 9 საათზე გავიდა. უკან მოტრიალდა და დამიძახა: დედა, არ ინერვიულო, ორ საათზე სახლში ვიქნებიო... რა ვიცოდი, რომ შვილს უკანასკნელად ვხედავდი... საღამოს დარეკა, გორში ვარ და სახლში დილით მოვალო“...

გიორგი თავგორაშვილი, მამა:

„8 აგვისტოს დილის 9 საათზე დამირეკა: მამა, გორში ვარ და ნუ გეშინიათო. მერე ბიჭებმა გვითხეს, რომ ცხინვალიდან გვირეკავდა... საღამოს ვეღარ ვუკავშირდებოდით...

8 აგვისტოს ნიქოზთან თავის მეგობარს შეხვედრია. კახას უთქვამს, აბა, შენ იციო... ის ბიჭი მალე დაჭრილა ფეხში და ჰოსპიტალში წაუყვანიათ. კახას დაღუპვის ამბავი მისთვის ტელეფონით შეუტყობინებიათ... საავადმყოფოში აღარ გაჩერებულა და რუსთავში წამოვიდა... მეზობლებს იმ საღამოსვე გაუგიათ კახას გარდაცვალების ამბავი, მაგრამ ვერავინ გვეუბნებოდა...

ბოლოს მისი მეგობარი მოვიდა, გაფითრებული იყო. თავი ჩაღუნა და მითხრა: კახა აღარ გვყავსო... სახლში შევედი და მეუღლეს ვუთხარი, კახა დაჭრილა-მეთქი... ქვასავით გავხდი, იმ წუთას მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ ჩამომესვენებინა შვილი... გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვიპოვეთ... 9 აგვისტოს ჩამოვასვენე რუსთავში“...

კახას ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა: 18 წლის ნინო და 17 წლის ნონა. მეორე ქორწინებიდან 14 წლის დემეტრე. მათ მოსიყვარულე მამა და მეგობარი დაკარგეს, თუმცა ამაყობენ, რომ სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპული გმირის შვილები არიან.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები