საქართველოს სამხედრო ისტორია
თამაზ ნიკიტინი

კაპრალი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1982 – 2008

 

დედა ომში წასულ შვილს შეეხმიანა. შვილი მალავდა, რომ ცხინვალში იბრძოდა, დედას მოესმა აფეთქების ხმა და „ვაიმე დედა“... კავშირი გაწყდა... 26 წლის ვაჟკაცი გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.

თამაზის უფროსი შვილი გიორგი ნიკიტინი დაიბადა 2004 წლის 12 ოქტომბერს. მოუთმენლად ელოდა მეორე შვილს, საბა მისი გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, შობა ღამით...

თამაზ ნიკიტინი 1982 წელს დაიბადა ქუთაისში. მშობლებისთვის მეორე ვაჟი იყო.

ნელი მჭედლიძე, დედა: „თავისებური ბავშვი იყო. სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ რაღაცის მოსწრებაზე იყო, ხშირად მითქვამს, დამშვიდდი, გააანალიზე და ისე მოიქეცი-მეთქი, მაგრამ წამებში რეაგირებდა ყველაფერზე. ძალიან სულსწრაფი იყო“.

ძმებმა ერთად მოიარეს ბაღი, სკოლა, სამხედრო ლიცეუმი, ჯარი...

ძმები სასაზღვრო ძალებში მსახურობდნენ. ჯარისკაცური შემართება გენებში ჰქონდათ _ ბიჭების ბაბუა თეთრგვარდიელი იყო, წითლებმა დახვრიტეს...

დედა: „იმდენად კარგი მონაცემები ჰქონდათ, რომ სავალდებულოს სანამ მოიხდიდნენ, შემოგვთავაზეს, აკადემიაში გაეგრძელებინათ სწავლა. მაშინ დიდი თანხები იყო საჭირო, საშუალება არ გვქონდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მაშინ ვალერი ჩხეიძე იყო, მან გვითხრა, რომ თუ ნახევარს გადავიხდიდით, სწავლის საფასურის ნახევარს დეპარტამენტი გადაუხდიდა, მაგრამ ამის საშუალებაც არ გვქონდა, ობლები იყვნენ, მამა ადრე გარდაეცვალათ. შემდეგ უკრაინაში გაგზავნა შემომთავაზეს, მაგრამ 4 წელი უნდა ესწავლათ, შემდეგ კიდევ 4 წელი უკრაინაში ემსახურათ, ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო...“

ბიჭებმა ჯარის მოვლის მერე კონტრაქტი გააფორმეს სამშობლოსთან.

დედა: „ 8 წელიწადი ორივე ძმას სამხედრო ფორმა ეცვა, პირნათლად ემსახურნენ თავიანთ ქვეყანას. ბოლოს, 2-3 წელი, თავდაცვის სამინისტროში მსახურობდნენ, მანამდე საზღვრებზე მუშაობდნენ. პირველი ამერიკული წვრთნა წარმატებით გაიარეს. ამერიკელ ინსტრუქტორებთან ნიძლავიც აქვს მოგებული: თვალებახვეული ნებისმიერი სისტემის იარაღს ცნობდა, თვალებახვეული წამებში შლიდა და აწყობდა იარაღს...“

პირველ კონტრაქტს, მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ბოლო კონტრაქტი - სამშობლოსთან 2008 წლის აპრილში დადო... მეორე ბრიგადაში მსახურობდა, მეტყვიამფრქვევე იყო...

თამაზ ნიკიტინი 23 წლის იყო რომ დაოჯახდა – მომავალი მეუღლე თავის ძმის ქორწილში გაიცნო და რამდენიმე დღეში ცოლადაც შეირთო. ძალიან უნდოდა მეორე შვილი, მოუთმენლად ელოდა, საბა მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, შობა ღამით...

დედა: „ომამდე ორი კვირით ადრე, თითქმის მთელი ბრიგადა შვებულებაში გამოუშვეს. 8 წლის მანძილზე ორივე ბიჭი ერთად სახლში არ მინახავს, მიკვირდა, მეუბნებოდნენ ახალი წესი შემოიღეს, არაფერიაო. ბოლო ერთ კვირაში მთელი სანათესავო შემოიარა, ყველას დაემშვიდობა, წასვლის წინა დღეს, ზღვაზე წაგვიყვანა, პატარა ბავშვებივით ატრაქციონებზე დაგვსხა და საათობით გვიყურებდა. რომ ვკითხე, რატომ იქცევი, შვილო, ასე მეთქი, არა, ისე გიყურებო. მეორე ბიჭი მანამდე წაიყვანეს კოდორში და ძმაზე დარდობდა... ბოლოს ღამის 3 საათზე მოვიდა ჩემთან, გადამეხვია, თითქოს აუცრემლიანდა თვალები, ბიჭები მელოდებიან მანქანაში, გამომიძახეს, მივდივარ და აბა, შენ იციო. 5 აგვისტოს გამთენიისას წავიდა... ხშირად ვურეკავდი... მიბრაზდებოდა, რომელი იქცევა შენსავით, ნუ რეკავო... 8 აგვისტოს, დღის 1 საათზე დავურეკე, კარგად ვარ, ბაზაზე ვარ, ცხინვალში არ ვარო... ამ დროს აფეთქების ხმა მომესმა, რასაც `ვაი, დედა~ მოჰყვა და გაწყდა სატელეფონო კავშირი... მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ იყო ჩვენს თავს. სამი დღის ძებნის მერე მივაგენი გორში... შავნაბადას სპეცრაზმელებს უცვნიათ და არ დაუტოვებიათ... `ნიკიტას~ ეძახდნენ თურმე ბიჭები... ოზურგეთში დავკრძალეთ, მამაჩემის გვერდით. ომამდე ჩემი დისთვის უთქვამს, რამე რომ მოხდეს, ბაბუას გვერდით დამასაფლავეთო... კარგი მეუღლე ჰყავდა, სიცოცხლის მეტი არაფერი აკლდა. ერთადერთი, შვილზე ოცნებობდა, იცოდა, რომ ფიქრია ორსულად იყო... ბავშვმა მარტო სურათებით იცის მამა. საფლავზეც ხშირად დაგვყავს... დღემდე ვერ ვეგუები უმისობას, დღემდე ველოდები... ჩემთვის ცხოვრება 8 აგვისტოს დამთავრდა... მას მერე ჩემს სახლში აღარც ახალი წელია, აღარც არსად დავდივართ, არც სტუმრები მოდიან... მკვდრად არც ვიხსენიებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველგან ჩემთან ერთადაა...“



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები