საქართველოს სამხედრო ისტორია
გოგიტა ქარჩავა

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1987 - 2008

 

მტრის ალყაში იყვნენ, გოგიტას უკან ასაფეთქებელი მოწყობილობა რომ დავარდნილა. როგორც თანამებრძოლები გაიხსენებენ – რაღაც მობილურის მსგავსი. უყვირიათ „ქარჩავა დაწექი“!.. მას მხოლოდ გახედვა მოუსწრია და... აფეთქებას შეუზანზარებია კიდეც უკვე მერამდენედ იქაურობა...

10 აგვისტოს ოჯახს დაურეკეს, დაჭრილი გორის ჰოსპიტალშია, სისხლი სჭირდება, ოჯახის რომელიმე წევრმა ჩამოაკითხეთო. უფროსი ძმა გადარეული გავარდა, მაგრამ... ცოცხალს ვერ ჩაუსწრო... საკუთარი ხელით წაასვენა 20 წლის ძმის ცხედარი...

მანამდე იყო სოფელში გატარებული ბავშვობა.

დაიბადა 1987 წლის 23 დეკემბერს. ხობში, დაამთავრა სოფელ ქვემო ქვალონის სკოლა. ოჯახში მეორე ბიჭი იყო, მის შემდეგ კიდევ 2 ბიჭი შეეძინათ. ოთხი ძმა იზრდებოდა ერთად და როგორც დედა იტყვის, მათი წაკინკლავებაც არ ახსოვს.

დედა: „საოცრად მშვიდი ბავშვი იყო. გაბრაზებული არავის გვინახავს. მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ, მე და ბებიამისს კანფეტები მოგვიტანა სკოლიდან, მასწავლებელს ბავშვები გაუშვია კლასიდან და გოგიტასთვის ბღუჯა კანფეტები მიუცია... ხელმარჯვე ოსტატივით იყო, ყველაფერი ეხერხებოდა. სკოლა სახლიდან ძალიან შორს, დაახლოებით 2 კილომეტრში იყო, მეზობლად მისი თანაკლასელი გოგონა ცხოვრობს, სულ მასთან ერთად დადიოდა სკოლაში. წვიმიან ამინდში გზები საშინლად ტალახდებოდა, აუარებელი გუბეები დგებოდა. ეს გოგონა გუბეებს ვერ ახტებოდა, გოგიტა იმ გოგონას ზურგზე მოიკიდებდა და გადაჰყავდა, ფეხი არ დაგისველდესო... სკოლამდე ასამდე გუბე მაინც ხვდებოდათ და არ ეზარებოდა... მერე, რომ წამოიზარდნენ, სულ ახსენებდა, ზურგით გათრევდიო... ყველასთვის სიკეთე უნდოდა...“

გოგიტამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სენაკის აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო. მერე სავალდებულო ჯარში გაიწვიეს და წავიდა. 1 თვის თავზე კონტრაქტი გააფორმა, მსახურობდა ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში. მეტყვიამფრქვევე იყო. მტერმა სულ ერთი წელი აცალა სამშობლოს სამსახური...

კახა ქარჩავა, უფროსი ძმა: „კონტრაქტი თავისი სურვილით დადო, ამბობდა, სამშობლოს უნდა ვემსახუროო, ჩემი ძმაკაცები ყველა მიდის და მეც უნდა წავიდეო...“

დედა: „არ მინდოდა კონტრაქტი რომ დაედო, მაგრამ მე ვინ დამიჯერა... ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და ამბობდა, ჩემისთანებმა უნდა დაიცვან სამშობლოო. ახლა მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ვეუბნებოდი, სხვები დაიცავენ-მეთქი. მკაცრად გამომხედავდა და მეტყოდა, დედა ეს მეორეჯერ არ გაიმეოროო... ეტყობა წინათგრძნობა მქონდა და შვილის დაკარგვა არ მინდოდა... ჯარში რომ წავიდა, ქების სიგელი გამომიგზავნეს, რომელსაც პრეზიდენტი აწერდა ხელს, მადლობას მიხდიდა პატრიოტი შვილის აღზრდისთვის...“

კახა ქარჩავა, უფროსი ძმა: „აგვისტოს მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა სოფელში, ერაყში გვიპირებენ წაყვანას და ათდღიანი შვებულება მომცეს, ცოტა ხნით გამომიშვესო. ჩვეულებრივ იქცეოდა. როგორც ყოველთვის - ვხალისობდით, ფეხბურთს ვთამაშობდით... ფეხბურთი ძალიან უყვარდა... ცოტა ჩაფიქრებული კი იყო, მაგრამ მეგონა ერაყში რომ მიდიოდა, იმიტომ იყო ჩაფიქრებული... სახლიდან 31 ივლისს გავიდა. ცუდ ხასიათზე იყო. მთხოვა, მატარებლამდე მიმაცილეო, მერე სენაკამდე გაყოლა მთხოვა, წამოდი, ერაყში წაგვიყვანენ და ვინ იცის, მერე როდის გნახავო... ბევრი ვილაპარაკეთ, ამბობდა, სამხედრო სამსახურს გავყვები და სერჟანტი გავხდებიო. იქაურობა მოსწონდა, როგორც სახლში ისე ვგრძნობ თავსო, ძალიან ბევრი მეგობარი მყავსო... ბოლოს 7 აგვისტოს დამირეკა, განგაშია გამოცხადებული, გორისკენ მივყავართ და სახლში არ თქვაო, მთხოვა. მერე აღარ შეგვხმიანებია... 10 აგვისტოს დაგვირეკეს, რომ მძიმედ დაჭრილი გორის ჰოსპიტალში იწვა. რომელიმე ოჯახის წევრი ჩამოვიდეს, სისხლი სჭირდებაო, მე სასწრაფოდ გავქანდი, მაგრამ ცოცხალს ვერ მივუსწარი, ჩემი ხელით გადმოვასვენე, სულ რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა კისრის არეში... ალყაში ყოფილან მოქცეულები, მის უკან მობილურის მსგავსი ასაფეთქებელი დავარდნილა. დაუყვირიათ დაწექიო, დაწოლაც ვერ მოუსწრია ისე აფეთქებულა... არ ვიცით სიცოცხლის ბოლო წუთებში რას ლაპარაკობდა, არავის არაფერი მოუყოლია, ერთმა მისმა თანამებრძოლმა კი მითხრა, ოჯახზე წუხდაო. რამდენიმე დღეა არ დამირეკია და ინერვიულებენო... შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ ვინ იყო არ ვიცით, სულ ასაიდუმლოებდა... ძალიან უნდოდა სენაკში, მამიდაჩემის გვერდით ეყიდა სახლი და იქ დასახლებულიყო...“

დედა: „ძალიან მიმძიმს მის გარეშე ცხოვრება, მაკლია მისი სითბო, სიყვარული... ირგვლივ რომ გავიხედავ, ყველაფერი მის თავს მახსენებს... ძალიან მენატრება...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები