საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი ტატუაშვილი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1987-2008

 

ის იყო მზვერავი, მეტყვიამფრქვევე და ერთ-ერთი პირველი დაიჭრა ომში... 21 წლის გიორგი ტატუაშვილის ასეულმა 7 აგვისტოს, ღამით აიღო გეზი - ის ტანკზე ზევიდან ჩამომჯდარა... სნაიპერმა თავში ესროლა... სასწრაფოდ გორში გადაიყვანეს, მაგრამ ვეღარ უშველეს.

გიორგი ტატუაშვილი 1987 წლის 27 მაისს მარნეულის რაიონ - დაბა თამარისში დაიბადა. ოჯახში მეორე შვილი იყო, თამთა სულ ერთი წლით უფროსი იყო მასზე. ათი წლის რომ იყო გიორგი - პატარა ძმა - რომიკოც გაჩნდა.

დედა: „9 წლიდან მკლავჭიდში ვარჯიშობდა. ქუთაისში და წყალტუბოში პირველი თანრიგი აიღო. ბოლომდე ვარჯიშობდა... ძალიან ბევრი ნათლულები ჰყავდა. ყველა მაგას ანათლინებდა ბავშვს...

დედა: „ერთხელ მოვიდა და მითხრა, საკონტრაქტო ჯარში მინდა წასვლაო. სოფელში 15 ბიჭი შეიკრიბა, ვისაც საკონტრაქტო ჯარში უნდოდა წასვლა. გიორგის ბავშვობის მერე შრამი ჰქონდა და შეიძლებოდა უარი ეთქვათ. მეგობრები ეუბნებოდნენ, შენ თუ „დაგბრაკეს“ არც ჩვენ წავალთო. გვიან ღამით მოვიდა და მითხრა, დე, მარტო შენი ბიჭი მოეწონათო. 15 ბიჭიდან მარტო გიორგი არ „დაბრაკეს“. ერთი კვირის მერე წავიდა. ჯერ ახალციხეში წაიყვანეს, მერე ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში გადაიყვანეს. მზვერავი - მეტყვიამფრქვევე იყო. წოდებით კაპრალი... ყველას უყვარდა, ჯარისკაცებსაც, მეთაურებსაც,

ყველაფერში გიორგის იმედი ჰქონდათ. მეთაური „ცოცხალ პრაქტიკას“ ეძახდა...“

დედა ქუთაისში ჩავიდა, როცა მისი ვაჟი ფიცს დებდა სამშობლოს წინაშე.

დედა: „სადაც დავჭირდები ჩემს სამშობლოს, იქ ვიბრძოლებო, უკან არ დავიხევო“ - ისეთი თვალები ჰქონდა, ამას რომ ამბობდა, რომ სულ ის თვალები მახსოვდა და მზარავდა... ჯარში ყოფნისას ინგლისური ენა ისწავლა, პირველადი დახმარების წიგნიც დაბეჭდა ინგლისურად, ჩამომიტანა და გაუფრთხილდიო მითხრა... ძროხა მიყიდა, ხბორების ყიდვას აპირებდა... ყიფშიძეზე ბინასაც იშენებდა... სულ 3 წელიწადი და 6 თვე იმსახურა ჯარში, ექვსთვენახევარი იყო ერაყში, ბოლოს ორი კვირით გერმანიაში ჰყავდათ გაგზავნილი სადაზვერვო სკოლაში, „რკინის კაცის“ სერტიფიკატი ჩამოიტანა, ასეულიდან მხოლოდ ორმა დასძლია ეს ნორმატივები. ერთი თანატოლიც არ დაუტოვებია, რომ მათთვის საჩუქრები არ ჩამოეტანა... ომამდე ათი დღით ადრე მითხრა, პოლონეთში მგზავნიანო... ომში რომ მიდიოდა, დას დაურეკა, ომში მივდივარ, მაგრამ დედას უთხარი, რომ პოლონეთში წავედიო...

სიტუაცია რომ დაიძაბა, 8 აგვისტოს ეკლესიაში მივედი... ხალხმა უკვე იცოდა, რომ ჩემი შვილი დაჭრილი იყო... მე შვილი პოლონეთში მეგონა და ღმერთს ვევედრებოდი, ყველა ბიჭი კარგად დაახვედრე, რომ ჩამოვა-მეთქი....“

გიორგის დამ ტელევიზორი გააფუჭა, დედას რომ არაფერი გაეგო.

შინ დაბრუნებულ დედას გაეცალა, მეგობართან მივდივარო...

თამთა 9 აგვისტოს დილაადრიან ჩავიდა გორში, მაგრამ ჰოსპიტალში ვეღარ მიუსწრო _ უკვე საცხედრეში იყო მისი ძმა გადასვენებული...

დედას, ომამდე ერთი თვით ადრე, ფილტვების ანთება დამართნია. ახლობელ ექიმს გიორგისთვის დაურეკავს, წამლები სჭირდება დედაშენსო. დედა გაიხსენებს, რაც სთხოვა გიორგიმ ექიმს _ რამე დამამშვიდებლებიც გამოუწერეთო, დედას გაუკვირდა, რატომ ამბობდა მისი შვილი ასეთ რამეს... გიორგიმ მაინც გამოაწერინა ძვირადღირებული დამაწყნარებლები...

დედა: „გიორგის გარდაცვალება რომ გავიგე, სწორედ ეს დამაწყნარებლები გამიკეთეს... სამი დღე გათიშული ვიყავი... ალბათ, გული უგრძნობდა და მამზადებდა ამისთვის... მივხვდი რატომაც გამოაწერინა... კარგი დედა მაშინ ვიქნებოდი, გული რომ გამსკდომოდა და მეც მოვმკვდარიყავი. მოძღვარმა გამომიყვანა მდგომარეობიდან...“

გიორგი ტატუაშვილი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს...

დედა: „სოფლის ბავშვებს გიორგი ახლა იდეალად ჰყავთ და უნდათ გიორგისნაირები გამოვიდნენ, წავიდნენ ჯარში და მას დაემსგავსონ...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები