კაპრალი
მედალი მხედრული მამაცობისთის, 2008 წ.
1988- 2008
9 აგვისტოს ტარიელ ქამაშიძის ბრიგადა ქალაქ ცხინვალში შევიდა. ახალგაზრდა კაპრალის ოცეული სამთავრობო შენობასთან ჩასაფრდა. სწორედ იქ იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ ტარიელ ქამაშიძე, ორმხრივი სროლის დროს. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი და, სულ რაღაც, 20 წლის ასაკში უკვე გმირი გახდა.
ზეინაბ ქამაშიძე, დედა: „მწარედ მახსენდება, ბოლოს სახლიდან რომ გადიოდა, როგორც ყოველთვის, ყველას გამოემშვიდობა. ქუჩიდან გამოიხედა და სახლს შეავლო თვალი...
20 წლისა დაიღუპა… ვერ ვპოულობდით… ბოლოს ჩემმა მეუღლემ „დეენემის“ ანალიზი ჩააბარა და სამი თვის შემდეგ, საზარელი პასუხი მოვიდა… ძმათა სასაფლაოდან ოქტომბერში გადმოვასვენეთ…
როგორც ჩემი შვილის მეგობრები ყვებიან, სამ ჯგუფად გაუნაწილებიათ. სნაიპერს უსვრია ტარიელისთვის. მაგრამ კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა ჩემი შვილი, მარტო ღმერთმა იცის… გადმოცემით ვიცით, რომ ეს როკის გვირაბთან 9 აგვისტოს მოხდა.
ძნელია მის გარეშე ცხოვრება, ძალიან გვიჭირს…“
სამხედრო კარიერა მისი არჩევანი იყო. მოსწონდა ეს საქმე და არც მკაცრი რეჟიმი აშინებდა. ერაყში წასასვლელად ემზადებოდა, როცა სამშობლოს დასჭირდა. წამით არ შეყოვნებულა, ეს გმირებს არ ახასიათებთ...
ზეინაბ ქამაშიძე, დედა: „მოსწონდა ჯარის მკაცრი ცხოვრება… ომამდე ერთი კვირით სახლში იყო, შვებულება ჰქონდა აღებული. ამ პერიოდში შინ იშვიათად ნახავდით, საზღვარგარეთის პასპორტს აკეთებდა და თან მთელი სანათესაო შემოიარა… ალბათ, გული რაღაცას უგრძნობდა… ან იცოდა, რომ რაღაცა საშინელება უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამაზე საერთოდ არაფერს ამბობდა. არ უყვარდა სამსახურზე სახლში ლაპარაკი. შეყვარებული იყო. ხარაგაულელი გოგო უყვარდა… ერთმანეთს ტელეფონით იცნობდნენ და მომავალ შაბათს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ომი დაიწყო… ამბობდა, ერაყიდან რომ ჩამოვალ, ცოლს მერე მოვიყვანო… იქიდან ჩამოვიდა, პასპორტი აიღო, წავიდა და წავიდა… იმის მერე აღარც გვინახავს…“
ტარიელ ქამაშიძე 1988 წლის 20 აპრილს, ასპინძის რაიონის სოფელ მირაშხანში დაიბადა… დღეს ის გმირია, სამშობლოსთვის თავგანწირული, უკვდავყოფილი.