საქართველოს სამხედრო ისტორია
ზურაბ ეფაძე

უმცროსი სერჟანტი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1982 – 2008

 

8 აგვისტოს საავიაციო აფეთქებისას დაიღუპა - ცხინვალის მისადგომებთან. ზურაბ ეფაძე მტრის ტყვიას შეეწირა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა შორის.

ავთანდილ ეფაძე, მამა: „6 აგვისტოს გამოიძახეს. არ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ რომც სცოდნოდა, უკან მაინც არ დაიხევდა, ისეთი ბიჭი იყო. იმ დღეს ჩავიდა ქუთაისის ბაზაში და მეორე დილით კი გადაიყვანეს. დაურეკავს ძმისთვის და ასე უთქვამს, გადავყავართო და დედას არაფერი უთხრათო. ზურას, რადგან სადაზღვევოში იყო, ტელეფონით სარგებლობა არ შეეძლო, ტელეფონი ანათებს, ეს კი დაუშვებელია. ძმისთვის უთქვამს, ნუღარ დამიკავშირდებით მე თვითონ დაგირეკავთო. ეს 7 აგვისტოს საღამოს უთხრა. 8 აგვისტოს კი ცაგერში მოსულა ამბავი, ზურა ეფაძის დაღუპვის შესახებ. მე მითხრეს დაჭრილი არისო და მოგვყავსო, მაგრამ სოფელში შეგროვილი ხალხი რომ დავინახე, მივხვდი რაშიც იყო საქმე... როგორც შემდეგ გავიგე, 8 აგვისტოს საავიაციო დაბომბვისას დაიღუპა - ცხინვალის მისადგომებთან. მტრის ტყვიას შეეწირა ჩემი შვილი. ჟეტონის საშუალებით ამოიცნეს. მეგობრებისგან ვიცი, თურმე ჯარში ზურა ყოფილა ყველას პატრონი. ამბობენ, ჭკუას გვარიგებდა და გვპატრონობდა ხოლმეო. მეამაყება, რომ ასეთი შვილი მყავდა.

ზურა მოსიყვარულე ადამიანი იყო. ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით - დედა. ჩემი მეუღლე ცოტა წნევიანი იყო და ამის გამოც სულ დედას კითხულობდა. როცა დარეკავდა პირველი დედას მოიკითხავდა. მისთვის ყოველთვის წამლები მოჰქონდა. ჩვენ, მართალია, ყურადღებას არ ვაკლებდით ჩემ მეუღლეს, მაგრამ ასეთი იყო თვითონ. დედამისს ძალიან გაუჭირდა მის დაღუპვასთან შეგუება. ზურას გარდაცვალებიდან 6 თვეში, დამბლა დაემართა.

ვიცოდით, რომ შეყვარებული ჰყავდა, თამუნა ერქვა, მეუბნებოდა ცოლად უნდა მოვიყვანოო, მაგრამ არ დასცალდა. სპორტი უყვარდა ძალიან, და მანქანები, `მერსედესი~ ჰყავდა, მაგრამ სულ ჯარში იყო და ხშირად ვერ მართავდა. ძალიან დაგვაკლდა ყველას, ჩემი მეორე ბიჭი, მირიანი, ახლა ფრთამოტეხილივით არის, ზურა მისი ერთადერთი დასაყრდენი და იმედი იყო“.

ზურაბ ეფაძე 1982 წლის 17 მაისს ცაგერის რაიონ სოფელ ჩხუტელში დაიბადა. სოფელში დაამთავრა საშუალო სკოლა. მამა იხსენებს, რომ ყველაზე მეტად სამხედრო აკადემიაში სწავლა უნდოდა.

ავთანდილ ეფაძე, მამა: „სკოლა რომ დაამთავრა, ერთი წელი სახლში იყო. სწავლა არ გაუგრძელებია. მერე სამხედრო სავალდებულო ჯარში გამოიძახეს. წელიწადნახევარი იმსახურა და 2004 წელს საკონტრაქტოს მოაწერა ხელი. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არ დამიჯერა და წავიდა კიდევაც. ქუთაისის სამხედრო ბაზის მეოთხე ბრიგადაში, ოცმეთაურად მსახურობდა. მზვერავი იყო, სერჟანტის წოდებით. 2007 წელს სამშვიდობო მისიით წაიყვანეს ერაყში, სადაც 8 თვე იმსახურა. იქედან ყველას საჩუქრები ჩამოგვიტანა. დიპლომი და სერტიფიკატი ჩამოიტანა. სიცოცხლეშივე მიღებული აქვს სამხედრო ჯილდოები“.

სოფელ ჩხუტელში, სკოლა, რომელიც ზურაბ ეფაძემ დაამთავრა, დღეს მის სახელს ატარებს.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები