საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი ნანუაშვილი

ავიაციის უმცროსი სერჟანტი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1988 – 2008

 

ოცდაორი წლის გიორგი ნანუაშვილი, მარნეულში, საფრენი ბილიკის დაბომბვისას დაიღუპა. კოპიტნარში უნდა გაფრენილიყვნენ, თვითმფრინავის ავზს საწვავით ავსებდნენ, რუსულმა ბომბდამშენებმა რომ მარნეულის დაბომბვა დაიწყეს...

გიორგი ნანუაშვილი თბილისში, ვაზისუბანში დაიბადა, 1988 წელს.

ჯარისკაცის ქვრივი, მადონა იტყვის, რომ გიორგი „ძალიან ცელქი და ჯიუტი ბავშვი ყოფილა, აუღებელი ციხესიმაგრე – რასაც იტყოდა, იმას აკეთებდა ყოველთვის. სკოლაში, არც თუ ისე კარგად სწავლობდა, როგორც ბიჭების უმეტესობა... სკოლის დამთავრების შემდეგ, საავიაციო კოლეჯში განაგრძო სწავლა...“

გიორგის დედა ბორჯომიდან იყო და გიორგიც ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ბორჯომში ბებიასთან. სწორედ იქ გაიცნო ბორჯომელი გოგონა – მადონა.

გიორგის მადონა თავიდანვე მოსწონებია. გოგონას კი ეგონა, რომ მეგობრები იყვნენ... გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ, სიყვარულიც აუხსნია. მაშინ მადონა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა და ბორჯომში ცხოვრობდა. მერე მადონაც თბილისში ჩამოვიდა სასწავლებლად და ერთმანეთს უკვე ხშირად ხვდებოდნენ.

„სიურპრიზების კეთება უყვარდა, ხშირად მჩუქნიდა ყვავილებს... 4 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება. პირველ აპრილს, ბზობას შევხვდით ერთმანეთს, სამების ტაძარში ვიყავით და იქიდან, პირდაპირ გიორგისთან წავედით სახლში. ერთი წლის შემდეგ შეგვეძინა ნიკოლოზი. თვითონ უკვე ავიაციაში მუშაობდა და ამბობდა, ჩემი შვილი დიდი მფრინავი გამოვაო. შვილთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. ჯერ ჭიდაობაზე შევიყვანო... თვითონაც ჭიდაობდა. საერთოდ, მამამისიც მოჭიდავე იყო და უნდოდა ბავშვიც შეეყვანა ჭიდაობაზე...“

ჯერ კიდევ ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი, კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი და, სწავლის პარალელურად, ავიაციაში დაიწყო სამსახური.

ბორტ-მექანიკოსი იყო. თვითმფრინავების შემოწმება ევალებოდა... როცა კონტრაქტს აწერდა ხელს, ოჯახს წინააღდეგობა არ გაუწევია, გიორგის ძმაც საკონტრაქტო ჯარში მსახურობდა, ორჯერ იყო ერაყში. სწორედ ერაყიდან ჩამოვიდა გიორგის დაკრძალვის დღეს...

გიორგი თავიდან თბილისში მუშაობდა „ალექსოვკაში“, დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში ბოლნისში გააგზავნეს.

„პარასკევს მოდიოდა სახლში და ორშაბათს დილით სამსახურში მიდიოდა... უმცროსი სერჟანტი იყო. რამდენიმე დღეში საოფიცრე კურსები უნდა გაევლო. ძალიან უნდოდა, რომ ოფიცერი გამხდარიყო, მაგრამ არ დასცალდა... სხვა არაფერზე ფიქრობდა, მისი სამომავლო კარიერა ჯარს უკავშირდებოდა... ბოლოს 5 აგვისტოს გავიდა სახლიდან. როგორც ყოველთვის ისე გამოგვემშვიდობა და წავიდა სახლიდან...

ძალიან გახარებული იყო, საოფიცრე კურსები უნდა გაევლო“...

მადონამ იმ ღამით გაიგო, რომ განგაში იყო გამოცხადებული...

მეუღლეს ხშირად ეხმიანებოდა. 8 აგვისტოს ბოლნისიდან თვითმფრინავი კოპიტნარში უნდა გაფრენილიყო.

მადონა: „ბოლნისიდან კოპიტნარში უნდა გაფრენილიყვნენ, ბევრნი ყოფილან და ერთ-ერთი უნდა გაჰყოლოდა. გიორგის ძალიან უნდოდა წასვლა, მის ძმაკაცსაც, მაგრამ უფროსმა გიორგი წაიყვანა. ძალიან გახარებული ყოფილა... ჯერ მარნეულში ჩაფრენილან, საწვავით უნდა აევსოთ ავზი. ბოლოს რომ ველაპარაკე, მარნეულში იყო... თვითმფრინავის ავზს საწვავით ავსებდნენ. ამ თვითმფრინავთან სამნი მდგარან. გიორგი, მისი უფროსი და ალბათ, პილოტი... მარნეულში, ბომბდამშენებმა რომ რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს, ერთ-ერთი სწორედ გიორგის თვითმფრინავს დაეცა... ბომბდამშენები რომ დაუნახავთ, გაქცეულან, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, ანასხლეტები მოხვდათ... სამივე ადგილზე დაიღუპა... მისი გარდაცვალება იმ დღესვე გავიგე. ოღონდ საღამოს... ჩემს გარდა ყველას სცოდნია ყველაფერი, მაგრამ მე მიმალავდნენ... ბავშვთან ერთად სახლში მარტო ვიყავი. სახლში ამოსვლას ვერავინ ბედავდა. თქმას ვერავინ მიბედავდა...

„კურიერში“ რომ გამოაცხადეს, მარნეულის საფრენი ბილიკი დაიბომბა და სამი ადამიანი გარდაიცვალაო, თავზარი დამეცა, ვიცოდი, გიორგი იმ დროს იქ იყო, ტელეფონი არ გამიჩერებია, გაუჩერებლად ვრეკავდი, მაგრამ გამორთული იყო... გიჟს ვგავდი. რაღაცას ვგრძნობდი, მაგრამ არ მინდოდა დამეჯერებინა... საღამოს 10 საათზე ჩვენთან გიორგის ძმაკაცის მამა მოვიდა და იმან გაგვაგებინა... იმავე ღამით მოასვენეს სახლში... ღამის პირველი საათი ხდებოდა... ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება...

პატარა, მამას ფოტოებით იცნობს. ერთხელ, როცა ვტიროდი, მკითხა -რატომ ტირიხარო? მამიკო მომენატრა და იმიტომ-მეთქი. იმ დღის შემდეგ, თუ ჩემს თვალზე ცრემლი დაინახა, მაშინვე იმას მეუბნება, მამიკო მოგენატრაო?... სულ მეუბნება არ იტიროო... ხშირად მთხოვს საფლავზე წაყვანას... საფლავის ქვას ეფერება...“.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები